№2 როგორ ქმნიან ჩინელები და რუსები უნებართვოდ ანი ცინცქილაძისა და ანკა ოდიშელიძის პოპულარული ჯემპრების პატენტებს და როგორ აარჩიეს ისინი მსოფლიოში 6 დიზაინერს შორის
ანი ცინცქილაძემ და ანკა ოდიშელიძემ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს, შემდეგ კი ერთობლივად მუშაობა და საკუთარი ბრენდის დაარსებაც გადაწყვიტეს. დღეს მათი ბრენდი – BLIKVANGER, საკმაოდ პოპულარულია. მათ ფერად ქურთუკებს, ლამაზ, ხალისიან ნაქსოვ პულოვერებს, აქსესუარებს ყველასგან გამოარჩევ. ცოტა ხნის წინ კი მათი დიზაინით შექმნილი „კრესწიკ-ნოლიკიანი“ ნაქსოვი ჯემპრების პატენტებიც გაჩნდა, რომელიც რუსეთში, ჩინეთსა და საქართველოშიც აქტიურად იყიდება. ანი ცნობილი მსახიობების, ზურა ცინცქილაძისა და თამარ დათუაშვილის შვილია, რომლებიც მას მუდმივად გვერდში უდგანან.
ანკა ოდიშელიძე: ერთმანეთი Be Next-ზე გავიცანით. სწორედ კონკურსზე გაგვიჩნდა იდეა, რომ ერთად გაგვეკეთებინა რაიმე. შემდეგ ორივე წავედით იტალიაში. კონკურსზე ანიმ მილანში სწავლა მოიგო, მე – ვორქშოპი და როდესაც საქართველოში დავბრუნდით, ეს იდეა განვახორციელეთ. ისე საინტერესოდ აიეწყო ჩვენი ურთიერთობა, მუშაობა, რომ გადავწყვიტეთ, ბრენდი ჩამოგვეყალიბებინა. პირველად „მერსედეს ფეშენ-ვიქის“ შოუ-რუმში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მადრიდის მოდის კვირეულზე გამოსვლა შემოგვთავაზეს, რომელსაც თავად გვიფინანსებდნენ. ჩვენი პირველი ჩვენება სწორედ იქ შედგა.
ანი ცინცქილაძე: თავიდან კაფსულა კოლექცია გავაკეთეთ. ვფიქრობდით, 10 ნივთს შევკერავთო, მაგრამ საბოლოოდ 50-მდე გამოგვივიდა. შოუ-რუმში ყველა გვეკითხებოდა, იმხელა კოლექცია გაქვთ და ჩვენება რატომ არ გააკეთეთო. ჩვენმა კოლექციამ თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია, ყურადღება მიიქცია. ქართული ბრენდი არავის ეგონა. ჩვენ კონსულტანტები ვეგონეთ და გვეკითხებოდნენ: ვინ არის დიზაინერი, სადაური ბრენდიაო. თან, სახელწოდებაც არ არის ქართული, თან, ფერადი ქურთუკები გვქონდა, პრინტები. ქართველებიც აკეთებენ ფერად კოლექციებს, მაგრამ იმ დროს ასეთი ფერადი, მოცულობითი და მხიარული ნაკლებად იყო. ქართველი დიზაინერები დუტის ქურთუკებსაც აკეთებენ, თითო-თითო ყველას შეუკერავს, მაგრამ ასე მასობრივად, როგორც ჩვენ ვკერავთ, არ იყო. ჩვენ, ძირითადად, გარეთ ჩასაცმელ სამოსს ვკერავთ: თბილ, წყალგაუმტარ ქურთუკებს, ნაქსოვებს, საწვიმრებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ადამიანმა გარეთ უნდა ჩაიცვას. კაბებიც გვაქვს, საყურეებიც, ქუდებიც, მაგრამ გარეთ ჩასაცმელ ტანისამოსზე მუშაობა უფრო მეტად მოგვწონს.
ანკა: ბრენდის სახელწოდებას ამართლებს. „ბლიკვანგერი“ შესამჩნევს ნიშნავს და მეგობრებიც გვირეკავენ ხოლმე, რომ თქვენს ქურთუკებს, ჯემპრეებს ყველა ამჩნევსო.
