კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ აღიარეს თორნიკე შენგელია ესპანეთში მეფედ და რა ოინი მოუწყო მისმა მეუღლემ დედამთილს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა 2018 წლის შემაჯამებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართველი ბომბარდირი, თორნიკე შენგელია „2018 წლის მეფედ“ აღიარეს.  გარდა კარიერისა, კალათბურთელის ოჯახურ ცხოვრებაშიც სიახლეა – მას და სალომე ჯუღელს ერთი თვის წინ მესამე ვაჟი, ნოე შეეძინათ. თორნიკეს კარიერაზე, ბავშვობასა და ოჯახზე მისი დედა, ქალბატონი ქეთევან შენგელია გვესაუბრა.
– ქალბატონო ქეთევან, თორნიკე ესპანეთში „2018 წლის მეფედ“ აღიარეს. როგორ შეაფასებდით მის ბოლოდროინდელ  წარმატებებს?
– როგორც ყველა მშობლისთვის, ასევე ჩემთვის შვილის წარმატება უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა. როცა თოკოს წარმატების შესახებ ვიგებ ხოლმე, ვერ გადმოგცემთ, იმ დროს რას ვგრძნობ – ადგილს ვერ ვპოულობ, მიწაზე ფეხს ვერ ვდგამ, ემოციებით სავსე ვარ და ეს ემოციები 2-3 დღე მიმყვება (იცინის). არ მინდა, რომ მიკერძოებულად და როგორც დედას, ისე ჩამითვალოთ, მაგრამ, რადგან ამ თემაზე საუბრის საშუალება მომეცა, გულწრფელად გეტყვით, როგორც კალათბურთელი, ტიტულს ნამდვილად ველოდებოდი, თუმცა მთლად ასე – „მეფედ“ აღიარებასაც – არა. საუკეთესო მოთამაშის ტიტული მართლაც ეკუთვნოდა. თოკო შარშან ევროლიგის საუკეთესო ხუთეულში დაასახელეს, ანუ თავის პოზიციაზე პირველ ადგილზეა ევროპაში და ასევე, პარალელურად, ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშის ტუტულის აღებისთვის ძალიან ცოტა ხმა დააკლდა.  სწორედ ეს შედეგები მაძლევს ასე ხმამაღლა და თამამად  ვთქვა, რომ ეს ტიტული მისი იყო.
– იყო თუ არა მშობლების სურვილი, ამ სპორტს დაუფლებოდა თუ თვითონ იჩენდა ინიციატივას?
– როგორც მოგეხსენებათ, კალათბურთელების ოჯახი ვართ და კალათბურთი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ორივეს სურვილი იყო, გვინდოდა, რომ თოკოს პროფესიონალური კალათბურთი ეთამაშა, მაგრამ თუ კი შევხედავდით,  რომ  ნიჭი და სურვილი არ გააჩნდა, ძალას არ დავატანდით. ძალიან პატარა იყო, მამამისის თამაშებზე რომ დამყავდა. როცა კალათბურთზე შევიყვანეთ, მაშინვე  შეიგრძნო, შეიყვარა, შეისისხლხორცა და ასე რომ ვთქვათ, „მოიწამლა“ (იცინის).
– როგორც თორნიკე ამბობს, მისი იდეალი მამაა. არის მათ შორის მსგავსება?
– ვფიქრობ, ეს არ მოიცავს მხოლოდ კალათბურთს. მამა-შვილი ნებისმიერ თემაზე ლაპარაკობს და მსჯელობს. თოკოს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს მამასთან. ყოველთვის შეთანხმებულად მოქმედებენ... ყველა განვლილ თამაშს ერთად განიხილავენ და მომდევნო თამაშზეც საუბრობენ.... მსიამოვნებს ყოველივე ამის ყურება და მოსმენა. ერთი სიტყვით, საუკეთესო მეგობრები არიან.
– როგორი ბავშვი იყო?
– თოკო ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ შემაწუხებელი ცელქი – არა,  აქტიური და ფიზიკურად ძალიან ძლიერი. შექება გამომდის, მაგრამ ვინც თოკოს ბავშვობიდან იცნობს, დამეთანხმება, ზედმეტს და გადაჭარბებულს არაფერს ვიტყვი. თოკო ჭკვიანი და ნიჭიერია,  შრომისმოყვარე, მიზანდასახული და საქმისადმი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია. ბევრჯერ საათი ჩუმად წინ გადაუწევია, რომ ვარჯიშზე ადრე მივსულიყავით. ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, დილიდან რომ დაიწყებდა ვარჯიშს, საღამოს ძლივს გამომყავდა დარბაზიდან. თავის გუნდთან რომ მორჩებოდა, მერე სხვა გუნდის მწვრთნელს სთხოვდა და იმათთან ერთად ვარჯიშობდა.
– კარიერიდან გამომდინარე, ალბათ, მშობლებისგან სულ შორს უწევდა ყოფნა. ამ მხრივ, რთული პერიოდი თუ გქონიათ?  
– 14 წლის იყო, როცა ბათუმში ჩატარდა კემპი, გამარჯვებულის პრიზი ესპანეთში, კერძოდ ვალენსიაში, მოთამაშის შემოწმება 3-4-დღიანი ვარჯიშით და თამაშებით იყო. ეს პრიზი თოკოს ერგო. ვალენსიაში მამა წაჰყვა, ყველა შემოწმება წარმატებით გაიარა და იქვე გაუფორმეს კონტრაქტი. აქედან დაიწყო თოკოს კარიერული ნაბიჯები და ასევე, მონატრება.  რთულია დედისთვის მანძილი.  სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, თუ რას გრძნობს ამ დროს დედა. გეფიქრება ყველაფერზე, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებით ხდება და რაც კეთდება, შენი შვილის საუკეთესო მომავლისთვისაა.
– როგორი მეუღლე და მამაა?
– სალი პარიზში გავიცანი (იცინის). მაშინ თოკო ბელგიაში თამაშობდა და მასთან ყოფნა ხშირად მიწევდა. სალი კი პარიზში, მეტროპოლიტენის სამოდელოში მუშაობდა მოდელად. ერთ დღეს, როცა თოკოს დასვენება ჰქონდა, გადაწყვიტა, პარიზში წავსულიყავით და იქ გავიცანი. გულწრფელად გეტყვით, პირველივე დანახვისთანავე მომეწონა, ძალიან საყვარელი იყო. ახლაც მახსოვს მისი ლამაზი, თბილი გაღიმება და გაბრწყინებული თვალები. თოკო ძალიან კარგი მეუღლე და მამაა. ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო აქვს, ცდილობს, შვილებთან გაატაროს. ეთამაშება ბავშვებს, მიჰყავს სასეირნოდ, კინოში...
– როგორი ურთიერთობა გაქვთ რძალთან?
– გულწრფელად გეუბნებით, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვიდრე თოკო ცოლს მოიყვანდა, მანამდე სულ ვამბობდი და ახლაც იგივე აზრზე ვარ – არ მესმის, ადამიანს, რომელიც შენი შვილის გვერდით დგას, მისი მეუღლეა, ვინც შენს შვილზე ფიქრობს, ზრუნავს, პატივს სცემს და უყვარს, რატომ უნდა შეხედო გულგრილად და რატომ არ უნდა გიყვარდეს. შენს შვილს რომ ბედნიერს ხედავ, თუ რა სიყვარულით უყურებს მის ცოლ-შვილს და ყოველი დილის გათენება უხარია, რატომ უნდა მოუწამლო ეს სიყვარული, თუნდაც ერთი სიტყვით. ამათი სიყვარულის შემყურე, მეც ვტკბები, მიხარია და ბედნიერი ვარ. ერთი სახალისო ისტორია მახსენდება ჩვენს ურთიერთობაზე. ესპანეთში თამაშდებოდა სახალხო ლატარია, სადაც მთელი ესპანეთის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. ჯეკპოტი 5 მილიონი ევრო იყო. მეც შევიძინე 3 ბილეთი და სახლში მოვედი. სალის ჩუმად გადაუღია ტელეფონით ჩემს ბილეთზე სურათი და როცა გათამაშების დღე მოვიდა, შემახსენა. მოკლედ, სალი რაღაც საიტზეა შესული და იქ ამოწმებს ციფრებს. მე კიდევ, მიჭირავს ჩემი ბილეთი და ველოდები რას იტყვის. დაიწყო სალიმ ციფრების გამოცხადება, პირველი დაემთხვა, მეორე, მესამე და მიყვა ასე. ისე მიხარია, მგონია, მილიონერი ვხდები (იცინის). სალიმ შემატყო ეს და იფიქრა, აქ რაღაც მოხდებაო და თოკოსთან გავიდა ოთახში გასაფრთხილებლად, ხმაური იქნება და არ გაგიკვირდესო (იცინის). გამოვიდა და ისევ გააგრძელა ციფრების კარნახი. ხომ წარმოგიდგენიათ რა რეაქცია მექნებოდა? სიხარულისგან ლამის სალტოების კეთებამდე ვიყავი მისული. ბოლოს, მაინც თოკოს შევეცოდე და მითხრა: დაწყნარდი, დედა, სალის ოინებიაო (იცინის).
– ახლახან მესამე შვილიშვილი შეგეძინათ. სამი ბავშვის მოვლა რთულია, როგორ ართმევს სალი თავს?
– სალი ძალიან კარგი მეუღლე და დედაა. მიუხედავად იმისა, რომ ძიძა ჰყავს, ბავშვებზე მაქსიმალურად თვითონ ზრუნავს. კახისა და ლაზარეს შორის სხვაობა 11 თვეა, ტყუპებივით იზრდებიან, საერთო ინტერესები აქვთ და ერთად კარგად თამაშობენ. სალიმ და თოკომ ორსულობის პირველი დღიდანვე ახარეს ბავშვებს, რომ პატარა ძმა ეყოლებოდათ და ესენიც ელოდებოდნენ, როდის დაიბადებოდა.
скачать dle 11.3