№3 ცოდვების საზღაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #1(940)
მამა თომამ ნოდარს წერილი გამოართვა. გახსნა. წაიკითხა. შემდეგ ჩაფიქრდა და პაუზის მერე ნოდარს ჰკითხა:
– შვილო ჩემო, ეს წერილი ხომ არ წაგიკითხავს?
ნოდარი სახეზე წამოწითლდა და მონასტრის წინამძღოლს მორცხვად უთხრა:
– ვცადე, მამაო, მაგრამ ვერაფერი გავიგე. თითქოს ჩვეულებრივი წერილია, მაგრამ ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე.
– დაშიფრული ნაწერია და ამიტომ, ჯერ კიდევ ბავშვობაში შევადგინეთ ეს შიფრი მე და თემურმა და თამაშის დროს ვიყენებდით, – უთხრა მამა თომამ ნოდარს. სინამდვილეში კი ეს შიფრი თამაზის, ანუ „კაჟის“ მოფიქრებული იყო და ციხიდან გამოგზავნილ „ქსივებს“ შიფრავდა, რომ მათი შინაარსი უცხოს ვერ გაეგო.
– გასაგებია, მამა თომა, – უთხრა ნოდარმა მონასტრის წინამძღოლს, მან კი მიუგო:
– დაღლილი იქნები და მოდი, ვიტრაპეზოთ. შემდეგ ჩემს კელიაში მოგასვენებ. ხვალ დილით კი უკან გაგამგზავრებ და აეროპორტამდე გამცილებელსაც გამოგაყოლებ.
მორჩილებმა სატრაპეზოში სამარხვო სუფრა გააწყვეს, თან არაყიც დადგეს და წავიდნენ. მამა თომამ და ნოდარმა ივახშმეს, სამი ჭიქა არაყიც დალიეს და ტრაპეზი რომ დაასრულეს, წინამძღოლმა სტუმარს უთხრა:
– ჩემს კელიაში მოისვენე, შვილო ჩემო. მე კი ლოცვაზე უნდა დავდგე და მოგვიანებით მოვალო.
მამა თომას სადგომი არაფრით განსხვავდებოდა მონასტრის მობინადრეთა დანარჩენი ოთხასი კელიისგან. ნოდარი დაწვა, მაგრამ არ დაეძინა და იმ იდუმალ, დაშიფრულ წერილზე დაიწყო ფიქრი, რომლის შინაარსზეც მამა თომას სიტყვაც არ დაუძრავს. კელიის მასპინძელი გვიან ღამით დაბრუნდა. ნოდარმა თავი მოიმძინარა, მთელი ღამე გრძნობდა, როგორ ლოცულობდა მუხლმოდრეკილი მამა თომა ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. ხოლო, როდესაც გაეღვიძა, მამა თომა იქ აღარ იყო. ერთ-ერთმა მორჩილმა საუზმე შეუტანა და უთხრა:
– მამა თომამ ბოდიში შემოგითვალათ, რომ თქვენთან გამომშვიდობება ვერ მოახერხა. გეძინათ და რომ არ შეწუხებულიყავით, აღარ გაგაღვიძათ. თავად კი დილაადრიან სასწრაფოდ გამგზავრება მოუწია. აი, ეს ტრაპეზი მიირთვით და ცოტას რომ დანაყრდებით და საჭიროებას მოითავებთ, ჩვენი მორჩილი აეროპორტამდე მიგაცილებთ.
სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ ნოდარ ჯაიანი მამათა მონასტრის კუთვნილ ღია ეტლში იჯდა. მორჩილს ის აეროპორტში მიჰყავდა, რომელიც ოციოდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მანძილი მაინცდამაინც დიდი არ იყო, მაგრამ გაუვალი ტაიგა ქმნიდა პრობლემებს და გზას სამი საათი დასჭირდა. მორჩილმა ნოდარს მოსკოვში გადასაფრენი ბილეთი უყიდა. გამომშვიდობების წინ კი წმიდა გიორგის ხატი გადასცა და უთხრა:
– ეს მამა თომამ გისახსოვრათ და გაუფრთხილდით. გფარავდეთ უფალი!
