№4 აქვს თუ არა კავშირი ლუგარის ლაბორატორიას ბიოლოგიური იარაღის დამზადებასა და „ღორის გრიპის“ გავრცელებასთან
ლუგარის ლაბორატორიის მისამართით ბოლო დროს არაერთმა ბრალდებამ გაიჟღერა: ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება, ხალხის მოწამვლა და ასე შემდეგ. ლაბორატორიის წარმომადგენლები ამ ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი ინფორაციების გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული აქტუალური კითხვები მის ერთ-ერთ თანამშრომელს, პოლიომიელიტის განყოფილების ვირუსოლოგს, ლელა ურუშაძეს დავუსვით.
ლელა ურუშაძე: ვმუშაობდით და ამჟამადაც ვმუშაობთ განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებსა და მათ გამომწვევ პათოგენებზე. ხან მწერების დივერსიასთან გვაკავშირებენ, ხანაც ხელოვნურად შექნილ ვირუსებთან, ეს უმეტესად სეზონთანაა დაკავშირებული. „მწერების დივერსია“ აქტუალურია ზაფხულში, როცა კოღოებით გადატანილი დაავადებები იჩენს თავს. ახალ ვირუსებზე ლაპარაკობენ, როცა გრიპის სეზონი გააქტიურდება, შესაბამისად, უკავშირდება იმას, თუ რა დაავადებები ცირკულირებს სეზონურად. რეალურად კი ლუგარის ლაბორატორიაში ბევრად უფრო დაცულები ვართ და ბევრად უსაფრთხო პირობებში ვმუშაობთ. პათოგენებს (ანუ დაავადებების გამომწვევებს, ვირუსებსა და ბაქტერიებს), რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, სწრაფი გავრცელების უნარი ახასიათებთ და ეპიდემიების გამოწვევის პოტენციალი აქვთ. ზოგიერთ მათგანთან შედარებით სეზონურად გახმაურებული გრიპი არაფერია, ბევრად უფრო საშიშია, მაგალითად, ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელება, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ტულარემია სწორედ იმიტომ, რომ ეს პათოგენები სწრაფად არ გავრცელდეს, ჩვენს ლაბორატორიაში ხდება მათი სწრაფი იდენტიფიცირება, სწრაფი რეაგირება და დროული მკურნალობა და პარალელურად, ჩვენი ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.
– უფრო დეტალურად, რა ხდება ამ ლაბორატორიაში ყოველდღიურად?
– არსებობს ბიოუსაფრთხოების ოთხი დონე და ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად „საშიშ“ პათოგენზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველ დონეზე კეთდება მარტივი კლინიკური ტესტები, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი და სხვადასხვა ბიოქიმიური ტესტი, რაც ქვეყნის ნებისმიერ ლაბორატორიაში სრულდება. ლუგარის ცენტრში არის ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიები. ამ ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების კაბინებში ჰაერი ისე ცირკულირებს და გამწოვები ისეთი ფილტრებითაა აღჭურვილი, რომ მუშაობისას არც მე დავავადდე და არც პათოგენი დავაბინძურო (რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დიაგნოსტირება სწორად მოხდეს). ბიოუსაფრთხოების მესამე დონეზე ხდება ისეთ პათოგენებზე მუშაობა, რომელთაც ახასიათებთ კიდევ უფრო მაღალი კონტაგიოზურობა, როგორიცაა: ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელება, ჯილეხი და სხვა. ასევე, არსებობს ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. რადგან ჩვენ არანაირ ვირუსების გამოყოფას და შენახვას არ ვახორციელებთ, ამიტომ მეოთხე დონის ლაბორატორია არ გვესაჭიროება.
მე პირადად ვმუშაობ პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების ლაბორატორიაში. ნებისმიერ ჰოსპიტალში საქართველოსა და სომხეთში (მ.დ.დ) დიაგნოზით შესული 15 წლამდე ბავშვის სინჯი იგზავნება ჩვენთან და მოწმდება პოლიომიელიტის არსებობაზე. ჩვენი ლაბორატორია სტანდარტებს შეესაბამება და აკრედიტებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
– რატომ მოიცვა საზოგადოება პანიკამ, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან ავრცელებდნენ „ღორის გრიპს“?
– ლუგარის ლაბორატორიაში ხდება, ეგრეთ წოდებული, „ღორის გრიპის“ დიაგნოსტირება. მხოლოდ და მხოლოდ ლუგარის ცენტრის გრიპის ლაბორატორიაში ხდება იდენტიფიცირება, თუ გრიპის რა სახეობის ვირუსი აქვს ადამიანს. ამიტომაც ასოცირდება ჩვენთან გრიპთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. რეალურად, ჩვენ შესახებ უარყოფითი ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია. გვაქვს უახლესი თაობის ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი და შეიძლება, ეს არ არის მათთვის მისაღები. ადრე გრიპის ლაბორატორიაში გაკეთებული რაღაც ნაწილი კონფორმაციისთვის პეტერბურგში იგზავნებოდა. ამჟამად გრიპის რეფერენსცენტრი ლონდონშია, შეიძლება, ესეც არ არის მათთვის მოსაწონი. არ ვიცი, ფაქტია, რომ რაც ეს პროპაგანდა გაძლიერდა, მას შემდეგ დაუკავშირეს, ეგრეთ წოდებული, „ღორის გრიპის“ გავრცელება ლუგარის ლაბორატორიას.
– მესმის, პროპაგანდისტული გავლენებია, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ გავრცელებულ ინფორმაციებზე, რადგან ეს ბევრისთვის პანიკის საფუძველია. ლუგარის ლაბორატორია – სიკვდილის ფაბრიკაა. ზემოთ გამჭვირვალეა, მაგრამ მიწის ქვეშ კიდევ ხუთი სართულიაო.
