№5 როგორ დაბრუნდა ვაგზლიდან სახლში ცარიელი ჩანთით მგზავრების მიერ დალოცვილი კაკო კვანტალიანი
ცნობილი მსახიობი აკაკი კვანტალიანი ასეთ ისტორიას იხსენებდა:
„სრულიად ახალგაზრდა მსახიობი ვიყავი და მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი. ერთ ზამთარს ჩემებმა სამტრედიიდან ღვეზელები გამომიგზავნეს. დედამ თეატრში ფოსტიდან დამირეკა და მითხრა:
– კაკუნა, მეექვსე ვაგონის გამცილებელს გამოვატანე, კლარა ჰქვია და მას მიაკითხეო.
„სამტრედია-თბილისი“ დილის 9 საათზე ჩამოდიოდა. სადგურზე გავვარდი დასახვედრად, მაგრამ იქ მითხრეს, მატარებელი ორი საათით იგვიანებსო.
წავედი და ორი საათის მერე მოვედი, მაგრამ გაირკვა, რომ მატარებელი კვლავ ორი საათით იგვიანებდა. კიდევ ოთხჯერ წავედ-წამოვედი და როგორც იქნა, თორმეტსაათიანი დაგვიანების შემდეგ, საღამოს 9 საათზე მატარებელმა თბილისში ჩამოაღწია... ნანატრი ღვეზელების მისაღებად მეექვსე ვაგონთან „მივფრინდი“, კლარა მოვძებნე და ჩემი ღვეზელები მოვითხოვე. კლარამ ცარიელი, უზარმაზარი ჩანთა გამომიწოდა და მითხრა:
– ბოდიში, ყმაწვილო, მაგრამ ღვეზელები ვერ ჩამოგიტანე. როგორც იცი, გზაში თორმეტი საათი შევყოვნდით. ამ თოვლსა და სიცივეში, ტყის პირას ვიყავით გაჩერებული. ამ ჩანთიდან კი ისეთი სასიამოვნო და მადისაღმძვრელი სურნელი ამოდიოდა, რომ ყველაფერი მშიერ მგზავრებს გავუნაწილე. იმათმა კი იმდენი გლოცეს, რომ მადლი არ მოგაკლდებაო.
რა უნდა მექნა, ვაგზლიდან სახლში ცარიელი ჩანთითა და მგზავრების მიერ დალოცვილი დავბრუნდი“.