№5 რაშია დამნაშავე ქორწინება და როდის აკომპლექსებს მამაკაცს ცოლის სიყვარული
ოჯახის შექმნის სურვილი ქალში გაცილებით ძლიერია, ვიდრე მამაკაცში. თუმცა დღეს უკვე სადავოა, ყველა ქალი ქორწინებისკენ მიისწრაფვის თუ არა. ყველა ქალს ნამდვილად არ უნდა გათხოვება. ძალიან ბევრ მამაკაცსაც, სწორედ ქორწინებაზე ფიქრი აკომპლექსებს. მათ რატომღაც სჯერათ, რომ ქორწინება აუფასურებს სიყვარულს. თუმცა მაინც ინდივიდუალურადაა გასარკვევი, რატომ არ უნდა კაცს ცოლის შერთვა. იქნებ ოჯახის შექმნას იმიტომ არ ჩქარობს, რომ უნდა უფრო თავისუფალი იყოს, რომანტიკა გაიგრძელოს. რაც ხშირად არ ესმით ქალებს ან არასწორად ესმით. გაუგებრობა კი ურთიერთობას აფუჭებს.
დიანა (37 წლის): გამბედაობა არასდროს მეყოფა, რომ ჩემს ქმარს დავუჯდე და ველაპარაკო. შეიძლება, არც მომისმინოს. თან, მეც ვკომპლექსდები – რომ შემომიბღვიროს, ძალიან დიდ შეურაცხყოფად მივიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, არავინ გვასწავლის, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ურთიერთობას და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ოჯახი რომელიმესთვის ტვირთად არ იქცეს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, როცა ცოლ-ქმარს შორის პრობლემები ჩნდება, მარტო მამაკაცი არასოდეს არის დამნაშავე.
– ანუ, მთავარი დამნაშავის პოვნაა?
– სწორედ ესაა მთავარი. ხშირად ადამიანი ვერ აცნობიერებს, რას აშავებს. დარწმუნებულია, რომ თვითონ – არაფერს. საიდან იწყება კონფლიქტი? იმ წუთიდან, როცა იწყებ ფიქრს, რომ ასი პროცენტით მართალი ხარ. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ძალიან უჭირს. ვწუწუნებთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ქორწინების პირველ დღეს, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ისეთი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რაც დაქორწინებამდე იყო. ამას ქალების გასამტყუნებლად კი არ ვამბობ. უბრალოდ, თუ რეალობას არ დავინახავთ, ვერც პრობლემებს მოვაგვარებთ. სულ ვფიქრობ, რატომ ვუხეშდებით და ვხდებით გულცივები. რატომ გვეზარება ერთმანეთისთვის ცხოვრების გაფერადება, თუნდაც, სასიამოვნო წვრილმანებით. უნდა გასცე, რომ სამაგიერო მიიღო. ჩვენ ვიღლებით ყოფითი ერთფეროვნებით, ვეჩვევით. აღარ ვუსმენთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, რომ ქმარს ჩემთვის ბევრი აქვს სათქმელი. სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი გულცივი და ეგოისტი, როგორიც ბოლო დროს გახდა. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ბევრჯერ სცადა ურთიერთობის გაჯანსაღება. მე რომ უფრო „გავხსნილიყავი“, იქნებ ამ უკიდურესობამდეც არ მივსულიყავით.
– ქორწინებას მოაქვს პრობლემები – თქვენც ასე ფიქრობთ?
– გეტყვით იმას, რომ ქორწინების შემდეგ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა შეიცვალა. სანამ ცოლ-ქმარი გავხდებოდით, ორი წელი ვიყავით შეყვარებულები, ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა მისი ცოლი გავხდებოდი, სულ ერთად ვიქნებოდით და შევძლებდი, მისთვის მომევლო. ძნელია იმ ნიუანსების გაგება, რასაც ოჯახი გულისხმობს. მაგრამ შევეცდები, ავხსნა: ჩემი ქმარი ჩვეულებრივად იღებდა ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებდი. სახლი ყოველთვის დალაგებული იყო, პერანგები – გარეცხილი, სადილი – გამზადებული. მინდოდა, ყოველდღე შევექე იმ ყველაფრისთვის რასაც ვაკეთებდი. მაგრამ კაცები, ქმრები ჩვენს ოჯახში საქმიანობას ძალიან ჩვეულებრივად უყურებენ: „რა მოხდა, მერე. რა გააკეთე ამისთანა, რამ დაგღალა“. .ასე ხომ შენს ნაშრომს წყალში ყრიან? მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ძალიან პრეტენზიულები ვართ. სინამდვილეში, ჩვენი გულის მოგება და „გამოყენება“ ძალიან ადვილია. ჩემს ქმარს სწორედ იმაში ვადანაშაულებ, რომ დაკომპლექსდა და მეც დამაკომპლექსა. დამნაშავეა – ხომ ხედავდა, რომ სიტუაცია უარესობისკენ იცვლებოდა, რატომ არაფერი გააკეთა. არ არის ადვილი ასატანი იმისი შეგრძნება, რომ კაცს, რომელიც გიყვარს, ფეხებზე ჰკიდიხარ. ისე გამომიყვანა წონასწორობიდან, რომ ყოველ საღამოს ვჩხუბობდი და ვილანძღებოდი. მერე კი თეფშებს ვამტვრევდი. ერთხელაც არ გაუცია პასუხი. ყურადღება მაკლდა ჩემი ქმრისგან და ამიტომაც ვანჩხლობდი. რატომ არიან მამაკაცები ასეთი ეგოისტები. მე შემეშალა, არ ვიცოდი, რომ მამაკაცს ქარაგმებით არ უნდა ელაპარაკო. ვერ იგებენ ორაზროვნებას. ნათქვამი პირდაპირ ესმით. მე უნდა მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი. მიყვარხარ და არ მომწონს, რაც ჩვენს შორის ხდება. მოდი, ამ პრობლემას რამე ვუშველოთ-მეთქი.
სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. ვაღიარებ, ცოლები, რაღაც მომენტში მართლა „ვუბურღავთ“ ტვინს. ამით მამაკაცი კომპლექსდება და ფიქრობს, მაინც ვერ გაიგებს, რა მინდა და რატომ დაველაპარკოო. ოჯახი კი ნელ–ნელა ინგრევა. დარწმუნებული ვარ, მამაკაცების უმრავლესობას მტკიცედ სჯერა, რომ ცოლი საყვარელი ქალი ვერ იქნება. შეეძლო, უფრო ყურადღებიანი ყოფილიყო და მიხვდებოდა, რომ ქალი კი არ იცვლება, როცა ცოლი ხდება, ორივენი ერთად იცვლებიან. მინდა, ჩემი ქმარი შევანჯღრიო და ვუთხრა: სიყვარული არსად წასულა. უბრალოდ, სძინავს და ჩვენ ერთად უნდა გავაღვიძოთ.
– რა პასუხს ელოდებით ამ შეთავაზებაზე?
– სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ქმარი ყველაფერს სწორად გამიგებს. ჯერჯერობით ამიტომაც ვიკავებ თავს. თუმცა ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება. ბედნიერება მინდა.