მორჩილი სწრაფად წავიდა, ნოდარმა მადლობის წესიერად თქმაც კი ვერ მოახერხა, მხოლოდ თვალი გაადევნა, როგორ ოსტატურად მიაქროლებდა ორცხენშებმულ ეტლს ტაიგისკენ.
***
მამა თომამ მართლაც უთენია დატოვა მამათა მონასტერი და სანამ წავიდოდა, ბერი პავლე იხმო და უთხრა:
– მონასტერს გაბარებ და ჩემი აქ არყოფნის დროს საქმეებს გაუძღვები. როდის დავბრუნდები, ზუსტად არ ვიცი. დიდება უფალს! მისი ძალა გვფარავდეს.
მამა თომა და ბერი პავლე ერთმანეთს მხრებზე ეამბორნენ და წესიერად გათენებულიც არ იყო, რომ მონასტრის წინამძღოლი ცხენს მოახტა და ტაიგას შეუყვა. ათიოდე კილომეტრი რომ გაიარა. ერთ პატარა ტაიგურ სოფელს მიადგა – რამდენიმე ეზო გაიარა და ერთ გალავნიან სახლთან შეჩერდა, რომელიც სქელი, ოთხმეტრიანი, წაწვეტებული მორებით იყო შემოღობილი. მამა თომა ცხენიდან ჩამოხტა და უზარმაზარ კარს მიაწვა, მაგრამ ვერ გააღო. შემდეგ კარზე დაკიდებული ფოლადის რგოლით დააბრახუნა და დაელოდა.
– ვინ ეშმაკი მოვიდა ამ უთენია? – მოესმა სტუმარს ეზოდან ნამძინარევი მამაკაცის ხმა, რომელიც მძიმედ მივიდა ჭიშკართან, გააღო და გაქვავდა.
– სტუმრებს მიიღებთ? – ღიმილით უთხრა მამა თომამ მასპინძელს.
– „კაჟო“, შენ? – წამოიძახა მასპინძელმა. შემდეგ, თავისი ძლიერი ხელებით ლამის ძალით შეიყვანა ეზოში მამა თომა და ცხენი, მხოლოდ ამის მერე გადაეხვია და ისე მაგრად მოუჭირა, რომ ძვლებმა ჭახაჭუხი დაიწყეს.
– როგორ ხარ, ივან, რამდენი წელია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს.
– შვიდი, – თქვა მასპინძელმა, – მას მერე არ შევხვედრივართ, რაც მე „სროკიდან“ გამოვედი. ერთ წელიწადში შენ გამოდიოდი. შემპირდი, გამოგივლიო, მაგრამ გადამაგდე.
– ვერ შევძელი, ივან... და ბოდიშს გიხდი, რომ მოგატყუე.
– ჯანდაბას, – ხელი ჩაიქნია მასპინძელმა, – მთავარია, ახლა მაინც მოხვედი. წამოდი, შევიდეთ და ცოტა გავხურდეთ.
მასპინძელი ივანი, 43 წლის ივან პოპოვი იყო. თამაზ გიორგობიანმა ის მესამე პატიმრობისას გაიცნო მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში, სადაც ივანი თორმეტწლიან სასჯელს იხდიდა შეიარაღებული ძარცვის გამო და „კაჟზე“ ადრე გამოვიდა. ივანს მეტსახელად „ციმბირელს“ ეძახდნენ და კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობდა. თამაზსა და ივანს ზონაში არა ერთი ღამე გაუთენებიათ იმაზე საუბარში, თუ როგორ შეასრულებდნენ დიდ საქმეს. მსხვილ „კუშს დაითრევდნენ“ და დროის გასატარებლად გაემგზავრებოდნენ ბრაზილიაში ყალბი საბუთებით. „ციმბირელი“ მარტოხელა იყო და „კაჟს“ სთავაზობდა – ბრაზილიაში რომ ჩავალთ, იქვე დავრჩეთ და საქმეები ვჩარხოთო, რაზეც თამაზი პასუხობდა, – მოვიფიქრებო.
– შენ, გეტყობა, რომ კვლავ უცოლ-შვილო ხარ, – უთხრა მამა თომამ მასპინძელს, როდესაც სახლში შევიდნენ.
– ზედმეტი ტვირთი მინდა ახლა მე? – ხელი ჩაიქნია მასპინძელმა, სუფრაზე ხორაგი დაალაგა და არაყი ბოთლიდან ჭიქებში ჩამოასხა, სტუმარი ადღეგრძელა და გადაჰკრა.
სანამ ივანი სუფრას შლიდა, მამა თომამ გულში წაიკითხა საკურთხი ლოცვა და მასპინძელმა რომ გადაჰკრა, სტუმარმა ჯვარი გადასახა მაგიდას, – დიდება უფალს! – თქვა და, მანაც დალია. კიდევ ორი ჭიქა რომ შესვეს და სტუმარმა კიდევ ორჯერ გამოსახა ჯვარი დალევის წინ, ივანმა მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება მამა თომას ჩაცმულობას და ჰკითხა:
– მოიცა, მოიცა, ეგ შმოტკები შენიღბვაა თუ მართლა მღვდელი ხარ?
– ბერი ვარ, – ღიმილით მიუგო მასპინძელს სტუმარმა.
– ა, გასაგებია... – თქვა ივანმა და ჩაფიქრდა. შემდეგ მამა თომას მიაჩერდა აათვალ-ჩაათვალიერა და ჰკითხა:
– შენ ხომ არ ხარ ის მამა თომა, რომელზეც მთელი ციმბირი ლაპარაკობს?
– კი. მამა თომა ვარ, – დაუდასტურა მამა თომამ.
– მამათა მონასტრის წინამძღოლი, ხომ?
– კი. მე ვარ.
– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... ამას როგორ წარმოვიდგენდი? ბევრისგან გამიგონია, მამათა მონასტერში ძალიან ღვთისნიერი წინამძღოლია, რომელიც ადრე შავი იყოო და აბა, რა ვიცოდი, თუ ეს შენ იყავი?
– კი. მე ვარ.
– ყოჩაღ, ძმაო, ყოჩაღ! ესე იგი, ძველ ცხოვრებასთან კავშირი გაწყვიტე?
– ბერობას შევუდექი, ივან, ბერობას და ვცდილობ, არჩეულ გზას არ გადავუხვიო.
– გასაგებია, – თქვა მასპინძელმა. შემდეგ შეცბა. მამა თომას შეხედა და უთხრა:
– ძაღლიშვილი ვიყო, თუ ვცდებოდე. აშკარად რაღაცაშია საქმე. ჩემთან ასე მოულოდნელად არ მოხვიდოდი. მითხარი, რა შეგემთხვა, ძაღლებმა ხომ არ შეგაწუხეს?
– არა, ივან, არა. პოლიცია აქ არაფერ შუაშია. შენთან კი ნამდვილად დახმარებისთვის მოვიედი.
– რაზეა ლაპარაკი, ძმაო. თქვი, რით დაგეხმარო და შენთვის თავს გავწირავ.
– ერთი თვით უნდა გავემგზავრო და მინდა, რომ ჩემი სამოსი და ბერული აღჭურვილობა შემინახო, აგრეთვე, გარეგნობის შეცვლაში დამეხმარო და თუ შეგიძლია, სხვა საბუთები მიშოვო, სადაც ჩემი გარეგნობაშეცვლილი ფოტო ჩაიკვრება.
– შემიძლია. როგორ არა. შენთვის გაუჩენელს გავაჩენ, – თქვა ივანმა და დააყოლა, – გეტყობა, რომ რაღაც ძალიან გიჭირს და იქნებ, თან მიახლო?
– არა, ივან, არა. შენ მხოლოდ ის გამიკეთე, რაც გთხოვე და ნურაფერს მკითხავ, – მიუგო მამა თომამ ივანს.
