№2 რატომ დაადო ტაბუ სტალინმა ლენინის დეპეშებს
საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ თითქოსდა, სტალინი „შეუქცევადი“ ლენინელი იყო და ილიჩის (ლენინის) ყველა განკარგულებას უსიტყვოდ ასრულებდა. მაგრამ, საკმარისია, გადავხედოთ განსაიდუმლოებულ საარქივო მასალებს, რომლებიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში იყო ტაბუირებული, რომ სრულიად საპირისპიროში დავრწმუნდებით. პროფესორი ტიმოფეი როსტოცკი წერს: „ცენტრალურ კომუნისტურ არქივში მუშაობის ბედნიერება ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მომეცა. მაშინ „ნორჩი“ ისტორიკოსი ვიყავი. ჩვენი ქვეყნის მაშინდელი მეთაურის, ლეონიდ ბრეჟნევის შეკვეთას ვასრულებდი და მისთვის მოხსენება უნდა დამეწერა. ამიტომ, ნება დამრთეს, საიდუმლო არქივში „მეძრომიალა“. თუმცა, მაშინვე გაუთქმელობის ხელწერილიც ჩამომართვეს. სწორედ ბრეჟნევის მოხსენებისთვის მოძიებულ მასალებში აღმოვაჩინე ფელიქს ძერჟინსკის დღიურები და მათი ნაწილის გაცნობის (რისი საიდუმლოდ წაკითხვაც მოვასწარი ორ კვირაში) შემდეგ ჩამომიყალიბდა წარმოდგენა საბჭოთა სახელმწიფოს ბელადებზე და მათი ნამდვილი სახეებიც მაშინ შევიცანი. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში სტალინის ლანძღვა თითქმის „ამოღებული“ იყო დღის წესრიგიდან. თუმცა, მე მეოცე ყრილობის სულისკვეთებით ვიყავი აღზრდილი და სტალინი „ყველა დროისა და ხალხის“ ყველაზე საშინელ მონსტრად მიმაჩნდა. ხოლო ლენინი კი – პირიქით, უკეთილშობილეს არსებად, რომელიც ბუზსაც კი არ ააფრენდა და ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს... თურმე, „სად ბანაობ?“ თვით „ჩეკას“ შემქმნელი, ეგრეთ წოდებული, „რკინის ფელიქსიც“ (ფელიქს ძერჟინსკი) კი შეძრწუნებული და აღშფოთებული იყო ლენინის დეპეშებით, რომლებშიც „ოქტომბრის რევოლუციის“ შემოქმედი ყველასა და ყველაფრის განადგურებას მოითხოვდა, ვინც და რაც ბოლშევიკური ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მოიაზრებოდა. 1918 წლის 20 დეკემბრის ჩანაწერები ასე იკითხება: „ილიჩის (ლენინის) უშუალო მითითებით მე და კობა (სტალინი) 18 დეკემბერს ირკუტსკში ჩავედით, რათა მოგვეგვარებინა ციმბირელი გლეხების მღელვარება, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პურის შესასყიდი ფასებით და უარს აცხადებდნენ გაყიდვაზე. ლენინმა ჩვენ პირადად მიგვაცილა სპეცეშელონამდე და გვითხრა: თქვენი იმედი მაქვს. ქვეყანას პური სჭირდება და კულაკებს (შეძლებული გლეხები) პური „დაბერტყეთო“. არც მე და არც კობას აზრადაც კი არ გაგვივლია, რომ „კულაკების დაბერტყვაში“ ლენინი მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას გულისხმობდა. ადგილზე რომ ჩავედით და მდგომარეობას გავეცანით, სტალინმა მოლაპარაკება დაიწყო მათთან და ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, ამ დილით (20 დეკემბეერს) ილიჩისგან მკვეთრი დეპეშა მივიღეთ, რომელშიც ეწერა: „ჩემი წყაროები მატყობინებენ, რომ კულაკებს ელოლიავებით, ამით კი საქმე არ იძვრის. გიბრძანებთ, უარის შემთხვევაში, ასიოდე გაბღენძილი კულაკი გააშიშვლოთ და მათ სახალხოდ მიაღებინოთ ცივი შხაპი (45-გრადუსიან ყინვაში). გარწმუნებთ, ეს მეთოდი გაჭრის და საქმეც მკვდარი წერტილიდან დაიძრება. ლენინი“. სტალინმა დეპეშა წამაკითხა და მითხრა: ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ გლეხები ჩვენს პირობებზე დავიყოლიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ილიჩი აქედან გაგვიწვევს. ტროცკის გამოგზავნის და ის თავის სადისტების წყალობით აქ (ციმბიროში) ისეთ უბედურებას დაატრიალებს, რომ ციმბირელებს აღარასოდეს მოუბრუნდებათ გული საბჭოთა ხელისუფლებისკენო...“
