№2 როგორ მოიტაცეს „სფარქლის“ გოგონებმა ახალი წევრი პირდაპირ ქორწილიდან და როგორ უზიარებენ ისინი ერთმანეთს ქმრებს
„სფარქლს“ ახალი ამბები აქვს – სალომე მერებაშვილმა ჯგუფი დატოვა და ახალი წლიდან ახალი გეგმები გოგონებმა უკვე ახალ წევრთან, ია ორჯონიკიძესთან ერთად დააწყვეს.
ანი ჩხეიძე: ჯგუფში ძალიან დიდი ცვლილება გვაქვს. სალომე მერებაშვილმა დაგვტოვა და გვყავს ახალი წევრი, ულამაზესი და უმშვენიერესი, უნიჭიერესი ია ორჯონიკიძე, რომელიც ძალიან მონდომებულია და ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთება უნდა.
– სალომემ რატომ დაგტოვათ?
– ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ 2019 წელს. ეს ყველაფერი შევთავაზეთ სალომეს და დროის უქონლობის გამო მან უარი განაცხადა. ჩვენთან ერთად მუშაობას ვეღარ ახერხებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეპოვა შედარებით მოცლილი და მონდომებული ადამიანი (იცინის)... ვისაც ჩვენნაირად უნდა იმის მიღწევა, რისიც ჩვენ. ნინი და ია ბავშვობიდან მეგობრობენ, მე ახლა გავიცანი.
– ეს სკანდალური წასვლა-მოსვლა იყო თუ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა?
ნინი გველესიანი: არა, სკანდალური არაფერი მომხდარა. ეს მართლა დროის უქონლობის გამო მოხდა და ჩვენთვის სიმღერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს ვდებთ საამისოდ. მისთვის არ იყო ასე. ძალიან დაგვწყდა გული.
ანი: გარეგნულადაც ჯდება ჩვენს სტილში, მუსიკალური გემოვნებაც ჩვენნაირი აქვს. ძალიან მაგრად შეუძლია რეპის შესრულება, რაც სალომეს წასვლის შემდეგ ძალიან გვჭირდებოდა. მოკლედ, იდეალური გოგო ვიპოვეთ.
ია ორჯონიკიძე: ოთხი წლიდან ვდგავარ სცენაზე და ნინისაც ამ ასაკიდან ვიცნობ. ჯგუფი გვქონდა და ერთად ვწერდით სიმღერებს, ერთი პედაგოგი გვყავდა. „სფარქლს“ ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, რადგან ძალიან მომწონდა. ჯგუფში ყოფნაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა ტაიმაუტი მქონდა და მინდოდა, რამე გამეკეთებინა. ზუსტად იმ პერიოდში შემეხმიანენ გოგოები და სიამოვნებით დავთანხმდი.
ანი: ცოტა ხნის წინ გათხოვდა, ქორწილის მეორე დღეს დაურეკა ნინიმ და ეგრევე მოქანდა (იცინიან). მესამე დღეს მალდივებზე წავიდა თაფლობის თვის გასატარებლად.
– როგორც ვიცი, ბერასთან იყავი სტუდიაში.
– ეს იყო „ჯიდიესის“ ლეიბლი, სადაც ნინიც იყო. ერთი წელი დავდიოდით „ჯორჯიან დრიმს“ სტუდიოში, ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, რისთვისაც ყოველთვის მადლობას ვუხდი ბერას. ბერა ჩვენი უახლოესი მეგობარი იყო, ადამიანი, რომელიც საუკეთესო რჩევებს გვაძლევდა და უფროსი ძმასავით გვყავდა. ისიც გვეუბნებოდა, რომ მისი დაიკოები ვიყავით. ახლაც ჩემი კარგი მეგობარია.
– საავტორო უფლებებთან დაკავშირებითაც გქონდა სერიოზული დავა.
– „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსში ვმონაწილეობდი. ჩემთვის ქართული სიმღერა, „ჰარალე“ დაიწერა და ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული. ერთად შევქმენით ეს კომპოზიცია, რომელიც ქართულ მოტივებზე იყო დაფუძნებული. ანაკლიის ხიდის გახსნაზე გაიჟღერა ამ სიმღერამ – ნინო სურგულაძემ შეასრულა, რაც ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო. დიდი პატივია, როცა შენს სიმღერას ნინო სურგულაძე ასრულებს, უბრალოდ, ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო და რადგან არავინ გამაფრთხილა, ამან ჩემი აგრესია გამოიწვია. თუმცა, საქმე სასამართლომდე არ მისულა, ვისაუბრეთ და მოვაგვარეთ ეს ამბავი.
– ხასიათით როგორ შეეწყვეთ გოგოები ერთმანეთს?
ნინი: რაღაცით ვგავართ კიდეც, მაგრამ ია და ანი უფრო გვანან.
– ცოტას ხომ არ ეჭვიანობ, შენი დაქალი იყო ბოლოს და ბოლოს.
– ესენი უფრო ეჭვიანობენ და ეგოისტები არიან, ვიდრე მე (იცინის).
ანი: მე მართლა არ შემიძლია სხვანაირად. რომ გავიგო, რომ ჩემს გარეშე წავიდნენ სადმე, შეიძლება, მოვკვდე. ძალიან ეჭვიანი ვარ და ვინც მიყვარს, ყველა მარტო ჩემთვის მინდა (იცინის).
ია: სელფი რომ გადაგვიღია მარტო მე და ნინის, გვესმის ანის ხმა: კაი, აბა, კარგად, მე წავედი ჯგუფიდან! (იცინის)
– ია გათხოვილია, ანი – დანიშნული... ნინი, შენთან რა ხდება?
ნინი: არაფერი სერიოზული, ერთი თავისუფალი საჭიროა. სადღაც რომ მივდივართ, თითებზე გვაკვირდებიან და უი, შენ ბეჭედი არ გიკეთიაო, – მეკითხებიან (იცინის). ყველგან მატენიან ესენი, ნინი, მიდი, ნინი... (იცინიან).
– იასგან მაინტერესებს: როგორი იყო ქმრის რეაქცია, ქორწილის მეორე დღეს რომ გოგოებთან გამოიქეცი?
ია: ქორწილის მეორე დღეს, ნინიმ რომ მომწერა, დათუნას ოჯახში ვიყავით და თვითონ მომიყვანა გოგოებთან. პირიქით, გაუხარდა.
– სიყვარულის ისტორიებიც გავიხსენოთ.
ანი: ჩემი შეყვარებული ირაკლი ფიფია ყველამ იცის. ჩემს სფეროშია და ყველაზე დიდი გულშემატკივარი და სტიმულია. ოთხი წელია, ერთად ვართ და მალე ორი წელი გახდება, რაც დავინიშნეთ. ორივე კარიერისტები ვართ და გვინდა, ჯერ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და ამასობაში ბინაც გვირემონტდება.
ია: მე და ჩემი მეუღლე სკოლელები ვიყავით. მაშინ არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ სიმპათია, მერე სხვა სკოლაში გადავიდა, ისევ დაბრუნდა და მახსოვს, პირველმა მე დავამატე „ფეისბუქზე“. ვაღიარებ, ცოტა უკარება ვიყავი და არავის ვპასუხობდი, მაგრამ დათუნა ძალიან პროფესიონალურად მომიდგა (იცინის). ყოველთვის კარიერასთან დაკავშირებით მწერდა და მეც ყოველთვის ვპასუხობდი. ერთ დღეს დაბადების დღეზე დამპატიჟა, სადაც მარტოები აღმოვჩნდით. სადაც სიყვარული ამიხსნა, ხუთი წლის შემდეგ ზუსტად იმ კაფეში მთხოვა ხელი და ოქტომბერში დავქორწინდით.
ანი: ჩვენ ქორწილიდან მოვიტაცეთ (იცინის).
– ნინის რატომ არავინ მოსწონს ან უყვარს?
ანი: მე მართლა აღარ ვიცი, თუ რამენაირი ბიჭი არსებობს, ყველა შემითავაზებია ირაკლის ძმაკაცები, მეგობრები: ნინი, ნახე როგორი ბიჭია. იაც უკვე თავის ქმრის ძმაკაცებს ურჩევს, მაგრამ...
ნინი: მაცადეთ, კაცო, მუშაობის პროცესში ვარ (იცინის). ასეთ დეტალებზე საუბარი არ მიყვარს და სულ ამაზე მეჩხუბებიან, რატომ არაფერს გვიყვებიო. შეიძლება, ისე გავთხოვდე, რომ წინასწარ არ ვუთხრა (იცინის).
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– ყველაზე მეტად ხასიათს ვაქცევ ყურადღებას. იმდენად რთულები მხვდებიან ხოლმე, რომ... პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მიყვარდეს. ყურადღებიანი იყოს და მზრუნველი. პირველად ვყვები ასეთ რამეს და ესენიც როგორ მისმენენ? (იცინის) მოწონებით ძალიან მომწონებია, მაგრამ არასდროს არავინ მყვარებია.
– ამათ რომ უყურებ, არ გინდება ხოლმე, მეორე ნახევარი შენც გყავდეს?
– ხანდახან – კი. ამათ რომ სულ აკითხავენ და მე რომ მარტო უნდა წავიდე...
ანი: მაგრამ ხან ჩემი ბიჭს მიჰყავს, ხან იასას.
ია: ჩვენს ქმრებს ვუზიარებთ (იცინიან).
ნინი: ყველა ჩემს დაქალს ქმარი ან შეყვარებული ჰყავს და ხანდახან მეც მაქვს ეგ მომენტი, მაგრამ ამას ტრაგედიად არ ვთვლი (იცინის).