– ხუმრობისაც მეშინია, კიდევ რამე კუდი არ გამოაბან, მაგრამ ძალიან სასაცილოა, არავითარი მინუს ხუთი სართული არ არსებობს. სულ სამი სართულია და ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა. ვხუმრობთ ხოლმე, მუზეუმად და საექსკურსიო ადგილად უნდა გადაკეთდეს აქაურობა, იმდენად ხშირად მოდიან ჟურნალისტები. რუსი ჟურნალისტები ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაშიც კი შევუშვით, სადაც მხოლოდ სპეციალურად დატრენინგებულ თანამშრომლებს გვაქვს შესვლის უფლება, გადავაღებინეთ კიდეც. მოდიან სტუდენტები სტაჟირებაზე, ჩვეულებრივი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მეტი რაღა გამჭვირვალობაა საჭირო?! ჩვიდმეტი ქვეყნის ექსპერტი იყო ჩამოსული. თითოეული მაცივარი, კარადა, სინჯარა შეამოწმეს, ყველას გაგვესაუბრნენ. შეამოწმეს, ასევე, დოკუმენტები, ფილტრაციის სისტემები, ყველაფერი, რაც ამ ლაბორატორიის მუშაობას უკავშირდებოდა. რა თქმა უნდა, რუსი ექსპერტებიც იყვნენ მოწვეულები, მაგრამ არ ჩამოვიდნენ. ჩვიდმეტი ქვეყნის ექსპერტებმა დაწერეს დასკვნა, რომ ჩვენთან მუშაობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა, რომ ლაბორატორია აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს და დაცულია მუშაობისა და უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა.
– ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი წერდა, ისეთი კონსტრუქცია აქვს ლაბორატორიას, მიწისძვრის შემთხვევაში, იქ არსებული პათოგენები დაიკარგება და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა განადგურდებაო.
– ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველა თანამშრომელი ვნატრობთ, რომ მიწისძვრის დროს ამ შენობაში ვიყოთ. საქართველოში მიწისძვრისაგან მსგავსად დაცული ცენტრი და შენობა არ არსებობს.
– ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ჩივის, რომ გახშირდა მათ შორის ონკოლოგიური პრობლემები და ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებები. არაერთი ახსენებს ოთხ ფილიპინელს, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდნენ, ორი მათგანი გარდაიცვალა და ორი აქედან წავიდაო.
– ვინ ფილიპინელ თანამშროლებს გულისხმობთ? მე მსგავსი არაფერი გამიგია. ფილიპინელი კოლეგები გვყავდენენ სტუმრად, ჩვენ ჩავუტარეთ მათ ტრენინგი მოლეკულურ დიაგნოსტირებაში, ისინი დღესაც თავს ძალიან კარგად გრძნობენ და ჩვენთან ჩამოსვლა კიდევ უნდათ. რაც შეეხება „გახშირებულ“ დაავადებებს – ლაბორატორიაში არ შემოდის მოსახლეობა, შემოდის მხოლოდ მათგან აღებული სხვადასხვა მასალა, მაგალითად, C ჰეპატიტზე, გრიპზე, ცოფზე დიაგნოსტირებისთვის. ესაა ჩვენი შეხება მოსახლეობასთან. ჩვენგან კი გარეთ მხოლოდ აბსოლუტურად გაფილტრული ჰაერი გადის, სუფთა სითხე. რაც შეეხება გამონაბოლქვს, გარემოში სპეციალური ფილტრების გავლის შემდეგ გადის. ჩვიდმეტი ქვეყნის ექსპერტის მიერ ესეც შემოწმდა და დაიდო დასკვნა, რომ არცერთი მათგანი არ არის საფრთხის შემცველი. შესაბამისად, შეუძლებელია, ჩვენგან რაიმე ტიპის დაავადება გავრცელდეს.
ასევე, მოგახსენებთ, როდესაც არ არის გრიპის სეზონი, ენტეროვირუსის სეზონი, ტკიპისმიერი დაავადებების სეზონი, რას ვაკეთებთ – დაავადებებს, რომლებიც იმ დროს არ ცირკულირებს, ვამოწმებთ იქ, სადაც შეიძლება, მათი რეზერვუარი იყოს. მაგალითად, ნახმარ წყლებში ვამოწმებთ პოლიომიელიტს. შავი ჭირი საქართველოში სამოცდაათიანი წლების შემდეგ არ ყოფილა, მაგრამ მას აქვს უნარი, ნიადაგში დიდხანს შენარჩუნდეს და შესაბამისად, ვამოწმებთ ნიადაგს ადრეულ კერებში. ტულარემია გადააქვთ მღრღნელებს, ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელება – ტკიპებს, ამიტომ შესაბამისად, მოწმდება ეს რეზერვუარები და გადამტანები. მე, პირადად, დაცული მაქვს დოქტურანტურა ღამურების მიერ გამოწვეულ ინფექციურ დაავადებებზე. რამდენიმე წლის წინ ძალიან გახმაურებული ებოლა ვირუსი, ასევე, ცოფის ვირუსი ღამურასთან არის ასოცირებული და შესაბამისად, მონიტორინგს ვაკეთებთ ღამურებშიც (საბედნიეროდ, ვერცერთი ვერ ვიპოვეთ). ასე რომ, მარტო პაციენტებში კი არ ვახორციელებთ პათოგენების დიაგნოსტირებას, ვამოწმებთ იმ წყაროს, საიდანაც ისინი შეიძლება გავრცელდეს და ჩვენ მართლა ძალიან ამაყები ვართ, რომ ლუგარის ცენტრში ვმუშაობთ და ხალხის ჯანმრთელობას ვემსახურებით.