№3 კოწახური – სიმსივნის წინააღმდეგ
სამედიცინო პრაქტიკაში კოწახურის შემცველ პრეპარატებს იყენებენ, როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ და ელენთის გადიდების საწინააღმდეგო საშუალებას, ასევე მალარიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას.
კოწახურის ფოთლის ნაყენი 40-პროცენტიან სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში. ფიტოთერაპიულ ლიტერატურაში იმის შესახებაცაა ცნობები, რომ კოწახური კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. როგორც უკანასკნელი წლების გამოკვლევებით გამოირკვა, კოწახურისგან გამოყოფილი ალკალოიდ ბერბერინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია.
ამურის კოწახურის ფოთლების ნაყენი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება მშობიარობის შემდგომი საშვილოსნოს ჰიპოტონიის დროს. აგრეთვე, სხვა მედიკამენტოზურ საშუალებებთან კომბინაციებში, მშობიარობის შემდგომი ენდომიტრიტების და საშვილოსნოს სუბინვოლუციის დროს.
ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ კოწახურის ნაყენს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები და იწვევს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას, ადიდებს გულის შეკუმშვათა ამპლიტუდას და ახშირებს რიტმს, დაბლა სწევს სისხლის წნევას. ამურის კოწახურის ფესვებისაგან დამზადებული პრეპარატების მოქმედებაც ანალოგიურია.
ჩვეულებრივი კოწახურის პრეპარატები ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირებას, შეკუმშვის გაიშვიათებასა და მათი ამპლიტუდის შემცირებას იწვევს. ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია) აუმჯობესებს ნაღვლის დენას, ამცირებს ტკივილებსა და ანთებით მოვლენებს.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროსა და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატებს, ქინინის მსგავსად, სიცხის დამწევი მოქმედებაც აქვს, ასევე, სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმისა და წელკავის (წელის გაშეშების) დროს. მიიღება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს.
ელენთის დაავადებისა და კუჭის სპაზმების დროს ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია ნაყოფის გამონახარში, სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ კი – ფოთლების გამონახარში.
რევმატიზმის დროს: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული კოწახურის ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დაახლოებით 4 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.
კოწახურის ნაყენი წყლულოვანი დაავადებებისა და გულისრევის დროს: აიღეთ 15-20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 200 გრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ 40 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და გააზავეთ ანადუღარ წყალში, ისე რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. დალიეთ 1 სუფრის კოვზი ნაყენი ყოველდღე, დღეში სამჯერ.