№4 ექიმის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა გამოვუსუფთაოთ 3 წლის ბავშვს ცხვირის ღრუ?
პასუხი: ცხვირის ლორწოვანი გარსის გაწმენდა შესაძლებელია ცხვირის სანაციით, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი ან შეასხუროთ აქვამარისი ან მარიმერი.
კითხვა: შესაძლებელია, რომ ფეხმძიმედ დავრჩე თუ მარცხენა მილი მაქვს გადიდებული, მარჯვენა კი კარგ მდგომარეობაშია? და თუ კი, მეორე გადიდებული მილი ხომ არ შექმნის პრობლემას?
პასუხი: თუ ორსულობა დადგა მარცხენა საკვერცხეში გამსკდარი ფოლიკულიდან გამოსული კვერცხუჯრედიდან შესაძლოა, საშვილოსნოს გარე ორსულობა განვითარდეს და კვერცხუჯრედი ანთებით მილში გაიჭედის. სჯობს ჯერ იმკურნალოთ და ორსულობა შემდეგ დაგეგმოთ.
კითხვა: ზოგადად იშვიათად მივირთმევ ტკბილს. 1-2 ნაჭერ ნამცხვარზე თითქოს ვითენთები. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: გაიკონტროლეთ სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონე.
კითხვა: მაქვს ფსორიაზი და ჩემმა დერმატოლოგმა მითხრა, რომ ციტრუსი საერთოდ არ უნდა ვჭამო, ხოლო დერმატო-დიეტოლოგს ასე მკაცრად არ აუკრძალავს. თქვენი აზრი მაინტერესებს, შემიძლია თუ არა, მივირთვა მანდარინი, ძალიან მიყვარს და მიჭირს, შეველიო. ზოგადად, ალერგიული არ ვარ.
პასუხი: ფსორიაზის დროს ციტრუსი არ არის რეკომენდებული, გამწვავების პროვოცირება შეუძლია.
კითხვა: ყელში ანთებითი პროცესის გამო მაქვს სიცხეები. პატარა სამი თვის არის და მხოლოდ ძუძუზე მყავს. ვნერვიულობ, ჩემი რძე პატარას ხომ არ ავნებს?
პასუხი: თუ შესაძლებელია, ბავშვთან მხოლოდ ძუძუთი კვების დროს იკონტაქტეთ და ისიც დამცავი ნიღბით. ჭამამდე და ჭამის შემდეგ ბავშვს ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით გამოურეცხეთ. 38,5 ტემპერატურის დროს ბავშვის კვება დასაშვებია. თუ ტემპერატურა უფრო მეტია, მაშინ ჯობს, დროებით შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება. რძე გამოიწველეთ, გადაასხით და მხოლოდ სიცხის დაწევის შემდეგ აჭამეთ. ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები, გამოცვალოთ პირბადე. და რაც მთავარია, აუცილებლად იმკურნალეთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე