კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ არის დაუშვებელი მშენებლობები ყოფილ სასაფლაოებზე, ნაგავსაყრელებსა და დაავადებული ცხოველების სამარხებზე და რატომ არ არსებობს ამ ადგილების ზუსტი კოორდინატები საქართველოს ტერიტორიაზე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

საბჭოთა დროიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე – სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, დედაქალაქშიც – იყო და ახლაც არის სხვადასხვა ტიპის სამარხები, მავნე, მომწამვლელი ნივთიერებებით დაწყებული და დაავადებული ცხოველებით  დამთავრებული, რაც საკმაოდ საშიშია, თუ ის სამარხები შემთხვევით გაიხსნა. მათი გახსნა კი სავსებით რეალურია იმ მარტივი და სავალალო მიზეზით, რომ არ არსებობს რუკები, რომლებზეც ასეთი სახიფათო ზონებია დატანილი (რუკები არსებობდა, ოღონდ ისინი დღეს ჩვენ არ გვაქვს), ამას ემატება უკვე დამოუკიდებლობის წლებში მოსახლეობის მიერ თვითნებურად მოწყობილი სამარხები (დაავადებული საქონლის დასამარხად), რომელთა ადგილმდებარეობაც, ასევე, უცნობია. ამასობაში კი, შესაძლოა, ის ტერიტორიები გადაეცეს კერძო მესაკუთრეს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან სხვა რამე საქმიანობისთვის (იმიტომ რომ ტერიტორია გეოლოგიურად ყველა მოთხოვნას პასუხობდეს) და, რეალურად, დაავადების გავრცელების საშიშროების წინაშე დავდგეთ. რა სიმწვავით დგას ეს პრობლემა და არსებობს თუ არა მისი გადაჭრის გზები? – ამ თემაზე ნინო ჩხობაძესთან ერთად ვისაუბრებთ.   
– თუ არსებობს სამუშაო რუკები, რომლებიც გამოიყენება ნებართვების გაცემისას, ანუ რა ვიცით საქართველოს მიწის ქვეშ არსებულ მდგომარეობაზე, როგორ ვიყენებთ ამ ცოდნას და რა ზიანი მოაქვს არცოდნას?
– დავიწყოთ იმით, რომ ოდესღაც ეს რუკები არსებობდა, მაგრამ დღეს ასეთი რუკები აღარ გაგვაჩნია. მით უფრო, რომ გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მოყოლებული, თუ საქონელი რამე ეპიდემიით კვდებოდა, იშვიათად ჰქონდა ვინმეს შესაბამისი ნებართვა და ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უნებართვო ნამარხია. ამის გამოა, რომ ჩვენ ზუსტი რუკები არ გვაქვს და თუ გვაქვს, ძალიან ძველი, ისიც, თუ ვინმეს შემთხვევით აღმოაჩნდა. დავამატოთ, რომ მხოლოდ დაავადებული საქონლის ნამარხების პრობლემა არ გვაქვს, იგივე პრობლემაა, მაგალითად, ქლორთან მიმართებაში, რადგან არ ვიცით, ზუსტად, რა მდგომარეობაა.
– რას გულისხმობთ?
– არსებობს ქლორის ძველი ნამარხები, რომელსაც ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია იკვლევდა. ადრე წყალმომარაგების სისტემისთვის თხევად ქლორს იყენებდნენ და დღეს, როცა ეს აღარ არსებობს, ქლორი ადგილზე დევს, რაც ძალიან საშიშია. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ვირუსული თვალსაზრისით არ გვაქვს ეს პრობლემა, ქიმიური ნივთიერებებიცაა დამარხული და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია. ჩვენდა სამწუხაროდ, ინვესტიციის განხორციელებისას, თუ ინვესტორი რამეს აშენებს, შეიძლება, აღმოაჩინოს რაღაც ნამარხი. ძალიან სახიფათოა, თუ ეს ნამარხი ცხოველების აღმოჩნდება, რადგან ამან შეიძლება, ეპიდემია გამოიწვიოს, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ზოგიერთი ჩხირი დიდხანს ძლებს და ბოლომდე სიცოცხლისუნარიანია. იყო შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, შემოვლითი რკინიგზის პროექტზე ვმუშაობდით, გვქონდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ თბილისის გარშემო ძალიან ბევრი ნამარხია და გარემოს ზემოქმედების შეფასებითი ანგარიშის მომზადებისას მოვითხოვეთ, ეს საკითხი ბოლომდე გამოეძიებინათ. ინფორმაციის ნაწილი მოიძიეს, ნაწილი – ვერა.
– მოიძიეს, ანუ შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ნამარხები?
– იქ იყო დაფიქსირებული. სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მკაცრად აღირიცხებოდა სამარხები, ამიტომ სანიტარიის სამსახურებს, რომლებიც 2006-ში გავაუქმეთ, ეს ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ჰქონდათ, ანუ არქივებში იყო შენახული. ასეთივე სიტუაციაა მთელ საქართველოში. მაგალითად, არსებობს ისეთი დაავადების კერებიც, როგორიც ციმბირის წყლულია.
– იმიტომ რომ ამით დაავადებული ცხოველების ნამარხებია, რომელთა კოორდინატები არ ვიცით?
– თუ ცხოველები არ არის დამწვარი და  პირდაპირაა დამარხული, ეს ისევ კერაა. ამიტომაა რეკომენდებული, რომ დაავადებული ცხოველი ჯერ დაიწვას და ამის შემდეგ დაიმარხოს. დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და დაცემული საქონლის განადგურება უფრო მარტივადაა შესაძლებელი, იმიტომ რომ საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც შეუძლიათ ამ მომსახურების გაწევა, ოღონდ, ცხადია, რომ ეს ხარჯიანია.
– შესაბამისად, ახლაც შეიძლება, იყოს დაავადებული ცხოველების უკანონო სამარხები?
– იშვიათად, რადგან მეტ-ნაკლებად მაინც აღირიცხება და განსაკუთრებით ახლა, რადგან ევროპულ ბაზარზე გასვლა გვინდა, ცხოველების ჯანმრთელობა ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
– გვახსოვს, როგორი კომედია დაიდგა მედიის შესრულებით გოჭების პასპორტიზაციაზე, ყველა დასცინოდა შესაბამის სამსახურებს, ვინ გაიგონა გოჭების პასპორტებიო, არადა, რეალურად, ეს ღორების დაავადებების თავიდან აცილების  ერთადერთი გზაა, რომ ისევ და ისევ ჩვენ და გარემო არ დავზარალდეთ.
– ჩვენ არ აღვიქვამთ ამ პრობლემას სერიოზულად და მხოლოდ მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც ვირუსული ეპიდემიაა მოსახლეობაში. გვქონდა ჯილეხის შემთხვევები და არ გაგვიმხელია, ასევე, ციმბირის წყლულის შემთხვევებიც იყო. არადა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დაავადებების გავრცელების პრევენცია, იმიტომ რომ ისინი შეიძლება, გადაეცეს ადამიანს და მისგან გავრცელდეს. დღეს ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.
– როგორც მივხვდი, ცხოველების ყველა დაავადება გადადის ადამიანზე.
– დაავადება ასეთი სტიქიური სამარხიდანაც შეიძლება, გადავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები არ არის მონიშნული და, თუ ცხოველი იმ ტერიტორიაზე მოძოვს შეიძლება, დაავადდეს.
– ვილაპარაკეთ იმაზე, რომ შესაძლოა, გავრცელდეს დაავადება, თუ ვინმემ სამარხი შემთხვევით გათხარა, მაგრამ თავისთავად ასეთი ტერიტორიის არსებობა არ არის საფრთხის შემცველი, ანუ არ უნდა იყოს მონიშნული, თუნდაც, ამ პოტენციური საფრთხის გამო?
– გარემოს არ აზიანებს, მაგრამ საქონელი, რომელიც იქ ძოვს, შეიძლება, დაასნებოვნოს.  საქონლის ნებისმიერი მასობრივი დაცემა კი პრობლემაა.
– გვახსოვს ღორების ეპიდემია, რის შემდეგ ღორები ლამის მთელ საქართველოში გაწყდა. ვითომ ყველა დაცემული ცხოველი დაწვეს და მათი ფერფლი დამარხეს?
– ნაწილი დაწვეს, რეკომენდაცია გაიცა, რომ უნდა დაეწვათ და მოსახლეობამ ეს უმეტესად გაითვალისწინა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დაავადებული ცხოველები არათუ არ დაწვეს, არამედ მათი ხორცის რეალიზაციას შეეცადნენ. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შინაურ ცხოველს აქვს დაავადება და გადაედება მას, ვინც ამ საქონელს უვლის.  წინა წლებში გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მთელი ოჯახი დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ძალიან ფრთხილობს, ამის საფრთხე დღესაც არის.
– ნამარხებისა და მავნე ნივთიერებების სამარხების რუკები სადღაც ხომ იქნება? საბჭოთა კავშირი ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო და ჩვენ თუ არ გვაქვს, შესაძლოა, სხვაგან იყოს. რატომ არ მოიძიებს სახელმწიფო ამ დოკუმენტაციას, ესეც აგენტურის სიები ხომ არ არის?
– მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ვიპოვოთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფო სტრუქტურებიც ეძებენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ,  ძალიან ბევრი ინფორმაცია, უბრალოდ, განადგურდა, მიიჩნიეს, რომ საჭირო არ იყო.
– დივერსიას გამორიცხავთ?
– მოტივი იყო, რაში დაგვჭირდება, რა საჭიროა, ზედმეტი ქაღალდი რატომ უნდა გვქონდესო. ანუ ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს ინფორმაცია დაუდევრობის გამო განადგურდა.
– აბა, დავრჩით იმის იმედად, რომ არ გადავეყრებით ნამარხებს და გადავრჩებით?
– რადგან ბევრს ესმოდა, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გამქრალიყო, ეს დოკუმენტაცია სახლებში წაიღეს, ანუ ის მოსახლეობაშია გაბნეული. ამიტომ ვთხოვთ მათ, ვისაც მსგავსი დოკუმენტაცია აქვთ, იქნებ რამენაირად შესაბამის ორგანოებს ჩააბარონ, იმიტომ რომ ეს არის ფასდაუდებელი ინფორმაცია. პატრონი ვერაფერში გამოიყენებს, ფულს ვერ იშოვის, მაგრამ ვიღაცისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ამ ინფორმაციას დასჭირდება დამუშავება, რა გამოდგება და რა – არა. ამით იმის თქმა მინდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებული ინფორმაცია მეტ-ნაკლებად არის, მაგრამ, რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გასული საუკუნის 90-ან წლებიდან მოყოლებულ პერიოდს, ნაკლებად გვაქვს.
– როდესაც სამარხების შესახებ არ არის არანაირი დოკუმენტი, მათი გამოვლენის რამე სხვა საშუალება  არსებობს?
– ასეთ დროს წყარო არის ადგილობრივი მოსახლეობა, როდესაც მშენებლობა იწყება, ხშირად თვითონ მოსახლეობა ამბობს, რომ ამა და ამ ადგილას შესაძლოა, იყოს ნამარხი და, როგორც წესი, ამას იყენებენ სპეციალისტები გარემოს ზემოქმედების შეფასებითი ანგარიშის მომზადებისას. როდესაც ჩვენ ვერთვებით განხილვებში, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურისა თუ სხვა მსხვილი ობიექტის მშენებლობა, ვიწყებთ იმით, არის თუ არა ბოლომდე შესწავლილი ის ნამარხები, რაც შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს.
– ძველი სასაფლაოები თუ წარმოადგენს საფრთხეს?
– სასაფლაოებზე არანაირი მშენებლობები არ არის მიზანშეწონილი, თუნდაც, ჩვენი  ტრადიციებიდან გამომდინარეც.
– თუ აშენდა საცხოვრებელი სახლი და ისევ დაეყარა მიწა, მაინც საშიშია?
– თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზეც საფრთხილოა მშენებლობა?
– მე კი ვიცი, დეველოპერებმა თუ იციან?
– დეველოპერები, ჩვენდა სამწუხაროდ, არ აწვდიან სწორ ინფორმაციას მოსახლეობას, თუმცა თვითონ მოსახლეობამაც უნდა იცოდეს, რომ თითოეული ნაგავსაყრელი საფრთხეა. რადგან იქ არსებობს სპეციალური ორმოები, რომლებშიც ნადგურდებოდა დაავადებული ცოცხალი ორგანიზმები. მართალია, იმ ორმოებს, როგორც წესი, შემდეგ ქლორით ამუშავებდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ამიტომ ნაგავსაყრელები ძალიან სახიფათო ტერიტორიად ითვლება. სხვა საკითხია, რომ დეველოპერებისთვის ეს გაუგებარია და გარემოს დამცველებს გვეჩხუბებიან, რომ  მშენებლობებს ვუშლით ხელს. არ ვუშლით, მაგრამ ტერიტორია უნდა შეფასდეს. სამწუხაროდ, საცხოვრებელი სახლების მშენებლებს გარემოს დაცვით მოთხოვნებს არ უყენებენ. თუმცა ზოგ ქვეყანაში მუნიციპალიტეტებს ასეთი მოთხოვნა აქვთ. ჩვენთან კი ეს სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული.
скачать dle 11.3