კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ გადაურჩა დათვის დატორვისა და გველის ნაკბენის შემდეგ სიკვდილს ია თინიკაშვილი და როგორ აღმოჩნდა ის რეანიმაციაში მიცვალებულთან ერთად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი სახიფათო ისტორიაა, რომელთაც საბედნიეროდ, ის ყოველთვის საღ-სალამათი აღწევს თავს.  ხიფათიანია ხოლმე მისი არასამივლინებო მოგზაურობებიც და გამონაკლისი არც ბოლო შემთხვევა ყოფილა.
ია თინიკაშვილი: განსაკუთრებული წინათგრძნობა მაქვს და რატომღაც, მთელი გზა ჩემი გარდაცვლილი მოძღვრის, მამა შიო ხარძეიშვილის ჯვარი მუჭში მქონდა მოქცეული. ეს ჯვარი იხსნებოდა და შიგ სიწმინდე იყო ჩაბრძანებული – იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ამ ჯვრით აღიკვეცა მამა შიო ბერად ცხრამეტი წლის ასაკში. 2006 წელს, როცა ავსტრიაში მივდიოდი თვალებზე სამკურნალოდ, მან ეს ჯვარი მოიხსნა და მე გადმომცა: მინდა, მთელი ცხოვრება შენ გიცავდესო. ძალიან ვიუხერხულე, მაგრამ უარმა არ გაჭრა. საბერძნეთში რომ ჩავედი, რატომღაც ძეწკვი, რომელზეც ჯვარი მეკიდა, არასანდოდ ჩავთვალე და რომ არ დამეკარგა, საფულის იმ ჯიბეში შევინახე, რომელშიც ფული არ იდო. მესამე დღეს სალონიკში, ცენტრალურ ქუჩაზე მივდიოდი. დღის პირველის ნახევარი იყო. უცებ გოგონა დამეჯახა, ჩემს ფეხებთან დაუვარდა ყურსასმენები და ჩაიმუხლა იმდენად უცბად, რომ თავის შეკავება ვერ მოვასწარი და ზემოდან დავვარდი. ამ დროს, უკნიდან ჭყლეტვაში მომაყოლა სამმა ადამიანმა – ბიჭი და ქალები იყვნენ. მომენტალურად მივხვდი, სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არა ძარცვა და მაშინვე ჩანთას მოვკიდე ხელი, რომელიც უკვე გახსნილი იყო. მივედი ახლომდებარე განყოფილებაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე და მითხრეს, აქ ძარცვის იმდენი ფაქტია, რომ ამისთვის ცალკე განყოფილება არსებობსო. მისამართი კი დიდი ხვეწნის შემდეგ დამიწერეს ფურცელზე. როგორც იქნა, მივაგენი იმ ადგილს, ვერ წარმომედგინა, ასეთი განყოფილება ევროპის რომელიმე ქვეყანაში თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. იქ ჩემსავით გატანჯული სამოცამდე ადამიანი დამხვდა, იმ დღისით – იმ რაიონში გაძარცვული ადამიანები. მეც ვიტირე, არ ვმალავ, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს დანაკარგი, პოლიციელებისგან კი სიცილ-კისკისი და ლაზღანდარობა გვესმოდა. ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდათ. ათენში საქართველოს საელჩოს დავუკავშირდი, შიდა ქართლის გუბერნატორსაც, რადგან ვიცოდი, რომ დიპლომატიური კავშირები აქვს. ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ საელჩოს წარმომადგენლები და მათი დამსახურებაა, ახლაც რომ იმ პოლიციაში დაკითხვის მომლოდინე არ ვზივარ. საკონსულოს წარმოადგენლის მოთხოვნით, დროულად დამკითხეს, აბსოლუტურად ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე აღვუწერე, რადგან ძალიან დაკვირვებული თვალი მაქვს და ძალიან მარტივად შეიძლებოდა დამნაშავეების იდენტიფიცირება, ეს ფაქტი ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა და იქ ყველგან კამერებია დამონტაჟებული, მაგრამ მითხრეს, რომ კამერის ჩანაწერს ვერ ამოიღებდნენ, მსგავსი არსად მინახავს.  გერმანიაში რამდენიმე წლის წინ ჩემი და ჩემი შვილის ჩანთა ამერია. შეცდომით მისი გავიყოლე, რომელშიც დიდი თანხა იყო და ეს თანხა მაღაზიაში ამომივარდა. ორმოც წუთში მიმიტანა ახალგაზრდა ბიჭმა პოლიციაში 6 000 ევრო და 2 000 დოლარი, რითაც მანქანის შეძენას ვაპირებდი. რომ მივედი პოლიციამ მითხრა, მპოვნელი საჩუქარს ითხოვს, ორას ევროსო. ამდენი ფული იპოვა და ორასი ევრო მოითხოვა იქიდან კიდევ საშემოსავლოთი დაიბეგრა. მეორეხარისხოვანი გზებით დავდივარ ხოლმე მოგზაურობისას და ვხედავ, რა ხდება სოფლებში, პატარ-პატარა ქალაქებში. ბუნებრივია, ბევრი რამ მოწესრიგებულია, მაგრამ ბევრი არასასიამოვნო ნიუანსია. რუმინეთის საზღვართან ახლოს მანქანით მივდიოდი მეგობრებთან ერთად და ვნახე, რომ მშობლებს მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ გამოყვანილი – ეს ტრეფიკინგი იყო. როცა ამის შესახებ მითხრეს, არ ვიჯერებდი, ალბათ, შვილებს სკოლაში აცილებენ-მეთქი. იქ საზღვართან ახლოს არის დასახლებები, სადაც ტრაილერები მოძრაობენ და ძალიან ბევრი მშობელი თავის მცირეწლოვან 12-13 წლის გოგონებს ატანენ მათ მძღოლებს. თუმცა იციან, რომ ბავშვებს ვერ გაიტაცებენ, რადგან საზღვარია და ბავშვებს პასპორტი არ აქვთ. არაფრით ვიჯერებდი, როცა ეს მიამბეს. დავინტერესდი, რამდენს უხდიან შვილებში-მეთქი და დაახლოებით 15-20 ევროსო, გაოგნებული ვიყავი. არ მინდა, ძალიან დავამძიმო სურათი და „ვაიმე, ევროპა რა ბანძია“ გამომივიდეს.
– ვიცი, რომ ძალიან ხშირად ეხვევი ხიფათებში.
– დაბადებიდან ხიფათიანი ვარ. შარშანწინ მეგობრებთან ერთად ევროპაში ვმოგზაურობდი და რომელ ქალაქშიც „დავჩექინდი“, სამივეგან ტერაქტი მოხდა. გახსოვთ, ალბათ, გერმანიაში რომ ტერაქტები იყო ზედიზედ. სადღა მახსოვდა, რომ დასასვენებლად ვიყავი, პროფესიული სისხლი აყივლდა და მგონი, პირველი ვიყავი, ვინც იქიდან ლაივებს სელფის ჯოხით აკეთებდა. ამ ყველაფერმა რომ ჩაიარა, თურქეთში წავედი სამი დღით. როგორც კი ჩავედი, იმ წუთას ტერაქტი მოხდა და იქიდანაც პირდაპირ ეთერში ჩავერთე.
– ტყეში განმარტოებით სეირნობაც გყვარებია და აქაც არაერთი სახიფათო ისტორია გადაგხდენია.
– ერთხელ გველმა მიკბინა და ქარელში რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოვჩნდი. ლაშქრობა ძალიან მიყვარს და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას წინასწარ ვეცნობი ხოლმე. შესაბამისად, გველნაკბენი რეანიმაციულ განყოფილებაში რომ მოვხვდი, ექიმებს ვუხსნიდი, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო ძალიან მძიმე და დედაქალაქში გადმოყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. არც ცნობიერება დამიკარგავს, არც თვალის გუგები გამფართოებია, არც წნევა დამვარდნია – ვაცნობიერებდი, რომ გველის შხამს ვაჯობე. მაგრამ ისინი მაინც იძახებდნენ რეანომობილს დედაქალაქში გადმოსაყვანად. ექიმმა, შესაძლო გართულებები თავიდან რომ აეცილებინა, თქვა, პატრულს გამოვუძახოთ და ძალით გადავიყვანოთო. ერთი კი ამოვიკნავლე, ჯერ გველმა მიკბინა და თქვენ კიდევ პატრულს მიძახებთ-მეთქი?! მაშინ ძალიან ლამაზი სანდლები მეცვა, ვიფიქრე, მე რომ აქ დამაწვენენ, პერსონალი ზედ იშლიგინებს-მეთქი. გვერდით ძალიან მოხუცი ქალი იწვა, ვიფიქრე, ეტყობა, ბებომ თავი გაიტეხა-მეთქი, რადგან გადაბინტული ჰქონდა და ჩემი სანდლები მისი საწოლის ქვეშ დავაწყვე – ეს ჯერ მაინც არ ადგება-მეთქი. ისე ადგეს თქვენი მტერი, გარდაცვლილი ყოფილა და რეანიმაციაში ჰყავდათ, პატრონს ელოდებოდნენ. თურმე, თავი კი არ აქვს გატეხილი, ყბა აქვს დაჭერილი დოლბანდით.
მეორედ იყო, რომ დათვმა დამტორა და დამგლიჯა. საკმაო დაზიანებები ჰქონდა, მერე მომეხმარნენ და ჩემი თავი გააგდებინეს. სხვათა შორის, ჯინსები ისე კარგად მქონდა დაგლეჯილი, დედას ვფიცავარ, ვერცერთი „კუწურიე“ ვერ დააყენებდა იმ ფორმაზე (იცინის). რა თქმა უნდა, შრატი გამიკეთეს და ისე დაემთხვა, რომ მალევე შატილში წავედი. იქ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე შემხვდა. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და ნიამორის რქით მომაწოდა სასმელი. ვეუბნები, ბატონო დავით, არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, დათვმა დამგლიჯა-მეთქი. რომ ვერაფრით დავაჯერე, ავიწიე შარვალი და ვანახე ნაწიბურები. მთელ შატილიონში დაიწყეს ექიმის მოკითხვა. აღმოჩნდა, რომ ავღანეთში ქართული ჯარების ექიმი იყო ჩამოსული ოჯახთან ერთად, მაგრამ შეიცხადა ამ ადამიანმა, ექიმი კი ვარ, მაგრამ თან არანაირი საშუალება არ მაქვს და ალერგია რომ მისცეს, ხელში ჩაგვაკვდებაო. მერე რომ მიხვდა, გამოსავალს არ მიტოვებდნენ, მკითხა – ალერგიული ხომ არ ხართო. ცხოვრებაში არ მქონია ალერგია, ჯერ ცოტა მოვსვი, მერე კიდევ ცოტა და ბოლოს ეს ნიამორის რქაც დავცალე. საბედნიეროდ, შატილში არ დავლიე სული (იცინის).  
– კონფლიქტურ რეგიონებშიც არაერთხელ აღმოჩენილხარ  საფრთხეში.
– მარგველაშვილის არჩევნების დროს, სოფელ ხურვალეთში ყველასთვის ცნობილი დათა პაპა სადაცაა, იქ ვიმყოფებოდი, პირდაპირი ჩართვა მქონდა. სამართალდამცველები ყოველთვის განსაკუთრებულად გვეხმარებიან ჟურნალისტებს, ჩვენს უსაფრთხოებას აბსოლუტურად უზრუნველყოფენ. მაშინაც ყველა ჩართვა უზრუნველყვეს. ბოლოს უკვე მომერიდა, ეს ბიჭები შემეწუხებინა და  მარტო მივედი მავთულხლართებთან. იქ მათ კამერები აქვთ განთავსებული და როგორც ჩანს, შენიშნეს, რომ არავინ ჩანდა, ვინც დამიცავდა, მოვიდნენ და რაც ხდებოდა, ყველამ უყურა პირდაპირ ეთერში. ფაქტობრივად, გამოვასწარით ეთნიკურ ოსებს, თუმცა კადრში ჩანდა, როგორ მაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვაგინებდნენ და მავთულხლართებზე გადმოდიოდნენ. მით უმეტეს, მე მათ პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს და ძებნილების სიაში შემიყვანეს. რამე განსაკუთრებული მტრობა არ მქონია, მაგრამ იყო რამდენიმე ობიექტური რეპორტაჟი, რომელიც ჩვენი სახლმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისეთი კადრების გადაღება შევძელი, რომელიც დეფაქტო რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან მიუღებელი იყო და ამ ყველაფერს მალავდნენ.
