№2 რომელი ორგანო ამხელს ადამიანს მუდმივად და რა სამი მტერი ებრძვის მას ყოველდღიურად
ყოველი ახალი წლის დადგომით ადამიანებს თითო წელი გვემატება, ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, გადავავლოთ თვალი ჩვენს განვლილ ცხოვრებას და მივხვდეთ იმას, რომ არანაირი ნაყოფი არ გამოგვიღია. ფიქრობ სიკვდილზე? არა. ყველაფერი უკან და უკან მიდის. ცივილიზაცია გვატყუებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სულიერი და ხორციელი სიხარული. ღმერთს ჩვენთვის არ აუკრძალავს ხორციელი სიხარული: გიხაროდენ და კვლავაც გეტყვით, რომ გიხაროდენო, – ამბობს პავლე მოციქული. ერთი ის გიხაროდეს, რომ არარაობა იყავი და ღმერთმა ინება შენი ამქვეყნად მოვლინება. მაგრამ დაეცი და ღმერთმა შენთვის იესო ქრისტე მოავლინა – ეს არის მეორე სიხარული. ხორციელი სიხარულია ის, როდესაც კარგი ოჯახი გაქვს, ჯანმრთელები ხართ, ტკბილი მეუღლე გყავს, შვილები... მუშაობ, ხელფასი გაქვს, როდესაც შვილი გთხოვს რაიმეს ყიდვას, არ ჩხუბობ და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან წარმავალია, მალე მთავრდება. როგორი კარგი სახლიც უნდა გქონდეს, მალე უფრო კარგი სახლი გინდება. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუმაძღარიო და მართლაც ასეა.
– რა არის სულიერი სიხარული?
– როცა ქრისტე მთაზე ქადაგებს, იქ ჩამოთვლის: ნეტარ იყვნენ გლახაკნი, ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა და ბოლოს ამბობს: გიხაროდენ და მხიარულ იყავით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა. ქრისტიანული სიხარული ძალიან ცოტაა დედამიწაზე. სიხარულია ის, რომ შემიძლია, ჩემს გულში მივიღო იესო ქრისტე. შენ თუ საუფლო დღესასწაულებს არ იზეიმებ, არანაირი სიხარული არ გექნება. ჩვენი „შავი ყუთი“ ჩვენი გულია. რომ გარდავიცვლებით ან სანამ გარდავიცვლებით, კარგად უნდა შევამოწმოთ, რა ხდება ჩვენს გულში. გული, ჩვენი სინდისია, რომელიც ყოველდღე გვამხელს. გვეუბნება: წაიკითხე, ილოცე, ნუ ჩხუბობ, ნუ ყვირი, არავის უყვარხარ, იმიტომ რომ ფარისეველი ხარ და მოჩვენებით დადიხარ ეკლესიაში. ერთი წმიდა მამა ამბობს: ყველა ოჯახში არის ერთი დაულაგებელი ოთახი. ქმარი ცოლს ეუბნება: მიდი, დაალაგეო, ცოლი – ქმარს და ბოლოს არავინ ალაგებს. სტუმარი რომ მოდის, იქ არავინ შეჰყავთ. ღმერთმა გვითხრა: ამ ოთახის კარი გამიღეთ, სწორედ იქ უნდა დავივანო, სადაც ყველაზე დიდი სიბინძურე, ყველაზე დიდი ცოდვები ტრიალებსო. თუმცა ეს არ გვემჩნევა გარეგნულად, ხალხი გვაქებს, გვადიდებს. დაალგეთ ეს საკუჭნაოები, გამოიტანეთ ნაგავი, რადგან ადგილი აღარ რჩება, რადგან ქრისტე იქ არ შევა. თუ შევა, მოიხურავს კარს და წამოვა: აქ ბელიარი ცხოვრობსო. რამდენი ადამიანის გულში ცხოვრობს ბელიარი. ორი ბატონის მსახურებაში ვართ მუდმივად. მთელი ცხოვრება ეშამაკს ეგონა, რომ ავაზაკი ჰყავდა ჯვარზე გაკრული. მაგრამ ზუსტად 5 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ქრისტეს ავაზაკი გადაერჩინა: დღეს ჩემთან ხარ სამოთხეშიო.
– რატომ უჭირთ ადამიანებს ლოცვა, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება, წლების განმავლობაში ლოცულობდნენ.