– კეთილი, ჩემო ძმაო, შენი საქმისა შენ იცი, – მიუგო მამა თომას ივანმა და მისთვის მეტი არაფერი უკითხავს.
ორიოდე საათის შემდეგ კი ჯინსებსა და ქურთუკში გამოწყობილ მამათა მონასტრის წინამძღოლ მამა თომას ვერ იცნობდით. მას წვერ-ულვაში სუფთად ჰქონდა გაპარსული. სქელი შეჭაღარავებული თმა კი წაბლისფრად შეეღება და ჯიბეში მიხეილ ბროვკინის სეხელზე გამოწერილი პასპორტი ედო, სადაც მისი ახალი ფოტო იყო ჩაკრული. პირველი გამოცდა ბროვკინმა მაშინ ჩააბარა, როდესაც მას გვერდზე იმ მორჩილმა ჩაუარა და ვერ იცნო, ვინც ნოდარ ჯაიანი აეროპორტრში მიიყვანა. შემდეგ მამა თომას თავად ნოდარ ჯაიანიც შეეჩეხა პირისპირ, მაგრამ იერშეცვლილი მონასტრის წინამძღოლი ვერც მან იცნო. მეტიც, ნოდარმა და მამა თომამ ერთი თვითმფრინავით იფრინეს მოსკოვამდე და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილ დედაქალაქში დაშორდნენ ერთმანეთს. ნოდარი კიევის გავლით ჩაფრინდა თბილისში. მიხეილ ბროვკინი კი ერევნის გავლით დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და საბაჟო ისე გაიარა, რომ არანაირი ეჭვი არ აღუძრავს და თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ თბილისის მიწას დაადგა ფეხი...
***
აეროპორტიდან მამა თომა ნახალოვკაში გაემგზავრა და ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა, როდესაც ერთ-ერთი კერძო კარ-მიდამოს ჭიშკარზე დააბრახუნა. ორიოდე წუთის შემდეგ ზღურბლზე 40 წლის იაკობ სხირტლაძე გამოჩნდა და გაუკვირდა უცხო სტუმარი რომ დაინახა, თუმცა კარგად რომ დააკვირდა, ისე შეცბა, ლამის წამოიყვირა, მაგრამ მამა თომამ ტუჩებზე მიიდო თითი, რითაც ანიშნა – გაჩუმდიო და უთხრა:
– „იაშკა“, სახლში მარტო ხარ?
– კი. წამოდი, – თქვა მასპინძელმა და ძველი „პაძელნიკი“ სახლში შეიყვანა. მხოლოდ ამის მერე გადაეხვია სტუმარი მასპინძელს და ჰკითხა:
– „იაშკა“, „იაშკა“, როგორ ხარ, ძმაო?
– „კაჟო“, შე ძველო, შენ როგორ ხარ? თორმეტი წელია არ გვინახავს ერთმანეთი, – მეგობრის ხილვით აღტაცებულ „იაშკას“ სახე უბრწყინავდა.
მამა თომამ მოკლედ მოუყვა იაკობ სხირტლაძეს თავისი ამბავი და ბოლოს უთხრა:
– აქ ყალბი საბუთებით, ინკოგნიტოდ ვარ ჩამოსული და თუ არ შეგაწუხებ, სანამ თემურის ამბავს არ გავარკვევ, შენთან გავჩერდები.
– არ გრცხვენია, რას მეუბნები? – იწყინა „იაშკამ“, – სულ აქ იყავი, თუ გინდა, – შემდეგ თავი გააქნია და დააყოლა, – ეჰ, თემური, თემური, რა ბიჭი იყო? წესიერი, პატიოსანი, ჩვენ კი არ გვგავდა.
– კი. ასე იყო, – დაუდასტურა იაკობს მამა თომამ და ჰკითხა:
– შენი აზრი მაინტერესებს ამ ამბავთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობ, ვინ და რატომ მოკლა თემური?
