№2 საბედისწერო მგზავრობა
ბრიუს ჰანსბერგერი
ბოლო მოდელის ავტომობილი გზისპირას გაჩერდა. ორმა ბიჭმა მიირბინა. ერთი, 18 წლის, ჩაფსკვნილი, მძღოლის გვერდით დაჯდა, მისი თანამგზავრი, ჩვიდმეტი წლის, ნაზი ბავშური სახით – უკან.
– შორს მიდიხართ? – იკითხა მძღოლმა, რომელსაც დანაოჭებულ სახეზე კეთილი ღიმილი დასთამაშებდა.
– კლუბში, – უპასუხა ჩაფსკვნილმა, – ქალაქიდან სამი მილი იქნება.
გარეუბნებს გასცდნენ და ტრასაზე გავიდნენ. უილიამსი მხიარულად ყბედობდა, ბიჭები უხალისოდ პასუხობდნენ. მოულოდნელად, იმან, წინ რომ იჯდა, თქვა:
– აქ გააჩერე!
უკვე სულ დაბნელებულიყო. ტრასაზე მანქანები თითქმის აღარ მოძრაობდნენ.
– აქ? გაუკვირდა უილიამსს და მიმოიხედა, გზას ორივე მხრიდან ფიჭვები და ნაძვები მიუყვებოდნენ, – შვილო, აქ რა კლუბი უნდა იყოს? მიყრუებული ადგილია.
უცებ ბიჭის მარცხენა ხელში დიდი დანა გამოჩნდა და ეს დანა უილიამსს ფერდში მიებჯინა.
იარაღის დანახვაზე უილიამსს თვალები გადმოეკარკლა.
– რა გინდათ?
– კაიფის დაჭერა.
– ვერ მივხვდი.
– თავს ნუ ისულელებ. გაზეთებს არ კითხულობ? კაიფს ყველა თავისებურად იჭერს. ზოგს, მაგალითად, მკვლელობა მოსწონს. მე და ბილბომაც გადავწყვიტეთ, ვინმე ჩავაძაღლოთ, ხომ შეიძლება, მოგვეწონოს? არა, ბილბო?
მეორე მოძალადე მოკუნტული იჯდა და ხმას არ იღებდა.
ვინტერმა მეგობარს მრისხანედ შეხედა.
– რა იყო, უკვე შარვალში ჩაისვარე? რადგან გადავწყვიტეთ, ახლა ბოლომდე მომყევი.
– მოიცადეთ, – ჩაილუღლუღა უილიამსმა, – მე ფულს მოგცემთ...
– რა ჯანდაბად გვინდა შენი ფული, – გადაიხარხარა ვინტერმა, – მე ვინტერ კლეინი მქვია, ამას კი – ბილბო ფეტერმანი. მისი მამიკო ადვოკატი კარელ ფეტერმანია, იქნებ, გაგიგია კიდეც?
– რატომ უთხარი? დამპალო! – ბილბო ისტერიკაში ჩავარდა, – რატომ უთხარი?
– იმიტომ რომ შენ არ გაიქცე. ახლა მან ყველაფერი იცის. უნდა მოვკლათ, სხვა გზა არ გვაქვს.
– არ გინდათ, – ამოიხრიალა უილიამსმა, – არ მომკლათ, ბიჭებო.
ვინტერმა დანა კიდევ უფრო მიაჭირა და სიამოვნებისგან აკვნესდა.
– იბრძოლე შენი საცოდავი სიცოცხლისთვის. ჩვენ მხოლოდ ეს გვინდა. იმის გამო გკლავთ, რომ შენი ტირილი და ჯღავილი მოვისმინოთ. იქნებ, ყელი გადავუხსნათ, რომ ბევრი სისხლი წამოვიდეს? ან, იქნებ, დანა მუცელში დავუტრიალოთ. თითს მოვაჭრი. სამახსოვროდ გვექნება.
– მანიაკი ხარ! – ასლუკუნდა ბილბო.
უილიამსი აბღავლდა:
– ფული აიღეთ, ფული აიღეთ! ყველაფერი წაიღეთ. გთხოვთ... გემუდარებით...
– კარგი, დაგვიყოლიე, – უცებ დათანხმდა ვინტერი, – სიკვდილმისჯილს აქვს უკნასკნელი სურვილის უფლება. რადგან შენთვის ეს ასე მნიშვნელოვანია, მოიტა!
– საფულე შიდა ჯიბეში მაქვს, – ამოთქვა უილიამსმა, – დანა გასწი.
ვინტერმა დაუჯერა. უილიამსმა შიდა ჯიბიდან მოკლელულიანი რევოლვერი ამოიღო და ვინტერს მიბჯენით სამჯერ ესროლა. იგი ძირს დაეცა და ხელიდან დანა გაუვარდა. ქაღალდივით გაფითრებული ბილბო დაბნეული მისჩერებოდა რევოლვერის ლულას, რომელიც მისი სახისკენ იყო მიმართული.
– რაო, მეგობარო, ხელისუფლება შეიცვალა? – ჩაიცინა უილიამსმა.
– არ მომკლათ, – ამოიკვნესა ბილბომ, – არ გინდათ.
– შენი მოკვლა არც მიფიქრია, – ამოიხვნეშა უილიამსმა, – შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აი, საქმე კი ცუდად გაქვს. მე არაფერს მეტყვიან, თავს ვიცავდი, შენ კი თანამონაწილე ხარ. ეს ისტორია მთელს ცხოვრებას დაგინგრევს. ამასთან, მამაშენს კარიერასაც გაუფუჭებს. მე შემიძლია, პოლიციას ვუთხრა, რომ იგი მარტო იყო. სინამდვილეში, შენ ხომ არც მემუქრებოდი, რატომ უნდა დაიტანჯო? – ეს საქმე ორმოცდაათი ათასს გაქაჩავს?
ბილბომ გაკვირვებისგან პირი დააღო.
– მოდი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ, – თქვა უილიამსმა, – საქმე მთელს შენს მომავალს ეხება. ნუთუ ის ორმოცდაათი ათასი არ ღირს?
– მამა არ მომცემს, – ბილბომ თავი გადააქნია.
– ასეთ შემთხვევაში პოლიციაში წასვლა და ყველაფრის მოყოლა მოგვიწევს.
– არა, ჯერ მამას დაველაპარაკოთ...
ბილბო გზას აჩვენებდა. ცოტა ხანში კარელ ფეტერმანის სახლს მიადგნენ...
– მისტერ უილიამს, აცნობიერებთ, რომ ეს შანტაჟია? – მკაცრად ჰკითხა კარელ ფეტერმანმა.
– მე ასე არ ვიტყოდი, ნუთუ თქვენი შვილის მომავალი ფულზე მეტი არ გიღირთ?
– საუკეთესო გამოსავალი იქნება, ციხეში ჩაჯდეს! ბავშვი კი არა რაღაც მორალური სიმახინჯეა! იძულებული ვარ, საკუთარ რეპუტაციაზე ვიზრუნო.
– ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს წინადადებას მიიღებთ, – გააწყვეტინა უილიამსმა. თუ ახლავე არ გადამიხდით, სასწრაფოდ წავალ პოლიციაში.
ფეტერმანმა შვილს შეხედა.
– არ ღირხარ, მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს.
ულიამსმა ფული გადათვალა და მანქანა დაქოქა. ხოლო როდესაც ტრასაზე გავიდა თქვა:
– გეყოფა კოტრიალი, ვინტერ, ადექი!
ვინტერი სკამზე ამოძვრა.
– გამოვიდა? – იკითხა ვინტერმა, – აბა, მაჩვენე.
– უილიამსმა ვინტერს პაკეტი ესროლა, – მაგარი იყავი. დარწმუნებული ვარ, ორჯერ მეტის მიღებაც შეგვეძლო.
– ბილ, იქ მიმიყვანე და გამიჩერე, სადაც მესროლე, დანა დავკარგე. ეტყობა, როდესაც ამ სპექტაკლს ვთამაშობდი ფანჯრიდან გადამივარდა.
ულიამსმა გზიდან გადაუხვია.
– ერთი, ფარები გამორთე და ფანარი მომაწოდე, – თქვა ვინტერმა და მანქანიდან გადაძვრა.
უილიამსმა მანქანას წინიდან მოუარა. ვინტერმა ფანარი გამოართვა და მკერდზე რევოლვერი მიამბჯინა.
– უნდა დაგბრიდო.
– გეყოფა მიამუნობა, ჯობია დანა ეძებო.
– რატომ ვეძებო, მე ისედაც ვიცი, სადაც არის. იმ დანით ახლა ბილბო თავის მამიკოს კლავს. ჰო, ბილბო მამიკოს კლავს. მე შენ გესვრი. მერე შენი გვამი მასთან სახლში მიმაქვს და კაბინეტში ვაგდებ. ეს შენ დაჩეხე მამამისი და ფულიც დაითრიე, ხოლო ბილბომ მოგისწრო. თავის დასაცავად, შენი მოკვლა მოუხდა. შენი წარსულის გათვალისწინებით, ამაში ეჭვი ვის შეეპარება?
– რევოლვერიც კი ბებერი ფეტერმანისაა. ბილბომ მამამისს მოპარა.
– გამოდის, უსინდისოდ მომატყუე? გეგმა ჩემთან ერთად მოიგონე, თავად კი იმ ლაწირაკს გაურუგდი. თავს წაგაწყვეტ!
უილიამსი ბიჭისკენ გაიქცა. ვინტერმა ორჯერ ესროლა...
ბილბო ვინტერს დაეხმარა, გვამი კაბინეტში გადაეტანა. ფეტერმანის გვამი ტყავის სავარძელში ესვენა, მკერდიდან დანის ტარი მოჩანდა, – მე ტომარას გადავაგდებ, შენ კი მანქანიდან ფული მოიტანე,
ვინტერი რომ კაბინეტში დაბრუნდა, ბილბომ ბოლოჯერ შეამოწმა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა:
– ფულის ამბავში არ გავიჭედოთ, – შეწუხდა ვინტერი. ასეთი თანხის გაქრობას უცებ შეამჩნევენ.
– შეგიძლია არ ინერვიულო. ამ თანხაზე არავინ არაფერი იცის. რევოლვერი სად არის?
– უკაცრავად, კინაღამ დამავიწყდა, – ვინტერმა იარაღი ბილბოს დაუბრუნა, – რაც შეეხება ჩემს წილს, ახლავე გამისწორდები, თუ მერე?
– ახლავე, – უპასუხა ბილბომ და დარჩენილი ტყვიები მუცელში დაახალა.
ვინტერმა ხელები მუცელზე იტაცა და მუხლებზე დაეცა, – შენ მე მომკალი?!
– რა თქმა უნდა, – დაუდასტურა ბილბომ, – ასეთ კრეტინს ფულით სავსე ჯიბით ხომ არ გავუშვებდი. ეგრევე, სადმე დათვრებოდი და ყველაფერს დაფქვავდი.
ვინტერი სახით ხალიჩაში ჩაერჭო. ბილბომ კაბინეტი კიდევ ერთხელ მოათვალიერა და ახარხარდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