კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ განსაზღვრავს ფარისებრი ჯირკვალი გუნება-განწყობილებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ქალებში განწყობის არასტაბილურობა და, საზოგადოდ, ემოციური სფეროს ცვლილებები მჭიდრო კავშირშია ჰორმონულ ფონთან. ნებისმიერი ძვრა ჰორმონულ სფეროში პირდაპირ აისახება ქალის გუნება-განწყობაზე. სიახლე არ არის, რომ ჰიპერთირეოზის, კლიმაქსთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრების გამო ქალები ადვილად ღიზიანდებიან, წვრილმანიც კი სწყინთ, ხშირად ტირიან, შფოთავენ. არცთუ იშვიათად შიში და განგაში იპყრობთ. კუშინგის სინდრომისა და ჰიპერგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის მატების) დროს ხშირად აღენიშნებათ დეპრესიის შეტევები. უარყოფითი ემოციები ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსზეც. ზოგადი სისუსტის გამო ქალებს ხშირად უქვეითდებათ შრომისუნარიანობა და ვერაფერს აკეთებენ. თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმემ შემოგიტიათ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ცუდი შეგრძნებები და უხასიათობა მხოლოდ დაღლილობით როდია გამოწვეული. განწყობის ხშირი ცვლილება ჰორმონული ძვრების შედეგია და შესაძლოა, ამა თუ იმ სერიოზული დაავადების ნიშანიც იყოს.
როდესაც ადამიანი ხშირად ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, მიზეზი ჰორმონებია. ამიტომ ამ იდუმალი ნივთიერებების შესახებ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ. ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების მთავარი რეგულატორი ცენტრალური ნერვული სისტემაა, სადაც თავის ტვინის ქერქი ბატონობს. მეორე მნიშვნელოვანი რეგულატორია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც ბიოლოგიურად მეტად აქტიურ ნივთიერებებს – ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ჰორმონები მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, აწესრიგებენ მას, ამ ჯირკვლების მოქმედება კი, თავის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემით რეგულირდება.
ადამიანის ქცევასა და გუნება-განწყობილებაზე გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც ადამიანის ყელზე, ხორხის ორივე მხარეს მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს – თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებენ.
ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. მის წარმოშობას თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა. ზოგჯერ ჯირკვალი ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას იწყებს, ზოგჯერ კი, პირიქით – ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონს და ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის. შედეგად, თავს იჩენს ავადმყოფური მოვლენები. როცა გაძლიერებულია ჰორმონების გამომუშავება, თირეოტოქსიკოზთან გვაქვს საქმე, რაც ორგანიზმის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჭარბ მომარაგებას ნიშნავს. როცა ორგანიზმს ჰორმონები აკლია, საუბარია ჰიპოთირეოზზე. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა ძლიერ აზიანებს ნერვულ სისტემას. ზიანდება ფსიქიკა, იცვლება ადამიანის ქცევა, რაც არა მარტო ავადმყოფისთვის, ირგვლივ მყოფთათვისაც საკმაოდ უსიამოვნოა. თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა მოზრდილ ადამიანს დაემართა, იგი ეშვება, აპათიური ხდება, ეუფლება დეპრესია, აქვს უხალისობის მუდმივი შეგრძნება, უიმედობა, ადვილად ღიზიანდება, ერღვევა ძილი. ადამიანი იცვლება, მისი გაღიზიანება და უხალისობა გარშემო მყოფებზეც აისახება. ეუფლება ამაოების განცდა, ზოგჯერ – დანაშაულისაც, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, აზროვნება შეფერხებულია, ხშირად გაუბედავად იქცევა ან პირიქით, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს. არის შემთხვევები, როცა სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრობს. ტოქსიკური ჩიყვის დროს, როცა ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს ჭარბად გამოიმუშავებს, ავადმყოფი აღგზნებულია, მოუსვენარი, უმიზეზოდ შფოთავს და ნერვიულობს, ბევრს მოძრაობს, აქვს აშკარად გამოხატული ნევროზული მდგომარეობა, ხდება უხეში, ტლანქი. ზოგჯერ აკვიატებული ქცევები უყალიბდება. ხშირად გაბოროტებულია, სათქმელს ხმამაღლა და ყვირილით გამოხატავს, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას. ასეთი ადამიანები უარს აცხადებენ მკურნალობაზე, ამით გარდა თავიანთი ფსიქიკისა, ახლობლებსაც არანაკლებ (ზოგჯერ უფრო მეტადაც) აზიანებენ.
скачать dle 11.3