№5 ცოდვების საზღაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #2-4(943)
– გარეთ ჩავუსაფრდეთ, როცა იქნება, ხომ გამოვა და შემდეგ გავაგრძელოთ თვალთვალი, – თქვეს პოლიციის ოპერებმა და კორპუსიდან გავიდნენ.
„იაშკამ“ კი სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი. წვერ-ულვაში და პარიკი მოირგო. სათვალე გაიკეთა, ჩანთა კი ისე მიგრიხ-მოგრიხა, რომ ხელჩანთას დაამსგავსა და კორპუსიდან გავიდა. შემდეგ სიგარეტი ამოიღო და იმის იმიტაცია გააკეთა, თითქოს ასანთი არ ჰქონდა. სინამდვილეში კი მოთვალთვალე ოპერებს ეძებდა, რომლებიც ეზოს კუთხეში გაჩერებულ მანქანაში იყვნენ ჩასაფრებული. „იაშკა“ პირდაპირ მათკენ გაემართა, ასანთი სთხოვა და სიგარეტს მოუკიდა, თან, ოთხივე კარგად დაიმახსოვრა. ბოლოს ასანთი დაუბრუნა და ეზოდან გავიდა. ჩასაფრებულებს ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ მისთვის და „სადკაობას“ აგრძელებდნენ... „იაშკამ“ ასიოდე მეტრი გაიარა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში გაუჩინარდა. იქიდან სულ რაღაც ნახევარ წუთში უკვე თავისი გარეგნობით გამოვიდა და სახლისკენ გაემართა. ბინაში რომ შევიდა, „კაჟმა“ ჰკითხა:
– მოხდა რამე?
– სახლიდან რომ გავედი, კუდზე „ძაღლები“ დამასხდნენ, მაგრამ მათ „მოვუტყდი“ და შენს გასაფრთხილებლად დავბრუნდი, – მიუგო „იაშკამ“ „კაჟს“.
– დარწმუნებული ხარ?
– რაში?
– იმაში, რომ ნამდვილად პოლიცია გითვალთვალებდა.
– ასი პროცენტით. ერთ-ერთი ჩვენი უბნის ყოფილი „ძაღლია“ და ვიცანი.
– დარწმუნებული ხარ? – გაიმეორა „კაჟმა“.
– ასი პროცენტით, „კაჟო“. ისე შევხედე სახეში, როგორც ახლა შენ გიყურებ, – გაეცინა „იაშკას“. შემდეგ თავი გააქნია და დაამატა, – ნუთუ გაიგეს, რომ ჩამოხვედი და ამის გარკვევას ცდილობენ?
– გამორიცხულია, თავდაჯერებულად თქვა „კაჟმა“ და დაამატა, – ჩემი აქ ყოფნის ამბავი მხოლოდ შენ და ნოდარმა იცოდა, მეტმა არავინ. აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს.
– მაინც, რა ამბავი?
– ჩემი აზრით, შენ გითვალთვალებს პოლიცია.
– ეგ ისედაც ნათელია, მაგრამ რატომ? მათ ხომ კარგად იციან, რომ უკვე დიდი ხანია. აღარ ვჩალიჩობ?
– ვფიქრობ, ეს თვალთვალი თემოს მკვლელობასთანაა დაკავშირებული და შენი დამუშავებით არიან დაკავებულები.
– მე მამუშავებენ თემოს მკვლელობის საქმეზე? – შეცბა „იაშკა“ და დააყოლა, – კი მაგრამ, რატომ, საიდან სადაო? ხომ არ გეშლება, „კაჟო“?
– შეიძლება, მეშლება კიდეც. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ ამაში, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ.
– მაშინ ამიხსენი, მასე რატომ ფიქრობ?
„კაჟმა“ ოთახში გაიარ-გამოიარა და „იაშკას“ უთხრა:
– თემოს მკვლელობის საქმეს ახალგაზრდა გამომძიებელი, ვინმე ირაკლი ჟვანია იძიებს. მისი ზედამხედველი პროკურორი კი პავლე კუციაა. არ გახსოვს ეგ პავლე კუცია?
– როგორ არა, – გაეცინა „იაშკას“, – ის არ დაგვხვდა მთელ ბანდას?
– ჰო და კუცია ასე თუ ისე კარგად გვიცნობს და ჩემი აზრით, ფიქრობს, რომ შეიძლება, თემოს მკვლელობა შეცდომით შენი გაჩალიჩებული იყოს.
– კი მაგრამ, კუცია მასე რატომ უნდა ფიქრობდეს? – გაუკვირდა „იაშკას“.
– როგორც ეტყობა, მოსკოვიდან ჩვენი სრული საქმე მიიღეს და ყველაფერს რომ გაეცნენ, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ, – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა „კაჟმა“.
– „კაჟო“, გამაგებინე, რა ხდება? ვერაფერს ვხვდები.
„კაჟმა“ „იაშკას“ შეხედა და უთხრა:
– მე, „ქოფაკმა“ და „ტახმა“ მოსკოვში ერთი იუველირი გავძარცვეთ, ვინმე ნათან კობზონი. ის იუველირ-ანტიკვარი იყო. დიდი „კუში“ ავიღეთ, დაახლოებით ხუთი მილიონის „ტავარი“.
„იაშკამ“ ჩაუსტვინა და თქვა:
– ხუთი მილიონი მანეთის თუ დოლარის?
– დოლარის, – თქვა „კაჟმა“.
– ხუთი მილიონი დოლარის „კუში“? – გაიმეორა „იაშკამ“ და უფრო ძლიერად ჩაუსტვინა.
– მოკლედ, ეს „ტავარი“ რკინის ჩემოდანში მოვათავსეთ. „დავასვარკეთ“ და მოსკოვში, ერთ საიდუმლო სამალავში შევინახეთ. ნათქვამი იყო, რომ ერთი თვის მერე უნდა გაგვეხსნა. ნაწილი ფულად გვექცია. დანარჩენი კი „ტავარად“ წაგვეღო უცხოეთში, სადაც სამივე ვაპირებდით გამგზავრებას. მანამდე კი საბუთები უნდა „გვეჩალიჩა“. თუმცა, ამ „ჩალიჩის“ დროს ჯერ „ქოფაკი“ დააპატიმრეს, შემდეგ კი – მე და „ტახი“. სასამართლოზე კობზონის საქმე ამოტივტივდა, „ქოფაკი“ ჩამოიყვანეს და გვერდით მოგვისვეს. კობზონი ისე იყო შეშინებული, რომ როდესაც დაგვინახა, ყველაფერი უარყო, შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა. სამივე სხვადასხვა კამერაში ვისხედით და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება მხოლოდ სასამართლო სხდომებზე გვქონდა. ერთ-ერთი სხდომის დროს „ქოფაკმა“ თქვა: „ტავარიანი“ ჩემოდანი სამალავიდან გაქრა და სად წავიდოდაო. „ტახმა“ კი მიახალა, – შენ ხომ არ „მოკრისეო“ და ერთმანეთს დასცხეს და „ტახს“ ბრიტვა გამოუსვა ყელში, მაგრამ ვერ მოკლა. მე მას ბრიტვა წავართვი და ლოყაზე დიდი, სქელი შრამი დავუტოვე.
– იმ „კრისას“ ბოზური შრამი დაადე, ხომ? – გაეცინა „იაშკას“.
– ჰო, – თავი დაუქნია „კაჟმა“.
– მერე?
– მოკლედ, სამივე „გაგვსროკეს“ და ისინი ორი წლის მერე უკვე „სტროგაჩებში“ შეხვდნენ ერთმანეთს და „რაზბორკა“ მოაწყვეს. ამ დროს „შუმოკი“ ატყდა. მთელი ზონა ჩაერთო და ხანძარიც გაჩნდა. ბევრი ადამიანი დაიწვა და მათ შორის „ქოფაკიც“ და „ტახიც“.
– ჰო, მაგრამ მე რა შუაში ვარ? – თქვა „იაშკამ“.
– შენ, რა თქმა უნდა, არაფერში, მაგრამ ალბათ, კუციას ჰგონია, რომ შენც საქმეში ხარ და რადგან ჩვენი ბანდიდან მხოლოდ მე და შენ ვართ ცოცხალი, შურისძიების მიზნით, შეცდომით, თემო მოკალი.
– რა სისულელეა, – მხრები აიჩეჩა „იაშკამ“ და ჩაფიქრდა. „კაჟმა“ კი ბოლთის ცემა განაგრძო.
უცებ „იაშკამ“ თვალები მოჭუტა, „კაჟს“ გაოცებული მზერა მიაპყრო და უთხრა:
– მოიცა, მოიცა, „კაჟო“, „ქოფაკის“ დასთან იმიტომ ხომ არ მაგზავნიდი, რომ ეჭვი გაქვს, „ქოფაკი“ ცოცხალია. იმან მოაწყო თემოს მკვლელობა შენი აქ ჩამოტყუების მიზნით და ეს გაინტერესებს?
– კი. სწორედ მასეა, „იაშკა“.
„იაშკა“ ჩაფიქრდა და „კაჟს“ უთხრა:
– მაშინ, „კაჟო“ ისე გამოდის, რომ „ქოფაკი“ „კრისა“ არაა.
– ვიღაც ამ ომში რომ ნაღდად „კრისაა“, წყალი არ გაუვა და სწორედ ამის გაგება მინდა, – უთხრა „კაჟმა“ „იაშკას“.
– ახლა უკვე ყველაფერს მივხვდი, „კაჟო“. ძაღლებმა კი ფეხები მომჭამონ. სუფთა ვარ და მდიონ კუდში. აი, შენ კი არ უნდა გამოჩნდე, რომ შარში არ გაეხვიო და სახლიდან რომ გავალ ხოლმე, საიდუმლო ბუნკერში მოგიწევს ჩასვლა. ხომ იცი, ძაღლების ამბავი, გამორიცხული არაა, ჩემი აქ არყოფნის დროს ჩუმად შემოიპარონ „შმონზე“ და რომ გნახონ, შარია.
– ბუნკერსაც რომ მიაგნონ?
– ვერ მიაგნებენ. ისე მაქვს იქაურობა შენიღბული, რომ მისი პოვნის შანსი არაა, თუ, რა თქმა უნდა, სპეცმოწყობილობას არ გამოიყენებენ. იქამდე კი, არა მგონია, საქმე მივიდეს.
– კარგი. ბუნკერში დამალვაზე თანახმა ვარ, მაგრამ ამასთანავე, ჯობია, რომ ერთი ქოფაკი ძაღლი მოიყვანო და ეზოში დააბა. შეიძლება, მისი შიშით „ძაღლები“ არც კი შემოვიდნენ სახლში. გაქვს ამის საშუალება?
– მაქვს. ჩემი კლასელი უცხოეთში მიემგზავრება და უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი ჰყავს – „ფრიცი“. მე მიცნობს და წამომყვება. იმას მოვიყვან აქ და დავაბამ.
– ძალიან კარგი, – გაეღიმა „კაჟს“ და დაამატა, – ახლა კი ბუნკერი მანახვე და დავიმალები. შენ კი „ფრიცის“ მოსაყვანად წადი.
