კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ უთხრა დოდო ჭიჭინაძემ ცოლობაზე უარი შეერთებული შტატების სამხედრო ატაშეს და ვის გაჰყვა ის

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

როგორი იყო დოდო ჭიჭინაძის ცხოვრება, როგორც მსახიობის, ქალის, რა სტკიოდა, რა უხაროდა, რას განიცდიდა აურაცხელი თაყვანისმცემელი მამაკაცების მიმართ ეს ულამაზესი ქართველი ქალი.

 ქორწინება
დოდოს პირადი ცხოვრება თავიდან არ აეწყო. იგი ოჯახის რჩევის საწინააღმდეგოდ გათხოვდა და ინანა კიდეც, მეორედ კი უვაჟკაცესი და უძვირფასესი მეგობარი შეხვდა, ჩინებული ინჟინერი და ჩინებული მოქალაქე, ცნობილი ოჯახიშვილი და ცნობილი მოკრივე, დედით აბაშიძე და მამით ბუზოღლი. იგი თენცინგ ნორგეის (ევერესტის პირველდამპყრობის) ახლო მეგობარი იყო. თვითონ ხომ უყვარდა მოგზაურობა და დოდოსაც მთელი მსოფლიო შემოატარა… „გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები… მე, ძალიან ახალგაზრდა, უბედოდ გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისაგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით, მეორედ ვცადე ბედი და, კიდევ – ოთარ ეგაძის წყალობით. ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ, მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავისი ცხოვრებაა, უყვარხარ, ჩემი მეგობარია, ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და, მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს… რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ამბის ატეხა მაშინ გენახათ, ჩემი გათხოვება კამოს ქუჩის ¹4-მა რომ გაიგო, მთელი სახლი აივანზე გადმომდგარი, ტაშის გრიალით შემეგება. ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი; დიდზე-დიდი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა და ეგრძნო ეს ცხოვრება.... მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი…“
ჭიჭინაძეების ოჯახში ვერ წარმოედგინათ, რომ პატარა თამარი (დოდო) ექიმი არ გამოვიდოდა. ექიმობა დოდოსაც იტაცებდა და სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში (მაშინ ასე ხდებოდა). ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ოჯახს და დოდოს სურდათ, მაგრამ ბედმა თავისი ქნა: ახალგაზრდა ქალიშვილის გამორჩეული სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენია რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის დედას. ერთ მშვენიერ დღეს ვერის ბაზარში მყოფ დოდოს და მის მამიდას, რომელიც ძმისშვილს თითქმის გვერდიდან არ შორდებოდა, ვიღაც ქალბატონი აჩერებს და კინოსტუდიაში წაყოლას სთხოვს, სადაც იმჟამად „დავით გურამიშვილის“ გადაღებას აპირებდნენ და ქეთევანის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. მამიდამ თავი შორს დაიჭირა, რადგან იცოდა, მისი ძმა სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ რეჟისორებისა და ფილმის დირექტორის დაჟინებულმა თხოვნამ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გასჭრა. როდესაც გასინჯვაზე მისული დოდო დაინახეს, ფილმის შემქმნელებმა თვალებს არ დაუჯერეს – იგი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ფილმის მხატვრის, თამარ აბაკელიას მიერ კარგა ხნით ადრე შექმნილ ქეთევანის სავარაუდო პორტრეტს. გაკვირვებული დარჩა თავად მხატვარიც.
ნიკოლოზ სანიშვილის მოგონებიდან:  
„მოსკოვში ყოფნისას მსახიობ მიხეილ გელოვანს ვთხოვე, დოდო მოსკოვის თეატრების წარმოდგენებზე ეტარებინა და მისთვის სამსახიობო ანბანი ესწავლებინა. ერთხელ მიშა გელოვანი მოვიდა და მითხრა: მე ვეღარ წავიყვან დოდოს თეატრში. რა გინდა, სანამ არ მომტაცებენ ბავშვს, არ მომეშვებიო? თურმე მოსკოვის სამხატვრო თეატრში ყოფილან... „მესამე რიგში ვსხედვართ და ვუყურებთ წარმოდგენას, – ყვებოდა მიშა, – ჩვენს გვერდით ზის მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლკოვნიკი. წარმოდგენის ნაცვლად ეს ოფიცერი მთელი საღამო დოდოს მისჩერებოდა. შესვენებისას იხელთა დრო და მკითხა, ვინ არის ეს ქალიშვილიო. არ მესიამოვნა შეკითხვა, მაგრამ მაინც ვუპასუხე, ჩემი დისწულია-მეთქი.
– გათხოვილია? – ჩამეძია ოფიცერი.
– არა-მეთქი.
– მე გახლავართ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე. რამდენიმე დღის შემდეგ ვამთავრებ სამსახურს და სამშობლოში მივემგზავრები. თუ

ნებას დამრთავთ და ქალიშვილიც ისურვებს, სიამოვნებით წავიყვანდიო... „დოდო სამხედრო ატაშეს, რა თქმა უნდა, არ გაჰყვა და გაემგზავრა ლენინგრადში, სადაც „დავით გურამიშვილის“ გადაღება დასასრულს უახლოვდებოდა… (ავტორი – თ. ახვლედიანი).
 