– როგორც კი შეიქმნა თქვენი ბრენდი, მაშინვე შესამჩნევი გახდა. თქვენი ხელწერა ყველგან იცნობა და არ არსებობს ადამიანს ვინმეში აერიოს.
ანი: მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ შესამჩნევი იყოს – ამაზე, რა თქმა უნდა, ცალკეულად არ გვიმუშავია. უბრალოდ, ასე გამოვიდა.
ანკა: ჩვენ ტრენდებს არ მივყვებით.
ანი: ჩვენი ტრენდები გვაქვს – მხიარული, თამამი, თავისუფალი.
ანკა: ექსპრესიული ადამიანებისთვის არის, რომლებსაც საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვის არ ეშინიათ.
– ერთად მუშაობა ადვილია?
– ჩვენთვის ერთად მუშაობა საინტერესოა. ანის სითამამე, თავისუფლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, ყველაფერი ერთად, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ეს საქმე დიდ შრომას მოითხოვს, ღამეებსაც ვათენებთ და ხასიათიც გვიფუჭდება, ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ კარგი რომ ხდება, მერე ვუზიარებთ. მუშაობის დროს ხან ვტირით, ხან ვიცინით, ერთნაირად ემოციურები ვართ.
ანი: პირველი ჩვენების შემდეგ ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოვიდა, მაგრამ ვერაფერი ვუთხარით, ეგრევე ტირილს ვიწყებდით.
– როგორ ჩაიარა მადრიდში გამართულმა ჩვენებამ?
– ეს იყო მადრიდის „მერსედეს-ბენც ფეშენ-ვიქი“, სადაც მონაწილეობა შემოგვთავაზეს სრული დაფინანსებით. დაგვხვდნენ ავტომობილებით, მოკლედ, ძალიან დიდ პატივში, ყურადღების ცენტრში ვიყავით, ისე, როგორც დიდი და ცნობილი ბრენდი.
ანკა: ჩვენით პრესაც დაინტერესდა. ძალიან კარგი გამოხმაურება იყო.
ანი: რადიომ მიგვიწვია, ჩვენი ჩვენება ტელევიზიებითაც გაშუქდა, სოციალურმა მედიამ, პრესამაც გააშუქა. წერდნენ: ახალი ბრენდი საქართველოდან, რომ ძალიან მოეწონათ: კარგია, გამროჩეული, მხიარული, მოცულობითი ფორმები, რომელიც მაშინ ახალი იყო. ტრანსფორმირებად ქურთუკებზე უსვამდნენ ხაზს. ჩვენებამაც ძალიან კარგად ჩაიარა. დღემდე ვიხსენებთ ხოლმე. ძალიან ვღელავდით, მაგრამ ამის მერე მეორე ჩვენება გვქონდა თბილისში და უფრო მეტად ვინერვიულეთ. ერთი ეროვნულ გამოცდებზე ვინერვიულე ასე, მეორედ – ბავშვებს რომ ვაჩენდი და მესამედ – ამ ჩვენებაზე. ქართული საზოგადოება ძალიან კრიტიკულია, ერთი კარგი სიტყვის თქმა ენანებათ ხოლმე. ცუდი – იცოცხლე.
ანკა: თუმცა ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესამლებით. ჩამოსულ სტურმებსაც ყოველთვის ვეკიხებით ხოლმე აზრს. ასევე, ძალიან საინტერესო იყო,
როდესაც მილანში, შოუ-რუმში მივიღეთ მონაწილეობა. იქ გავიცანით ერთი ქალბატონი, რომელიც პარიზის კიდევ უფრო მასშტაბური შოუ-რუმის წარმომადგენელია და მან პარიზში მიგვიწვია. თუმცა იმდენად დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომ უარი ვუთხარით. ჩვენების შემდეგ მოგვწერა: მთელი მსოფლიოდან 6 დიზაინერი აგირჩიეთ, მათ შორის თქვენც ხართ და შოუ-რუმში მონაწილეობის მისაღებად გიწვევთო. თავად გვაფინანსებენ და 15 იანვარს პარიზში მივდივართ.
