№4 რინიტის სახეები და მკურნალობის გზები
ქრონიკული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებაა. მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები სხვადასხვა კომბინაციით:
* ცხვირით სუნთქვის გაძნელება (პერიოდული ან მუდმივი);
* ლორწოვანი ან წებოვანი გამონადენი ცხვირიდან;
* ხახის უკანა კედელზე ლორწოს ჩადენა;
* ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე;
* ქერქების წარმოქმნა ცხვირის ლორწოვანზე;
* ცხვირცემინება;
* ყნოსვის დაქვეითება;
* დუდღუნი (ცხვირში ლაპარაკი);
* ხვრინვა;
* ხველის შეტევა (ცხვირ-ხახიდან ლორწოს ჩადენის გამო);
* სიმშრალე და წვის შეგრძნება ყელში (პირით სუნთქვისა და ლორწოს მიერ ხახის უკანა კედლის გაღიზიანების გამო).
არსებობს ქრონიკული რინიტის რამდენიმე ფორმა:
* ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტი – ცხვირის ნიჟარები გადიდებულია, პრაქტიკულად არ რეაგირებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებზე, ცხვირის სავალები შევიწროებულია. ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია ანუ გადიდება შეიძლება იყოს ლოკალურიც (გადიდებულია მხოლოდ წინა ან მხოლოდ უკანა ბოლო) და დიფუზურიც (გადიდებულია მთელი ნიჟარა);
* ქრონიკული ატროფიული რინიტი – ლორწოვანი გარსი გამომშრალია, განლეული, ცხვირის სავალები – გაფართოებული, ქერქით დაფარული. არსებობს ქრონიკული ატროფიული რინიტის განსაკუთრებული ფორმა – ცარიელი ცხვირის სინდრომი, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსი განლეულია (ატროფირებულია) ქსოვილთა კვების (ტროფიკის) მოშლის გამო. ის ხშირად ცხვირის ღრუზე ჩატარებული რადიკალური ოპერაციების შედეგად ვითარდება;
* ალერგიული რინიტი (როგორც სეზონური, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეაქციაა სპეციფიკურ ალერგენებზე (სახლისა და მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვი და ასე შემდეგ);
* პროფესიული რინიტი – მავნე ნივთიერებათა შესუნთქვაზე განვითარებული რეაქციაა (ალერგია და გაღიზიანება). მავნე ნივთიერებათა ნუსხა ძალიან დიდია: საწარმოო მტვერი, ბიოორგანული ორთქლი, სხვადასხვა აირი, ქიმიური წარმოების პროდუქტები, კოსმეტიკური საშუალებები, ხის მტვერი, ლაბორატორიული ცხოველების ქერტლი და სხვა. აღნიშნულ ნივთიერებათა ხანგრძლივი ზემოქმედება თანდათანობით იწვევს ქრონიკული რინიტის განვითარებას;
* არაალერგიული რინიტი ეოზინოფილური სინდრომით ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, ალერგიული რინიტის მსგავსი, თუმცა ამ დროს ალერგია არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, ცხვირის ღრუდან მიღებული გამონადენის მიკროსკოპიული ანალიზით განისაზღვრება ეოზინოფილები – ალერგიული რეაქციისთვის დამახასიათებელი უჯრედები.
* ვაზომოტორული რინიტი – დაავადებაა, რომელიც უკავშირდება ცხვირის სტრუქტურების სისხლძარღვოვანი ტონუსის რეგულაციის დარღვევას და ლორწოვანი გარსის პერიოდულ შესივებას.
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ქრონიკული რინიტის ფორმაზე, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიაგნოზის სწორად დასმას. ქრონიკული რინიტის მკურნალობა გულისხმობს: ალერგიული ფორმის შემთხვევაში – ალერგენებთან კონტაქტის შეწყვეტას (შეძლებისდაგვარად), ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანტიალერგიული პრეპარატების, ჰორმონშემცველი ნაზალური (ცხვირის) სპრეების გამოყენებას, სპეციფიკურ იმუნოთერაპიას – ორგანიზმის ადაპტაციას ალერგენების თანდათანობით მზარდ კონცენტრაციებთან; ცხვირის ძგიდის გამრუდების შემთხვევაში – მის ქირურგიულ გასწორებას (სეპტოპლასტიკას); ატროფიული რინიტის დროს ინიშნება ცხვირის დამატენიანებელი სპრეები, მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის ტროფიკას (კვებას), დამარბილებელი ზეთოვანი წვეთები, ასევე, A, D და B ჯგუფის ვიტამინები, რკინის პრეპარატები; ვაზომოტორული რინიტის დროს რეკომენდებულია მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან თავდაცვა, რეგულარული და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, კონტრასტული შხაპი, სამკურნალო სპრეების ცხვირში შესხურება.