№2 ექიმის რჩევები
კითხვა: მეგობარს ჰქონდა თრომბოციტოპენია. პერიოდულად ახლაც იტარებს ხოლმე ანალიზებს. მაინტერესებს, რამდენად სახიფათოა მისთვის სიგარეტი?
პასუხი: რასაკვირველია, სიგარეტის მოწევა არ არის რეკომენდებული. მოწევა ნებისმიერ აღდგენით პროცესს უშლის ხელს (ანელებს), რადგან სისხლძარღვების სპაზმი და სისხლის მიწოდების შეფერხება ხდება.
კითხვა: გავიკეთე პროთრომბინის ანალიზი და 97 მაქვს, ვიცი, რომ ნორმაში ითვლება, მაგრამ ხანდახან დაბუჟებას ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ჩემთვის მეტია. თუ შეიძლება, რომ დავლიო ვარფარინი 2,5?
პასუხი: დამოუკიდებლად მედიკამენტის მიღება დაუშვებელია! მით უმეტეს, ამ ჯგუფის პრეპარატების. მიმართეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს.
კითხვა: რა ანალიზებია საჭირო იოდის ნაკლებობის გასაგებად?
პასუხი: ასეთ დროს იოდის შემცველობა შარდში უნდა განისაზღვროს.
კითხვა: 11 წლის გოგოს თმაში რამდენიმე ღერი ჭაღარა აქვს. ეს რამე დარღვევაზე ან რაიმე ნივთიერების ნაკლებობაზე ხომ არ მიუთითებს?
პასუხი: ბავშვის გაჭაღარავება ხშირად სულაც არ არის რაიმე პათოლოგიის ნიშანი, თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან, ვიტამინების ნაკლებობასთან, სტრესთან. მაგალითად, ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ ან, როდესაც ორგანიზმი განიცდის ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობას, ეს მელანინის ფუნქციაზე აისახება: მცირდება მისი გამომუშავება ან თმის ცილებს აღარ ძალუძთ მისი შენარჩუნება. ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება. უპირველესად, სისხლში განსაზღვრეთ კალციუმის დონე. მენიუ უნდა იყოს დაბალანსებული, გაამდიდრეთ რაციონი ცხოველური ცილოვანი პროდუქტებით. ნაადრევი ჭაღარის მიზეზად მიიჩნევა, აგრეთვე, ნივთიერება თიროზინისა და ვიტამინ B12-ის დეფიციტიც., ისინიც ცხოველური პროდუქტების შემადგენლობაშია და მათი დეფიციტი უხშირესად დიეტების მოყვარულთ უვითარდებათ ხოლმე. დაავადებების გამორიცხვის მიზნით აუცილებელია ვიზიტი პედიატრთან.
კითხვა: მაქვს ძალიან მუქი შარდი, თითქმის წითელი. რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი: შარდის გამუქებისას, უპირველესად, უნდა გამოირიცხოს ჰეპატიტის დიაგნოზი. დააკვირდით განავალს – თუ ის გაუფერულდა (მოთეთრო ფერისაა), დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციონისტს. შარდის გამუქებას იწვევს ზოგიერთი პრეპარატის და საკვების მიღება, ამიტომ თუ რაიმე ახალი პრეპარატი მიიღეთ, კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია. შარდის გამუქება შესაძლებელია იყოს მცირე რაოდენობით სითხის მიღების შედეგიც. ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ, გაიკეთოთ შარდის საერთო ანალიზი მისი გამუქების მიზეზის დასადგენად და მიმართოთ შესაბამის ექიმს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე