№3 რატომ არ ესმის მარიამ კუკუნაშვილს სიტყვა გართობისა და დღესასწაულის მნიშვნელობა და ვის მოუწყო მან ზღაპრული ახალი წელი ლაპლანდიაში
მიუხედავად იმისა, რომ მარიამ კუკუნაშვილს არანაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვს ახალ წელთან და საახალწლო ტრადიციებთან, წელს ახალ წელს შვილებთან ერთად ზღაპრულ ლაპლანდიაში შეხვდა.
მარიამ კუკუნაშვილი: ახალი წელი ბავშვობიდან არ მიყვარს, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება ქაოსთან, ხმაურთან, გადაჭარბებულ ჭამა-სმასთან, ბაზარში თუ სამზარეულოში ფუსფუსისგან ქანცგაწყვეტილ ქალებთან და ზომაზე მეტად გადამთვრალ მამაკაცებთან.
– რაიმე საახალწლო ტრადიციები თუ გაქვთ?
– მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ახალ წელს სხვადასხვა ტრადიციით ხვდებიან და სჯერათ, რომ ეს ტრადიციები მათთვის ბედნიერების მომტანი იქნება, მე არანაირი საახალწლო ტრადიცია არ მაქვს და ვაკეთებ იმას, რის განწყობაზეც იმ მომენტში ვარ. თუ მხიარულად ვარ – ვმხიარულობ, თუ მეძინება – ვიძინებ და თუ მეტირება – ვტირი, რადგან, სრულიად შორს ვარ იმ ცრურწმენისაგან, რომ ამის გამო წლის განმავლობაში რაიმე პრობლემა შემექმნება. ამ ბოლო დროს, რაც ბავშვები ძალიან პატარები აღარ არიან, უფრო მათ გამო ვცდილობ, საახალწლო განწყობის შექმნას და 31 დეკემბრის, ასე თუ ისე, ტრადიცულ ჩარჩოებში მოქცევას.
– ბავშვობაში როგორ ხვდებოდით ახალ წელს და თუ გჯეროდათ თოვლის ბაბუის?
– ახალი წლის არსიყვარული, ალბათ, სწორედ ჩემი ბავშვობიდან მოდის. დავიწყოთ იმით, რომ ახალ წელს არასდროს მყოლია სანტა, ან თოვლის ბაბუა, თუმცა ჩემს ოჯახში, ალბათ, ისევე, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ახალ წელთან შეხვედრა დიდი მონდომებითა და საახალწლო სუფრის სამზადისით იწყებოდა ხოლმე. ვინაიდან ჩემი ოჯახი ყოველთვის დიდი სტუმრიანობით გამოირჩეოდა, დედა ჩემგან დახმარებას მოითხოვდა, როგორც ბაზრისა და მომარაგების საკითხებში, ასევე სამზარეულოში. ეს კი ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი იყო, რადგან საოჯახო საქმიანობის დიდი ფანი არ გახლავართ. შესაბამისად, ამ ყველაფერს ვაპროტესტებდი ან უხარისხოდ ვაკეთებდი ხოლმე, რაზეც დამატებითი საყვედურები მხვდებოდა. ის ის იყო ტანჯვითა და წამებით გადავაგორებდი წინასაახალწლო სამზადისის ამ მოსაწყენ და სამზარეულოში გატარებულ დღეს და გაუთავებელი სტუმრიანობის გამო ახალი გოლგოთა იწყებოდა. მამაჩემი თელავის კოლორიტია, ის ძალიან კარგად მღერის და ამის გამო არა ერთ ფილმში თუ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, სტუმრიანობა ჩვენს ოჯახში 31 დეკემბრიდან ძველით ახალი წლის ჩათვლით გრძელდებოდა. სტუმრები ხშირად გათენებამდე არ მიდიოდნენ, ეს კი ძილსა და მშვიდ ცხოვრებაში ხელს მიშლიდა. რასაკვირველია, ამ ჭარბ სტუმრიანობას ჩემი პროტესტი არ დაკლებია. ამაზე კი დედაჩემი მეტყოდა ხოლმე, უსაქმური ხომ ხარ და ხარ, უჟმური და უხასიათო რატომ ხარო?
– არც ასტროლოგის რჩევებს აქცევთ ყურადღებას?
– ერთხელ ასტროლოგ რამაზ გიგაურს შევადგენინე ჩემი ასტროლოგიური რუკა. თუმცა, ეს უფრო ცნობისმოყვარეობისა და გართობის გამო გავაკეთე და არა რჩევების გათვალისწინების მიზნით, რადგან მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც სჯერა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, საკუთარ ბედს კი არა, ცაზე ვარსკვლავების გადაადგილებასაც კი შესძლებს. შესაბამისად, ახალ წელთან დაკავშირებული ასტროლოგიური რჩევები დიდ სისულელედ მიმაჩნია.
– განსაკუთრებულად რომელი ახალი წელი გახსენდებათ?
– მას შემდეგ, რაც ტრადიციებს მოვწყდი და ჩემებურად ვგეგმავ ახალ წელს, ბოლო ათი წელიწადია, მას სულ სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდები. შარშან ტაილანდში შევხვდი, კუნძულ ფიფიზე, ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად, წინა წლებში – ბელიზეზე, მექსიკაში, ბალიზე, აფრიკაში, მალდივის კუნძულებზე. ბავშვები უკვე იმ ასაკის არიან, რომ ბოლო სამი-ოთხი წელიწადია, ახალ წელს მათთან ერთად ვგეგმავ. შესაბამისად, მთელი ენერგია იმისკენ მაქვს მიმართული, რომ მათ საზეიმო განწყობა შევუქმნა, თოვლის ბაბუის საჩუქრებით დაწყებული სხვა სიურპრიზებით დამთავრებული. არ მინდა ისინი ჩემნაირი „ვორკაჰოლიკები“ გაიზარდონ, მინდა, მათ აწმყოთი ცხოვრება და ხალასი, სადღესასწაულო განცდები ჩავუნერგო. ჩემი ბავშვობა ბევრ კითხვას, სწავლას და შრომას უკავშირდება. ჩემი სტუდენტობაც შრომასთან, სწავლასთან და არსებობისთვის ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, მე არ მესმის კარგად გართობის, დღესასწაულისა და დასვენების მნიშვნელობები. ასეთი ცნებები მე განცდაში არ მაქვს. ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჩემი შვილების ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ზეიმი იყოს, რათა ზრდასრულობაში მათ ბედნიერების სრულყოფილად განცდა შეეძლოთ.
– როგორ გაატარეთ წლევანდელი ახალი წელი ლაპლანდიაში?
– ლაპლანდიაში წასვლა ბავშვების გამო გადავწყვიტეთ – ნამდვილ სანტასთან შესახვედრად. ბავშვებს სჯერათ სანტასი, შესაბამისად, განსაკუთრებით ემზადებოდნენ. მთხოვეს, რომ სანტასთვის საჩუქრები ჩვენც წაგვეღო. ლაპლანდია ნამდვილად ჯადოსნურია, იქაურობა ულამაზესია და საოცარი სიმშვიდე სუფევს. ბავშვებთან ერთად ვციგაობდით და ირმებისა და ჰასკების მარხილით დავდიოდით. ვინაიდან სამი ბავშვის მოვლას ძიძების გარეშე მაინცდამაინც მიჩვეული არ ვარ, მოკრძალებული საახალწლო სუფრა გავშალე. მაგიდაზე მქონდა კარტოფილი ფრი, 5 ბანანი, ტორტი და ერთი ბოთლი შამპანური. რომ დავბრუნდით ბავშვებს ძიძისთვის შეუჩივლიათ დედა სულ კარტოფილ ფრის გვაჭმევდაო.