„იაშკამ“ „კაჟი“ ბუნკერში ჩაიყვანა, რომელიც უზარმაზარი ბეტონის ფილით იყო შენიღბული და ავტომატურად იღებოდა. ელექტრონული ღილაკი შიგნიდანაც იყო დამონტაჟებული, რომ ბუნკერში მყოფს გაეღო. „იაშკას“ კი დისტანციური მართვის პულტი ჰქონდა დამონტაჟებული, პულტის მაგივრობას კი პატარა „ბრელოკი“ ასრულებდა, რომელზეც გასაღებები იყო ჩამოკიდებული. ბუნკერი სახელოსნოს ქვეშ, ოთხი მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და მისი აღმოჩენა მართლაც მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით იყო შესაძლებელი. თავად ოთახი საკმაოდ მშრალი და მოზრდილი იყო. კედლებში დატანებულ ნიშნებში კი ორ ათეულამდე სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი იყო მოთავსებული.
– აქ მთელი არსენალი გქონია, ძმაო, – უთხრა „იაშკას“ „კაჟმა“.
„იაშკამ“ მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– ძველი ჩვევაა. უამისობაც არ შეიძლებოდა. რა იცი, რა ხდება? თანაც, ადრე მოვიმარაგე და ხომ არ გადავყრიდი?
– ამდენი იარაღით შეიძლება, მთელ პოლკს ეომო, – გაეცინა „კაჟს“. თავი გააქნია და დააყოლა, – მეგონა, წარსულთან ყოველგვარი კავშირი გქონდა გაწყვეტილი, მაგრამ თურმე, ვცდებოდი.
– ხომ გაგიგონია, წარსულს ვერსად გაექცევიო და თუ დააპირებ გაქცევას, ის თავად მოგძებნის.
– ჰო და, მოგძებნა კიდეც, – დაამატა „კაჟმა“.
– მოკლედ ასე, თაზო, ბუნკერს რომ დახურავ, შეგიძლია, სინათლე არ ჩააქრო, რადგან ზემოთ არ ჩანს. ხოლო, აი, იმ „ვაზდუშკიდან“ კი აქ ხმები ჩამოდის და მოსმენა შეგიძლია. მიხვდი?
– კი.
– კარგი. ახლა კი წავედი. ყოველი შემთხვევისთვის, შენ აქ დარჩი. მე კი „ფრიცს“ მალე მოვიყვან და მოვალ, – უთხრა „კაჟს“ იაშკამ და წავიდა.
***
ოპერჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც იაკობ სხირტლაძის, იგივე „იაშკას“ თვალთვალი ჰქონდა დავალებული, ირაკლი ჟვანიას კაბინეტში ესტუმრა, სადაც ზედამხედველი პროკურორი პავლე კუციაც იმყოფებოდა და მას უთხრა:
– ირაკლი, უცნაურობა დაგვემართა და ცოტა არ იყოს, დავიბენით კიდეც.
– რა უცნაურობა? – იკითხა ჟვანიამ?
– როგორც დაგვავალე, სხირტლაძეს, „კუდზე დავაჯექით“ და „ტონკად“ ავეკიდეთ. ის ნახალოვკაში ერთ-ერთ კორპუსში შევიდა და რამდენიც არ ველოდეთ, არ გამოსულა. მე გულმა მიგრძნო. ბიჭების ნაწილი იმ კორპუსთან დავტოვე, მე და ორი კაცი კი სხირტლაძის სახლისკენ გავემართეთ და იქ არ ვნახეთ?
– ეგ როგორ?
– ჩვეულებრივად. არა და ხატზე შემიძლია, დავიფიცო, რომ ის ამ კორპუსიდან არ გამოსულა და ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია.
– მართლაც რომ, – ჩაეცინა ჟვანიას. ლაპარაკში პავლე კუცია ჩაერთო და მოთვალთვალეთა ხელმძღვანელს ჰკითხა:
– როცა „ხვოსტავდით“, „იაშკას“ მხარზე ჩანთა ხომ არ ჰქონდა გადაკიდებული,?
– დიახ, ჰქონდა.
– „იაშკა“ რომ საცხოვრებელ კორპუსში შევიდა, ცოტა ხნის მერე იქიდან ვინმე ხომ არ გამოსულა სპორტული ჩანთით ან ხელჩანთით?