საბედნიეროდ, სტალინისა და ძერჟინსკის მისია ციმბირში მშვიდობიანად დასრულდა და კულაკებმა სახელმწიფოს პური მიჰყიდეს. თუმცა, ლენინის სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა და იმავე მისიით ჩრდილო კავკასიაში 1919 წელს გაგზავნილმა ტროცკიმ საშინელებები დაატრიალა და ათეულ ათასობით ადამიანი დახოცა. „ცეკას“ არქივში დაცულ ლენინის ერთ-ერთ დეპეშაში წერია: „ამხანაგ ტროცკის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოკავკასიის საკურორტო ზონის მდიდარი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს თავიანთი გადამალული სიმდიდრის გამოჩენა, გირჩევთ, ჩამოახრჩოთ 100 მდიდარი, 100 მღვდელი და ამდენივე მათი თანამგრძნობი, ხოლო ათასი ადამიანი კი მძევლად აიყვანოთ და ქალაქგარეთ ბანაკში გამოამწყვდიოთ. მღელვარებისა და წინააღმდეგობების შემთხვევაში კი, მძევლები დახვრიტოთ...“ ტროცკიმ ზუსტად შეასრულა ლენინის მითითება და ჩრდილოკავკასიის საკუროროტო ზოლში ჯოჯოხეთი მოაწყო...
სტალინს, რომელსაც მილიონობით ადამიანის განადგურებას აბრალებენ, 1918-1924 წლებში, ტროცკისგან განსხვავებით, ლენინის არცერთი სასტიკი მითითება არ შეუსრულებია და უპირატესობას მოლაპარაკებას ანიჭებდა, რითაც ათეული ათასობით ადამიანი გადაარჩინა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 1922 წლის ივლისში უკვე გენერალურმა მდივანმა სტალინმა პეტროგრადის ხელმძღვანელი გრიგორი ზინოვიევი ლამის საკუთარი ხელით დახვრიტა იმ საშინელებისთვის, რაც მან რუსეთის ამ ისტორიულ ქალაქში მოაწყო. 2 ივლისს ზინოვიევმა გორკებიდან ლენინისგან მიიღო ტიპური დეპეშა, რომელშიც ეწერა: „მაქვს ინფორმაცია, რომ სიმდიდრის ექსპროპრიაციის პროცესი ნელი ტემპებით მიდის. გირჩევთ, დახვრიტოთ 100 მღვდელი, 100 მდიდარი, 100 ინტელიგენტი, ხოლო 10 ათასი ადამიანი კი საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიოთ მძევლად. ლენინი“. ზინოვიევმა სტალინთან შეუთანხმებლად შეასრულა ლენინის მითითება და პეტროგრადი სისხლით აავსო. ხოლო, როდესაც ეს სტალინს შეატყობინეს, თავზარდაცემული სტალინი სასწრაფოდ პეტროგრადში ჩავიდა, ზინოვიევს „სმოლნში“ მიადგა და ლამის შუბლი გაუხვრიტა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „იმ პერიოდში სტალინის პირადი მდივანი ვიყავი და მან თან მიახლა. მთელი გზის განმავლობაში სტალინს ხმა არ ამოუღია. „სმოლნში“ რომ მივედით და ზინოვიევის კაბინეტში შევდგით ფეხი, მხოლოდ მაშინ გადმოანთხია სტალინმა ემოციები და ზინოვიევს უხამსი სიტყვებით მიმართა. ბოლოს კი „მაუზერის“ ტარს ჩაავლო ხელი (იარაღი არ ამოუღია) და უთხრა:
– წესით, შუბლს უნდა გიხვრეტდე, მაგრამ არ მინდა ლინჩის წესს მივმართო. სასწრაფოდ შეწყვიტე „ბესპრეძელი“ და მძევლები გაათავისუფლეო...
გაფითრებულმა ზინოვიევმა სტალინის ბრძანება შეასრულა და იმ დღის მერე მასთან (სტალინთან) შეუთანხმებლად არაფერს აკეთებდა. მართალია, მან პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ სტალინი მას უკვე აღარ ენდობოდა. შემდგომ თავად ლენინი დაუძლურდა და მისი მითითებები გორკებიდან უფრო შეშლილის დეპეშებს ჰგავდა და სტალინი მათ, მართალია, არ ანადგურებდა, მაგრამ ტაბუს ადებდა და სპეცარქივში გზავნიდა.“