კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ გამოაგდეს ქეთევან კიკნაძე სკოლიდან და როგორ აჩუქა მას გიგა ლორთქიფანიძემ მესამე შვილის სანაცვლოდ მანქანა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ქეთევანი.
გვარი: კიკნაძე.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობის მოგონება...
– ბორჯომში ვცხოვრობდი. მამა რომ დააპატიმრეს, მე ათი დღის ვიყავი. ამ გადასახედიდან, ბავშვობა ძალიან ცუდი მქონია – სიღარიბე, ულუკმაპურობა, რეპრესირებულების ოჯახი. მაგრამ ბავშვი ვერ გრძნობ, რა გაკლია და იმ პერიოდს მხიარულად ატარებ. ახლა რომ ვიხსენებ, თურმე, რამდენი რამ მაკლდა. დედაჩემი წელებზე ფეხს იდგამდა, რომ ჩვენ გვეჭამა, გვესვა, ჩაგვეცვა... ერთხელ, დედა სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან იყო წასული. იქიდან რაღაცები ჩამოჰქონდა ხოლმე. რომ ბრუნდებოდა, თურმე, ხაშურში გაქურდეს, ყველაფერი წაართვეს და მხოლოდ თავის პატარა ჩანთა დარჩა, სადაც ლაკის ტუფლები ეწყო. დილით რომ გავიღვიძე, მახსოვს, დედა საწოლთან მეჯდა. მახსოვს, ჩამაცვა ეს ლაკის ტუფლები და ვიწექი ამ ფეხსაცმელებით.
– თქვენი პროფესია რამ განაპირობა?
– ბავშვობიდან სპორტში ვიყავი ჩართული, ტანვარჯიშის ყველა ილეთს ვაკეთებდი. კარგად ვცეკვავდი, მაგის გამო სკოლიდან გამომაგდეს, ეგ ბიჭთან ცეკვავს და არაფერს სწავლობსო. ძალიან მიყვარდა კინო, თეატრი და ოცნება მქონდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. როგორც რეპრესირებულის შვილს, არ მწყალობნდენ და კონცერტებზე არ გამოვყავდი. ერთხელ რაღაც „პარადი“ იყო და ჩავერთე, შპაგატში ჩავჯექი, დროშა მომქონდა და როგორ მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანად ჩამთვალეს.
– პროფესიული ჩვევა...
– პროფესიული ჩვევა მქონდა – როდესაც პრემიერა იყო, გასვლის წინ პირჯვარი გადამიწერია და სცენის ჭუჭყიან, მტვრიან ფარდებზე მიკოცნია.
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერის მჯერა. ერთხელ, მანქანით მთაწმინდიდან მოვდიოდი და ფანჯრები ღია მქონდა. უცბად კლდეებს ქვა მოსწყდა და მანქანას ზემოდან დაეცა, ის რომ ფანჯარაში შემოვარდნილიყო, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. ამან არ მომკლა, ესე იგი, რაღაც კოდი არსებობს, რომელსაც ადამიანი ელოდება, რომ ის უნდა მოხდეს, ეს კი – არა.
– რამდენად რისკიანი ხართ?
– რისკიანი ვარ, როცა საჭესთან ვზივარ, ხანდახან საჭიროა რისკი, რომ ვიღაც არ შეგეთხლიშოს. ყველანაირი ტრანსპორტი მიტარებია, გარდა თვითმფრინავისა. ერთხელ, გადაღებაზე ცირკის მოცეკვავე ქალის როლში ვიყავი და იქ ვცეკვავდი. იქ იყო მოტოციკლეტი, გავრისკე და დავჯექი. მე და ჩემი მამიდაშვილი ჩუმად ვჯდებოდით ბიძაჩემის მანქანაზე, ის ატარებდა და მე ვცდილობდი, რომ მესწავლა. ჯერ „მოსკვიჩზე“ ვიჯექი, მერე „ვოლგაზე“, „მიცუბიშზე“, ახლა „ჯიპი“ მყავს, ასე რომ, თავის დროზე ნატო ვაჩნაძეს უტარებია მანქანა წინა საუკუნეში, მაგრამ მე რომ მანქანაზე დავჯექი, თბილისში საჭესთან ქალი არ იჯდა. მეგობარმა ძაღლი გვაჩუქა. გიგას ვუთხარი, ოღონდ ეგ ძაღლი წაიყვანე, შვილს გავაჩენ და იმას მოვუვლი-მეთქი. აი, მესამეს თუ გააჩენ, ძაღლს წავიყვან და მანქანას გიყიდიო. ასე გაჩნდა ჩვენი მესამე შვილი.
