№4 ჰყავდა თუ არა ანასტასია პირველს წარსულში ცოლი და რატომ იყო ის „საქართველოს ვარსკვლავზე“ გამოსვლის წინააღმდეგი
როდესაც ანასტასია პირველი „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსზე გამოვიდა და ხმამაღლა განაცხადა, ტრანსგენდერი ვარო, ყველას ეგონა, ქართული საზოგადოება მის მიმართ უარყოფით ემოციას გამოხატავდა. თუმცა ასე არ მოხდა. მართალია, პროექტს მალევე გამოეთიშა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მისი იქ მისვლის მიზეზი გამარჯვება და „ევროვიზიის“ კონკურსზე წასვლა იყო. იმის საჯაროდ თქმა, რომ ის ტრანსგენდერია, კონკურსის ხელძღვანელებმა მოითხოვეს. სურვილი, მისი ნამღერი გზავნილი ყოფილიყო, მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება, არ ახდა.
ანასტასია პირველი: ულამაზეს, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში დავიბადე და გარკვეული პერიოდი იქ ვიცხოვრე. ეს ის ადგილია, სადაც ენერგიით ვივსები, ზღვის პირას ჯდომა ფიქრის საშუალებას მაძლევს. ოჯახში მეხუთე შვილი ვიყავი, უფროსი დები მყავს. მათ გარემოცვაში, ოთხმაგად სითბოსა და სიყვარულში ვიზრდებოდი. იმდენად კარგად მაქვს მეხსიერების ჩიპი მოწესრიგებული, რომ ჩემი თავი ძალიან პატარა მახსოვს. ჩემს დებს ძალიან მოსწონდათ ჩემი გემოვნება და ხშირად მეკითებოდნენ რჩევას, რომელი კაბა ჩაეცვათ. მეც, ვირგებდი მათ კაბებს და დემონსტრირებას ვუკეთებდი. სრულ იდილიაში გავიზარდე. არაჩვეულებრივი მამა მყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ჩემთვის ოჯახი ბევრ რამეს ნიშნავს, პირველ რიგში, მთლიანობასთან ასოცირდება. დედა არაჩვეულებრივად უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე და ჩვენი ბინიდან სულ სიმღერისა და მუსიკის ბგერები ისმოდა. სიმღერის გენეტიკა, სწორედ, დედისგან დამყვა.
– ყველა ადამიანს აქვს ოცნებები, მიზნები... თუ გიფიქრია იმაზე, რა მისიით მოხვედი ამქვეყნად?
– ჩემი მისია დედამიწაზე არის, თუ ვინმეს სჭირდება, თუკი რამე ცოდნა და გამოცდილება გამაჩნია ან თუმდაც ჩემი ნამღერით, დავეხმარო. აუცილებელია, ერთმანეთის ენერგია მივიღოთ და ჩვენი მათ გავუზიაროთ, ვისაც ეს სჭირდება, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დაუცველებს.
– ერთხელ თქვი, ერთ ათწლედში ორჯერ დავიბადეო. ეს რას ნიშნავს? შენი შეცვლილი ორიენტაცია იგულისხმე?
– ეს, დაახლოებით, ცხოვრების რესტარტს ჰგავს. როცა ადამიანი ხვდები, რომ ცხოვრების რაღაც ნაწილი გაიარე, საჭიროა, მოერგო სიახლეეებსა და განვითარებებს, რომ იარსებო, დროს უნდა აჰყვე, განვითარება უნდა დააჩქარო. ჩემს ცხოვრებაში ორიენტაციას, სულ რაღაც ორი პროცენტი უკავია, მის გვერდით დგას ჩემი ადამიანობა, ხელოვნება, შემოქმედება, ოჯახი, სამსახური... ამ ორ პროცენტზე ხშირად არც ვფიქრობ.
– როგორ მოხდა შენში ტრანსფორმაცია და როდის მიხვდი, რომ ბიჭად კი დაიბადე, მაგრამ შენში ქალური უფრო მეტად ჭარბობს?
– ვერ გეტყვით, ჩემს ქვეცნობიერში სხვა ადამიანია შემორჩენილი-მეთქი, მე ყოველთვის ვიყავი და ვიზრდებოდი ერთ პიროვნებად. ცხრა წლის ასაკში ჩემი ცნობიერი მიხვდა, რომ არსებობს ჩემში კიდევ რაღაც. როგორც ქალი იწყებს გარდატეხის პერიოდში სხვანაირად ფიქრს, ასევე არის მამაკაცი. სწორედ, ცხრა წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ პირველი მამაკაცი, ვინც ჩემს ცხოვრებაში იქნებოდა, მისთვის ქალწული ვყოფილიყავი.
– ოჯახში იყო ოთხი გოგონა, დაიბადე მეხუთე ბიჭი. წარმომიდგენია, მშობლების სიხარული შენი დაბადების მომენტში. მაგრამ, როცა ანასტასია დაირქვი და ქალური სამოსი მოირგე, ამას როგორ შეხვდნენ?
