№5 ექიმის რჩევები
კითხვა: შეიძლება თუ არა პირის ღრუში 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის გამოვლება? როგორც ვიცი, ბაქტერიებს აქრობს და უსიამოვნო სუნს აკარგვინებს. მაინტერესებს კბილებს რამეს ხომ არ ავნებს?
პასუხი: შეიძლება, მაგრამ უნდა გამოივლოთ წყალში განზავებული. წყალბადის ზეჟანგის 3-პროცენტიანი ხსნარის (რომელიც აფთიაქში იყიდება) 10 წვეთი უნდა ჩაუშვათ 50 მილილიტრ სუფთა, დამდგარ (ადუღებული არ არის აუცილებელი) წყალში. წყალბადის ზეჟანგის დოზის გაზრდა არ არის საჭირო, შეიძლება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაგიწვათ.
კითხვა: პაროდონტოზის დროს, როდესაც საღი კბილი ირყევა, რომელი მკურნალობაა უფრო ეფექტური – ვექტორით თუ ლაზერით? თუ კიდევ არის რაიმე შედარებით ეფექტური და საიმედო მეთოდი?
პასუხი: ზოგადად, პაროდონტოზი პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსის დისტროფიული დაავადებაა. შესაძლოა, იყოს სისტემური დაავადების გამოვლინება პირის ღრუში, რასაც კომპლექსური მკურნალობა დასჭირდება. თუ რომელი მეთოდი იქნება უმჯობესი თქვენს შემთხვევაში, მას შემდეგ გადაწყდება, როცა სრულყოფილად შეგროვდება ანამნეზი.
კითხვა: ტოლერანტობის ანალიზის მიხედვით, გლუკოზა უზმოზე მქონდა 78,2 (ნორმა ვენურ სისხლში – 60-109), ხოლო 50 გრამი გლუკოზის მიღებიდან ერთ საათში – 172 (ნორმა – <140). ვარ 27 კვირის ორსული. გთხოვთ, მიპასუხოთ, ნიშნავს თუ არა ეს დიაბეტს და ამ შემთხვევაში საჭიროა თუ არა დიეტის დაცვა?
პასუხი: მაჩვენებელი მაღალია და ზოგადად, ასეთი მაღალი მაჩვენებელი დიაბეტის დროს ფიქსირდება. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ დიაბეტი გაქვთ. კარგი იქნება, გაკეთდეს გლიკოზირებული ჰემოგლობინის ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს, გლუკოზის საშუალო მაჩვენებელს რამდენიმე თვის განმავლობაში სისხლში და ამის შემდეგ დადგინდება თქვენი პრობლემის არსი. აუცილებლად დაგჭირდებათ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და შაქრის კონტროლი დინამიკაში. საფიქრებელია გესტაციური დიაბეტის განვითარებაც. გესტაციური, ანუ ორსულთა დიაბეტი, ფეხმძიმობის მეორე-მესამე ტრიმესტრში ვითარდება ხოლმე. კვებისა და რეჟიმის მოწესრიგებისას შაქარი მალევე უბრუნდება ნორმას და ბავშვსაც არავითარი ზიანი არ ადგება. მშობიარობის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება ხოლმე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი