კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები მეტი წარმატებისთვის

ნინო კანდელაკი ანა თაბაგარი

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს მისი კეთილგანწყობილი, კომფორტული გარემო, პროფესიონალი  ექიმები, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინტელექტუალური პოტენციალი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სამედიცინო დაწესებულებად აქცევს. კლინიკის დამფუძნებლის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების შემდეგ ამ, მართლაც არაჩვეულებრივ სამედიცინო ცენტრში დაწყებული პროექტების განხორციელებისა და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, მისი მომავლისთვის ზრუნვა  ბატონი ფრიდონის შვილიშვილს – გიორგი დიასამიძეს დაეკისრა. მან არა მარტო დიდი წარმატებით დაასრულა ფრიდონ თოდუას მიერ დაწყებული პროექტები, არამედ არაერთ ახალ, მნიშვნელოვან და ქართული მედიცინისთვის საჭირო პროექტის განხორციელებაც  დაიწყო ინსტიტუტის კოლექტივთან ერთად.
გიორგი დიასამიძე: ამ დაწესებულებას თითქმის ოცდაათწლიანი არსებობის ისტორია აქვს. მიხარია, რომ აქ მომუშავე თითოეული თანამშრომელი ფრიდონ თოდუას იდეებისა და მის მიერ დანერგილი ტრადიციების ერთგული აღმოჩნდა და აქ უკვე ვერავის წარმოუდგენია მუდმივი განახლების, ახალი იდეებისა და განვითარების გარეშე ცხოვრება. მით უმეტეს, რომ მოდუნებისა და მხოლოდ მიღწეულით დაკმაყოფილების საშუალებას თანამედროვე ცხოვრების ტემპიც არ იძლევა. მედიცინა და ზოგადად, საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეთი ტემპით ვითარდება, შეუძლებელია გონიერი ადამიანი გულხელდაკრეფილი იჯდეს და ამ პროცესებს გვერდიდან უყურებდეს. საჭიროა მუდმივი განვითარება, რომ ჩვენს პაციენტებს ყოველთვის სიახლე შევთავაზოთ, რაზეც აქტიურად ვზრუნავთ. ვფიქრობთ, აუცილებელია სიახლეები პაციენტების მომსახურების მენეჯმენტში და დაწესებულების ვიზუალშიც, რათა ყოველი მოსვლა ახალი აღმოჩენებისა და დადებითი ემოციების გამომწვევი იყოს.
– ბატონი ფრიდონის გარდაცვალების შემდეგ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა იყო თქვენთვის მისი პოზიციის დაკავება?
– ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის ბაბუას გარდაცვალება უდიდესი ტრავმა და სტრესი იყო. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. რეალურად, ბავშვობიდან მაზიარა მედიცინის ჯადოსნურ სამყაროს. ამ ინსტიტუტში, მისი თანამშრომლების გვერდით გავიზარდე და  ბუნებრივია, ვგრძნობ იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რასაც ამ კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა მაკისრებს. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დაწესებულებამ, რომელიც აკადემიკოს  ფრიდონ თოდუას სახელს ატარებს, შეინარჩუნოს  თავისი აქტუალობა,  ლიდერის პოზიციები მედიცინის მთელ რიგ მიმართულებებში და ადამიანებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ძალიან დიდ დროსა და რესურსებს ვხარჯავთ ახალი პროექტების დაგეგმვისა და  წარმატებით განხორციელებისთვის.  
– კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის მძლავრ სამედიცინო ცენტრად ითვლება.
– ჩვენი კლინიკა დღეს რეგიონში მართლაც  ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ონკოლოგიურ დაწესებულებას წარმოადგენს და რეგიონის მასშტაბით ერთადერთი ვართ, სადაც შესაძლებელია, ონკოლოგიურ პაციენტს ჩაუტარდეს ყველა სადიაგნოსტიკო მანიპულაცია – დაწყებული ონკოგენეტიკური ტესტებით და დამთავრებული პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიით თუ სხვა საჭირო ნებისმიერი ტიპის და სირთულის კვლევით.  ჩვენთან ტარდება ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო ყველა  სამკურნალო მანიპულაცია: სხივური თერაპია – რადიოქირურგითა და ბრაქითერაპიით, ქიმიო და იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია თუ სხვა. პაციენტს ერთი დაწესებულების ფარგლებში შეუძლია მიიღოს ყველა სახის მომსახურება ყველაზე მაღალი სტანდარტებით.
– თქვენ წარმატებით დაასრულეთ ბატონი ფრიდონის სიცოცხლეში დაწყებული დიდი პროექტები.
– ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო პოზიტრონემისიულმა ტომოგრაფიამ. ეს ბაბუას ინიციატივით დაწყებული ბოლო მასშტაბური პროექტია, რომლის დასრულებაც, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. ჩვენ წარმატებით შევძელით მისი სისრულეში მოყვანა და პაციენტებს უკვე ნახევარი წელია, ვიღებთ. განყოფილებას კოორდინირებას უწევს ავსტრიის ბირთვული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი სირუზ მირზაი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს მუშაობის პროცესს. გვაქვს სიახლეები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებაში, სადაც მეექვსე აპარატი დაგვემატა. კომპიუტერულ ტომოგრაფიაში გვაქვს ახალი, ფირმა SIEMENS-ის 2018 წლის მოდელი.  აღსანიშნავია ჩვენი ენდოსკოპიური მოწყობილობა, რომელიც პირველია აზიის, ხოლო მესამე – ევროპის მასშტაბით. ეს არის ფირმა „ოლიმპუსის“ ენდოციტოსკოპი, რაც გულისხმობს უშუალოდ ენდოსკოპიური მანიპულაციის დროს მორფოლოგიურ ვერიფიკაციას. ენდოსკოპის აპარატის თავში ჩამონტაჟებული სპეციალური მიკროსკოპები საშუალებას იძლევა, გამოკვლევის პირველ ეტაპზე მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია ამა თუ იმ საეჭვო უბანზე. ეს, ცხადია, ზრდის შემდგომში მორფოლოგიური კვლევისთვის მასალის აღებისა და  დიაგნოზის დასმის სიზუსტეს. გვაქვს მრავალი ახალი განყოფილება. აღსანიშნავია ინტერვენციული რადიოლოგია, რაც გულისხმობს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას მინიინვაზიური მეთოდით. იქნება ეს ემბოლიზაციები, ქემოემბოლიზაცია, რადიოსიხშირული თუ მიკროტალღური აბლაციები, რაც  ახალი სიტყვაა მედიცინაში,  ძალიან აქტუალურია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მომავალში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ დონესა და სტანდარტზე ავიყვანოთ.
– როგორ გაქვთ პრიორიტეტები განსაზღვრული?
– ჩვენი მთავარი საზრუნავი პაციენტია, აქედან გამომდინარე, აქ პაციენტზე ორიენტირებული მიდგომაა და ყველა  გადაწყვეტილება, რასაც ადმინისტრაცია იღებს დაწესებულების კოლექტივთან ერთად, პაციენტზეა მორგებული. ცხადია, მთავარია მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხარისხი, მაგრამ სანამ ადამიანი ექიმთან მივა, მან უნდა შესძლოს სერვისის მომსახურების მაღალ დონეზე მიღება, რაც ასევე, ძალიან  დიდ მნიშვნელობას იძენს. აქტიურად ვმუშაობთ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც  საშუალებას მოგვცემს, პაციენტებს მინიმალური დროის დანახარჯით მივცეთ მაქსიმალური შედეგი, შევქმნათ პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ელექტრონული ბაზა, რომელიც კლინიკაში ყველა ექიმს საშუალებას მისცემს, გაითვალისწინოს კონკრეტული პაციენტის მონაცემები დინამიკაში. ვმუშაობთ ინტეგრირებულ პროექტზე და ჩვენთვის იქმნება სპეციალური პლატფორმა, რომელიც გაცილებით გააუმჯობესებს და ბევრად მაღალ დონეზე აიყვანს სამედიცინო მომსახურების სერვისს, რომ ჩვენმა პაციენტმა კომფორტულად იგრძნოს თავი.    
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩვენი სამომავლო გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ონკოლოგიური მიმართულების მოდერნიზებასთან და მიმართულია მკურნალობისა თუ დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების შემოტანაზე. აუცილებლად გვექნება განახლებული ლაბორატორიული ცენტრი, რომელზეც ახლა ვიწყებთ მუშაობას. ეს იქნება ყველაზე მაღალი დონის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ავტომატიზირებული ანალიზატორების უახლესი სერიებით გამოკვლევის პროცესი სრულიად ავტომატიზირებული იქნება.  იქიდან გამომდინარე, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის ქირურგიული მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ვაპირებთ ქირურგიული მიმართულების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. სიახლე გვაქვს ადამიანური რესურსის კუთხითაც, სულ ახლახან ჩვენს გუნდს შემოუერთდა რამდენიმე ონკოქირურგი, მათ შორის  ბატონი ლაშა თურქიაშვილი და ქალბატონი ნინო ჩოგოვაძე. ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის სხეულის სრული გამოკვლევის პროგრამის დანერგვა, ეგრეთ წოდებული, CheekUP. ვიყავით ევროპის რამდენიმე წამყვან კლინიკაში, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად  შევიმუშავეთ სპეციალური CheekUP პროგრამა – ეს არის სკრინინგული გამოკვლევების ერთობლიობა, რაც სუბიექტურად ჯანმრთელ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მოახდინოს ყველაზე ხშირი დაავადებების პროფილაქტიკა და ლატენტურად მიმდინარე დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. ცნობილია, რომ ეს პრაქტიკა ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის დონის ამაღლებასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ზოგავს მკურნალობისა და ჯანდაცვის განხორციელებაზე გაწეულ ხარჯებს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, როგორც წესი, წარმატებული მკურნალობის გარანტიაა. ამ პაციენტებისთვის შეიქმნება თანამედროვე, სრული სკრინინგული გამოკვლევებისთვის საჭირო  სპეციალური სივრცე,  ვინაიდან CheekUP საკმაოდ ბევრ ანალიზს და  სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას მოიცავს. სურვილის შემთხვევაში, პაციენტებს საშუალება ექნებათ, ჩაიტარონ სრული პროფილაქტიკური გამოკვლევა.
მე ბავშვობიდან ვიყავი მოწმე იმისა, როგორ შრომობდა და იღვწოდა ფრიდონ თოდუა, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა და ფართოვდებოდა ჩვენი ინსტიტუტი, ვხედავდი, როგორ ხდებოდა ყოველი ახალი თანამშრომელი, ამავდროულად, თანამებრძოლი. ჰქონდა ბაბუას რაღაც მომნუსხველი, ისე ჩაგაბამდა საქმეში, რომ ვეღარც კი წარმოიდგენდი, მასთან ურთიერთობამდე როგორ ცხოვრობდი. მე მიხარია, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ურთიერთობები, ვაგრძელებთ წინსვლას და  ღია ვართ ყოველგვარი სიახლისთვის, რომელსაც წარმატებისკენ მივყავართ.
скачать dle 11.3