კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ჟანრი ლოლაშვილი: საოცრება და საცოდაობაა ადამიანი, ყოველგვარი შეცდომა ღვთაებრივი კატეგორიაა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ჟანრი.
გვარი: ლოლაშვილი.
პროფესია: მსახიობი, მხატვარი.
– ბავშვობის მოგონება.
– ბავშვობაში მამაჩემმა საოცარი ინდაური დამიხატა. ის ნახატი ახლაც მაქვს სადღაც შენახული, მაგრამ არ ვეძებ, იმიტომ რომ მეშინია, რომ ვერ ვიპოვო, მერე გული დამწყდება. ვიცი, რომ სადღაც არის. ინდაურების მიმართ საოცარი დამოკიდებულება მქონდა და იმის შემდეგ ბევრი დავხატე. მერე მოსკოვში ვსწავლობდი ხატვას. ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო მხატვრობასთან დაკავშირებული, მაგრამ ახლა მთლიანად გადაეწყო. ხანშიშესული კაცი ვარ, ამაოების მოძალებული გრძნობა მაქვს, ამიტომ ასე ჯდომასა და ფილოსფიურ აზრებთან ყოფნას, მირჩევნია, სახელოსნოში ჩავიდე და რაღაც დავხატო, იქ გავიწყდება სახელი, გვარი, ხდები სუბსტანციური, საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, არ გყავს რეჟისორი. როგორც გალაკტიონმა თქვა: „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“, ასე, მეც ჩემთვის ვარ წყნარად, მშვიდად.
– პროფესიული ჩვევა რა გაქვთ?
– ჩვევებისგან შედგება ადამიანი, ეს ხელწერაა. ჩემს სახელოსნოში ყოფნა არის საგიჟეთი, იქ ყველაფერი დაწყობილი და დალაგებული არ არის, იქ ყველაფერი ყრია – რაც დამჭირდება, უცებ ხელშესახები რომ გახდეს. მე სწრაფად ვხატავ ყველაფერს და მიმაჩნია, რომ ორი-სამი დღე საკმარისია, მინდა, რომ ნახატი ერთი განწყობის ქვეშ მოხვდეს. ჩვევები საინტერესო რამ არის. ვფიქრობ, მაქვს ჩემი ტექნოლოგიური პროცესები ხატვაში, ბევრი ამოცანა. ამით შეიძლება ამაოების გრძნობებს გასცდე და ამაზე ფიქრი შეანელო, იმიტომ რომ ეს საქმეა, ეს არის წრიალი. ეს ნიშნავს სიცოცხლეს, მექანიკას და ყოველ დღეს, რითაც ადამიანი დაკავებულია. როცა ვხატავ, არავინ ხელს არ მიშლის – მარტო ყოფნის გენიალურობაც ეს არის. აკი ვამბობ, როგორც მინდა... მაგრამ აქ ცენზურა დაცულია. სახელმწიფო ცენზურა სხვა რამეა, შენი ცენზურა სხვაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის ცენზურა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ეს აყალიბებს ჩვევებს.
– საუკეთესო რა გაქვთ?
– ყველაფერი საუკეთესოა, გააჩნია, რა თვალით შეხედავ. ჩვეულებრივი კენჭი, რომელიც ბუნებაში გდია, შეგიძლია აიღო, ისეთი შემოგარენი მოუძებნო, კომპოზიციაში ჩასვა, რომ ხელოვნების ნიმუში გახადო. უბრალოში უნდა დაინახო კარგი და საუკეთესო, მაშინ ის ამუშავდება და აჟღერდება.
– რთულია თქვენთან ურთიერთობა?
– საერთოდ, ადამიანს რთული ხასიათი აქვს, ერთი სხვა არის, მეორე – სხვა. მე ფანჯარას დავკეტავ, ვიღაც გააღებს. აქ წინააღმდეგობებია, ამიტომ შეგუების უნარი უნდა გქონდეს, ადაპტირებული იყო სხვებთან და რაღაც მძაფრი არ გამოხატო. ჯობია დათმობითი პოლიტიკა, ვიდრე ვიღაცას ებრძოლო.
– რა გაღიზიანებთ?
– მაღიზიანებს პოლიტიკური ცხოვრების ავადმყოფური მოვლენები. ჩემს ქვეყანაში არსებული ჯახები. ქართველების თავშეუკავებლობა. „პოლიტიკა არის სახელმწიფო მართვის ხელოვნებაო“. ეს სიტყვა მოსწონთ – „ხელოვნება“. აიყვანონ მაშინ ხელოვნების დონეზე და იქნება. ვერ აჰყავთ, პირიქით. ანგრევენ ქვეყანას, თავიანთი ზრახვები აქვთ. ხალხია ქვეყანა. მე თბილისელი კაცი ვარ და მახსოვს ის პერიოდი, როდესაც წყლიან ქილაში კარაქს ვინახავდით, რადგან მაცივარიც არ გვქონდა, მაგრამ ხალხი ერთმანეთს უსმენდა და ჰქონდათ ერთად ყოფნის სურვილი. ახლა ადამიანს თუ არ უნდა სხვასთან ჰქონდეს კომუნიკაცია, იმ წუთში აიღებს ტელეფონს და ვითომ იქ რაღაცას ეძებს, გენიალური ის არის, რომ მეორე მხარესაც კარგად ესმის, რომ ვითომ ტელეფონში საქმე აქვს, დაკავებულია. ჩემთვის ეს სასაცილო მოვლენაა და ტელეფონს ამ მიზნით არ ვიყენებ.
– რა არის სიზმარი თქვენთვის?
– ყველაფერ უბედურებასთან ერთად ღმერთმა ადამიანს ჩაუდო სიზმარი, ამით დაიმორჩილა. სიზმარი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მოვლენაა. დამორჩილებულია ადამიანი სიზმრით. გარდა ამისა პოლიტიკა, იურისპრუდენციული ნორმები იქითკენ არის მიმართული, რომ ადამიანი დაიმორჩილონ და ინდივიდუალური არ იყოს, მისი ცხოვრება ვიღაცაზე უნდა იყოს ჩამოკიდებული. მე ერთხელ მოვკვდი – მქონდა კლინიკური სიკვდილი და უამრავი რამ ვნახე, მაგრამ ამას არ ვყვები, მატრაკვეცობად მიმაჩნია, ადამიანი თავშეკავებული უნდა იყო.
– რა არის ცოდვა თქვენთვის?
–  ყოველგვარი შეცდომა ღვთაებრივი კატეგორიაა, ზემოდან ხდება, შენ არ გეკითხება. ადამიანს რომ შეეძლოს თავის დაჭერა, მაშინ ამდენი უბედურება არ მოხდებოდა. მე შორს ვარ ასეთი რაღაცებისგან, რასაც ეკლესიური ენით სატანა და ეშმაკი ჰქვია. ადამიანი თავისი ცხოვრების შიდა განაწესით საოცრება და საცოდაობაა, ბევრი საინტერესო უბედური რამ ხდება, სიხარულის, ბედნიერების წუთები... გინდ ხმამაღალი გვარი გქონდეს და გინდ იყავი „ის“, არც კი ვიცი ვინ. სად შეუძლია ადამიანს რაღაც არ აკეთოს, ამას ჰქვია სიცოცხლე.
– რისი გწამთ?
– მწამს სიყვარულის და მწამს ღმერთის. მე უფრო შოთას ღმერთი მწამს: „რომელმან შექმნა სამყარო“, ეს სხვა რამეა ჩემთვის. იყო ინდოეთის ომები, არის მახინჯი „დარა“. ციდან ჩამოსული რაც იყო, ღმერთებს ეძახდნენ საცოდავი ადამიანები. თუმცა იყო გენიალური ჭიდილები, ისტორია ყველაზე გაუპატიურებული მეცნიერებაა, სულ ტყუილებზეა აგებული, არაფერთან კავშირში არ არის.
– ბედისწერის გჯერათ?
– შიში დევს ადამიანში, იმიტომ რომ ერთ ფეხს რომ გადადგამს, მეორეს მიაშველებს, რომ არ წაიქცეს, ეს ბუნებრივი პროცესებია, ეს თავის გადარჩენაა, ინსტინქტია. ისე ვერ გაძვრები. ფსიქიკა კიდევ უნიკალური რამ არის, ორმოცფეხას რომ ჰკითხეს, რომელი ფეხით იწყებ სიარულსო, ვეღარ გაიარა, იმიტომ რომ, ფიქრი დაიწყო. ასეთი რამ არის ადამიანის ცხოვრება.
– რისი გეშინიათ?
– პირველ რიგში საკუთარი თავის მეშინია, რომ რაღაც სისულელე არ ჩავიდინო. თავშეკავებული ვიყო, ჩემი  ზრახვები ბოლომდე არ გამოვხატო. თუმცა სიყვარული უნდა გამოხატო, მაგრამ მე ვიცი სხვადასხვა მომენტები, რომ სიყვარულსა მალვა უნდა და არა ასე ცხვირ-პირში ტაკება. მოკლედ, ძნელია ადამიანი, რთულია მისი ცხოვრება, კითხვის ნიშნები არ ყოფნის ამ ყველაფერს და არის დინება, რასაც ცხოვრება ჰქვია, ჩვენ ყველა მივედინებით.
– სიყვარულს წესები აქვს?
– წესები და მიმართულებები აქვს ყველაფერს. რაც მთავარია, აქვს განსაზღვრებები – როგორია? პირველ რიგში, სიყვარული სექსუალური მომენტის
დაკმაყოფილების საშუალებაა და მერე მიჩვევაა სხეულის, მერე სურვილია ერთად ყოფნის. სექსუალური მომენტების გარეშე ადამიანი საცოდაობაა, ეს განაპირობებს სიყვარულს.
– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
– რასაკვირველია, ვნებაა სექსუალური პროცესები. სექსი ვნებაცაა და ომიც ორ ადამიანს შორის, დაკმაყოფილების განსაკუთრებული მოვლენები და მექანიკაა.
– სექსუალური ქალი როგორია თქვენთვის?
– ყოველმხრივ განსაკუთრებულია. მაგ სიტყვას თვითონ პასუხობს – სექსუალური ქალი. აღმგზნებადია, საინტერესო ხელშესახებად, უამრავი სურვილი რომ ჩნდება. ჩემს მხატვრობაში ხედავენ ძალიან სექსუალურ წინახედებს და უკანახედებს, იმიტომ რომ მე, საერთოდ, სხეულისა და ფორმების ხატვით ვარ გართული. ერთმა მითხრა: რა ამბავია ამდენი ტრაკების ხატვაო. მე ვუთხარი: ტრაკები არ არის, არც უკანალი, ეს ფორმებია წინიდანაც და უკნიდანაც. საინტერესო სხეულია რა... მომხიბლავი ადამიანი უყურებს სხეულს, სხეულებს არჩევს ერთმანეთისგან, ამიტომ სხეულს ვაწვდი ნახატში.
– რისი გრცხვენიათ?
– ყველაფრის მრცხვენია – ღამით, როცა ვწევარ და რაღაც მოვლენები გამახსენდება, რომელიც არ მომწონს მშობლებთან, შვილებთან, ხალხთან ურთიერთობაში. კარგია, რომ განიცდი, ესე იგი, ნამუსი გქონია. კიდევ კარგი, რომ ეს განცდა არსებობს.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– რა უნდა ბოდიშის მოხდას. თქვი, რა, ბოდიში. თუნდაც სხვა იყოს მტყუანი, თქვი ბოდიში და დასრულდება იქ ყველაფერი, რატომ აგრძელებ, მაგრამ ჭკუა უნდა ამას და გონება. ბოდიში ქვეშიდან გამოსვლა არ არის, ბოდიში ვაჟკაცობაა.
– რისი შეგშურებიათ?
– შური ყველა ადამიანში არსებობს. იმას კარგი ტუფლები აქვს და მე არ მაქვსო... მე შემშურებია, ეს როგორ დახატა, რა ხერხებით დახატა. მუსიკაში ჩნდება შური, როცა უსმენ, მაგრამ შურს განაპირობებს აღტაცება, გენიალურია ის, რომ აღტაცებული ხარ. ყველაზე დიდ ნიჭიერებად სხვისით აღტაცება მიმაჩნია და არა საკუთარი თავით ტკბობა. აქედან ჩნდება შური. აღტაცება იწვევს ასეთ რამე – უხ, ნეტა მე მქონდეს ასეთი რაღაცო. ადამიანური პროცესებია, ეგოისტური. ეგო მუშაობს, არ სჭირდება მაგას არც ფროიდიზმი, არც იუნგიზმი. ამ მოვლენებს არც ღმერთები არ სჭირდება. აკი ვამბობ, თუ ეს შურია და უკადრისი საქციელი, ღვთიურია ყველაფერი, ღვთაებრივი მოვლენებია და ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ადამიანი მოკლა და თქვა ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო, არის მაგაში სიმართლე. „გაახელესო“ და ვერ შეიკავა თავიო. ეს სიტყვაც ხომ ცნობილია – „შემომეუპატიურაო“, ვითომ თვითონ არ უნდოდა, რა უბედურებაა, თავის გადარჩენის მიზნით რას არ მოიგონებს ადამიანი. საცოდაობაა. ანტროპომორფიულია ადამიანი, ადამიანის მსგავსია და იგივე შეცდომები აქვს, ამიტომ სხვებზე როცა ვლაპარაკობ, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ქალი ჩემთვის არის სასიცოცხლო ძალა, ინტერესი, როგორც ფროიდი ამბობს – ლიბიდო. სულ გახსოვს ქალი, იმიტომ რომ შენ მამაკაცი ხარ, სექსუალურია შენი ყოფა. სულ გახსოვს, რომ ქალი გინდა, ქალი გჭირდება, თუ ეს შეგრძნება არ გაქვს, ირღვევა შინაგანაწესი, დარღვეულია ყველა ბალანსი. ქალს აქვს რაღაც ჯადო, მარტო სექსუალურობა და სილამაზე არაა. ბევრი რამ უნდა შეასრულოს კაცმა ქალის სურვილებიდან – ეს აუცილებელი პირობაა. ადამიანი იმიტომ არის გაჩენილი, სხვაზე იფიქროს, სხვას რაღაც გაუკეთოს. მაშინ ლამაზდება ადამიანი როდესაც  სხვაზე ფიქრობს, ისეთი ადამიანიც კი, როგორიც მე ვარ.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– ქალი საჭიროა ყოველთვის, თუნდაც იმიტომ რომ გაგიჩნდეს წინააღმდეგობა, ისევ დაკეტოს ჩემი გაღებული ფანჯარა ან პირიქით, ისევ უნდოდეს მაშინ, როცა მას უნდა, ისევ ჯახი იყოს იმაზე, რაც შენ გინდა. თუმცა არის ბედნიერი გამონაკლისები და არის ცხოვრება – ჰარმონიული და ასე შემდეგ. აკი ვამბობ, თუ ყველაფერს კრიტიკული თვალით დაუწყებ ყურებას, იქ აუცილებლად გამოჩნდება ჰარმონიებიც, მაგრამ ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუწყო კრიტიკული კრედოებითა და განსჯებით ყურება.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიო და ბევრი კითხვა არ უნდა დასვა.
– რა არის გარყვნილება?
– გარყვნილება არის, ადამიანს რომ შია, შენ გვერდზე ზიხარ და ჭამ.
– რას ეძებთ?
– ვეძებ სიმართლეს, თავისუფლების განსაკუთრებულობას.  თუმცა ადამიანს თავისუფლება არ შეუძლია. ეს ტყუილია, როგორც კი თავისუფალია ადამიანი, მაშინვე გამოიგონებს რაღაცას, უნდა რომ შეეკედლოს, შეაკეთოს და მოკლედ, თავისუფლება ძალიან განუსაზღვრელი რაღაცაა.
скачать dle 11.3