№2 როგორ უნდა დაიცვას ქალმა ოჯახი დანგრევისგან
წყვილის ურთიერთობა ინტიმურია და ინდივიდუალური. ბუნებრივია, მასზე გარე ფაქტორებიც მოქმედებს. მით უმეტეს, თუკი რომელიმე მათგანს წარსულში უკვე ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა და აქვს ოჯახური ცხოვრების გამოცდილება. ასეთ შემთხვევებში შეიძლება, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალოს და თავდაყირა დადგეს. სხვათა შორის, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა მამაკაცები, რომლებმაც მეორედ შექმნეს ოჯახი, პირველ ცოლს უბრუნდებიან.
სოფო (29 წლის): მე არც სინდისის ქენჯნა მაწუხებს და არც დანაშაულის განცდა, იმიტომ რომ არავისთვის არაფერი წამირთმევია. ჩემზე არ არის ოჯახის დანგრევის ცოდვა. ჩემი ქმარი რომ გავიცანი, ცოლს უკვე გაშორებული იყო. უფრო მეტიც, მის ყოფილ ცოლს სხვა კაცი ჰყავდა. სხვათა შორის ამბობდნენ, რომ სწორედ ამ კაცის გამო დაანგრია ოჯახი, მაგრამ მე არ მაინტერესებდა. მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. სულ ვამბობდი, არ მაინტერესებს, როგორ ცხოვრობდა ჩემი საყვარელი მამაკაცი ადრე, მთავარია ახლა რა იქნება-მეთქი, მაგრამ არ ყოფილა ასე. როცა გავიგე, რომ ცოლთან იყო გაშორებული და შვილიც ჰყავდა, ძალიან ვინერვიულე. ვუთხარი კიდეც, რომ არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო. მეშინოდა, რომ მისი ცოლი არ მოგვცემდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ამას ინტუიცია და ჩემი შინაგანი ხმა მკარნახობდა. თუმცა, ვერ ვიგებ, რა უნდა ამ ქალს. ის კაცი ფუფუნებაში აცხოვრებს. რატომ გიჟდება იმაზე, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა საყვარელი ადამიანი იპოვა, მართლა არ ვიცი. რა დავარქვა ამას. ეგოიზმი, თუ ბოროტება.
– ეჭვიანობთ?
– გული მეგლიჯება, როცა დაშაქრული ხმით ელაპარაკება. უბოროტესი არსებაა. ხელს მიშლის ბავშვთან დაახლოვებაში. არ ვიცი, რას ელაპარაკება ჩემზე, მაგრამ ბავშვი აშკარად სიძულვილით მიყურებს, როგორ არ ვცდილობ მისი გულის მოგებას, მაგრამ არაფერი გამომდის. ჩემგან არაფერი უნდა, ვერ მიტანს. მეშინია, ბავშვის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ქალი ამას ჩემს გასამწარებლად აკეთებს. დღეს არ ჩააგდებს, რომ არ მომშხამოს. სულელი ნამდვილად არ ვარ და ვხედავ, ვინც არის. ფულიანი საყვარელი გაიჩინა და ქმარი მის გამო მიატოვა. შეიძლება, არც აპირებდა მათ მიტოვებას, მაგრამ გაუგეს ღალატი და არ აპატიეს.
– ეს სერიოზული ბრალდებაა.
– ვიცი. მაგრამ ტყუილად არაფერს ვაბრალებ. ყველაფერს ვერ ვეტყვი ჩემს ქმარს. თვითონაც ნერვიულობს, განიცდის. ერთხელ უკვე ველაპარაკე და მითხრა, შენ მაგას არ იცნობ, თუ გადაირია, ბავშვს აღარ გამაკარებს და მე დარდით მოვკვდებიო. ისევ შენ უნდა მოითმინო, მოსწყინდება ჩვენს ცხოვრებაში ქექვა და თავს დაგვანებებსო. გამოდის, რომ გიგიც ხედავს, ის უნამუსო ჩვენს ცხოვრებაში რომ იქექება, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. „მოითმინე, მოსწყინდება“ ჩემთვის ვერაფერი ნუგეშია. მე რა ვიცი, როდის მოსწყინდება. მაგას უნდა ველოდო და გავსკდე გულზე? ხომ ხვდებით, რა გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, მე კი ლამის, ყოველ მეორე ღამეს ბალიშს ცრემლებით ვასველებ. ვის ვუთხრა და ვის მოვუყვე, რა უბედურება მჭირს. უკვე იმისი მეშინია, რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდება. როცა ქალს და კაცს საერთო შვილი ჰყავს და კაცი ისეთი პიროვნებაა, როგორიც ჩემი ქმარია, ამისი უზარმაზარი შანსი არსებობს.