„ვაა, ტრაკუნ!“
 „ბედმა გამიღიმა, – ამბობს ქალბატონი დოდო, – პირველივე ფილმში პარტნიორად ჩვენი თეატრის დიდოსტატი გიორგი შავგულიძე შემხვდა. უდიდესი ხალასი ნიჭის პატრონი იყო ჟორა. ერთი ეპიზოდი „დავით გურამიშვილის“ გადაღების ისტორიიდან: მიმდინარეობდა იმ კადრის გადაღება, როცა გურამიშვილს (შავგულიძეს) ქეთევანისთვის (დოდოსთვის) უნდა ეკოცნა. ჟორა დაიხარა კიდეც და ელოდა, რომ დოდო ბაგეს შეაგებებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! დოდოს ჩალურჯებამდე ჰქონდა ტუჩები მოკუმული.
რეჟისორმა შავგულიძეს დაუყვირა შორიდან:
– რა არის, კაცო, ქალისთვის არ გიკოცნია ჯერ?!
– ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არაო, – მიუგო შავგულიძემ.
„საერთოდ, – სიყვარულით იხსენებს დოდო, – ჟორასთვის სულ ასე „ბჟღარტი“ ვიყავი, ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს, როგორც ქალისთვის. მახსოვს, ერთხელ კინოსტუდიის ეზოში ვიდექი, მაშინდელ ჩვენს მინისტრ ვალოდია ჭიაურელთან და მოსკოვიდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებთან ერთად. ბატონმა მინისტრმა მათთან წარმადგინა, მეც რატომღაც თავი მნიშვნელოვან ფიგურად წარმოვიდგინე და დიდის ამბით ჩავერთე საუბარში. ამ დროს კინოსტუდიის ფანჯრიდან მესმის ჟორას ხმა:
– ტრაკუნ, რა ამბავში ხარ?
ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ვითომ მე არ მეხებოდა, მაგრამ ჟორამ თავისი არ დაიშალა და გრიმიორს ხმამაღლა უთხრა, – ერთი შეხედე, ჩვენი ტრაკუნა რა დღეშიაო. ამასობაში ბატონი ვალოდია და სტუმრები გამომემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ. მე დიდხანს ვიტირე, ჟორა კი სიცილით კვდებოდა… ნაზიმ ჰიქმეთის პიესაში „ლეგენდა სიყვარულზე“ მე შირინს ვთამაშობდი, გიორგი შავგულიძე კი ფერჰადს. მე ზევით ვიდექი ხოლმე, საიდანაც უნდა დამენახა ფერჰადი, მასაც უნდა დავენახე და უნდა გაგვეთამაშებინა ერთი ნახვით შეყვარების სცენა. იგი აღტაცების ნიშნად მესროდა ვაშლს, მე კი ეს ვაშლი უნდა დამეჭირა. პირველ სპექტაკლებში ყველაფერი ზუსტად ხდებოდა, მაგრამ ერთხელ შემთხვევით ვაშლი თავის კაზმულობაზე მომხვდა და გვირგვინი გადამაძრო. მე კინაღამ ბრინჯივით დავიბენი. – არასდროს არ დაიბნე, უნდა გაითამაშო, ვითომ ეს ასე უნდა მომხდარიყოო, – დამარიგა კულისებში ჟორამ. შემდეგ სპექტაკლში პირდაპირ თავში დამიმიზნა და კიდევ გადამაძრო თავსამკაული. ერთხელ კინაღამ გადმოვვარდი ხიდურიდან, მაგრამ ამჯერად აღარც მე დავიბენი, ჩემი სამკაული გადავუგდე და ჟორას ქებაც დავიმსახურე.
  …მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი როლი ივდითი იყო, „ურიელ აკოსტაში“. რეპეტიციებზე თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, აი, დადგა პრემიერის დღეც. ჩემს მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა. სცენაზე რომ აღმოვჩნდი, ყველაფერი დამავიწყდა. გავშეშდი და სიტყვა ვერ დავძარი – ტექსტი ვერ გავიხსენე. ამ დროს კულისებიდან ნაცნობმა ხმამ რამდენიმეჯერ გამიმეორა ივდითის ფრაზა: „ცხოვრების სიბრძნე... ცხოვრების სიბრძნე მიუწვდომი თილისმა არის.“ ეს ჩემი საყვარელი დამრიგებელი და უფროსი კოლეგა სესილია თაყაიშვილი იყო. ტექსტს მკარნახობდა – გადავრჩი... სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, მადლიერებით აღსავსე და თან, უზომოდ გაოცებული (სესილია იმ დღეს თეატრში არ უნდა ყოფილიყო), ჩემს მხსნელს მივუახლოვდი და ვკითხე:
– ქალბატონო სესილია, თქვენ რა იცოდით, რომ ასე დამემართებოდა-მეთქი.
იცით რა მიპასუხა? სიტყვა-სიტყვით გეტყვით:
– შე დურაქო, მე არტისტი ვარ, არტისტი, პარტნოი კი არა...“
ეს „დურაქო“ ისე იყო ნათქვამი, რომ ათას „ჭირიმეს“ და „გენაცვალეს“ სჯობდა…

