კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რატომ ტიროდა თამარ მეფის ლომი და როგორ დამთავრდა ქართველებისა და მაჰმადიანების შეჯიბრება

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

თამარ მეფის პირველი ქმრის გაძევებიდან რამდენიმე წელიწადში შეთქმულება შედგა. არზრუმში გიორგი რუსი იყო ჩამოსული, მას შეხვდნენ შეთქმულები, შემოიყვანეს საქართველოში და აჯანყება დაიწყეს. აჯანყებამ შეარყია მთელი საქართველო. მაგრამ თამარის სვემ სძლია და გიორგი რუსი და მოღალატეები დამარცხდნენ. თამარ მეფემ არავინ დასაჯა. მხოლოდ ერთ ადამიანს, გუზან ტაოელს, დასთხარა თვალები დავით სოსლანმა, ისიც მანამ, სანამ თამარი შეიწყალებდა.
გიორგი რუსი ისევ კონსტანტინოპოლში გაამგზავრეს. გავიდა ხანი, მაგრამ, არ მოისვენა რიურიკევიჩმა და ისევ სცადა საქართველოს ტახტის ხელში ჩაგდება. შეიძლება, ძალიან ენატრებოდა თავისი ყოფილი მეუღლე, მშვენიერი თამარი, რომელიც, ალბათ, ძალიან უყვარდა, მისი სილამაზისა და კეთილშობილების გამო და რომლის დაბრუნებაზეც, იქნებ, ოცნებობდა.
„უბედურმა რუსმა“, როგორც მას საქართველოში უწოდეს, კვლავ ვერ გაძლო ბიზანტიის დედაქალაქში, ალბათ, იქაც ავანტიურისტობდა. წამოვიდა კონსტანტინოპოლიდან და არანის ათაბაგს ეახლა, საქართველოს საწინააღმდეგოდ მაჰმადიანი ათაბაგისგან მიიღო არანისა და განძის ლაშქარი და საქართველოსკენ გამოემართა. შემოვიდა კამბეჩოვანში, მოარბია და გაძარცვა. უამრავი ადამიანი ტყვედ აიყვანეს.
როგორც კი ეს ხორნაბუჯის პატრონმა, საღირ მახატლის ძემ შეიტყო, მცირერიცხოვანი ლაშქარი შეკრიბა და თავის სამ შვილთან ერთად გამოენთო მტერს. თავგანწირულად შეებრძოლნენ ქართველები გადამთიელებს. ერთი ორს კი არ ებრძოდა, არამედ ერთი – ათს და ორი – ოცს. სძლია თამარის იღბალმა და ღმერთმა გამარჯვება სამართლიანად მისცა ქართველებს. ჩვენმა წინაპრებმა მტერი ცხენებიდან ჩამოყარეს და დახოცეს, ნაწილი გაიქცა. ძლივს გაასწრო გიორგი რუსმაც.
ღმერთი ყველაფერში უმართლებდა მორწმუნე და სათნო თამარს, რადგან, წმიდა გულის იყო ჩვენი ხელმწიფე, არც ლოცვას აკლებდა და არც ღატაკების დახმარება ეზარებოდა. მისი სიწმიდისა და კეთილშობილების ამბავი მთელ იმდროინდელ სამყაროში იყო ცნობილი.
ამბობენ, წმიდანებს დიდი მადლი აქვთ და ამას გარეული ცხოველებიც გრძნობენო. წმიდა ადამიანების გვერდით თვით ლომები და ვეფხვებიც უჩვეულოდ იქცეოდნენ თურმე და ეფერებოდნენ წმიდანებს, მათი ალერსის მიღებას ლამობდნენ.
 „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი მოგვითხრობს, რომ თამარ მეფეს შირვანშაჰმა გამოუგზავნა ლომის ბოკვერი, რომელიც გაზრდილა ძალიან დიდი და საშინელი გამხდარა, ისეთი, რომ ქართველთაგან არავის ეხილა ასეთი საზარელი და საშიში არც გარეული და არც შინაური ცხოველი.
ხანდახან ლომი შეჰყავდათ ხოლმე სასახლის დარბაზში. ლომს ენატრებოდა პატრონი და თამარსაც ჰყვარებია ცხოველები. როცა დარბაზში შეჰყავდათ, ორი-ორი რკინის ჯაჭვი ჰქონდა შებმული და მსახურებს ეკავათ. რომ დაინახავდა თურმე დედოფალთა-დედოფალს და მეფეთა-მეფე თამარს, ლაქუცით, აღტაცებით იწევდა მისკენ, ისე, რომ ვეღარ იკავებდნენ მსახურები. არ წყნარდებოდა ლომი, სანამ თავს კალთაში არ ჩაუდებდა მეფეს და მისგან ალერსიან მოფერებას არ მიიღებდა თავზე. თვითონ კი სიხარულით ულოკავდა ხელებს მეფეს. ასეთი რამ ხდებოდა მოწამეთა ცხოვრებაში, როგორც ძველი თხზულებები მოგვითხრობენო, – წერს მემატიანე. ხოლო თუ არ მიუშვებდნენ ლომს თამარის სანახავად და დააბამდნენ ან რომ მოაცილებდნენ ხოლმე მეფეს, თვალთაგან წყაროსავით ცრემლები მოსდიოდა თურმე, ისე ტიროდა.
გიორგი რუსის მეორედ შემოსევის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. ადარბადაგანის გასულთნებული ათაბაგი ყიზილ-არსლანი უძეოდ გარდაიცვალა. მემკვიდრეობით მისი სამფლობელო ერგოთ მისი ძმის, ფეჰლევანდის (ფალავანდის) შვილებს. უფროსმა, ხუტლუინანჩიმ, საკუთრებად მიიღო ტერიტორია ერაყიდან ხორასნამდე. აბუბექრმა (ამირ-ბუბაქარმა) – ადარბადაგანი სომხეთამდე. ამირ-მირმანმა კი – ერანი კასპიის ზღვიდან გელაქუნის (სევანის) ზღვამდე, მაგრამ, ძმებს შორის ომი გაჩაღდა პირველობისთვის. აბუბექრმა დაამარცხა უფროსი ძმა – ხუტლუინანჩი, გააქცია და თვითონ დაჯდა ათაბაგად. ამირ-მირმანი შარვან-შაჰის სიძე გახდა. აბუბექრი სიძე-სიმამარს თავს დაესხა  და გააქცია. შირვან-შაჰ აღსართანს (ახსითან პირველი), სტიქიური უბედურებაც დაატყდა თავს. მიწისძვრამ დაანგრია შირვანის დედაქალაქი, შამახია, რის შედეგადაც შირვანშას ცოლი და შვილები დაიღუპნენ.
გაუბედურებულმა შირვანშამ თამარ მეფეს სთხოვა შველა. საქართველო ვალდებული იყო დახმარებოდა ყმადნაფიცს. ჩვენმა ხელმწიფემ ლაშქრის შეკრების ბრძანება გასცა. ოქროჭედილ ტახტზე დასხდნენ თამარი, დავითი და მათი ძე, სამიოდე წლის გიორგი-ლაშა. დიდი პატივით მიიღეს აღსართანი, ამირ-მირმანი და მათი თანმხლებნი. მერე გამოვიდნენ ქალაქგარეთ აღლუმზე. მეფეს, დიდებულებსა და სტუმრებს მიეგებნენ საქართველოს სამსახურში მყოფი ოსები და ყივჩაღები. მაშინ ყივჩაღთა მეფის, სევინჯის ძმა, სავალათი საქართველოს სამხედრო სამსახურში იდგა.
 სტუმრებს მიეგება ქართული არმიაც, მესხები და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, აფხაზები, სვანები, მეგრელები, გურულები, რაჭველები, თაკვერელნი და მარგველნი, იქვე იყო სომხური რაზმებიც – მაშინ სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს ეკუთვნოდა.
სტუმრებისთვის პურობა გაიმართა, შემდეგ – ნადიმი. თამარ მეფის ნატიფმა, დახვეწილმა ქცევამ, სილამაზემ და ქართული სამხედრო ძალის დემონსტრირებამ, აღაფრთოვანა დახმარების სათხოვნელად მოსულნი და გამარჯვების იმედი მისცა.
სტუმრების პატივსაცემად მთელი კვირის განმავლობაში ნადირობდნენ, პოეტები გამოთქვამდნენ ლექსებს, მუშაითები აწყობდნენ სანახაობებს, იმართებოდა ბურთაობა.  
 ამირ-მირმანი და მისი ამალა ერაყში, ერანსა და ადარბადაaგანში საუკეთესო მობურთალებად ითვლებოდნენ. დავით სოსლანი თავისი მოყმეებით გაეჯიბრა მათ. თამარ მეფეც დაესწრო თამაშს. ქართველებმა სძლიეს ბურთაობაში სტუმრებს.
 ამასობაში საქართველოს სამეფო კარი საომრად ემზადებოდა. ათ დღეში შეიკრიბა ქართული არმია. თამარ მეფემ საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა, დღედაღამ შეუწყვეტლად ელოცათ. გასცა უამრავი მოწყალება გლახაკთათვის.
 ლაშქარს მიმართა თამარმა: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენ თანა არს...“
 წმიდა თამარმა დალოცა ჯარი, შეავედრა ღმერთს და წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა, თვითონ კი ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაუცხრომლად ლოცულობდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს ქრისტიანთა გამარჯვებას.
 დავით სოსლანმა წაიმძღვარა ძელი ცხოვრებისა და სვიანი დროშა „გორგასლიან-ბაგრატოანური“. წინ შამქორის ბრძოლა ელოდა ჩვენს წინაპრებს.
скачать dle 11.3