– მაშინ საკუთარი თავის ხელში აყვანა უნდა შეძლოთ და მოწინააღმდეგეს სიმშვიდით აჯობოთ.
– მაგას მეც ვხვდები, მაგრამ ეს მარტო სათქმელად არის ადვილი. რკინის კი არ ვარ. მეტი აღარ შემიძლია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი, ცოლს გაშორებულ კაცს რომ გავყევი. მისი ექსმეუღლე ჩვენ მშვიდად ცხოვრების უფლებას არასოდეს მოგვცემს.
– და თუ ის თქვენი ოცნების მამაკაცია?
– დიახ არის. არ უარვყოფ. მაგრამ ეს კიდევ უფრო მიშლის ნერვებს. როგორია, გვერდით გყავდეს კაცი, რომლის მსგავს ქმარზეც ყოველთვის ოცნებობდი, მაგრამ უბედური იყო. დამიჯერეთ, ესეც არანაკლები საშინელებაა, ვიდრე ცუდი ქმრის გვერდით ცხოვრება. არა. კიდევ უფრო უარესია. ცუდი ქმარი რომ გყავს, იცი, რომ ის ცუდია და არჩევანსაც გააკეთებ. თუ აღარ გიღირს მასთან ცხოვრება, ადგები და წამოხვალ. იტყვი, ცუდი ქმარი მყავდა და იმიტომაც წამოვედიო. მაგრამ მე რომ კარგი ქმარი მყავს, თანაც ძალიან კარგი, ამ შემთხვევაში რა ვქნა.
– რანაირად არის კარგი, როცა თქვენი დაცვა თავისი ყოფილი ცოლის შემოტევებისგანაც არ შეუძლია.
– ამას ნუ მეუბნებით. ძალიან განვიცდი. როგორ არ შეუძლია, უბრალოდ, გასაგები მიზეზის გამო, მასთან ურთიერთობის გამწვავება არ უნდა. მე მესმის მისი, მაგრამ მეც რა ვქნა. ჩემთვის იდეალური მამაკაცი ყოველთვის იყო ის, ვინც ქალის პატივისცემა და დაფასება იცოდა. გიგის შეუძლია, ჩევულებრივი დღე დღესასწაულად გიქციოს და ამისთვის სულაც არ სჭირდება ბევრი ფული. მაგალითად, შეუძლია ადგეს და სანამ გაიღვიძებ, ისეთი საუზმე დაგახვედროს, ყოველგვარი წინასწარი აჟიოტაჟის გარეშე, რომ გადაგრიოს ან უსიტყვოდ აიფაროს წინსაფარი და დაგირეცხოს ჭურჭელი. რაც მთავარია, უთქმელად ხვდება, რა გაწუხებს. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენ წინაშე პირნათელი იყოს. არც თამაში შეუძლია. რა უნდა იმის თქმას, რომ „კარგი, მე ახლა იმას სეირს ვუჩვენებ, ისე დაველაპარაკები, რომ ჩვენთან მოახლოვების სურვილიც კი გაუქრეს“ – ხომ მოიგებდა ჩემს გულს. ბევრი კაცი სწორედ ასე მოიქცეოდა, მაგრამ გიგი სხვანაირია. თავის ყოფილ ცოლსაც არ ლანძღავს. მაქსიმალურად ცდილობს, კორექტული იყოს. არ ვიცი, საიდან აქვს ამხელა მოთმინება. სხვა კაცი აქამდე აუცილებლად სცემდა. მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც მან გაუკეთა. ვერ ვიტყვი, რომ ღალატი აპატია, ასე რომ ყოფილიყო, დღეს მე გიგის ცოლი არ ვიქნებოდი. მაგრამ ის, რომ სახლში უშვებს, ადამიანურად ელაპარაკება და მის უზნეო გამოხდომებს ითმენს, ჩემი ქმრის დიდსულოვნებაზე მიუთითებს. მაგრამ ეს ჩემს პრობლემებს ვერ შველის. ალბათ, იქამდე მომიწევს ამ ყველაფრის ატანა, სანამ ბავშვი გაიზრდება და ჭკუაში ჩავარდება... თუ მანამდე, გული არ გამისკდა. ის ქალი ბავშვს ძალიან წარმატებით იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ნეტავი ჩემს ქმართან რამე სხვა გაუგებრობა მქონდეს, რომ ვთქვა, ერთმანეთს ვერ ვეწყობით-მეთქი. ამ ქალმა როგორ უნდა დაანგრიოს ჩვენი ბედნიერება?!