№2 როგორ ხდება გამომშრალი სახის დანოტივება და რისთვისაა ის აუცილებელი
იმისთვის, რომ სახის კანი არ გამოშრეს, ქალბატონები კრემებს, ნიღბებს, ტონალურ საცხებს თუ სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ. თუმცა, ეს როდია საკმარისი გამომშრალი სახის კანის დასანოტივებლად. კანი სწრაფად დაკარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს, თუ უჯრედებს მოაკლდათ სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტი – სითხე. დამანოტივებელი კოსმეტიკა, აღმოფხვრის სიმშრალესა და დაჭიმულობას, რომელიც ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. მთავარია, კანს რეგულარულად მოვუაროთ.
* კანის გამოშრობის დროს ძალიან კარგია თერმული წყალი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, რომელშიც ბევრი მარილია. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის კი სასარგებლოა თერმული წყალი მარილის მცირე შემცველობით. დამატენიანებელი საცხი ან ნიღაბი კი წაისვით, სანამ კანი გაშრება და ამით, ორმაგ ეფექტს მიიღებთ.
*კანის ყოველდღიური მოვლა, მატონიზებელი ლოსიონის ან მიცელარული წყლის გამოყენებასაც გულისხმობს. ისინი აშორებენ კანს მაკიაჟის ნარჩენებს, გამწმენდი საშუალებების კვალს, ანოტივებენ და კრემის წასასმელად ამზადებენ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ, დღეში ორჯერ.
* მშრალ და მგრძნობიარე კანს დამარბილებელი ლოსიონი უხდება, მაგალითად: ალოე ვერას ან გვირილის შემცველი, ხოლო ცხიმიანს მიესადაგება ისეთი ტონალური საშუალება, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას აკონტროლებს.
* ზამთარში უმჯობესია, ჩვეული დღის კრემი, დამატენიანებელი გელით შეცვალოთ. ის „აუთოებს“ სახის ნაკვთებს და კანის უჯრედებს მთელი დღის განმავლობაში უადვილებს სუნთქვას.
* ზამთრის პერიოდში, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, უბრალოდ, აუცილებელია სახეზე თქვენი კანის ტიპის შესაბამისი ნიღბების გაკეთება. მაგალითად, სახის კანის გამაახალგაზრდავებელი რძის ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი ფქვილი გახსენით რძეში, აურიეთ და დაუმატეთ კვერცხის გული. წაისვით ნიღაბი მთელ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რომელშიც რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი იქნება დამატებული. ეს ნიღაბი სახის კანის გამაახალგაზრდავებელი, მკვებავი საშუალებაა, ასევე, ასწორებს ნაოჭებს და ავიწროებს ფორებს.
ცხიმიანი კანის მთავარი პრობლემა ცხიმის სიჭარბეა, რაც მუწუკებსა და ფერიმჭამელებს აჩენს. გვთავაზობთ მატონიზებელ საშუალებებს, რომლებიც ავიწროებს ფორებს, ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას და გარდა ამისა, ანოტივებს კანს და ხელს უშლის მის გამოშრობას:
* ვაშლის ნიღაბი – ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ გასქელებამდე. შეურიეთ წვრილად გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ სველი ტამპონით მოიშორეთ;
* ყურძნის ნიღაბი – ყურძნის მწიფე მარცვლები შესანიშნავად ატენიანებს ცხიმიან კანს. დილაობით გაიწმინდეთ კანი ყურძნის რბილობით ან ახალგამოწურული წვენით, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მშრალი კანი სწრაფად ბერდება და ხშირად იქერცლება, ამიტომ მისი აქტიური დატენიანება აუცილებელია:
* ბანანი არა მარტო ვიტამინებით გაამდიდრებს კანს, არამედ ატენიანებს კიდეც. გახეხეთ მწიფე ბანანი, პიურეს შეურიეთ კვერცხის გული და 1 ჩაის კოზი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* კიტრი ცხიმოვანი ფენის აღდგენაში დაგეხმარებათ. გახეხეთ კიტრი. მიღებული შეურიეთ ფაფა არაჟანს და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.