– ჩემს მშობლებს, პირველ რიგში, ის გაუხარდათ, რომ შვილი შეეძინათ. ჩემს ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი ტრანსფორმაცია შეიძლება, ბევრი ადამიანისთვის ყოფილიყო მიუღებელი, რადგან მაშინ სხვა დრო იყო. სწორად ვერ გაიგებდნენ, რადგან საქართველოში ვცხოვრობთ და ტრანსგენდერი უცხო იყო. ჩემი პიროვნება და იდენტობა არასოდეს გადამიწყვეტია იმით, პერანგის ღილი მარჯვნივ იქნებოდა თუ მარცხნივ. მამას სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა განათლებასთან – უნდოდა, ხუთივე დედმამიშვილს უმაღლესი დაგვემთავრებინა და წარმატებულები ვყოფილიყავით. რადგან ჩემი სურვილიც ეს იყო, დედაქალაქში ჩამოსვლა ვარჩიე. ძალიან რთული იყო ოჯახისგან განშორება და მათგან ცალკე ცხოვრება. მშობლები ყოველთვის ისე მიყურებდნენ, როგორც პატარას და მამამ ბინა რომ მაჩუქა, მახსოვს, მითხრა: ჩვენთვის რთულია, მაგრამ მესმის... ჭკვიანი პიროვნება იყო, დამარიგა: იცხოვრე ისე, როგორც შენ თვლი, რომ სწორია შენივე მომავლისთვის და იმისთვის, რომ ადამიანებს არ მოუტანო ზიანო.
– მართალია, რომ ამ შოუსთვის, მისმა პროდიუსერებმა შენი ორიენტაცია, უბრალოდ, გამოიყენეს?
– არ ვიცი, მათ რა გამოიყენეს, ჩემთვის მთავარია, რაც გავაკეთე. მე ამ პროექტში მივედი, რომ მემღერა, მაქსიმალურად შედეგზე ვიყავი ორიენტირებული. რაც შეეხება იმას, რომ სანამ ვიმღერებდი, წინასიტყვაობაში უნდა მეთქვა – „მე ტრანსგენდერი ვარ“, წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ, რადგან პროექტის ხელმძღვანელებმა შემომთავაზეს გარკვეული პირობები, დავთანხმდი. სიმღერაც თავად შემირჩიეს და მითხრეს, ჯობია, შენი მაქსიმალური ნამღერი შემდეგისთვის მოვიტოვოთო. ეს შემდეგი კი, არ დადგა. მე კონკურსზე გამოსვლის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ პროექტის პროდიუსერებმა სხვა ფორმა შემომთავაზეს და მერე ისე არ მოხდა, არც კი ამიხსნეს, რატომ. ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცევიან. კიდევ ვამბობ, თითქმის ყველა პროექტში უნდოდათ ჩემი გამოჩენა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან არის რაღაცები, რაც შეიძლება ცუდად გამოიყენონ. ამ პროექტში მონაწილეობაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა მინდოდა, კონკურსზე, რომელიც ითვალისწინებს იდენტობას და თავისუფლებას. ეს იყო ჩემი მიზანი, ამას ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენებდი და არა შოუს შესაქმნელად.
– მართალია, „საქართველოს ვარსკვლავში“ არ გაგიმართლა, თუმცა, მახსოვს წლების წინ, „ნუცას სკოლის“ გამარჯვებული გახდი, მაგრამ სხვა სახელით და გვარით. მაშინ, ირაკლი სირაძე იყავი.
– იმდენად მომავლის ადამიანი ვარ, წარსულზე საუბარი არ მიყვარს და ფუჭად დაკარგული დრო მგონია. რაც იყო და მოხდა, ამაზე არ ვსაუბრობ. მე არ ვიცი, ვინ იყო ირაკლი სირაძე წარსულში, მე მომავლის ანასტასია პირველი ვარ. დღეს მე ვარ აჭარის ყრუ-მუნჯა ასოციაციის სასწავლო-საწარმოო ცენტრის დირექტორი. ვცდილობ, მათ დავუდგე გვერდით, მომავალი შევუქმნა, საზოგადოებაში ის ბარიერი შევამცირო, რაც ამ ადამიანების მიმართ არსებობს.
– ვხვდები, წარსულ ცხოვრებაზე არ გსურს საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო, მართალია, რომ დაოჯახებული იყავი და ცოლი გყავდა?
– (იცინის) უბრალოდ, გეტყვით, რომ ეს ერთგვარი დადგმული სპექტაკლი, ხუმრობა იყო, რომელიც ადამიანებმა აიტაცეს. დღეს მე ვარ გასათხოვარი, შემდგარი ქალი, რომელიც ელოდება თბილ, ყურადღებიან და მოსიყვარულე მამაკაცს და, პირველ რიგში, უნდა გრძნობდეს გენდერულ თანასწორობას. ასეთი მამაკაცის გვერდით ვიქნები ბედნიერი. სხვათა შორის, თაყვანისმცემლებისგანაც განებივრებული ვარ (იცინის). ყვავილებსაც მჩუქნიან, სუნამოსაც და მომწონს ის დამოკიდებულება, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავენ. მათ გვერდით თავს კარგად ვგრძნობ.