– თქვენი მოქსოვილი ჯემპრები, რომელზეც თამაში „კრესწიკი და ნოლიკია“ გამოსახული, ძალიან პოპულარული გახდა. ცოტა ხნის წინ კი მათი პატენტებიც გაჩნდა, რომელიც ჩინეთში, რუსეთსა და უკვე საქართველოშიც იყიდება.
ანი: ჩვენს შესახებ იწერება ხოლმე „ვოგში“, „ოფისიელში“, „ელლში“, ყველა სეზონზე რაღაც აუცილებლად ხვდება მათ გვერდზე. ასევე, როდესაც ქუჩის მოდაზე წერენ, ხშირად იდება ფოტო, სადაც ვინმეს ქუჩაში ჩვენი სამოსი აცვია. წელს „კრესწიკი და ნოლიკი“ იყო ძალიან აქტუალური.
ანკა: ჯერ რუსეთში გაჩნდა მისი პატენტები, შემდეგ – ჩინეთში და ახლა უკვე ჩვენ გვერდით მაღაზიებშიც იყიდება. სოციალურ ქსელშიც გვხდება ხოლმე ქართველების გაკეთებული.
ანი: ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩაგვიგდო ფოტო. მათაც მისწერეს: როგორ შეიძლება, ასეთი რამის გაკეთებაო. რაც შეეხება რუსებს, თვითონ დააწერეს, რომ იდეა მოდიოდა „ბლიკვანგერისგან“, რომელიც ძალიან კარგი ბრენდია მზიანი საქართველოდანო.
ანკა: ყველაზე მასიურად ჩინური ვერსია იყიდება, რომელიც უკვე ბაზრობებზეც გაჩნდა.
ანი: ეს მოდელი შარშან გავაკეთეთ, უბრალოდ, წელს ჩვენებაზე ერთ-ერთ მომხმარებელს ეცვა და ბევრმა ჟურნალმა გადაიღო, ფოტო თავისივე საიტებზე დადეს და ასე გავრცელდა. ალბათ, იქიდან ნახეს, რადგან ასეთი დამთხვევა არ არსებობს, ერთი ერთშია. როცა რაიმე ახალს მოვიფიქრებთ, შემდეგ ვეძებთ, ვინმეს არ ჰქონდეს გაკეთებული, რომ არ გავიმეოროთ. ასე რომ, მოვიძიეთ და არავის ჰქონდა. შემდეგ უცებ გაჩნდა. სხვადასხვა ფერი იყიდება უკვე საქართველოშიც, ჩინეთშიც, საიტებზე... აზრი აღარ აქვს რამის გაკეთებას, მათთან ბრძოლას... არ ხარ დაცული.
– ანი, როგორც მე ვიცი, მშობლები ძალიან გიდგანან გვერდში.
– ზურა – განსაკუთრებით. ორივე ჩემი გულშემატკივარია, მაგრამ რაც ამ სფეროში შემოვდგი ფეხი, მას შემდეგ ზურა ჩემი დიდი სტიმულია, მუდამ სჯერა ჩემი და არასდროს ჰქონია მომენტი: არ გამოგივაო. ბავშვობიდან ორი პროფესიის გასაყარზე ვიყავი – მსახიობობისა და დიზაინის. ბოლოს დიზაინერობა გადავწყვიტე და იმედია, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველას უნდოდა სამსახიობოსკენ წავსულიყავი. მგონია, დღესვე რომ მოვინდომო მსახიობობა, დედაჩემს ძალიან გაუხარდება, ხელს შემიწყობს. ზურას შემთხვევაში – არ ვიცი. დედა გიჟდება ჩვენს სამოსზე, ქურთუკიც აქვს და ხოჭოანი ჯემპრიც ძალიან უნდა. ჩემი მშობლებისგან ყველაზე მეტად მხარში დგომა, მხარდაჭერა ვისწავლე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისინი ძალიან მეგობრულები, მხარში მდგომები, მხიარულები და საყვარლები არიან.