– ომიც გამოვლილი გაქვს...
– ახლა მშვიდად ვსაუბრობთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგ შემთხვევაში გონივრულად არ მოვქცეულვარ – შენი სიცოცხლე თუ არ გაღელვებს, რას ერჩი შენი ჯგუფის წარმომადგენლებს, რატომ აყენებ საფრთხეში მათ სიცოცხლეს?! მე მაშინ ჟვანიას ნაჩუქარი ძალიან კარგი ჯავშანჟილეტი მეცვა, ისეთ სროლაში მოვყევით, ვეღარ ვარჩევდით, რამდენი ტიპის იარაღიდან ისროდნენ ყველა მხრიდან. მგონია, რომ დაცული ვარ, მაგრამ სრულად დაცული არასდროს ხარ. შეიძლება, ტყვია თავის ან ყელის არეში მოგხვდეს, იღლიაში მიყენებული ჭრილობითაც არაერთი გარდაცვლილა, მაგრამ იმ წუთას ეგ არ გამხსენებია. უცებ ჩემს მძღოლსა და ოპერატორს რომ შევხედე და ჩვეულებრივ მაისურებში დავინახე, მე კი ამ დროს ჯავშანჟილეტით ვიყავი, თავი უკანასკნელ ადამიანად ვიგრძენი. მე, ასე თუ ისე, რაღაცით ვიყავი დაცული და ისინი სრულიად დაუცველები იყვნენ. გავიხადე ის ჯავშანჟილეტი და მას შემდეგ არასდროს ჩამიცვამს.
– ომია თუ შვიდობა, ჟურნალისტთან ერთად ია ყოველთვის და ყველგან ქალია.
– ასეა. იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის მაცვია სპეცფორმა, თან, ძალიან მოწესრიგებული ვარ, თმა იქნება თუ მაკიაჟი – ყველაფერი ფორმაში მაქვს. სხვანაირად არ შემიძლია. ვიცი, რომ ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ამას მაინც ყოველთვის ვახერხებ, არა სამსახურის, არამედ ჩემი ძილის ხარჯზე. მთელი ცხოვრება ძალიან ცოტა მძინავს. შვიდზე უკვე ფხიზლად ვარ და ვინმე ათზე რომ მირეკავს და მეკითხება, ვაიმე, ხომ არ გაგაღვიძეო, სრული ისტერიკა მეწყება – როგორ შეიძლება ათ საათამდე მეძინოს?!
– ოჯახურ ცხოვრებაზეც ვთქვათ ცოტა. ბებია ხარ, ხომ?
– კი, ბებია ვარ. ახლახან, ჯერჯერობით არ ვიცი ვინ, მანქანაზე წითელი გული დამიკრა ზედ წარწერით „პეტრეს ბებო“. შარშანაც გააკეთეს მსგავსი რამ და დიდი უბედურებით ავაცალე, მაგრამ ახლა ზედ ისეთი ადამიანის სახელი აწერია აღარ ვაცლი – საკმაოდ გონივრულად მოიქცა ის ინკოგნიტო ადამიანი (იცინის).
– მეუღლეს დაშორდით და რაც საკმაოდ იშვიათია, მიზეზზეც ხმამაღლა საუბრობთ.
– მე და ჩემს მეუღლეს ოჯახი ღალატის გამო დაგვენგრა. თურმე, ჩემნაირ ქალებსაც ღალატობენ. ადრე მოდაში იყო მოტაცებები და ჩვენი შეუღლებაც ასე მოხდა. ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა, 17 წლის განმავლობაში ჩვიდმეტჯერაც კი არ გვიკამათია. არც მეტი არც ნაკლები და ბევრს ეშინია კიდეც ჩემი, რადგან იციან, რომ არაფრის დამთმობი არ ვარ, ბოლომდე ვიბრძვი სიმართლისთვის. რბილი და ადვილად დასამორჩილებელი არ ვარ,  თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემნაირ აქტიურ და მებრძოლ ქალებსაც ატყუებენ და ღალატობენ. კარგი ოჯახის შემდეგ რთულია მარტო დარჩენა, მაგრამ არ ვნანობ, რადგან სხვა შემთხვევაში, მთელი ცხოვრება გაცნობიერებული შეურაცხყოფით უნდა მეცხოვრა.
скачать dle 11.3