კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რატომ ეძახიან ნუგზარ კვაშალს „მუკუზას“ და როგორ ხვდებოდა მის ღალატს ცოლი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ნუგზარი.
გვარი: კვაშალი.
პროფესია: მომღერალი, მსახიობი.
– ბავშვობის მოგონება.
– მეოთხე კლასამდე ბავშვობიდან ვერაფერს ვერ ვიხსენებ, მაგრამ გვარები  ყველასი მახსოვს, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეების. ყველაზე დიდი მახსოვრობა იქიდან მაქვს, გიტარა რომ დავიჭირე ხელში. მახსოვს, პირველი აკორდი, ვინ იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, სად წამიყვანა მამაჩემმა და მაყიდინა ჩემი პირველი ფირფიტა, ვიღაცის დაავადებულ ფილტვების რენტგენის სურათზე ჩაწერილი „ბითლზები“. ერთი აკორდი რომ ვისწავლე, სკოლაში ყველა გოგომ მე შემიყვარა, მეორე და მესამე აკორდზე ხომ სულ გადაირივნენ და მთელმა ჩემმა კლასმა დაკვრა მოინდომა. დავდიოდით სხვადასხვა კლუბში – ამ დროს ორი კლუბი იყო სულ, ერთი – ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, სადაც პირველი აკრძალული როკ-ჯგუფები იყო და მერე უკვე – პროფესიონალური სცენა, სადაც ზურა ყიფშიძე იყო დრამერი, მაშინ მედოლეს ვეძახდით. მაგარი დრამერი იყო ზურა, ლამაზი მოკლე შარვალი ეცვა, წითელი წინდებით, გამოვიდოდა სცენაზე და იყო წივილ-კივილი. გია ეძგვერაძე და მე – სოლო-გიტარისტები ვიყავით, მამუკა დუმბაძე – ბას-გიტარისტი.
– ზედმეტსახელი გქონდათ?
– ბავშვობაში ბაბუაჩემი მეუბნებოდა: კაი ბიჭია, კაი ბიჭია, ვერ ვიმახსოვრებდი ამ კაი ბიჭიას და „კაბუჭას“ ვიძახდი. ბაბუაჩემმა დამარქვა „კაბუჭა“ და შემრჩა. თენგიზ ჩხეიძემ რატომღაც „მუკუზა“ შემარქვა. რატომ-მეთქი, – ვკითხე? „მუკუზა“ ხარ და მაგიტომო. ახლა ყველა ახლობელი „მუკუზას“ მეძახის და შეგიძლია, დაწერო – მუკუზ კვაშალი.
– პროფესიული ჩვევა?
– მიკროფონს როდესაც ვიღებ, სულ ვითვლი რუსულად, ხომ შეიძლება, ქართულად დაითვალო ან ტელეფონზე რომ ვინმე რეკავს, ვპასუხობ – რას.
– რისი გეშინიათ?
– მეშინოდა, რომ უცებ ხმას დაკარგავ და მერე რა გინდა, გააკეთო ან თითი დაგეჭიმება, მარილები ჩაგიდგება და გიტარაზე ვეღარ დაუკრავ, რითიც შენს ოჯახს არჩენ.  მერე, როცა დავრწმუნდი, რამდენსაც გიხდიან, ზუსტად იმისას მღერი, გყოფნის ის ხმა, რასაც გიხდიან და ცოტა მეტი რომ გადაგიხადონ უფრო გაუფრთხილდები. ახლა უკვე აღარაფრის მეშინია, იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთმა ბრძენმა თქვა, ამ ასაკში უკვე სიკვდილიც აღარ არის სირცხვილი.
– რისი გრცხვენიათ?
– როცა 70 წელს მიღწეული კაცი სცენაზე გამოდიხარ, მაგ დროს სირცხვილი ცოტა უკანა პლანზე იწევს. ეს იკარგება უკვე, როდესაც მიუზიკლი, სპექტაკლია, მაგრამ ხანდახან მრცხვენია, როცა ხანშიშესული მომღერალი გამოდის და მღერის. ალბათ, ასაკი აღარ უხდება სცენას. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. არის ბევრი მომღერალი, რომელთაც ასაკი არ აინტერესებთ, გამოდიან და კარგად მღერიან. ვახო ტატიშვილთან ერთად მეც გამოვდივარ და ვმღერი, მაგრამ მარტო უკვე „მიტყდება“.
– რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
– ჩემი მეუღლე მორწმუნეა ჩემთან შედარებით, იმიტომ რომ მე მაგის დროც არ მქონდა, ეკლესიაში ხშირად მევლო. ამას მნიშვნელობასაც არ ვანიჭებდი – რატომ უნდა ვიარო ეკლესიაში, როცა შეიძლება გარეთ გააკეთო უფრო მეტი სიკეთე-მეთქი. იცი, რას ვერ ვაპატიებდი? ეკლესიაში რომ შედის, რაღაცას იბურდღუნებს და გარეთ რაღაც სისულელეს გააკეთებს. მეგობრის ღალატს არ ვაპატიებდი – რამდენი მეგობარი დაიკარგა ფულის სესხების დროს. გუშინ ფილმს ვუყურე – ერთი მეგობარი ეუბნება მეორეს, მასესხე ფულიო, ვერ გასესხებო, რატომო. მაშინ მე და შენ უნდა დავკარგოთ ერთმანეთიო. აბა, რა უნდა ვქნა, როგორ მოვიქცეო? მაგით მყიდულობ თუ რას ნიშნავსო? არა, მე საკუთარ სიმშვიდეს ვყიდულობ, რომ შენ ისევ გვერდით მყავდეო. რამდენმა ადამიანმა დაკარგა ერთმანეთი ფულის გამო. მეც გამოვიარე ეს სიტუაცია, ამიტომ საკუთარ შეცდომებზე კი არა, სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.
– რისი გწამთ?
– მწამს, რომ იქ, ზემოთ ძალიან მაგარი ხალხია. იქ რა კონცერტი იქნება? წარმოიდგინე ბასილაია როიალთან ზის, გოგი დოლიძე, ჰამლეტ გონაშვილი გამოსასვლელად ემზადებიან, დარბაზში საპატიო სტუმრებად სხედან რეზო ლაღიძე და უამრავი ბუმბერაზი. სადღეგრძელოც კი დაიბადა ასეთი – ვინც იქ წასვლას გვიადვილებსო. მწამს, რომ ისინი იქ არიან, ისევ ისე არიან ძალიან საყვარლები, ნიჭიერები და უაღრესად ლეგენდარულები, ამის ნამდვილად
მწამს.
– როდის ყვირით?
– ვყვირი, როცა ხმა არ მაქვს, ეს ძირითადად სუფრასთანაა, ვუყვიროდი შვილებს, სანამ პატარები იყვნენ და ხმა მქონდა, ახლა მარტო ცოლს თუ დავუყვირებ, იმიტომ რომ როცა უნდა, არ ესმის, იმ დღეს რაღაც ხმამაღლა ვუთხარი, ყვირილით და მკითხა – რა? რაღაც მივაყოლე ჩუმად და რაო?! – უცებ დაიკივლა.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ქალი ჩემთვის ყველაფერია. თბილისში ქალს სხვა ფასი ჰქონდა, ქალი იყო მშვიდობა, სიყვარული. კაცი საცემიც რომ ყოფილიყო, თუ ქალი ახლდა, არ სცემდნენ, ვინ გასცემდა ხმას. დღეს სად არის ეს ურთიერთობა. მაგრამ მე მაინც მგონია, ის ძველი თბილისელები ქალის სიყვარულს მაინც გულით ატარებენ.
– როგორი მეუღლე ხართ?
– სულ გასტროლებზე ვიყავი, მაგრამ განშორება სიყვარულს აღვივებს. 46 წლიდან, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ, ერთი 20 წელი გასტროლებზე ვიყავი. თუ ამის საშუალება იყო, თან დამყავდა, მე ვგრძნობ, რომ ახლა უფრო კარგი მეუღლე ვარ. ყველა ერთად ვცხოვრობთ. მახსოვს ბაბუაჩემის ნათქვამი, სახლში სადილზე ათ კაცზე ნაკლები რომ დაჯდება, ის ოჯახი რა ოჯახიაო. ჩვენ რვანი ვართ, შევიკრიბებით, დავსხდებით. ორივე რძალი სიგიჟემდე მიყვარს, მე დამყავს სამსახურებში, სულ მინდა, რომ რაღაცით დაკავებული ვიყო და ჩემი ვალი, რომელიც ამ ასაკში მაქვს, მოვიხადო. ვინ იცის, როდის მოვა ის დრო, როცა შეიძლება, საჭესთან ვეღარ დავჯდე, ერთ წამში ხდება ყველაფერი.