– დიახ. სათვალიანი და წვერ-ულვაშიანი კაცი გამოვიდა. ჩვენთანაც კი მოვიდა და სიგარეტის მოკიდება გვთხოვა.
– მერე, მოუკიდეთ?
– დიახ.
– ჰო და, სწორედ ეგ იყო „იაშკა“, მხოლოდ გარეგნობაშეცვლილი.
– გარეგნობაშეცვლილი?
– კი, ბატონო, გარეგნობაშეცვლილი. თქვენთან კი იმიტომ მოვიდა, რომ ეჭვი გაეფანტა და შეგათვალიერათ, რომ დაემახსოვრებინეთ. ეს მისი სტილია და მე და ჩემი კოლეგებიც წამოვგებულვართ მის ანკესზე.
– რას ბრძანებთ, ბატონო პავლე. ეგ რომ მცოდნოდა... – ნირი წაუხდა მოთვალთვალეების უფროსს. კუციამ კი მას მხარზე დაჰკრა ხელი და უთხრა:
– არა უშავს. აწი გეცოდინებათ და უფრო ყურადღებით იქნებით. შენ ის მითხარი, შემდეგ რა მოხდა?
– შემდეგ, იმ კორპუსიდან თვალთვალი მოვხსენით და სხირტლაძის სახლთან გავაკეთეთ სათვალთვალო პუნქტი.
– მერე? – იკითხა ირაკლი ჟვანიამ.
– მერე, ეგ „იაშკა“ წავიდა. ერთ საათში უზარმაზარი მეცხვარე ძაღლი მოიყვანა და ეზოში დააბა. შემდეგ სახლიდან აღარ გამოსულა და ახლაც იქაა.
– რა იცი, რომ ახლაც იქაა?
– რომ გამოსულიყო, ბიჭები გაფრთხილებული მყავს და დამირეკავდნენ.
– ესე იგი, სახლშია და ჯერ კიდევ არ გამოსულა, ხომ? – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა კუციამ და ოთახში გაიარ-გამოიარა.
– დიახ, ბატონო პავლე.
– მდაა, როგორც ეტყობა, რაღაც პროცესები მიმდინარეობს, – თქვა კუციამ.
– რას გულისხმობთ, ბატონო პავლე? – ჰკითხა ზედამხედველ პროკურორს ირაკლი ჟვანიამ.
– რას და ძაღლის ეზოში დაბმას.
– ძაღლის? – გაიმეორა ჟვანიამ.
– ჰო, ძაღლის, ირაკლი, – თქვა კუციამ და დაამატა, – „იაშკამ“ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეშინია, ჩვენ არ შევიდეთ ჩუმად ჩხრეკაზე, როცა ის სახლში არ იქნება. ხომ ხედავ, რომ მიხვდა, ვუთვალთვალებთ და რა ილეთი ჩაგვიტარა?
– რისი ეშინია მაგ „იაშკას“ და ნეტავ რას მალავს ის სახლში? – თქვა ჟვანიამ.
– რას თუ ვის? – უთხრა კუციამ.
– ვის? – გაიმეორა ჟვანიამ.
– სწორედაც რომ, ვის და ის ვის, ჩემი აზრით, თამაზ გიორგობიანი უნდა იყოს, იგივე „კაჟი“.
– „კაჟი“? – თქვა ჟვანიამ.
– ჰო, „კაჟი“.
– ადრე, რომ პირიქით ფიქრობდით და თქვით, გამორიცხული არაა, თემურ გიორგობიანი შეცდომით „იაშკამ“ მოკლაო, – შეახსენა ჟვანიამ კუციას მისივე სიტყვები.
– კი. მართალი ხარ. ვამბობდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ვცდებოდი. „იაშკას“ ასეთი შეცდომა არ მოუვიდოდა და ძაღლის თავი სხვაგან უნდა იყოს დამარხული.
გაგრძელება შემდეგ ნომერში