კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ იძია სტალინმა მაოზე შური

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინი რომ პრაგმატიკოსი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. თუ საჭირო იყო და ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვდა, საბჭოთა ბელადი მზად იყო, გუშინდელ მტერს შერიგებოდა და საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა. თუმცა, სტალინს შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა. არაფერი ავიწყდებოდა და მრავალი წელიც რომ გასულიყო, თუ ვინმე აწყენინებდა, პასუხს მაინც გასცემდა ხოლმე... ისტორიკოსი ოლეგ მიანსკი წერს: „1949 წლის დეკემბერში, ჩინეთის მეთაური მაო ძე დუნი მატარებლით საბჭოთა კავშირში გამოემგზავრა და 6 დეკემბრიდან 1950 წლის 17 თებერვლის ჩათვლით საბჭოეთში იმყოფებოდა. მაო ასე დიდი ხნით დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ „დიადი ჩინელი“ საბჭოეთში ჩარჩა. წინასწარი შეთანხმებით, მაო მოსკოვში 17 დეკემბერს უნდა ჩასულიყო, 22 დეკემბერს კი სამშობლოში დაბრუნებულიყო. წინასწარი შეთანხმებით, მაოსა და სტალინს საბჭოთა კავშირ-ჩინეთის გრძელვადიანი მეგობრობის ხელშეკრულებისთვის უნდა მოეწერათ ხელი. 21-ში მაო სტალინის დაბადების დღეს და ვახშამს დაესწრებოდა და მეორე დღეს პეკინში გაემგზავრებოდა. თუმცა მაოს საბჭოეთში პირველი ოფიციალური ყოფნა ლამის ტრაგიკულად დასრულდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსნებდა: „სტალინი მაოს ბოლოკს ადარებდა და ამბობდა – ეს ჩინელი მხოლოდ გარედანაა წითელი – ჩვენს მოსაჩვენებლად, შიგნიდან კი თეთრიაო... ამით ბელადი მაოს ორპირობას უსვამდა ხაზს და საამისოდ სერიოზული მიზეზიც ჰქონდა. საქმე კი ის იყო, რომ 1941 წელს, როდესაც იაპონიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დიდი საშიშროება იდგა, სტალინმა პარტიზან მაოს კონფიდენციალური თხოვნით მიმართა – შენი ლაშქრით იაპონელ ოკუპანტებს შეუტიე, რომ მათი ყურადღება გადაიტანო და საბჭოთა საზღვრებს მოაცილო, რომ საშუალება მომეცეს მთელი ძალები გერმანელებთან ბრძოლისთვის გადავისროლოო. მაომ უარი შეუთვალა და ეს თავისი სუსტი ძალებითა და არასაკმარისი შეიარაღებით ახსნა. არა და, მაოს პარტიზანული არმია იმ პერიოდში 490 ათას ადამიანს შეადგენდა და საკმაოდ კარგად დაკომპლექტებულები, გაწვრთნილები, გამოცდილები და შეიარაღებულები იყვნენ. ჩვენი საგარეო დაზვერვის უწყებას ამის შესახებ უტყუარი მონაცემები გვქონდა. ამგვარად, მაომ თავისი არმიით მთებს შეაფარა თავი და მშვიდად უყურებდა, თუ როგორ ებრძოდა იაპონელებს გენერალისიმუს ჩან კაიშის არმია და სწორედ ამ ბრძოლამ არ მისცა საშუალება იაპონელებს, რომ საბჭოეთისთვის დაერტყათ. სტალინი კი ტაქტიკური მოსაზრებით, ფარულად  იარაღით იდეურ მოწინააღმდეგეს ჩან კაიშს ეხმარებოდა, რათა იაპონელებთან ომი რაც შეიძლება, მეტხანს გაეწელათ... მაოს კი საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა, ის (მაო) იმედოვნებდა, რომ იაპონელებთან შესუსტებულ ჩან კაიშს მომავალში ადვილად დაამარცხებდა და ქვეყნის მეთაური გახდებოდა. ხოლო იაპონელებთან კი საერთო ენას გამონახავდა. სწორედ ამ გათვლით უთხრა მაომ სტალინს უარი დახმარებაზე და ამიტომაც შეადარა ბელადმა „დიადი ჩინელი“ ბოლოკს“.
სტალინს, როგორც ეტყობა, გულში ჰქონდა ჩადებული „ბოლოკი დიადი ჩინელისგან“ მიღებული შეურაცხყოფა და საპასუხო შურისძიების გეგმა წინასწარ გაამზადა. მას მერე, რაც ვიაჩესლავ მოლოტოვს მისი (მოლოტოვის) სახელით მოაწვევინა საბჭოეთში მაო, უკვე იცოდა, თუ რა უნდა ექნა და დამატებითი სამხილების მოსაპოვებელი (მაოს წინააღმდეგ უკვე საბჭოთა ტერიტორიაზეც) თადარიგი წინასწარ დაიჭირა. ბელადმა სუდოპლატოვის უწყებას დაავალა, რომ ყველაფერი ეღონათ და მათ პირად ვაგონში მოსასმენი მოწყობილობები დაემონტაჟებინათ. ინფორმაციები კი მისთვის მოსკოვში ოპერატიულად მიეწოდებინათ. საბჭოთა დაზვერვამ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას. როგორც კი მაოს მატარებელმა საბჭოეთის საზღვარი გადაკვეთა, რუსული ტრადიციისამებრ, „დიად ჩინელს“ ფეშენებელურ ვაგონში საუცხოო რუსმა გოგონებმა „პურ-მარილი“ მიართვეს და მაოსა და მისი რამდენიმე თანმხლების შეუმჩნევლად იქ „ჟუკები“ დაამონტაჟეს... მაოს საპატიო მატარებელს, უკან და წინ ორი ორთქლმავალი მიჰყვებოდა, რომლებიც დაცვის ფუნქციებით იყვნენ აღჭურვილები. ამასთან, ორთქლმავლებში რადიოსიგნალების დამჭერი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული და რასაც მაოს ფეშენებელურ ვაგონში ლაპარაკობდნენ, „ჩეკისტები“ ყველაფერს იწერდნენ, თანაც იქიდანვე დაშიფრული ტექსტით უგზავნიდნენ სტალინს კრემლში და ბელადი მაოს ყველა აზრისა თუ შთაბეჭდილების საქმის კურსში იყო. მაოს ამ მოგზაურობაში თან ახლდა ჩენ ბოდა, რომელიც მისი პოლიტიკური მრჩეველი და „ახალი ჩინური სოციალიზმის“ ფუძემდებელი იყო. როდესაც მაოს მატარებელი ბაიკალის ტბის პირას, ერთ-ერთ სადგურზე გაჩერდა და მას საბჭოეთის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა შესთავაზეს, ჩინეთის მეთაურმა უარი განაცხადა, შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, და გზის გაგრძელება მოითხოვა. ხოლო, როცა ჩენ ბოდამ უარის მიზეზი ჰკითხა, გაღიზიანებულმა მაომ მას უღრიალა: „ბრიყვო! ისტორიის უცოდინარო! ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიაა და არა საბჭოური. საბჭოურ მიწას მოსკოვში დავადგამ ფეხს. ჯერჯერობით კი ჩვენზე, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვმგზავრობთ და იმედია, ულვაშა იოსებს ამ მიწას უკან დავაბრუნებინებ...“ ეს ტექსტი, „დიდი ჩინელის“ აზრები უკვე ათი წუთის მერე გახდა ცნობილი სტალინისთვის. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მაო ძედუნის დასახვედრად სტალინმა მე გამგზავნა და მითხრა:
– შენ მოიწვიე ის და შენვე დახვდიო...
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სტალინი მაოზე გაბრაზებული იყო, მაგრამ მიზეზი არ ვიცოდი და 17 დეკემბერს მაოს სტალინის გარეშე დავხვდი, თუმცა ის გენერალისიმუსს ელოდა...“
სტალინმა მაო, ფაქტობრივად, მოსკოვის ფეშენებელურ სასტუმროში შინა პატიმრობაში გამოამწყვდია, თანმხლებ პირებს არ აკარებდა და მას „ჩეკისტები“ ემსახურებოდნენ. მართალია, 21 დეკემბერს, თავის დაბადების 70 წლისთავზე დიდი თეატრის ლოჟაში გვერდით მოისვა, მაგრამ მისთვის ხმა არ გაუცია და ვახშამზეც არ მიუპატიჟებია. მხოლოდ 15 თებერვალს „შეიწყალა“ სტალინმა მაო და მას პირადად დაურეკა. ამხანაგი უწოდა და როდესაც მოლოტოვი და მაო მეგობრობის ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ, ცერემონიასაც დაესწრო და მასთან ერთად ერთი ჭიქა შამპანურიც კი შესვა. ორი დღის მერე კი პეკინში მშვიდობიანად გაამგზავრა.
скачать dle 11.3