– ეჭვიანი ხართ?
– ჩემსა და გიგას შორის ეჭვიანობა იყო. მეც ეჭვიანი ვიყავი და გიგა – უფრო ეჭვიანი, მაგრამ რომელიმეს რომ გვეფიქრა ოჯახის დანგრევაზე ან რაიმე სერიოზული ყოფილიყო, არ ყოფილა. შეიძლება, გიგას ჩემთვის უღალატია, ეს სერიოზული არ ყოფილა. ვინმე რომ შეყვარებოდა, იმას ვერ გააჩერებდი, აუცილებლად წავიდოდა. ძალიან ბევრჯერ მისაყვედურია, რა არის ეს ეჭვიანობა-მეთქი. 70 წლის ვიყავი და მაინც ეჭვიანობდა. ვეუბნებოდი, ხომ არ გადაირიე, სირცხვილია, უკვე ამხელა ქალი ვარ, სულ მეკითხები, სად იყავიო. მიპასუხა: როცა არ ვიეჭვიანებ და არ შეგეკითხები: სად ხარ, მაშინ ჩემთვის სულერთი იქნებიო.
– ბატონ გიგას თქვენთვის ინტიმურ სცენებში მონაწილეობა თუ დაუშლია?
– გიგას ინტიმური სცენები არასდროს დაუშლია, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. დეკოლტეები რომ მოდაში შემოვიდა, ყოველთვის მეცვა. ბევრჯერ კი კარიდან მოვუბრუნებივარ: წადი, ეს ფეხსაცმელი ამ კაბას არ უხდებაო. თვითონ რას ჩაიცვამდა, სულერთი იყო.
– გამხდარხართ ინტრიგის მსხვერპლი?
– ინტრიგაც ბევრი ყოფილა ჩვენს თავს, მაგრამ რამდენადაც ეცადნენ, ჩვენი ოჯახი მით უფრო შეიკრა. ერთხელ ვიღაცამ სახლში დარეკა, გიგამ უპასუხა და მე მიკითხეს. გიგამ უთხრა, სახლში არ არისო. ცოტა ხანში ისევ დარეკეს – იცით, თქვენი ცოლი სად არისო. სად არისო, – ჰკითხა გიგამ. ჰოდა, გაარკვიეთო. გიგამ უპასუხა: გარკვეული მაქვს, გენაცვალე, წადი თეატრში და იქ ნახავთ სპექტაკლზე, ქეთინო დღეს თამაშობსო. როგორ შეიძლება, გიგას არ სცოდნოდა, მე სპექტაკლი მქონდა თუ არა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გიგა მუშაობდა ვიღაცასთან და იმის მეუღლეს ჩემთვის ცუდი რამ გაუკეთებია, მაგრამ მე ეს არ შემიმჩნევია, იმიტომ რომ იქ რომ სხვა ძაფია გაბმული, შენ ამით ხელს უშლი. ყველაფრის წამოყვირება არ არის ჩემი თვისება.

– იმედი როდის გიცრუვდებათ?
– ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შვილებს ყველას გაუმართლათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მაგათ ეგონათ, რომ ყველა კაცი ისეთი ქმარია, როგორიც გიგა იყო. უთქვამთ კიდეც, რომ ჩვენ გვეგონა, რომ ყველა კაცი ისეთი იქნებოდა, როგორიც გიგა იყო შენთანო. ადამიანისგან რაღაცას რომ არ ელი და მიიღებ, უკვე იმედგაცრუებული ხარ.
– რას აფუჭებთ?
– ახალი ცხოვრება რომ დაიწყო, აღარც შუქი, აღარც გაზი, დენი გაძვირდა, ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რეფლექტორი ჩავრთე და მრიცხველი ძალიან სწრაფად ტრიალებს, რა ვქნა, არ ვიცი-მეთქი, მან მასწავლა – შეაკვეხე ფირი, რომ გაჩერდება, ჩაჭერი და აღარ იტრიალებსო. მე გიგასი მეშინოდა, ღამით მივხურე კარი, შევდექი სკამზე და შევტენე ეს ფირი, არ გაჩერდა არაფერი, ვტენე და ვტენე – კინოსტუდიიდან მქონდა ფირები წამოღებული. ბოლოს და ბოლოს ჩავჭერი, მაგრამ ხომ ჩარჩა შიგნით. ერთხელ, ინკასატორი რომ მოვიდა, სახლში არ ვიყავი. გიგა იყო და სადილობდა. ინკასატორს უთქვამს: რა არის, ბატონო გიგა, მთელი „თუთაშხია“ შიგნით შეგიტენიათ, მრიცხველი არ ტრიალებსო. გიგას უთქვამს, არ ვიცი, ბატონო, არაფერი, ჩემი ცოლი რომ მოვა, მას ჰკითხეთო. რომ მოვედი, გიგამ მითხრა: რას კადრულობ, არ გრცხვენიაო? მოკლედ, გადავრჩი.
– გაბუტვა იცით?
– კი, კამათიც გვქონია, კიდეც გავბუტულვარ. ყოველთვის მე ვყოფილვარ დამნაშავე, მაგრამ ამხელა კაცი ბოდიშს მომიხდიდა: მაპატიე, კარგი, გეყოფაო და ამ დროს  უკვე განიარაღებული ვიყავი.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– მე გიგასთვის არასდროს მომიხდია ბოდიში, ყოველთვის ის მიხდიდა.
– ყვირით ოდესმე?
– არასდროს. ადამიანი რომ იყვირებს და შენ გადააყვირებ, მოდი, ერთამენთს ვაჯობოთო, ეს არ შეიძლება. შენ რომ იყვირებ, მე უნდა დავფიქრდე, ცოტა მოვითმინო, თუ არ მოვითმენ, რას მოვიგებ, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, ასეა.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– თუ მოკვლას გიპირებს, რა თქმა უნდა, ვერ აპატიებ, ისე კი შემნდობი უნდა იყო, მპატიებელი, რომ უნდა შეუნდო ადამიანს. მე ეს ყველაფერი გიგასგან
ვისწავლე. ადამიანი დამნაშავე რომ იყო, წაეჩხუბებოდა, საყვედურს ეტყოდა, მაგრამ მალე ივიწყებდა. არ ჩაიდებდა გულში, ეს არ შეეძლო. ყველას ყველაფერს პატიობდა. ერთხელ კი ვუთხარი ერთ ადამიანზე, როგორ შეგიძლია მაგასთან ურთიერთობა-მეთქი. ქეთინო, ყველა ვიცი რისი ჩამდენია და ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, თორემ, იცოდე, კენტად დარჩებიო. მე ისეთი რამ მიპატიებია ადამიანისთვის, ამას ბევრი არ აპატიებდა – ვგულისხმობ, ცუდს რომ გაგიკეთებს ადამიანი და არ შეიმჩნევ. რაღაც ურთიერთობები ფუჭდება და  ამიტომ გავჩუმებულვარ. სამაგიეროს გადახდა არ შემიძლია.
– დაგიწყევლიათ ვინმე?
– ბებია მყავდა, რომელიც თუ დაიწყევლებოდა, მორჩა, ისე მოხდებოდა. იმას ვგავარ. ახალგაზრდობაში ერთი-ორჯერ რომ დავიწყევლე, ზუსტად ისე მოხდა. იმის შემდეგ არ ვიწყევლები. გიგას რომ გავაბრაზებდი ან თვითონ გამაბრაზებდა, ყოველთვის გავაცილებდი კარამდე, პალტოს ჩავაცმევდი, ვაკოცებდი და თუ ისევ გაბრაზებული ვიყავი, მეუბნებოდა, იცოდე,  არ დამწყევლოო.
– მკითხავთან ყოფილხართ?
– კი. სანამ გავთხოვდებოდი, ბორჯომში იყო სონა მკითხავი, საიდან არ ჩამოდიოდნენ მასთან. ნათელმხილველი იყო, ხალხს მიცვალებულებიც კი აპოვნინა. აუცილებლად ღამის ხუთ საათზე უნდა მისულიყავი. კარგად რომ გათენდებოდა, აღარ მკითხაობდა. დედაჩემს ვუთხარი, ამ სონა მკითხავთან მეც უნდა მივიდე-მეთქი. ოთახში რომ შევედი, გული ძალიან მიცემდა. შემომხედა, – შვილო, რა არის, შენი გული ასე რატომ ცემს? ფული რამდენიც გინდა, იმდენი მომეცი, მაგაზე ხომ არ ღელავო. დღეს რა რიცხვიაო? ვუთხარი: 28 აგვისტო-მეთქი. აი, 29 სექტემბერს შენ გათხოვილი იქნებიო. წამოვედი, ვიცინოდი მის ნათქვამზე. გიგა ჯერ გაცნობილიც არ მყავდა. მერე გავიცანი და მართლაც ასე მოხდა ყველაფერი, 29-ში გათხოვილი ვიყავი.
– სიზმრების გჯერათ?
– ძალიან. წინასწარ ვიცი ყველაფერი. გიგას მემორიალი რომ გავხსენი, იმ ღამით მესიზმრა, სახლში დამიხვდა ვითომ და შუბლზე მაკოცა. მჯერა, რომ რაღაც ძალა არსებობს.
– რისი გრცხვენიათ?
– დითირამბებს ზედმეტად რომ გეუბნებიან, ეს ცოტა უხერხულია. რაც უნდა მითხრან, მე ვიცი, როგორი ვარ და რა შეხედულებები მაქვს. მერიდება იმის, ადამიანი პატივს რომ მცემს, არ ვიცი, ეს როგორ ავუნაზღაურო.
– რისგან იღებთ სიამოვნებას?
– გარეთ რომ გავდივარ, როგორ მხვდება ხალხი – ეს არის ჩემი სიამოვნება, ეს არის ჩემი ცხოვრება. ვფიქრობ, რომ მე მიზანს მივაღწიე. ამას გარდა, ქუჩაში მოდის უცხო ადამიანი, მეხვევა, მეუბნება: გიგამ ეს გამიკეთა, გიგამ ის გამიკეთა. გაშტერებული ვუყურებ ხოლმე. გიგა ამას არასდროს იტყოდა სახლში.
– შეგშურებიათ რაიმე?
– ვინმესი რამე რომ შემშურებოდა, 50 წლის ბუფეტი არ იდგებოდა ჩემს სახლში. რაც გავთხოვდი, მას მერე იგივე საძინებელი მიდგას. არ მქონია მისწრაფება ნივთებისადმი. მყავდა მილიონერი და მდიდარი მეგობრებიც, მაგრამ არასდროს მიმიბაძია. მე რომ რამე შემშურებოდა, აუცილებლად მოვიპოვებდი.
– რა არის თქვენთვის ამორალური?
– შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ისეთ შეცდომას დაუშვებს, რაც ჩემთვის ამორალურია, მაგრამ ამაზე ეს ადამიანი არ უნდა ალაპარაკო, ეს ყველაზე დიდი ამორალური თვისებაა.. როგორც გინდა, ისე იცხოვრე, მაგრამ ამაზე დაჯდე და საზოგადოებრივად ილაპარაკო, ჩემთვის მიუღებელია.
скачать dle 11.3