– ვინ, ვერ გეტყვი, ალბათ, შეკვეთა იყო და ქილერმა ესროლა, – თქვა „იაშკამ“ უხმოდ შეათვალიერა მამა თომა და დააყოლა, – არ გეწყინოს, თაზო, მაგრამ „უვერენი“ ვარ, რომ თემო შეცდომით გამოასალმეს სიცოცხლეს და ქილერს შენ ჰყავდი შეკვეთილი.
– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა მამა თომამ მასპინძელს.
– აბა, სხვა რა უნდა იყოს? – მხრები აიჩეჩა „იაშკამ“.
– არა „იაშკა“, – თავი გააქნია მამა თომამ. მასპინძელმა თემურის მიერ დაწერილი, დაშიფრული წერილი დაანახვა და დაამატა, – ეს წერილი თემურის ცოლის ძმამ ჩამომიტანა მონასტერში და თბილისში იმიტომ ჩამოვედი. დაშიფრულია და აზრს ვერ გაიგებ. ამიტომ მე თვითონ წაგიკითხავ და მომისმიე: „ძმაო თაზო, ამ წერილლს თუ კითხულობ, ესე იგი, უკვე ცოცხალი აღარ ვარ. პირველ რიგში, გთხოვ, რომ ჩემს ცოლ-შვილს მიხედო, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამას წინათ, ვიღაც ანონიმმა დამირეკა და მითხრა, თუ შენს ძმას არ მოგვახელთებინებ, შენც მოგკლავთ და შენს ცოლ-შვილსაც ამოვწყვეტთო. ვფიქრობ, რომ მუქარა რეალურია, რადგან, როცა ვუთხარი, წარმოდგენა არ მაქვს, სადაა ჩემი ძმა-მეთქი, მიპასუხა, – მაშინ სიკვდილს ელოდე. შენს „კრისა“ ტყუპისცალს კი მაინც მოვიხელთებთო. ცოლ-შვილი საიმედოდ გადავმალე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ისინი საშიშროების წინაშე დგანან და მიხედე. ნოდარი, ჩემი ცოლის ძმა, სანდო ბიჭია და შეგიძლია, დაეყრდნო. შენი წარსულის შესახებ კი არაფერი იცის. შენი იმედი მაქვს. შენი თემო“. ხვდები ახლა რაშია საქმე?
– ვერა, – თავი გააქნია „იაშკამ“.
– „იაშკა“, ძმაო, თემო შემთხვევით ჩემ მაგივრად კი არ მოკლეს, არამედ შეგნებულად. და იმიტომ, რომ მე ჩამოვეტყუებინე აქ. გასაგებია? – უთხრა მასპინძელს მამა თომამ.
– გავიგე, მაგრამ ვინ და რატომ?
– ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ უნდა გავარკვიო და ამ საქმეში შენი დახმარება მჭირდება. დამეხმარები? – უთხრა მამა თომამ მასპინძელს.
– რაზეა ბაზარი, „კაჟო“, დაგეხმარები კი არა და შენი გულისთვის „ლუბოის“ თავს შევაკლავ, – მიუგო სტუმარს „იაშკამ“.
– მაშინ, ასე უნდა ვქნათ, – რადგან თემო თავის ცოლის ძმას სანდო კაცად მიიჩნევდა, ესე იგი, ასეა და წყალი არ გაუვა. ნოდარს უნდა დაველაპარაკოთ. შენ უნდა მოიყვანო ის, მაგრამ ძალიან ფრთხილად. არ გამოვრიცხავ, რომ მას უთვალთვალებენ და მცირე შეცდომაც არ უნდა დავუშვათ.
– ისე შეუმჩნევლად მოვიყვან, რომ ძე ხორციელი ვერ მიხვდება. არ გახსოვს, „კაჟო“, ამ ამბავში რა სპეცები ვიყავით?
მამა თომას კარგად ახსოვდა, როგორ იცვლიდა გარეგნობას პაძელნიკებთან ერთად ყოველი საქმის მომზადებისას და გაეღიმა. „იაშკამ“ კი დაამატა:
– ძველი რეკვიზიტი დღემდე შენახული მაქვს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში