№2 რა შემთხვევაში ვერ შეძლებთ განვადებით სარგებლობას და ვინ ვეღარ აიღებს ბანკის სესხს 2019 წელს
ახალი წლიდან ძალაში შევიდა საბანკო რეგულაციები, რომელიც შეზღუდვებს უწესებს როგორც სესხის გამცემ კომერციულ ორგანიზაციებს, ასევე მომხმარებელებს, რომელთაც სესხის აღება სურთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჭარბვალიანობის დასაძლევად სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას დააკისრა ვალდებულება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს სესხი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი, რისი გადახდის საშუალებაც მას რეალურად აქვს. რას შეცვლის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები, ვინ ვეღარ შეძლებს სესხების აღებას და დაძლევს თუ არა ის ჭარბვალიანობის პრობლემას, ამ შეკითხვებით მივმართეთ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტს – ანი ალიბეგაშვილს.
– ძირითადად რომელ საბანკო პროდუქტებს შეეხო ახალი რეგულაციები?
– ყველა საბანკო პროდუქტს, რომლით სარგებლობაც აქამდე შეგვეძლო, მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულ სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს. ძირითადი და მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს. აქამდე კომერციული ბანკები თავად აწესებდნენ – რა შემოსავალზე რა თანხა უნდა ყოფილიყო მიმართული სესხის დასაფარად და ამ პარამეტრის დარღვევისგან თავს იკავებდნენ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში გამონაკლისების დაშვება მაინც ხდებოდა. ახალი რეგულაციით კოეფიციენტის გაკონტროლება ექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობაში და მკაცრად გაკონტროლდება. კოეფიციენტები დაყოფილია ორ ნაწილად – მომხმარებლისთვის, რომელსაც აქვს შემოსავლი ლარში და ლარში სურს სესხის აღება, და მომხმარებლისთვის, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში და სესხს იღებს დოლარში. განსხვავებულია კოეფიციენტი გრძელვადიან და მოკლევადიან სესხებზე, მათ შორის სხვაობა 10 პროცენტია. ეს განსხვავება აძლევს საშუალებას მას, ვინც გრძელვადიანი სესხით სარგებლობს, ჰქონდეს დარჩენილი მცირე თანხა თავისი შემოსავლიდან და სურვილის შემთხვევაში, დაიმატოს ახალი პარალელური სესხი. ახალი რეგულაციით, მომხმარებელს მოკლევადიან სესხზე აქვს შესაძლებლობა სესხის დასაფარად მიმართოს შემოსავლის 35 პროცენტი, ხოლო გრძელვადიან სესხზე – შემოსავლის 25 პროცენტი. იყო საუბრები, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტი 20 პროცენტამდე შემცირებულიყო, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე საბანკო სექტორისთვის. საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. შეიცვალა სამომხმარებლო სესხის ვადები, სამომხმარებლო სესხის ვადა 48 თვემდე შემცირდა. თუ აქამდე მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა 1 000 ლარის შემოსავალი შეეძლო, შემოსავლის 15-მაგი ოდენობის თანხა აეღო, ახლა თანხის ოდენობაც შემცირებულია და სესხის ვადაც. სამომხმარებლო უზრუნველყოფილი სესხის ვადა, რომლის მიზნობრიობაც არ კონტროლდება 10 წლით განისაზღვრა და შესაბამისად, ასეთი სესხი უფრო მაღალპროცენტიანია. ბინის შესაძენად მომხმარებელი ვეღარ აიღებს 15 წელზე მეტ ვადიან სესხს, რისი საშუალებაც მომხმარებელს ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე ჰქონდა.
– ვის შეეხება შეზღუდვები ყველაზე მეტად, ვინ ვეღარ აიღებს სესხს ახალი რეგულაციებით?
– ეს ცვლილებები განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ გამოიწვევს იმ მომხმარებლებში, რომელთაც აქვთ ფიქსირებული შემოსავალი, ეს არის ლეგალურად დასაქმებულთა კატეგორია, რომელთაც აქვთ ყოველთვიური ანაზღაურება. უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ხდება შემოსავლის დადასტურება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საბანკო პროდუქტი გაიცემა. ამ კატეგორიაში ძალიან ბევრი მომხმარებელი მოჰყვება, მათ შორის ისინი, ვინც მუშაობენ, მაგრამ არ აქვთ ფიქსირებული შემოსავალი.
– რა ცვლილებებია განვადების მექანიზმში, რასაც ხშირად მიმართავენ მომხმარებლები?
– ახალი წლიდან, ფაქტობრივად, ძალიან რთულდება მომენტალური განვადება, ის აღარ არსებობს იმ ფორმით, როგორც აქამდე იყო, ხელფასის ამონაწერი და ხელფასის ცნობის მიტანა უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. რთულია წინასწარ საუბარი, რა სახეს მიიღებს განვადებების სისტემა, ფაქტია, რომ თუ არ გაჩნდა დამხმარე მექანიზმი სავაჭრო ობიექტებისთვის და მაღაზიებისთვის, რაზეც საუბარი იყო ეროვნული ბანკი მხრიდან, ეს რეალური პრობლემა იქნება. მიიღებს თუ არა ეს მექანიზმი ლიზინგის სახეს ან გადავა თუ არა შიდა განვადებების ფორმატში, ეს ჯერ არ ვიცით. რა დათმობაზე წამოვა, ამ მხრივ, ეროვნული ბანკი, ამას მომავალში ვნახავთ. ფაქტია, მოკლევადიან პერიოდში მომხმარებლის სოციალური მდგომარეობა, რომელთაც საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამწუხაროდ, კვლავ საბანკო სესხით უწევს, დამძიმდება და თუ არ მოხდა რაიმე სახის ცვლილება, მინიმუმ, მომავალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისინი საჭირო პროდუქციას განვადებით ვერ შეიძენენ.
– ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამომხმარებლო სესხებს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საბანკო პროდუქტია. გამოიწვევს თუ არა ეს ცვლილება სესხებზე პროცენტის გაზრდას და კვლავ შეძლებენ თუ არა მომხმარებლები ამ სესხის გამოყენებას ბიზნესის მიმართულებით, რაც საკმაოდ ხშირი პრაქტიკა იყო ბიზნესსესხების მაღალი პროცენტიდან გამომდინარე?
– ის მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ შემოსავალი და ბიზნესის განსავითარებლად უპირატესობას სამომხმარებლო სესხს ანიჭებდნენ, კვლავ შეძლებენ ამ სესხების აღებას, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით.
– რა იცვლება იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით?
– იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით შეცვლილია სესხის მომსახურების კოეფიციენტი, თუ გაქვთ შემოსავალი 2 000-4 000 ლარამდე დადასტურებული შემოსავლის შემთხვევაში, კოეფიციენტი არის 45 პროცენტი. ცვლილება ეხება ქონებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ სესხებს. მოქალაქეს არ ექნება ბინის გირაოში ჩადების უფლება, თუ მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი ბინა. თუ მომხმარებელი იპოთეკით ტვირთავს ბინას, მას უნდა ჰქონდეს მეორე ბინა, რომ დაზღვეული იყოს რისკი და მსესხებელი უბინაოდ არ დარჩეს. რაც ეს რეგულაცია გახდა ცნობილი, ძალიან აქტიურად დაიწყო სოფლებში მდებარე სახლების დაკანონება. ჩემი აზრით, პრობლემები შეექმნებათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბინები სამშენებლო კომპანიებისგან შიდა უპროცენტო განვადებებით აქვთ ნაყიდი და დარჩენილი საფასურის გადახდის მიზნით კომერციული ბანკიდან სესხის აღება გარკვეული პერიოდის შემდეგ ჰქონდათ დაგეგმილი. მომხმარებლებმა, რომლებიც ბანკისგან ელოდნენ 45 ათასი დოლარის სესხს, შესაძლოა, 30 ათას დოლარზე მეტი ვეღარ აიღონ, მათ განსხვავების დასაფარად ან სხვა გზებით უნდა მოიძიონ თანხები, ან დღის წესრიგში დადგება შეძენილი ქონების გაყიდვის აუცილებლობა, რაც გააიაფებს უძრავი ქონების ბაზარს. თემა რეგულაციებში, ისევე როგორც განვადებებთან დაკავშირებით, ღიად არის დარჩენილი.
იპოთეკურ სესხის გაცემის დროს ასევე მნიშვნელოვანია თანამსესხებლის განსაზღვრა, ბანკებს ჰქონდათ ხოლმე გადახვევა ამ პუნქტიდან, თანამსესხებლად შეიძლებოდა ყოფილიყო არა მხოლოდ დედა, მამა, შვილი, ქმარი, ასევე ბებია, ბაბუა, გამონაკლის შემთხვევაში, თანამსესხებელი შეიძლება ყოფილიყო ახლო ნათესავი, დეიდაშვილი, ბიძაშვილი. აქამდე ბანკი არ ითხოვდა ოჯახის წევრობის დამადასტურებელ საბუთებს. ცვლილებების შემდეგ თანამსესხებელი შეიძლება იყოს ვიწრო წრე – ოჯახის წევრები, რომელთაც უნდა წარადგინონ ოჯახის წევრის დამადასტურებელი საბუთი – ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ასე შემდეგ. თანამსესხებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რომლის ხელფასის გათვალისწინებაც მოხდება სესხის კალკულაციის დროს, რის გამოც, თუ კოეფიციენტს სრულად ავსებს, თანამსესხებელს სესხით სარგებლობის საშუალება არ აქვს. ახალი რეგულაციები და პირობების გამკაცრება, ჩემი აზრით, შავი ბაზრის გაააქტიურებას გამოიწვევს. აუცილებლად იქნება გამოძებნილი გარკვეული ხვრელები, გააქტიურდებიან მევახშეები, რომლებიც ასევე მოყვენენ რეგულაციებში, მათ უკვე აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ ლიცენზია და დაარეგისტრირონ საკუთარი საქმიანობა.
– მოხდება თუ არა ამ რეგულაციებით ჭარბვალიანობის დაძლევა, რეალურად რისთვისაც გახდა საჭირო მისი შემოღება და ამოქმედება?
– ამ ცვლილებებით ჩვენ ჭარბვალიანობის პრობლემას ვერ გადავჭრით. კომერციული ბანკებიდან ჭარბვალიანობის პრობლემა ნაკლებად მოდიოდა, პრობლემა უფრო ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებთან იყო დაკავშირებული. ბოლო ხუთი წლის სტატისტიკით, კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები, როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნესსესხები, მთლიანი სასესხო პორტფელის მხოლოდ 2,3 პროცენტს შეადგენს. ამ მხრივ, რეგიონში კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რომელიც რეალურად შენარჩუნებული იყო მომხმარებლის მიერ სესხის დასაფარავად ალტერნატიული გზების მოძიებით, რაც ხშირად ონლაინ სესხებიც იყო. ახალი რეგულაციებიდან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ეფექტური პროცენტის 100 პროცენტამდე შემცირება, ონლაინ სესხები მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას, მათი ეფექტური განაკვეთი 700-750 პროცენტი იყო, მაისიდან ეფექტური პროცენტი 100-დან 50 პროცენტამდე შემცირდა და დაიწყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რაც შემოსავლის შესწავლას მოითხოვდა. შემოსავლების დადასტურების ნაწილში რთულდება სიტუაცია მათთვის, ვინც სხვა ქვეყნიდან გაკეთებული გზავნილებით ახერხებდა სესხების აღებას, მათ შორის იპოთეკური სესხის. კომერციულმა ბანკებმა ეს შემოსავალი რომ გაითვალისწინონ, ის ადამიანი, ვინც გზავნილს აკეთებს, ლეგალურად უნდა იყოს ემიგრაციაში და ჰქონდეს ამისი დამადასტურებელი საბუთი.