– სამი ძირითადი წინააღმდეგობა აქვს ლოცვას: დილით, შუადღეს და ღამე. პირველი მტერი დილის ლოცვისა, ეს არის სიჩქარე, ყველას სადღაც გვეჩქარება – ვერ ვასწრებ, ჩქარა, ჩქარა! ხომ შეიძლება, დღეს სული მოგთხოვონ და რა უნდა ქნა? ღმერთი გეუბნება: რა მდგომარეობაშიც გნახავ, იმ მდგომარეობაში განგსჯიო. ისე გადის მარხვა, რომ ადამიანები არც კი ეზიარებიან. რისთვის სჭირდებათ აბა, მარხვა? მეორე დაბრკოლება მოდის შუადღეს, როდესაც ადამიანები იღლებიან, სამსახურშიც თუ სახლშიც ერთმანეთს ეჭორავებიან. მთელი შუადღე ამაში გადის. ამ დროს კი ღმერთი გეუბნება, 90-ე ფსალმუნი თქვიო, სადაც წერია: მიხსენ ეშმაკისა შუადღისა. შუადღის ეშმაკიც არსებობს. და მესამე: საღამო, როდესაც ადამიანი დაღლილია. რა წაიკითხავს ახლა ლოცვასო? ღმერთს შენი აჩქარებული, დაღლილი ლოცვა სჭირდება? გამოსავალი, იცით, რაშია, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი არსებობს. ასე გადის ყოველი დღე და მერე გვიკვირს, რატომ არ გვიხარია არაფერი. სიხარული მაშინ მოდის, ჩემს საკუჭნაოს რომ დავალაგებ, ჯერ ქრისტეს შემოვუშვებ და შემდეგ სხვებს. შობის შემდეგაც არ შემოდის ჩვენს გულში ქრისტე. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს ყველა ვუყვარვართ. გამოხსნილი ხარ – ღმერთმა გამოგიხსნა ჯვარცმით. თუმცა შენი თანხმობის გარეშე ვერ გამოგიხსნის, შენ უნდა დაეთანხმო. ღმერთი არასდროს მიგატოვებს, შეიძლება, ყველამ მიგატოვოს, მაგრამ ღმერთი ყოველთვის სიკეთეა, ღმერთი ნეტარებაა, სიხარული, სიმშვიდე. ჯერ ჩვენგან მოითხოვა მაცხოვარმა ის, რაც შემდეგ თვითონ გააკეთა, რომ ჩვენ ეს კარგად გაგვეგო. აბრაამს სთხოვა: შენი შვილი შემომწირეო. აბრაამი არც დაფიქრებულა, გადაწყვიტა, ზვარაკი შეეწირა. გზაზე მას ისააკმა ჰკითხა: სად არის ზვარაკიო და აბრაამი პასუხობს: ღმერთი გამოაჩენსო. აი, ეს არის რწმენა. ღმერთი გამოაჩენს. თქვენ კი ოჯახს არ ქმნით: ხელფასი უნდა მქონდეს, მერე მოვიყვან ცოლს, გავაჩენ შვილებსო – ეს უკვე აღარ არის რწმენა. ჯერ ადამიანმა შესწირა თავისი შვილი ღმერთს და შემდეგ ღმერთმა შემოგვწირა თავისი შვილი. დაგვანახა, რომ ამას სჭირდება რწმენა, ლოცვა, მარხვა, უარის თქმა ჩვენს ცოდვებზე. მარხვას, დღესასწაულს ერთი დანიშნულება აქვს: ჩვენი განღმრთობა, ჩვენი სიხარული, ბედნიერება, ჩვენი ცვლილება, რომ უკეთესები გავხდეთ. იყავით სულიერად ბედნიერი ადამიანები და ხორციელად ბედნიერებიც იქნებით.
მარხვის დროს მოდის მრევლი, გვეკითხება: რა ვჭამოთ, რა არ ვჭამოთო. მარხვის დამთავრებისთანავე კი ამთავრებენ ეკლესიურ, სულიერ ცხოვრებასაც. 24 საათი რომ მისჩერებიხარ კალენდარს – როდის დამთავრდება მარხვა. მარხვა არის მკურნალობა, სიმდაბლე, ლოცვა, სიარული ეკლესიაში, რომ მარხვის შემდეგ ისეთივე ქედმაღალი, მოჩხუბარი, ბოროტი აღარ იყო. ვაბრკოლებთ იმათაც, ვინც არ მარხულობს, რადგან მარხულები ისეთი შეწუხებულები, საცოდავი სახით იყურებიან, რომ მათ შემხედვარეს აღარაფერი მოგინდება. მარხვის დამთავრებისას სიმშვიდე, თავმდაბლობა, სიყვარული უნდა დაგვეუფლოს და მოგვემატოს სულიერება – ის ხომ ადამიანის ცვლილებაა და არა ლოცვების ბევრჯერ წაკითხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ სჯულის კანონში გარკვეულად წერია: თუ ადამიანი ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩნდება ეკლესიაში, მოძღვარმა ის უნდა დაითხოვოს. მაგრამ, დღეს, მოძღვრები ასეთი მკაცრები ვერ ვიქნებით. ადამიანები წირვაზე რომ მოდიან, ხატებს კი არ ეამბორებიან, არამედ მესანთლესთან მიდიან, მერე სტიქაროსნებს, ერთმანეთს ეამბორებიან. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, როდესაც ეკლესიაში შემოდიხართ, უფლის სახლში შემოაბიჯებთ ხოლმე. უფალი კი ამ დროს გესაუბრებათ, გისმენთ, თქვენ კი მიბრუნდებით და თქვენსავე მსგავს ადამიანს ათას სისულელეზე ესაუბრებით. შესაბამისად, ლიტურგიას იწყებთ დამახინჯებულად. ზოგი მხოლოდ ზიარებას ელოდება, ზოგი – ქადაგებას, თუმცა ამას არც ასრულებს. ზოგი ერთმანეთთან სასაუბროდ და გასართობად მოდის. დღეს ადამიანი ეკლესიაში მოდის გაყინული, ცივი და ის მრევლთან ურთიერთობამ უნდა გაათბოს, გაალღოს.