№2 ვინ ჩამოართვა საქართველოს ეკლესიას 150 000 მანეთის ქონება და სამაგიეროდ რას უგზავნიდა საეგზარქოსოს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიამ შექმნა საქართველოს საეგზარქოსო, რომელსაც პირველი ეგზარქოსის შემდეგ რუსი სასულიერო პირები მართავდნენ. ზოგიერთი მათგანის მოქმედება საქართველოში იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ მათ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას რუსებიც კი ვერ მალავდნენ.
„საქართველოში გამწესებული რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყურებდნენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვ მხარეს”, – წერდა რუსი მოღვაწე ნ. ნ. დურნოვო წიგნში – „ქართული ეკლესიის ბედი“, რომელიც ავტორმა 1907 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა.
აღნიშნულ წიგნში მოთხრობილია საქართველოში არაერთი ეპარქიის გაუქმებისა და ტაძრების დახურვის შესახებ.
„შეიძლებოდა დაგვემთავრებია იმ სამწუხარო სისაძაგლისა და განუკითხაობის ჩამოთვლა, რასაც რუსი ეგზარქოსები დღემდე სჩადიან საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი უკეთური მაინც უნდა ვახსენოთ“. თავიდან ეგზარქოსების მიერ ჩადენილი დანაშაულებათა ჩამოთვლისას ნ. დურნოვო ახსენებს თეოფილაქტე რუსანოვს, რომელიც 1818-1821 წლებში იყო ეგზარქოსი. მის შესახებ ვრცლად უკვე ვისაუბრეთ და ახლა სხვებზე ვილაპარაკოთ. 1834 წელს საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა ევგენი ბაჟანოვი. ევგენი, ერისკაცობაში ალექსანდრე ფილიპეს ძე ბაჟანოვი (ბაჟენოვი, ბოჟენოვი აëåêñჭíჰð ტèëèïïîâè÷ ბჭæåíîâ èëè ბჭæჭíîâ èëè ბîæåíîâ) დაიბადა 1785 წელს ტულის ეპარქიაში. სწავლობდა ტულის სემინარიაში, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1829 წლიდან იყო ტამბოვის ეპისკოპოსი, 1832 წლიდან – მინსკის. 1834 წლის 1 სექტემბერს, რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა.
ტამბოვის ეპარქიაში, ევგენის ბრძანებით დამნაშავე მღვდლებს სჯიდა კონსისტორია (საეკლესიო სასამართლო), ქედზე უღელს, „რაგატკას“ ადებდა, ფეხებზე კი – ბორკილის მაგვარს, „კალოდკას“ უკეთებდნენ და ხანდახან სასჯელი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. „რაგატკა“ სასტიკი სასჯელის იარაღი ყოფილა – კისერზე ჩამოცმული რკინის რგოლი, რომელიც ნიკაპთან ორი ჯაჭვით იკვრებოდა, რაც არ აძლევდა დასჯილს დაწოლის საშუალებას და იგი იძულებული იყო ფეხზე დამდგარს სძინებოდა. ფეხებზე კი, „კალოდკას“ უკეთებდნენ – ისეთ ხუნდს, რომ გადაადგილება არ შეძლებოდა. ევგენი, ვისაც ძალიან დამნაშავედ მიიჩნევდა, სასულიერო წოდებას ჩამოართმევდა და სალდათში, ჯარში უშვებდა.
ტამბოვის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის ევგენის მღვდელმთავრობა ურთულესი და უმკაცრესი პერიოდი იყო. მის დროს რამდენიმე ასეული დიაკვანი, მნათე და სასულიერო სემინარიის სტუდენტი გაუმწესებიათ „სალდათში“, რაც დასჯად ითვლებოდა, რადგან რუსულ ჯარში მსახურება ურთულესი იყო, განსაკუთრებით უბრალო ჯარისკაცებისთვის.
1829 წელს, როცა ევგენი ტამბოვის ეპარქიას მართავდა, რუსეთის იმპერატორმა, ნიკოლოზ პირველმა, საყვედური გამოუცხადა ქვეშევრდომებთან, სასულიერო პირებთან სასტიკი მოპყრობის გამო და ის მინსკის ეპისკოპოსად გადაიყვანა.
მინსკში ყოფნისას ისე იქცეოდა, რომ როდესაც მინსკიდან საქართველოში მოდიოდა, სასულიერო პირებმა იგი არ გააცილეს. მეტიც, სამადლობელი ლოცვაც კი აღუვლენიათ მისგან გათავისუფლების გამო. ვინ იცის, იქნებ სპეციალურად გამოაგზავნეს ის საქართველოში მისი სასტიკი ხასიათის გამო, აბა, ეგეთი სასტიკი ადამიანი როგორ უნდა დაეტოვებინათ მღვდელმთავრად ან როგორ ჩააბარეს უცხოენოვანი სამწყსო?
დურნოვო მას საქართველოს „მონასტრებისა და უდაბნოების გამჩანაგებელს“ უწოდებს.
საქართველოში მისი ათწლიანი ყოფნა დამთავრდა გამოძიებით, რომელმაც დაადგინა, რომ მისი ეგზარქოსობის დროს ტფილისის სემინარიის რექტორი პორფილე, ეგზარქოსის მხარდაჭერით, სასტიკად ეპყრობოდა სტუდენტებს – „როგორც პლანტატორი – მონებს“. არ აჭმევდა საჭმელს, დაუნდობლად სცემდა. პორფილე მონასტერში გაასახლეს, ხოლო ევგენი 1844 წელს ასტრახანში გადაიყვანეს.
ევგენი საქართველოს ეგზარქოსის პოსტზე (სხვა სახელს ეგზარქოსობას ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს იყო არა ტახტი, არამედ საიმპერიო-საკოლონიო თანამდებობა) ისიდორე ნიკოლსკიმ შეცვალა. იგი 1799 წელს დაიბადა ტულის გუბერნიის სოფელ ნიკოლსკიში. ჰქონდა დოქტორის წოდება. 1844 წლის 1 მარტს დანიშნეს საქართველოს ეგზარქოსად. „ის ეკლესიებს კუთვნილ მამულებს ართმევდა და ამით დასაბამი დაუდო საეკლესიო სიღატაკეს და სავანეების გატიალებას“, – წერდა დურნოვო. მაშასადამე, ეგზარქოსი საეკლესიო-სამონასტრო მიწებს საიმპერიო ხაზინას გადასცემდა. ამგვარად დაიკარგა ის ქონება, მამულები, რასაც საქართველოს ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში სწირავდნენ მეფეები, დიდებულები და უბრალო ადამიანები. საუკუნეების განმავლობაში ეს ქონება გახდა რუსეთის იმპერიის ხაზინის საკუთრება. ამიტომ მოიშალა არაერთი სამონასტრო მეურნება და შესაბამისად, მონასტრებიც გაუქმდა. რუსეთის იმპერატორმა არ დაუკარგა იმპერიის წინაშე დამსახურება ეგზარქოს ისიდორეს და 1845 წელს წმიდა ვლადიმერის ორდენი მისცეს, ხოლო 1850 წელს – ბრილიანტის ჯვარი. ჰქონდა იმპერიის სხვა ჯილდოებიც.1858 წელს მან მონაწილეობა მიიღო იმპერატორ ალექსანდრე მეორის კორონაციაში. იმავე წელს იმპერატორმა მიტროპოლიტობა მიენიჭა და ის კიევში გადაიყვანეს. ასე რომ, ევგენის კარგად დაუფასეს იმპერიის ხაზინის სამსახური, რამაც ქართული მონასტრების საკმაო ნაწილის დახურვა გამოიწვია.
1867 წელს ევგენიმ დაწერა მოთხოვნა და გააგზავნა სახელმწიფო სენატში, რომ რუსული ფიზიოლოგიის მამად წოდებული მეცნიერი, ფსიქოლოგიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერულ მიმართულებათა შემქმნელი, აკადემიკოსი ივანე სეჩენოვი ჩამოეშორებინათ სამეცნიერო საქმიანობისგან და გაემწესებინათ მონასტერში, რათა გონს მოსულიყო, გამოსწორებულიყო და გამხდარიყო მორჩილი. მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
1858 წელს საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა ევსევი ილინსკი. მასზე საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ. ახლა კი გავიხსენოთ რამდენიმე აბზაცი დურნოვს წიგნიდან, რომელიც 1907 წელს დაიბეჭდა:
„1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთსა და სამცხეში, 7 – იმერეთში, 2 – სამეგრელოში და 2 – გურიაში. ამჟამად ქართველებს (1907 წელს - გ. მ.) აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 –გურიაში, 1 – აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო – ქართლში. 1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა.
ნათქვამს ემატება ქართული მონასტრებისა და სალოცავების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონობით მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება, რომლისთვისაც ქართული ეკლესია იღებს 700 ათას მანეთამდე ყოველწლიურად და ამ თანხიდან 150 ათასი მანეთი იხარჯება რუსული და ბერძნული ეკლესიებისათვის ბაქოს, ელიზავეტოპოლისის, ყარსისა და ერევნის გუბერნიებში, სადაც 175-ზე მეტი ეკლესიაა და ქართველი მოსახლეობა თითქმის არაა.“
მაშასადამე, 1811 წლიდან 1907 წლამდე საქართველოში დაიხურა 800 ეკლესია, 15 მონასტერი. გაიძარცვა ტაძრები, საეკლესიო საგანძურები. საიმპერიო ხაზინამ წაიღო 150 მილიონი მანეთის ქონება, რომელიც ჩვენს ეკლესიას ეკუთვნოდა... აი, საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი.