№3 როგორ მღვდლებს და მამაოებს ეძებენ დღეს ქრისტიანები და რატომ ბეზრდებათ მათ სახარება და ღმერთი
ადამიანი შეიძლება, წლების განმავლობაში დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ ბევრ რამეში ვერ ერკვეოდეს, არ იცოდეს და მისი შინაგანი მდგომარეობა შორს იყოს ჭეშმარტებისგან. ჩვენ სხვების მატერიალურ და სულიერ სახლში ფათური უფრო გვახასიათებს და მოგვწონს, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– რამდენჯერაც უნდა დაგვექცეს სულიერი სახლი, რაც ხშირად ხდება მარხვის შემდეგ, იმდენჯერ უნდა განვაგრძოთ შენება, აღდგენა. თუ სახურავი ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიყვარულია, ის არასდროს ჩამოგვექცევა. რამდენჯერაც უნდა ჩამოგვენგრეს სახლი, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ – სხვა საძირკველი, სხვა არქიტექტორი, სხვა სათნოებები არ უნდა ვეძებოთ. როგორც კი ღმერთი დაინახავს, რომ ვიღაც სულიერ სახლს ამპარტავნებით, ქედმაღლობით აშენებს, მოუვლენს განსაცდელს და ეს სახლი აუცილებლად დაირღვევა. ჩვენ სხვების მატერიალურ და სულიერ სახლში ფათური უფრო მეტად გვახასიათებს, მოგვწონს, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება.
– ამიტომაც ვვარდებით ხშირად განკითხვაში?
– არასდროს განიკითხოთ ადამიანი, რა მდგომარეობაშიც უნდა ნახოთ ის, რადგან მალე, შეიძლება, იმავე მდგომარეობაში ჩავცვივდეთ ჩვენ ან ჩვენი ახლობელი. ბევრს საკუთარი თავიც არ უყვარს, რაც თავისადმი უპატივცემულობით, არასწორი ცხოვრებით გამოიხატება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, უყვარდეს სხვა და დააფასოს მისი თვისებები. ეკლესიაში რომ შემოდიხართ, ღვთაებრივზე იფიქრეთ, რომ არ იცით ლოცვა, არ გაქვთ სიმშვიდე. უპირველეს ყოვლისა, ზეციური სიკეთე ითხოვეთ. ხშირად ადამიანი საკუთარი ნებით ცხოვრობს, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც უნდა და ამ დროს ამ ყველაფერს ეკლესიურობას არქმევს – რომ ყველაფერი უფლის ნებით მოხდა. გავუფრთხილდეთ უფალთან ურთიერთობას, რადგან ის ძალიან სათუთი, მისტიკური, სათნო და გასაფრთხილებელია.
– ხშირად ამბობენ, რომ მაცხოვარს არც ხორციელი შობა სჭირდებოდა და არც ნათლისღება, არავითარი ამაღლება, აღდგომა. მან ეს ყველაფერი ჩვენი ცხონებისთვის გააკეთაო.
– პირველი განცხადება ხილულად სწორედ ნათლისღებას მოხდა და ეს მოისმინა ეშმაკმაც, რომელიც ფეხდაფეხ დაჰყვებოდა მაცხოვარს. ღმერთმა კარგად იცის ეშმაკის ბუნება, ეშმაკმა კი ბოლომდე არ იცის ვისთან აქვს საქმე. იცის, რომ უნდა მოვიდეს მესია და დადარაჯებულია ყველა ქალწულთან. ის, რომ მარიამი დაწინდულია იოსებზე, ესეც ხაფანგი იყო, შენიღბვა, რომ ეშმაკმა ვეღარ გაიგოს. ეშმაკი ცნობისმოყვარეა, ძალიან შურიანი და ბოროტია. მას არ აქვს უფლება, რომ იესო ქრისტე სადმე გაიყვანოს, გამოსცადოს, მაგრამ სულიწმიდის მადლით, იესო ქრისტე ემორჩილება ამ პაექრობას და ესაუბრება ეშმაკს. ეშმაკს სურს, ეჭვი შეეპაროს ადამიანს ღმერთში. დღეს როგორ მღვდლებსა და დედაოებს ეძებენ? ჩემს წარსულზე ყველაფერი მითხრა: ასე მითხრა, ესე მითხრა, კუჭი მომირჩინა. მითხრა: შენი შვილი გათხოვდება, შენი ქმარი ლოთობას დაანებებს თავს და ასე შემდეგ. როდის მოვა ქრისტე მეორედ – სასწაულებს ელოდებიან. დაიმახსოვრეთ, რომ ბოლო წინასწარმეტყველი იყო იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც დაწერა იოანეს გამოცხადება. თქვენც ხშირად ეძებთ ისეთ მოძღვარს, რომელიც რაღაც ფოკუსებს აკეთებს, ადამიანებს რაღაცას ატყუებს, რომ ვაი და ვუი, თქვან. ნახე, წირვაზე რომ იტყვიან: ამას მირონი წამოუვიდა, იქ კანდელი თავისით აინთო. იცოდეთ, ამას ანტიქრისტე გააკეთებს. ურწმუნო მოდგმა კი სასწაულებს ეძებს. თუ კიდევ ეძებ სასწაულებს, მერე კიდევ უფრო მეტი სასწაული გჭირდება, შემდეგ მიხვალ ანტიქრისტეს ფეხებთან, რომელიც უფრო მეტ სასწაულს ჩაიდენს. მე სულიერი მოძღვარი იმისთვის მჭირდება, რომ ცხონებაში დამეხმაროს და არა იმისთვის, რომ სასწაულები მომიხდინოს, ხელფასი მომიმატოს, მანქანა შემაცვლევინოს.
– დღეს ხშირად ვამბობთ: დრო ძალიან შემცირდა.
– თუ დრო შემცირდა, ადექით ადრე და ბევრი დრო გექნებათ ბევრი რამის საკეთებლად, დღე სწორად წარმართეთ. ბევრ ქრისტიანს, მოძღვარს რომ წაუკითხოთ ციტატა სახარებიდან, ვერ მიხვდება, საიდან მოიტანე. როგორც ყველი, პური, ჩაი, საკვებია საჭირო, ასევე საკვებია ჩვენთვის სახარება. თუმცა, მთავარი მხოლოდ წაკითხვა არ არის. უნდა წაიკითხოთ და შემდეგ ეს ყველაფერი წმიდა მამების კომენტარებით გაიგოთ. მიხვდეთ – რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ არასწორად ვითარდებით, იმდენად მოგბეზრდებათ სახარება, ლოცვა, რომ მათ მიმართ ზიზღი დაგეუფლებათ. საღამოს დაფიქრდით, გადაავლეთ ყველაფერს თვალი, რეზიუმე გააკეთეთ და ღმერთს უთხარით: მაპატიე, ღმერთო, ჩემი დღევანდელი დღე იყო უაზრო, იყო უსაქმურობა, სიზარმაცე, ულოცველობა. დილით აღმადგინე სარეცლიდან უფრო მეტი შემართებით, უფრო თავმდაბალი, ყურადღებითა და ზომიერებით. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ცხოვრება ყურადღებითა და ზომიერებით წარმართულიყოს.
– დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო ჟამია და ეს კიდევ უფრო მეტად აშინებს ქრისტიანებს.
– წერია იოანეს გამოცხადებაში: ანტიქრისტე და მისი დამქაშები სამწელიწად-ნახევარზე მეტ ხანს ვერ იბოგინებენ. თქვენ სახლში არც პური შემოგაკლდებათ, არც რძე და არც თაფლი, თუ ამის რწმენა გექნებათ. ნუ გაბოროტდებით და ნუ განიკითხავთ. მთავარია, ნუგეში ეძებოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დროებით, რამდენიმე ხნით არის გადაცემული სამყარო არაწმიდა სულისთვის. ოღონდ მას ღმერთმა კი არ გადასცა, არამედ ჩვენ გადავეცით. მან, უბრალოდ, დაუშვა, რომ დროებით ყოფილიყო მის ხელში. სამაგიეროდ, ჩვენ გადმოგვცა სულიწმიდა, სისხლი და ხორცი თავისი, ცხონება, ცოდვები კი გვაპატია. თუ გამოვსწორდებით ჩვენი მომავალი ცხოვრებაც გამოსწორდება. ყოველი დღე დაიწყეთ ლოცვით, ეძიეთ ნუგეში და ის აუცილებლად მოვა. დიდი მამა სერაფიმ საროველი ამბობს: ქრისტიანისთვის მთავარია არა მარხვა, ლოცვა-ზიარება, ეს ყველაფერი საშუალებაა იმის, რომ ადამიანმა მოიპოვოს სულიწმიდის მადლი. ვინც მოიპოვებს სულიწმიდის მადლს, ის ცხონდება, იცხოვრებს ნორმალურად და ის იქნება უფალთან.
– რატომ არის ქრისტეს ერთგულება რთული?
– როცა ადამიანი, მღვდელი იქნება ის თუ ეპისკოპოსი, არ ცხოვრობს როგორც ქრისტიანი, მას ქრისტე სამღვდელო, სამოციქულო, ქრისტიანული პატივისგან განაყენებს. მაგრამ, ნუ შეაფასებთ ადამიანებს მოღალატეებად და ერთგულებად, სანამ მათი ცხოვრების დასასრულს არ იხილავთ. ქრისტიანობა თავის დამდაბლებაა. თუ არ დამდაბლდები, ისე ვერ გახდები ქრისტიანი. როდესაც მენელსაცხებლე დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, ისინი რწმენით მიდიან და სწამთ, რომ ლოდი გადაგორებული დახვდებათ. რწმენა უხილავში დაჯერებაა. ადამიანის ცხოვრების წესს უნდა დააკვირდე და არა იმას, როგორი ჯვარი უკეთია, როდის არის მონათლული და ვისი სულიერი შვილია. არავის გაჰყვეთ ბრმად იმიტომ, რომ ის მართლმადიდებელია. ბევრი მოტყუებულა ასე. მუდმივად ინტერნეტში არ უნდა ვიყოთ ჩაფლულები, ეს დაღუპავს ქვეყანას და გამოჩნდება ანტიქრისტეც, რომელიც იტყვის: მე ვარ ახალი მესია, გადამრჩენელი თქვენი, სამსახური არ გაქვს? – გექნება, შიშველი ხარ? – შეგმოსავ, გშია – დაგაპურებ. ამით ბევრი ადამიანი მოტყუვდება, გაჰყვება მას. რომ არ შეცდეთ, გათენდება თუ დაღამდება, ადიდეთ ქრისტე. სახარება წაიკითხეთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ერთგული ვარ ქრისტესი? რატომ ვამბობთ, რომ ტაძრები ცარიელდება? იმიტომ, რომ ქრისტეს ერთგულები აღარ არიან. მოსწყინდათ კვერექსებისა და „უფალო, შეგვიწყალეს“ მოსმენა.