№3 რეკლამის მსხვერპლი
დენი როჯერსი
სოფლის გზაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ. ამ სოფელში შეხვევა მათ გეგმებში არ შედიოდა. მერე ქმარს მოეწონა პატარა, დაჩრდილული გზა.
გზისპირზე პატარა დაწნული მაგიდა იდგა, რომელზეც ხილით სავსე კალათები ეწყო. ხოლო მაგიდის თავზე წარწერა გაეკრათ: „კიდევ მეტი ხილი“.
– რა ღირს? – იკითხა ედვარდმა
– საოცარი მარწყვია, – თქვა გამყიდველმა. – ზუსტად ქალბატონისთვის. ალუბალიც ძალიან გემრიელია. ეს კალათა წარმატებას მოგიტანთ. ორი ფუნტი ღირს, სერ.
ედვარდმა ამოიოხრა. ფიქრებში მან გადათვალა, რა დაუჯდებოდა ეს დღე. კიდევ ჩაიზე მოუწევდა დახარჯვა, ბენზინზეც... „საშინელებაა ქალის სადმე წაყვანა! მათ ყველაფერი უნდათ, რასაც დაინახავენ“.
ნახევარი მილის გავლის შემდეგ, მათ მდინარის პირას მშვენიერი ადგილი შეამჩნიეს. მანქანა გააჩერეს და გადმოვიდნენ. ცოტა ხანში კი ბალახზე მოკალათებული ედვარდი და დოროთი მწიფე ალუბალს სიამოვნებით მიირთმევდნენ. იქვე, წინასწარ მომზადებული კვირის ახალი გაზეთი კი არც გახსენებიათ.
– ნახე, არის ახალი ამბები? – ბოლოს ისევ ედვარდმა იკითხა.
დოროთიმ სათაურებს დახედა.
– ორმოცდაათი ათასი ფუნტი. ფანტასტიკაა! – დოროთიმ კითხვა განაგრძო: „ყელსაბამი ოცდაერთი ქვისგან შედგებოდა. თითოეული პლატინით იყო მოჭედილი. ის პარიზიდან შეკვეთილი ბანდეროლით გამოაგზავნეს, თუმცა ადრესატმა ყუთში უბრალო შუშები აღმოაჩინა, ლალები კი დაიკარგა“. ცალი თვალით მაინც შემახედა ასეთი კოლიესთვის, – მეოცნებე გამომეტყველებით ჩაილაპარაკა დოროთიმ, – საინტერესოა, რას გრძნობ, როდესაც ყელზე ასეთი სიმდიდრე გიკეთია.
– კალათი გადმომაწოდე, – თქვა დოროთიმ. – მე შენზე მეტი შევჭამე. რაც დარჩა, სამართლიანად გავანაწილებ... მაგრამ, მოიცა, ეს რა არის?
მან კალათიდან მბრწყინავ ლითონში ჩასმული სისხლისფერი, გამჭვირვალე ქვებით შემკული ყელსაბამი ამოათრია. ნაპოვნ ნივთს ორივე გაკვირვებული მიაჩერდა
– ეს... ეს კალათში იყო? – როგორც იქნა, ედვარდმა ხმა ამოიღო. აქ როგორ უნდა აღმოჩენილიყო?
– წარმოდგენა არ მაქვს. ზუსტად მას შემდეგ ვიპოვეთ, რაც გაზეთში მის შესახებ წავიკითხე.
ქალმა თვლები გადაითვალა. ზუსტად ოცდაერთია! ის კაცი, ხილს რომ ყიდდა, რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა. რაღაცნაირად ჩაიცინა, გახსოვს, როდესაც თქვა, რომ კალათში იმაზე მეტი ხილია, ვიდრე ორი ფუნტისო?
– ჰო, მაგრამ, რატომ მოგვცემდა ორმოცდაათ ათას დოლარს?
– იქნებ მას პოლიცია ეძებს?
– პოლიცია? – ედვარდი გაფითრდა, – ეს ყველაფერი არ მომწონს. პოლიციას შეუძლია, ჩვენზეც გამოვიდეს.
მაგრამ დოროთი მას არ უსმენდა. სამკაული ყელზე გაიკეთა და ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო.
– მომისმინე, – თქვა ედვარდმა. – ჩვენ ეს ყელსაბამი პოლიციაში უნდა წავიღოთ.
– სისულელეა, – თქვა დოროთიმ, – არავინ დაგვიჯერებს, რომ ვიპოვეთ. შეიძლება, ქურდობისთვის დაგვიჭირონ კიდეც... უნდა დავიტოვოთ.
– შენ ხომ არ გაგიჟდი? – ედვარდი შეშინებული მისჩერებოდა.
– ჩვენ ამ თვლებს გავყიდით, თქვა ქალმა, – შენ შეძლებ „როლს-როისი“ იყიდო. მე კი ბრიალნიტის დიადემას და რამდენიმე ბეჭედს ვიყიდი. შანსი გაქვს და გამოიყენე. ჩვენ ხომ ის ვიპოვეთ და არ მოგვიპარავს. ედვარდ პელგროუ, შენში არის რაიმე მამაკაცური?
– ვის უნდა მივყიდოთ? – როგორც იქნა, ენა ამოიდგა ედვარდმა, – ეგრევე პოლიციაში დარეკავენ.
– ნაქურდალის შემსყიდველთან უნდა წახვიდე.
– საიდან უნდა ვიცნობდე ნაქურდალის შემსყიდველებს? მე წესიერ ოჯახში აღვიზარდე.
– ნამდვილმა მამაკაცმა ყველაფერი უნდა იცოდეს, – განაცხადა დოროთიმ.
ედვარდმა ქალს შეხედა. ამ კოლიეთი კიდევ უფრო მომხიბვლელი გამხდარიყო. თვალი ვერ მოაცილა და ფარ-ხმალი დაყარა.
– კარგი, შენ გაიმარჯვე, – მორჩილად წარმოთქვა კაცმა, – მომეცი კოლიე, ვიპოვი ნაქურდალის შემსყიდველს. ეს ერთადერთი შანსია. კოლიე ჩვენ პატიოსანი გზით მოვიპოვეთ, მასში ფული გადავიხადეთ – ორი ფუნტი.
მეორე დილით, როდესაც ედვარდი სამსახურიდან გამოვიდა, თვალში გაზეთის სათაური მოხვდა: „დაკარგული ლალები, უკანასკნელი ცნობები!“ საჩქაროდ იყიდა გაზეთი, მეტროში ჩავიდა და სტატიის კითხვა დაიწყო. ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე უნებურად დაუსტვინა. „ეს დოროთიმ უნდა ნახოს. აუცილებლად. ნეტავი, უკვე იცის, თუ არა. წარმომიდგენია, რა სახე ექნება, როცა ამას ხმამაღლა წავუკითხავ...“ ედვარდმა გაიღიმა.
დოროთიმ ჩაი დაასხა. უკმაყოფილო სახე ჰქონდა.
– აბა, რა ქენი. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. იპოვე ის, ვინც გვჭირდება?
ედვარდმა თავი დაუქნია და ჩაი მოსვა.
– ვიპოვე. მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი ჯიბეში მიდევს. მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყელსაბამი ჩვენ გაგვამდიდრებს?
– რა თქმა უნდა. მომეცი, მინდა დავხედო.
კაცმა უცნაური ღიმილით გაუწოდა ძვირფასი ნივთი. ქალმა ათრთოლებული ხელით გამოართვა.
– რა სილამაზეა. მინდა, რომ სულ ჩემთან დარჩეს.
კაცს გაეცინა.
– მერე ჩემი წილი? „როლს როისს“ ხომ დამპირდი...
ქალის მზერაში ველური ნაპერწკალი აინთო.
– მე ყოველთვის ვაღწევ იმას, რაც მინდა. ეს ყელსაბამი ჩემს ოცნებებს აასრულებს. მოგეწონა ჩაი, ძვირფასო?
– კი. ცოტა უცნაური გემო ჰქონდა. რამე შეურიე?
დოროთიმ ბოროტად ჩაიცინა.
– კი, შეიძლება, ასეც ითქვას. ძალიან სასარგებლო ყვავილი. მალე იგრძნობ მის ძალას.
– შენთვის ერთი ამბავი მაქვს, – უთხრა კაცმა. – იცი, მგონი, შეგიძლია, ეგ ყელსაბამი ატარო. და შენ, შენ... ეს რა გააკეთე დოროთი... – ედვარდს მოულოდნელად ხმა ჩაუწყდა. ხელი ყელზე იტაცა და სკამიდან ჩამოცურდა.
– ორმოცდაათი ათასი ორი ადამიანისთვის მეტისმეტად ცოტაა. ისეთი მოსიყვარულე წყვილისთვისაც კი, როგორებიც ჩვენ ვიყავით, ძვირფასო... ეს რაღაა?
ქალმა იატაკზე დაგდებული გაზეთი აიღო და წაიკითხა:
– „ეფექტური სარეკლამო ტრიუკი! საერთო ინგლისურმა ბაზრობამ ახალი სარეკლამო ფანდი გამოიგონა – გუშინ მათ გასაყიდად გამოიტანეს ხილით სავსე კალათები და გვპირდებიან, რომ ისინი ყოველ კვირას გაიყიდება. რეკლამის არსი ის არის, რომ ყოველ ორმოცდამეათე კალათში დევს ყელსაბამი – ყალბი ძვირფასეულობით. თუმცა, საკმაოდ ხარისხიანი ბიჟუტერიაა. გუშინ ამ კალათების გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იმედი გვაქვს, ეს აქცია კიდევ უფრო პოპულარულს გახდის დევიზს: „კიდევ მეტი ხილი“!
დოროთის გაზეთი გაუვარდა ხელიდან და იატაკზე უსულო ქმრის გვერდით ჩაიკეცა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