№5 რატომ იზიდავს უბედურების მოლოდინი უბედურებას და რატომ იზრდება თვითმკვლელობებისა და დანაშაულის სტატისტიკა ასეთი ფაქტების სატელევიზიო გაშუქებისას
ლამის ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ნებისმიერ უბედურ შემთხვევას ჩვენთან არათუ აბუქებენ, თავზე ნაცრის დაყრისა და აპოკალიფსის მანიშნებლადაც განიხილავენ, იმის პარალელურად, რომ ამ ქვეყანას ყველაზე უბედურ ადგილად, მის მცხოვრებლებს კი, ასევე, ყველაზე უიღბლო ადამიანებად რაცხავენ (საკუთარი თავების ჩათვლით). არადა – უბედურების მოლოდინი უმეტესად სწორედ უბედურებას მოიზიდავს, გამუდმებული სტრესი აზიანებს არა მხოლოდ ფსიქიკურ, ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობასაც და უარყოფითი განწყობა კი სპობს პერსპექტივას. ერთი სიტყვით, ეს თვითგვემები ერთგვარ თვითგანადგურების ტენდენციად ჩამოყალიბდა. რატომ არჩია ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილმა ცხოვრების ასეთი სტილი და რატომ იზიდავენ ადამიანები იმას, რისიც ეშინიათ და რაზეც მუდმივად ლაპარაკობენ? – ამ საკითხს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– როგორ ხდება, რომ მოლოდინი და პანიკა აახლოებს უბედურებას?
– ნეგატიურისთვის მზაობა, მომზადება უბედურებისთვის, ნეგატივის მუდმივი მოლოდინი არის ადამიანის ნევროტული რეაქცია გარემოზე და ნევროზების ფიქსირებული მექანიზმი, როდესაც თავის დაცვა არ სჭირდება, მაგრამ ადამიანი მაინც თავს იცავს და მზად არის ნეგატიური მოვლენისთვის. ეს ნევროტული მდგომარეობაა, იმიტომ რომ ამის საპირისპიროდ შესაძლებელია, ადამიანს ჰქონდეს პოზიტივისადმი მოლოდინი და ის შეჰქონდეს თავის ცხოვრებაში. როდესაც ადამიანი ნეგატივს ელის, მის ცხოვრებაში ხდება სიხარულის, პოზიტივის ნიველირება, არადა რეალობა დახუნძლულია პოზიტივით. ზოგჯერ გარემო ძალიან პოზიტიურია, ძალიან ნეგატიური ან ნეიტრალურია. ან შეიძლება, ერთდროულად შეიცავდეს ასეთ ნიშნებს და მხოლოდ ნეგატიურად მომართვა ცუდი ტაქტიკაა, იმიტომ რომ ამ დროს დადებითის, სასიამოვნოს უგულებელყოფა ხდება. ეს ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თავდაცვაზე ორიენტირებულები. ჩვენ მუდმივად გვიწევდა და ახლაც გვიწევს ცხოვრება რეალობაში, როდესაც ვიღაცის მიერ დაპყრობის საფრთხის წინაშე ვიყავით და ვართ. ეს ფიქსირებული განწყობა ჩვენში მყარადაა.
– გენეტიკურ დონეზეა უკვე ეს გამჯდარი?
– ეს არის ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც დასწავლილია და თაობიდან თაობას გადაეცემა თუნდაც ანდაზებით, გამოთქმებით, ზოგი ჭირი მარგებელია, შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველ ლხინსო...
– კაცი ტანჯვისთვისაა გაჩენილიო, ყველაზე მეტად მაღიზიანებს.
– იმდენად მძიმე იყო ჩვენი რეალობა იმპერიების ქვეშ გაჭყლეტისას, რომ ჩვენ გარკვეული დამოკიდებულება გამოვიმუშავეთ და ამის გამო ერთგვარად გადავრჩით კიდეც მთებში შეხიზნულები. ახლა კი არის გახვრეტილი ეს მთები და აქვს გასასვლელ-შემოსასვლელი, მაგრამ ადრე დამცავ ბარიერებად კავკასიონი და შავი ზღვა გვქონდა. ამიტომ ჰოლანდიასა და ბრიტანეთივით ვერ გამოვიყენეთ ზღვა იმისთვის, რომ დაგვეპყრო სხვები და კოლონიები გაგვეჩინა, არამედ ის ჩვენთვის იყო ზღუდე და ბარიერი.
– სულ მაინტერესებდა, რატომ არ აითვისეს ჩვენმა წინაპრებმა ზღვა, როგორც საშუალება, რატომ არ განვითარდა ზღვაოსნობა და აი, მივიღე პასუხი: ჩვენთვის ეს იყო თავდაცვის და არა განვითარების საშუალება.
– მაგალითად, ჰოლანდიელებმა ზღვაოსნობით მთელი იმპერია შექმნეს, ჩვენ კი, რადგან თავდაცვაზე ვიყავით ორიენტირებულები, მთებიც და ზღვაც, ფაქტობრივად, თავდაცვით ზღუდედ გამოვიყენეთ. თუმცა მთაც და ზღვაც შეიძლება, აღიქვა, როგორც თავდაცვის და ისე მსოფლიოს დაპყრობის საშუალებად, ანუ დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. მაგრამ ისტორიის ნეგატივის გამო, ჩვენ უფრო მიდრეკილნი ვართ თავდაცვაზე. ცოტა შორს წავედით მსჯელობისას, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ნეგატიურის მოლოდინი გვახასიათებს და ამას აქვს დადებითიც და უარყოფითიც. მაგალითად, არიან ფეხბურთის გუნდები, რომლებიც ირჩევენ თავდაცვით ტაქტიკას და ერთით ნულზე თამაშობენ ან ნულით ნულზე, ამას კატანაჩო ჰქვია და ჩვენც, ფაქტობრივად, ასეთი კატანაჩო გვაქვს პიროვნულ-სოციალურ ცხოვრებაში, ანუ თავდაცვითი დამოკიდებულება. ეს აისახება ცხოვრების სტილზე, მოდაზეც, უპირატესობას ვანიჭებთ შავ, მუქ ფერებს, ყველა დაძაბულია, ერთმანეთს კრიტიკულად უყურებენ, ეშინიათ თვითგამოხატვის. ჩვენი სოციალური გარემო თავდაცვაზე, თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ცხოვრება იცვლება, ასეთი დამცავი მექანიზმები უსარგებლო ხდება. ციხესიმაგრეში ცხოვრება კარგია ომის დროს, მაგრამ, როდესაც ურთიერთობა, ვაჭრობაა გაჩაღებული და მისვლა-მოსვლაში გამდიდრებაა შესაძლებელი, მაშინ ციხესიმაგრე ნეგატიურ როლს ასრულებს, ურთიერთობისთვის ბარიერი ხდება. ჩვენ ახლა გარკვეული ბარიერი გვაქვს და გვჭირდება დაცვითი მექანიზმების გადაფასება. ამას ერთი ხელის მოსმით ვერ მოვიშორებთ, იმიტომ რომ გამჯდარია ენაში, ცხოვრების სტილში, მაგრამ რეალობის შეცვლას, როდესაც ჩვენ აღარ ვართ საბჭოეთის ნაწილი, ვართ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი, უნდა მოჰყვეს ამ დაცვითი მექანიზმების გადაფასება და განსხვავებული ტაქტიკაა შემოსატანი.
– სანამ გადავაფასებდეთ, რა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ნეგატივის მოლოდინი, ამაზე ლაპარაკი და შემდეგ იმის გამეორება, ხომ ვამბობდი, რომ ასე ცუდად იქნებოდა საქმე? დამძიმებული პროგნოზები ხელოვნურად კიდევ უფრო როგორ ამძიმებს ვითარებას?
– ასეთი მოლოდინებისას ადამიანი დაძაბულია, არ არის თავისუფალი სამყაროსთან ურთიერთობასა და თავის არჩევანში, სწორედ ამიტომ ვერ ამჩნევს იმ პოზიტიურ შესაძლებლობებს, რომლებსაც რეალობასთან ურთიერთობაში გამოიყენებს. ამიტომ ხდება ის ნეგატიური, რომელიც დომინანტურია იმ გარემოში და მოლოდინი შობს რეალობას. როდესაც მოლოდინი ხანგრძლივდება და ადამიანი არ მოქმედებს იმისთვის, რომ ახალი პერსპექტივა გახსნას, მაშინ მოლოდინს მოაქვს ის ნეგატივი, რომელიც რეალობაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიყენოს, რომ ადამიანმა არ გამოიყენა შანსი. აი, ამ უარყოფითი მოლოდინის გამო ხდება უსიამოვნება და მერე ადვილია თქმა, ხომ ვამბობდი, ეს აუცილებლად მოხდებოდაო. რა თქმა უნდა, მოხდებოდა, რადგან ადამიანმა არ გააკეთა შესაბამისი არჩევანი და არ გამოიყენა ალტერნატიული გზა. მეორე მხრივ, ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანი და საზოგადოება მეორე უკიდურესობაა. ანუ ხშირად ჩვენ ასეთი ოპტიმიზმიც გვახასიათებს.
– წამიკითხავს, არსებობს სტატისტიკა, რომ კრიმინალის მატება ახალ ამბებში კრიმინალური ქრონიკის მასალების გაშუქების პირდაპირპროპორციულია, მათ შორის, უბედური შემთხვევებისაც, თვითმკვლელობებისაც, ავტოკატასტროფებისაც.
– ხშირად ხდება ასე. მე მიმიქცევია ყურადღება ასეთი სტატისტიკისთვის, როდესაც საქმე თვითმკვლელობას ეხება. როდესაც მედიის ყურადღება მახვილდება თვითმკვლელობაზე, თვითმკვლელობის სტატისტიკა ამ დროს იზრდება. გოეთემ „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ რომ დაწერა თვითმკვლელ, რომანტიკულ, შეყვარებულ ყმაწვილზე, ამ რომანის მკითხველებში თვითმკვლელობა გავრცელდა, ანუ იდენტიფიკაციას და გმირისთვის მიბაძვას იგივე ეფექტი აქვს. როდესაც მასმედია ასე აქცენტირებულად ატრიალებს მსგავს მოვლენას, ერთია, თქვა, რომ ასეთი რამეები ხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, მასმედიის მიერ, ასევე, მხატვრულ შემოქმედებაში ასეთ მოვლენაზე ყურადღება ძალიან მახვილება, რაც გარკვეულწილად ამ მოვლენის რეკლამაცაა.
– წახალისებაც.
– დიახ. გააჩნია, როგორ შუქდება მოვლენა; რამდენად ნეგატიურად და რამდენად პოზიტიურად. მაგალითად, ვერტერი, გოეთეს პერსონაჟი ძალიან პოზიტიურია და ამ პოზიტიურობამ გამოიწვია მისი ქცევის გადამდებობა, ნეგატიური რომ იყოს, გადამდებიც არ იქნებოდა. მნიშვნელოვანია, როგორია პროპაგანდა. თუ პროპაგანდა არის ნეგატიური, მაგრამ, ჩამდენები არიან პოპულარული ადამიანები, მაგალითად, პოპვარსკვავები, ახალგაზრდები ამ ნეგატივს არაცნობიერად, როგორც პოზიტივს, ისე აღიქვამენ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, პოზიტიური იქნება გაშუქება თუ ნეგატიური. მაგალითად, ნარკომანიისა და ანტისოციალური ქცევის გაშუქებისას სასურველია, ამ სტატისტიკაში არ მოახვედრონ ადამიანი, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში განწყობა პოზიტიურია.
– იმიტომაც მგონია მორალურად და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი „გირჩი“ ჯაფარიძის პროპაგანდა, რომ, თურმე, როდესაც მარიხუანის ინტენსიური მომხმარებელი იყო, თავისით ისწავლა უცხო ენა, დაიწყო მუშაობა საერთაშორისო ოგანიზაციებში, მიიღო სამი უმაღლესი განათლება. ანუ აშკარა პროპაგანდას ეწევა: დაბოლდი და იქნები წარმატებული.
– დიახ, დამღუპველია ამ მოვლენის პოზიტიური გაშუქება, თუ ასე ითქვა...
– ნამდვილად ასე თქვა.
– მაშინვე დაიწყებს ახალგაზრდა ნარკოტიკის მოხმარებას, იმიტომ რომ პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება. მცდარი ლოგიკაა, რომ ნარკოტიკი კარგია, რადგან მას მოიხმარს ჯიმი ჰენდრიქსი, მოიხმარდნენ „როლინგსტოუნები“, ელვის პრესლი... ნარკოტიკს რომ იყენებდნენ ეს ადამიანები, იმიტომაც დაიღუპნენ და დაღუპეს საკუთარი ნიჭი. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, გაცილებით შემოქმედებითები იქნებოდნენ, ჯანმრთელებიც და ცოცხლებიც, მაგრამ ინფორმაციის ისეთი მიწოდებით, რომ ნარკოტიკი იწვევს შემოქმედებით განვითარებას, საპირისპირო შედეგს ვიღებთ. არადა, ეს სრული აბსურდია. ეს არის არასწორი ლოგიკა, მაგრამ თინეიჯერი და ზოგჯერ ზრდასრულიც აკავშირებს ამ ორ რამეს და ამას ფსიქოლოგიაში გალა-ეფექტი ჰქვია. სწორედ გალა-ეფექტის გამო მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკების მოხმარებით გაუჩნდებათ ნიჭი და გახდებიან პოპულარული და წარმატებული. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. ეს გალა-ეფექტი გამოიყენება პროპაგანდაში. რაც ლოგიკის საწინააღმდეგოა და დამღუპველი. ამიტომ აუცილებელია, მოვლენის გაშუქებისას მიექცეს ყურადღება, პერსონაჟი ნეგატიურია თუ პოზიტიური. თუ პოზიტიურია და ნეგატიურს აშუქებს, არაცნობიერად საპირისპირო ეფექტს მივიღებთ. იმიტომ რომ თინეიჯერი პროტესტის ტალღაზეა და იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც უფროსი თაობა ეუბნება. სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, როგორ ეშმაკურად იქცეოდნენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები, მაგალითად, სიგარეტის კოლოფებს აწერდნენ, რომ ეს არის დაჩაგრული ქალებისთვის, ამბოხებული სულის მქონე თინეიჯერებისთვის. ამიტომ ისინი სიამოვნებით ეწეოდნენ, რადგან თავს მიიჩნევდნენ დაჩაგრულებად და მეამბოხეებად. აი, როგორ შეუძლია, ამ შემთხვევაში, თამბაქოს ინდუსტრიას, წამოაგოს გარკვეული ჯგუფები და ჩაადენინოს ის, რაც მათთვის იქნება დამღუპველი. არა მარტო ინდუსტრია, ამას იყენებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიაც და აზიანებენ საზოგადოების გარკვეულ სეგმენტს, იმის გამო, რომ მოიმხრონ და ხმები მიიღონ.