– რა სიგიჟე ჩაგიდენიათ ქალის გამო?
– სიგიჟეების მეტი რა ჩამიდენია. 26 დეკემბერს გაჩნდა ჩემი ბიჭი. ახალ წლამდე ხუთი დღე იყო დარჩენილი და მახსოვს, ნასვამი ვიყავი, სამშობიაროში ავძვერი, ნაძვის ხე მივუტანე და გადმოვხტი. 45 წელი გავიდა და ახლა, სიბერეში შემომიტია იმ ძველმა ნაიარევმა წელსა და ფეხზე. მიკვირდა, ნეტავ, რატომ მტკივა-მეთქი და ცოლმა შემახსენა: გახსოვს, ნაძვის ხე რომ ამოიტანე, მერე რომ გადმოხტიო. ასეთი სიგიჟე უმარავი იყო. ერთხელ მახსოვს, იტალიაში კარგი ფეხსაცმელი ვუყიდე, მაშინ 120 დოლარი მივეცი, ჩაიცვა ჩემმა მეუღლემ. დავთვერი, ჩემი ცოლი სერვანდზე შემოვსვი, გავხადე ფეხსაცმელი და ჩავასხი შამპანური და ფეხსაცმელი დადნა... წამოვიყვანე სახლში ცალფეხა, ასკინკილით.
– მეუღლე თქვენზე არ ეჭვიანობდა?
– ეჭვიანობა დიდი ავადმყოფობაა. სხვათა შორის, ერთმოყვარე ვიყავი – ულამაზესი მეუღლე მყავდა. ყველანაირი აზრი, რაც იმ სიყვარულში, მოფერებაში, სამზარეულოში იყო ჩადებული, ყველაფერი ისე იყო აწყობილი, რომ სხვისკენ გახედვა არც  მიფიქრია. ხანდახან, როცა გასტროლებზე მიდიხარ, თვეობით, რაღაცას იზამ, ის ამ ყველაფერს ხვდებოდა – მეგრელ ქალს რას გამოაპარებდი, მაგრამ ყოველთვის პირიქით იყო: სიმართლეს ეტყოდი – არ სჯეროდა, ატყუებდი – სჯეროდა. სიმართლეს ვეუბნებოდი – ახლა მე ვარ მაგარ სახლში, ცხელი ჯაკუზი, გადასარევი გოგონები... მეტყოდა, შენ იცი, ვინ მოატყუე? როცა ვეტყოდი, ფული არ მაქვს, გაჭირვებულად ვარ, ეს სჯეროდა.
– შეიძლება, მამაკაცი ქალზე სუსტი იყოს?
– კი, რამდენიც გინდა. მამაკაცმა შეიძლება, იცოდეს მეუღლე ღალატობს და ითმენდეს, ამას სისუსტე კი არა, სიძლიერე შეიძლება დავარქვათ, იმ სიყვარულის სიძლიერე, რომელიც მასშია. სუსტი რა მხრივ შეიძლება იყოს? რომ ქალის გადაწყვეტილებას ბოლომდე ვერ მიიყვანს, ვერ მივა და მუშტს ვერ დაარტყამს. არიან ქალის ქუსლქვეშ მყოფი კაცები, რომ აიღებს ხელფასს და სულ ცოლს ჩააბარებს, ასეთი სისუსტეები შეიძლება, იყოს, რაც შეეხება ქალის პატიებას, ეს მხოლოდ სიძლიერეა.
– სიყვარულს წესები აქვს?
– რა წესები უნდა ჰქონდეს სიყვარულს, როცა სიყვარული სუფთა სიგიჟეა. ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარს, შეიძლება, რაღაც უბედურება გაუკეთო, თუ დაინახავ, რომ ოდნავ სხვისკენ გადაიხარა ან ეჭვი შეიტანე მის გულწრფელობაში. კაცი, რომელიც არ გიყვარს, იმას აპატიებ, ასე ხდება მამაკაცებს შორის, მეგობრებს შორის და ქვეყნებს შორისაც სხვათა შორის, იმიტომ რომ მას ისე უყვარხარ, რომ არ გაპატია. ეს ხშირად ხდება... სიყვარულს მალვა უნდა, სიყვარულს ასაკი არ აქვს.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– არავითარ შემთხვევაში. ვნება უსიყვარულოდაც შეიძლება, მაგრამ სიყვარულთან ერთად ეს შენი ვნება უფრო ძლიერია. ძალიან ბევრი სიტყვა გვაქვს მე და ნუგზარ ერგემლიძეს სიტყვა ვნებასთან დაკავშირებით. გემზე რომ ხარ და ლამაზ ქალს გაიცნობ, იმას ჰქვია „გემოვნება“, ერთი ადამიანი რომ გიყვარს ვნებით, იმას ჰქვია „ერთსულოვნება“, მარტო ერთი რომ იყოს – „თავნება“ და ასე შემდეგ. თანამედროვე ენაზე ვნება სექსია, მაგრამ სექსს ხანდახან ვნება ვერ მოაქვს... სექსი შეიძლება შვიდ წუთში მორჩეს, მაგრამ ვნება უსასრულოდ გაგრძელდეს.
– როგორია თქვენთვის სექსუალური ქალი?
– დღეს, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სექსუალური ქალი არის ის, ვინც მხოლოდ თვალებს გააძღობს. ვეუბნები ხოლმე – გაძეხი. ამ ასაკშიც მიმირბის თვალები აქეთ-იქით. ყველა ქალი სექსუალურია, აბსოლუტურად ყველა. სიმღერა რომ არის, ლამაზი ქალი სანდო არ არისო. შენ რომ გინდა, ლამაზი ცოლი გყავდეს, მაგრამ  მერე ვიღაც შეხედავს და ადგები და მოკლავ... შენ თუ ლამაზი ცოლი მოგყავს, შანსი არ არის, ვიღაცამ არ შეხედოს, მაშინ რად გინდა ის ლამაზი ცოლი, დასვი სახლში, ჩააცვი, ადრე რომ ბოქლომიან რკინის ტრუსს აცმევდნენ და გყავდეს. ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. ჯონ ლენონი მომყავს მაგალითად, რომელსაც ულამაზესი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ბოლოს თავისი სიყვარული იოკო ონოს დაუკავშირა, ერთ იაპონელს, მინგრეული სახით, მონგრეული ტანით, დანჯღრეული თმით. ამიტომ ეს კი არ არის ვნება და სიყვარული, რაღაც სხვა არის. ლენონივით ნაღდად ვერ ვიქნები, მაგრამ ქალი, როგორიც არ უნდა იყოს, გამხდარი, დაბალი, მოღუნული ფეხებით, აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ქალი ყველა მდგომარეობაში კარგია.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– ალბათ, მაშინ, როდესაც სხვა ქალი დაანახებს, რა შეიძლება მოჰყვეს სექსს, ვნებას და იმ ქალის სიძლიერესაც. სხვა ქალი რაღაც ისეთს გააკეთებს, მიხვდება, ჩემი ქალიაო და ტოვებს სამშვილიან ოჯახსაც კი. იგივე შეიძლება ითქვას ქალზეც. ქალი რომ მიდის კაცისგან, კაცის ბრალია და კაცი რომ მიდის ქალისგან, მაინც კაცის ბრალია, იმიტომ რომ მან ვერ შეასრულა ის კაცური, ვაჟკაცური მოვალეობები, თუნდაც ვნების მოვალეობები და იმიტომ წავიდა ერთ შემთხვევაში ქალი, მეორე შემთხვევაში – თვითონ.
– რომელ პერსონაჟს ადარებთ საკუთარ თავს?
– ბუს. ისევე, როგორც ბუს, კისრის ბოლომდე მობრუნება არ შემიძლია. დიდი თავი რომ მქონდა, ალბათ, ამიტომ ამირჩიეს ბუდ ჯემალ ბაღაშვილმა და ალექსანდრე ბასილაიამ – შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ და ამიტომ იქნები ბუო. სხვათა შორის, გამიხარდა, გავიბღინძე.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– მამაჩემისგან მახსოვს: შვილო, მარტო ფული თუ გეყვარება, ძალიან ძუნწი ადამიანი იქნები; მარტო ქალი თუ გეყვარება – დონჟუანი, გაფუჭებული ადამიანი; მარტო სმა თუ გეყვარება, მაშინ – ლოთი. ეს ყველაფერი ერთად რომ გეყვარება, მაშინ იქნები ადამიანიო. ამიტომ მიყვარს, ქალიც, სასმელიც და ფულიც. ჯერჯერობით ასე ვცხოვრობ.
скачать dle 11.3