მე ქუთაისში დავიბადე, მაგრამ მამა იძულებული შეიქმნა ყვარელში გადასულიყო, ცოტა ხნით თვალს მორიდებოდა, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ გზით დამალვოდა მთავრობას. სწორედ კახეთმა გადაარჩინა იგი… ასე მგონია, კახეთში ახლაც ილიას სული ტრიალებს. მე კახელი ვარ! და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იმათი სულისა ვარ, ასეა ჩემი ძმაც, ასეთები იყვნენ ჩვენი მშობლებიც…
ერთხელ კახეთში ვართ, „მეფე ერეკლე“ გვაქვს საგასტროლოდ წაღებული. მე ანა ბატონიშვილი ვარ, ბესიკი კი – იაშა ტრიპოლსკი. ყველაფერი კარგად მიდის, ჩამთავრდება ერთი სურათი, ჩაქრება სინათლე და იწყება მეორე, უკვე თავიც „მოვიკალი“ და ტახტზეც ვწევარ, იაშაც შემორბის და „ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებოო“, – დამტირის.... უცებ ვამჩნევ, მაყურებელთა დარბაზიდან ორი პატარა თავი გადმოიწია და გაფაციცებით მაკვირდება ორი წყვილი თვალი. მერე ერთი მათგანი, რვა-ცხრა წლის ბიჭუნა, დარბაზს გაბრწყინებული სახით გასძახის: „სუნთქავს განა?! სუნთქავს!“ ატყდა ხარხარი, ტუჩებს სიმწრით ვუყრი თავს, იაშა თავზე მაცხრება და ისიც, რასაკვირველია, სიცილით კვდება... კიდევ კარგი, სინათლე ჩააქრეს…“
ერთხელ, მარჯანიშვილის თეატრში მაღალი „ინსტანციიდან“ დარეკეს და დაიბარეს: ქალბატონი დოდო სასწრაფოდ გამოცხადდეს „სოფლტექნიკის“ საწყობში და კუთვნილი ტრაქტორი წაიღოსო. თავდაპირველად ვერავინ მიხვდა, რაში სჭირდებოდა დოდოს ტრაქტორი, ერთხანს ისიც იფიქრეს, ვიღაც გვეხუმრაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სვანეთის ერთ-ერთი კოლმეურნეობის თავკაცს დოდოსთან დაეჩივლა: სოფელში ტრაქტორი ჰაერივით გვჭირდება, მაგრამ ჩემით ვერაფერს გავხდიო. ჰოდა, დოდოსაც საქმე გამოუჩნდა და, სადაც ჯერ არს, იქ მივიდა. უმშვენიერეს და სახელოვან ქალბატონს ტრაქტორს ვინ დაუკავებდა?!
მეორე ფაქტი თავად ქალბატონი დოდოს მიერ არის ნაამბობი და მისთვის ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი:
„…ახლა მთავრობა რაღაც სარჩოს მაძლევს ჰუმანიტარული დახმარების სახით... – ამბობს ქალბატონი დოდო, – ღმერთო ჩემო, – საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის გამოსაკვები გავხდი. სასირცხვილო ამბავია, სასირცხვილო! ქალბატონი დოდო დუმს, კოპებს იყრის და უეცრად მისი სახე მახსენდება „ბაში-აჩუკიდან“ და „ცისკარადან“ – მაცდურის წინაშე ამაყიც, მომხიბლავიც და საავდროდ გამზადებულიც… ვაი, სირცხვილო!... იცი, მე დავთანხმდი ამ ჰუმანიტარულ დახმარებას, ამ ერთ ლიტრ ზეთს, მაკარონს, წიწიბურას... დავთანხმდი იმიტომ, რომ ერთ გაჭირვებულ მრავალშვილიან დედას ვაძლევ“.

скачать dle 11.3