№4 გზა უფლისაკენ
ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც კეთილი დასაწყისი კეთილად დაასრულა, გადალახა ყველა წინააღმდეგობა და მივიდა მიზნამდე, აქვს ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი ღვთისა და ყოველივე ამსოფლიური მოიძულა. ბევრი გულლმობიერებაში მოდის, ბევრი თანაზიარი ხდება ზეციური მადლისა, იწყევლებიან ზეციური სიყვარულით, მაგრამ ვერ უძლებენ სულიერი ცხოვრების გზაზე შემხვედრ სხვადასხვა ბრძოლას. ღვაწლს, შრომასა და განსაცდელს მზაკვრისაგან, რადგან უყვარს რაღაც ამ სოფელში და სრულიად ვერ განეშორება თავისი სიყვარულის საგანს, კვლავ და კვლავ უბრუნდება ამქვეყნიურ სიამეებს თავისი სისუსტით ან დაუდევრობით, ან უნებისყოფობით და იძირება ამა სოფლის ბოროტებაში.
***
ადამიანი თავისი ნებით იბოჭება მიწიერი და ხორციელი სიყვარულით, ხოლო მერე, ამ სიყვარულის მეშვეობით, მას უკვე ცოდვა ინადირებს და ხდება მისთვის ბორკილები და მძიმე ტვირთი, და ძირავს და თრგუნავს მას მზაკვარ სოფელში, არ აძლევს ძალების მოკრებისა და ღმერთთან დაბრუნების საშუალებას.
***
ზოგმა შეიყვარა ადგილ-მამული, ზოგმა – ოქრო-ვერცხლი, ზოგმა – მრავალმეცნიერებითი საერო სიბრძნე ადამიანური დიდებისთვის; ზოგმა სხვებზე უფროსობა შეიყვარა; სხვამ კიდევ – პატივი; ზოგს უყვარს უდროო შეკრებები; ზოგი მთელ დღეებს ატარებს გართობა-სიამოვნებაში; ზოგი უქმი აზრებით არის ცდუნებული; ზოგს სახელის მოსახვეჭად უყვარს რჯულისმოძღვრობა; ზოგი ტკბება უსაქმურობითა და დაუდევრობით; სხვები ტანსაცმლის ნაირფეროვნებით არიან გატაცებულნი; ზოგი მიწიერი საზრუნავებითაა მთლიანად დაკავებული; სხვას ძილი უყვარს, ან ოხუნჯობა, ან ბილწსიტყვაობა. ვინც რითია ამ სოფელზე მიჯაჭვული, წვრილმანი იქნება ის თუ მნიშვნელოვანი, სწორედ ის აკავებს მას და არ აძლევს ძალების მოკრების საშუალებას.
***
რომელ ვნებასაც ადამიანი მთელი შემართებით არ ებრძვის, სწორედ ის ვნება უვარდება მას, და ის ვნება ფლობს მას, ამძიმებს და იქცევა ბორკილებად და წინაღობად მისი გონებისთვის, და ხელს უშლის, რომ ის ღმერთისკენ მიექცეს. სათნო ეყოს მას და ემსახუროს მას ერთადერთს, გახდეს კეთილგამოსაყენებელი სასუფევლისთვის და მიიღოს მარადიული ცხოვრება.
***
მადლი და ჯილდოები ძალიან გვინდა, მაგრამ იმ შრომასა და ღვაწლს, რაც ყოველივე ამას წინ უძღვის, გავურბივართ. მაგრამ გეტყვი, რომ ამის სურვილი ყველა ადამიანს აქვს – იქნება ის მეძავი, მეზვერე თუ უსამართლო ადამიანი. ყველას სურს სისუფთავის მიღება ადვილად, შრომისა და ღვაწლის გარეშე.
***
განსაცდელი, მრავალი გამოცდა, მწუხარება, ბრძოლა და ოფლისღვრა იმიტომ გვეგზავნება, რომ გამოაშკარავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტად უყვართ ღმერთი მთელი ნებითა და ძალით, თვით სიკვდილის დათმობამდეც კი და ასეთი სიყვარულის პირობებში სხვა არაფერი აქვთ თავისთვის სანატრელი. ამიტომ უარყოფენ რა თავის თავს, უფლის სიტყვისამებრ, და სუნთქვაზე მეტად იყვარებენ ჭეშმარიტ ღმერთს, სამართლიანად შედიან ცათა სასუფეველში და სიყვარულისათვის მაღალი ზეციური საბოძვრებით ჯილდოვდებიან.