№4 რატომ არ უშვებდა ბაჩო ქაჯაიას ექთანი მეუღლის მშობიარობაზე დასასწრებად და როდის ავლენს ის მძიმე ხასიათს
„საზოგადოებრივ არხზე“ ახალი იუმორისტული გადაცემა იწყება, რომლის წამყვანიც მსახიობი ბაჩო ქაჯაია იქნება. ბაჩო ბოლო პერიოდში ეკრანზე ისე აქტიურად აღარ ჩანდა. ეს დრო, როგორც ამბობს, ბიზნესში ძალების მოსასინჯად გამოიყენა და საკმაოდ წარმატებულადაც.
ბაჩო ქაჯაია: „პირველ არხზე“ ვიწყებთ „ღამის შოუს“, რომლის წამყვანიც მე ვიქნები. პროექტის ხელმძღვანელი კი გოჩა კოლხელაურია. მე და გოჩა ძალიან დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ, ის იყო „შუა ქალაქის“ რეჟიოსრი და ამჯერად ჩვენთვის ნაცნობ და საყვარელ საქმეს შევეჭიდეთ. მკაცრად გაწერილ ფორმატს ვერ გადავუხვევთ, მაგრამ ვეცდებით, სიახლეები შემოვიტანოთ და ყველაფერი უფრო დადებითი კუთხით მივაწოდოთ მაყურებელს.
– წონის ასეთი ცვლილება სპეციალურად ამ გადაცემისთვისაა თუ, უბრალოდ, კარგი დამთხვევა?
– დაემთხვა. წონაში ადრეც დამიკლია, ამდენი არა, მაგრამ საკუთარი თავისთვის დამიმტკიცებია, რომ დაკლება შემიძლია. თუმცა მაშინ შენარჩუნება არ მჭირდებოდა და ისევ მოვიმატე. ახლა ჩავთვალე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყე სწორი კვებით, მერე შევაშველე ვარჯიში და თურმე ამან ისეთი ჩათრევა იცის, რომ დამოკიდებულს გხდის. საერთო ჯამში, ორწელიწად-ნახევარში ორმოცდაათი კილოგრამი დავიკელი. ჩემს ორგანიზმს ძალიან გაუხარდა და სულ ტაშს მიკრავს (იცინის).
– როგორი შეგრძნებაა, ერთ დღესაც ორმოცდაათი კილოგრამით ნაკლები რომ ხარ?
– ფოტოებზე აბსოლუტურად სხვა ადამიანი მიყურებს. რეალურად კი, არა მხოლოდ ფიზიკურად, მენტალურადაც სხვა ადამიანი ხდები. პირველ რიგში, გონებასა და გულში იცვლება რაღაც და მერე ფიზიკურად. როცა ამდენ ხანს რაღაცას ელოდები, მოულოდნელობის ეფექტი აღარ გაქვს, მაგრამ საწყისს და საბოლოო შედეგს რომ შეადარებ, მერე ხვდები, რამხელა რაღაც მოხდა და ამ დროს ღირებულებების გადაფასებაც ხდება. არ არის მარტივი, როცა ცხოვრების წესს მთლიანად იცვლი, ეს ძალიან უნდა გინდოდეს. ძალით დავიცავი „უგულავას დიეტა“, მაგრამ არ მომწონდა ისე ცხოვრება. გაცილებით ჯობდა, როცა წავიდოდი მეგობრებთან ერთად და რასაც მინდოდა, შევჭამდი, დავლევდი, მაგრამ როცა ზედმეტ ბედნიერებებს იღებ, ის აუცილებლად პროცენტით უნდა დააბრუნო, ახლა დადგა ეგ დრო და დავაბრუნე კიდეც. ვცდილობ, რეჟიმით ვიკვებო, გემრიელობებზე უარის თქმა მიწევს, მაგრამ ისე ხშირად არა, როგორც მაშინ. ვცდილობ, დავაბალანსო. ბევრი საერთოდ ვერ მცნობს, ძალიან უკვირს ხალხს. უმეტესობა მეუბნება, ისე სჯობდა, ბუთხუზა უფრო საყვარელი იყავიო, მაგრამ მე ასე უფრო მომწონს (იცინის).
– ბოლო პერიოდში ეკრანზე აღარ ჩანდი, რა ხდებოდა?
– ამ პერიოდში ბიზნესში შევყავი თავი – მე და ჩემმა მეგობრებმა სარესტორნო ბიზნესში მოვსინჯეთ ძალები. ახალ აღმაშენებელზე გავაკეთეთ ძალიან საინტერესო რესტორანი – „სახლი მადათოვზე“, მაგრამ ამ ქუჩის კონცეპტი ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო და ამიტომ მდებარეობის შეცვლა გადავწყვიტეთ. ეს პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რეგიონები მოვიარეთ, მივიწყებული კერძები მოვიძიეთ, რეცეპტები მარტო ბებიებს რომ ახსოვდათ და ამ ყველაფერს შემოქმედებითად მივუდექი. რეცეპტებს ვიწერდით, მერე გადავწყვიტეთ, ეს პროცესი გადაგვეღო.
– შენი ბუნებრივი წონა როგორია?
– 2007 წელს, „შუა ქალაქში“ რომ მივედი, არ ვიყავი ისეთი, როგორიც მერე ვახსოვარ მაყურებელს, იმ პერიოდში მოვიმატე. თუმცა, არც მანამდე ვყოფილვარ ასეთი გამხდარი. სანამ ჩავაბარებდი 110 კილოგრამი ვიყავი. კონსულტაციებზე რომ მივედი, მითხრეს, შანსი არაა, ვერ მიგიღებთ, 17 წლის ბიჭს რა უნდა გათამაშოთ, 110 კილო რომ ხარო. თუ არ გახდი, როგორ გავიგოთ ხარ თუ არა ნიჭიერიო, ერთი თვის მერე მივედი და ვერ მიცნეს, 11 კილო მქონდა დაკლებული.
– სამი შვილის მამობა როგორია, თან, როგორც ვიცი, სამივეს დაბადებას დაესწარი.
– სამი ქალიშვილის მამა ვარ, 11, 10 და 5 წლისები არიან. სამივეს დაბადებას დავესწარი. როცა ამ სასწაულს უყურებ, ხვდები, რომ შენ არაფერ შუაში ხარ. ჩემმა მეუღლემ მეოთხე სამშობიაროში იმშობიარა და ექიმს ვუთხარი, რომ დასწრება მინდოდა. აღმოჩნდა, რომ იმ სამშობიაროში პირველი კაცი ვიყავი, ვინც ცოლის მშობიარობას დაესწრო და ექიმი თავიდან თითქოს გაკვრით მისმენდა. რამდენჯერმე გავუმეორე, რომ მყარი დასტური მიმეღო, მერე რომ მოლოდინის რეჟიმში არ ვყოფილიყავი. მითხრა, ახლა კი გინდა და მეუღლეც გეთანხმება, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგები, მერე მეუღლეები, როგორც წესი, ამბობენ, ქმარი არ შემოუშვათო. ამიტომ მეუღლეს მთელი გზა ვეხვეწებოდი, რომ ასე არ მოქცეულიყო და მართლაც, პირიქით, დრო რომ მოვიდა, დაუძახეთო, ითხოვა. ძალიან სასაცილო იყო ეს მომენტი: უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ უნდა შევიდე და დავესწრო მშობიარობას, მაგრამ ექთანი ჩამოუშვეს და მეუბნება: ახლა ნახვის საათებია და ბახილები და ხალათი აღარ არისო და გაჩერდა. მგონია, აღარ არის და მოიტანს, ის კიდევ მე მიყურებს. ცხრა თვე ყოველ საღამოს ვეუბნები ცოლს, უარი არ თქვა იმ მომენტში-მეთქი, ექიმთან შეთანხმებულია და ექთანი მეუბნება, ბახილები და ხალათი არ გვაქვსო. მერე მოიტანეთ-მეთქი და მეუბნება: შვილო, რა გინდა, ახლა იქ, რატომ უნდა ახვიდეო (იცინის). უკაცრავად, ძალიან გთხოვთ, სწრაფად მომიტანეთ ეს ბახილები, თორემ შეიძლება, აქ გავაფრინო-მეთქი და კაი კაი, შვილო, დაწყნარდი, ეხლავე მოგიტანო (იცინის). მამის ამპლუას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ შვილებს, ისევე როგორც ყველას, თავიანთი გამოცდილება აქვთ, რომელიც ალბათ, გენებიდან მოდის. მგონია, რომ ადამიანი გამოცდილებით იბადება, ყველა თაობა რაღაცნაირად წინ წასულია. ძალიან რთულია თქმა, როგორი მამა უნდა იყო ან არ უნდა იყო. მე ვფიქრობ, შვილები უნდა იყვნენ თავისუფლები განვითარებისთვის და შენც უნდა ეცადო, რომ მათ დაეწიო და არა ისინი დააწიო შენს თავს. როგორიც გინდა იყოს შვილი, შენ უნდა გახდე ისეთი. როცა მას მიუთითებ რამეზე, მაგალითი შენვე უნდა იყო. ჩვენც ისეთები ვართ, როგორებიც ჩვენი მშობლები, ცოტა მეტი გამოცდილებით და ცოტა მეტად განვითარებულები.
– სამი ქალიშვილის მამისთვის ბიჭის თემა აქტუალური არაა?
– შვილი რომ შემეძინა, ოცდაერთი წლის ვიყავი და ის ასაკი მქონდა, ბიჭი რომ მყოლოდა, მასთან ერთად მანქანებით თამაშში მეც გავერთობოდი, მაგრამ არ ვიცოდი, გოგოსთან რა უნდა მექნა, თოჯინებით როგორ მეთამაშა?! ახლა არ ვიცი, ბიჭთან როგორ უნდა ვითამაშო, იმიტომ, რომ ძალიან დავამუღამეთ თოჯინებით თამაში (იცინის). გვარს რაც შეეხება, დიდი გვარი ვართ და ვიღაცები გააგრძელებენ. ჩემს ძმას ჰყავს ბიჭი და შეიძლება, მეც მყავდეს, რა პრობლემაა.
– მხიარული ბაჩო როგორია ოჯახში, როგორი მეუღლეა?
– ძალიან მძიმე ვარ – პირდაპირ ვაღიარებ, ჯაჯღანა ვარ. არ დავმალავ, ცოდვა გამხელილი სჯობსო და ზედმეტად მიყვარს ჩაკირკიტება. ჩემი ხასიათის სიმძიმე ნებისმიერ წვრილმანში შეიძლება გამოიხარტოს – რაღაცას მარილი აკლია, რაღაც ცხელია და საკმარისად ტკბილი არაა... რაც არ არის შენი საქმე, დაანებე, რა გინდა. რაღაცებს მიეჩვივნენ და „მიტარებენ“, რაღაცებს – უკვე აღარ.