№2 ბიზანტიელები რუსებს გოგსა და მაგოგს უწოდებდნენ, ქართველებს კი მათგან ცივილიზაციის დაცვის მისიას აკისრებდნენ
მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიასთან ურთიერთობით თავს ვიწონებთ და მართლაც, ბიზანტია ჩვენთვის იმდროინდელი დასავლეთი, ერთმორწმუნე იმპერია და ჩვენი მოკავშირე იყო მტრებთან ბრძოლაში, მისგან უსიამოვნო მომენტებიც გვახსოვს. ამას გარდა ერთმორწმუნეობის მწარე გემო რუსეთის იმპერიისგანაც ვიწვნიეთ, რომელიც, რაც უნდა პარადოქსული იყოს, თავს ბიზანტიის მემკვიდრედ მიიჩნევს. ამ ორი მართლმადიდებელი იმპერიის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი, თავისი ნათელი და ბნელი მხარეებით, აკაკი ასათიანთან ერთად შევადარებთ.
– რით ჰგვანან ბიზანტიისა და რუსეთის იმპერიები ერთმანეთს და რით განსხვავდებიან ჩვენდამი დამოკიდებულებით?
– ძალიან რთული ამბავია, მთელი ისტორიული ექსკურსი სჭირდება. გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიზანტიელები ჩვენს დაპყრობას ლამობდნენ და ჩვენდამი აგრესიულად იყვნენ განწყობილები, ტყუილია. ერთადერთი ომი გვაქვს იმპერატორ ბასილი მეორესთან გიორგი პირველის დროს და მაშინაც ბასილი მეორე იყო მართალი. იცით, რომ დავით კუროპალატი თორნიკე ერისთავის მეშვეობით დაეხმარა თავის ბიზანტიელ მეგობარს და ჩვენი უკიდურესი სამხრეთის მიწები ამაში მიიღო.
– დიახ, ტაოს მხარე.
– მაგრამ შემდეგ, სრულიად უადგილოდ, ფოკას დაუჭირა მხარი, ფოკამ კი წააგო. ბასილი მეორე სულ სხვა ტიპის მმართველი იყო და შეთანხმდნენ, რომ ის მიწები დავით კუროპალატს თავის სიცოცხლეში ექნებოდა, მის მემკვიდრეს კი უნდა დაებრუნებინა. მიუხედავად ფოკასადმი აღმოჩენილი მხარდაჭერისა, მაინც პატივი სცეს, რადგან დავით კუროპალატი დიდად ავტორიტეტული მმართველი იყო – ამას ყველა ბიზანტიელი მკვლევარი და იმდროინდელი წყაროები აღიარებს. დავითი რომ გარდაიცვალა, 1000 თუ 1001 წელს, გიორგი პირველს არც უფიქრია ამ შეთანხმების შესრულება და უკიდურესი სამხრეთის მიწები დაიკავა. იმ დროს ბასილი მეორეს ჩვენთვის არ ეცალა, ბულგარელებთან ჰქონდა ომი და ის ბულგართა მჟლეტის სახელითაცაა ცნობილი.
– ათასობით ბულგარელს დასთხარა თვალები.
– ყოველ ას კაცში მხოლოდ ერთს დაუტოვა ცალი თვალი, დანარჩენებს დასთხარა და 15 000 ტყვე ასე გაუშვა ბულგარეთში. მათი შემხედვარე ბულგარეთის მეფე კი მოკვდა და ასე დაიპყრო ბულგარეთი ბასილიმ, რის შემდეგაც ჩვენთვისაც მოიცალა და წამოუყენა პრეტენზია, რომ მოთხოვნა შეესრულებინათ. გიორგი პირველმა არ შეასრულა ეს მოთხოვნა და ჩვენსა და ბიზანტიელებს შორის ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა. პირველი შემთხვევით წავაგეთ – ყბადაღებული მოღალატე ბაღვაშების, იერიშზე გადასული რატი ბაღვაშის დაღუპვის გამო. გიორგი პირველი ვერც კი ჩაება ბრძოლაში. მეორე ბრძოლაში კი დაიღუპა ლიპარიტი, რატის მამა და ის, ცნობილი ლიპარიტ მეოთხე, ამის შემდეგ გახდა ბაღვაშების სახლის მეთაური. მოკლედ, ეს იყო ერთადერთი ომი ჩვენსა და ბიზანტიას შორის, რომელშიც იურიდიულად ბიზანტია იყო მართალი. სხვა ომი თუ თავდასხმა არც ყოფილა. თუ ვინმე გულისხმობს ირაკლი კეისრის მოსვლას თბილისში, ის მაშინ სპარსელებს ებრძოდა და მაშინ თბილისი სპარსულ გარნიზონს ეკავა, ასე რომ, ის ჩვენ წინააღმდეგ ომი ვერ იქნებოდა. ამის შემდეგ მცირე კონფლიქტის მაგვარი მოხდა, როდესაც ახალმა იმპერატორმა სამწლიანი მძევლობიდან დაბრუნებული, მცირეწლოვანი ბაგრატ მეოთხის უკან წაყვანა მოინდომა. ლიპარიტ მეოთხე ბაღვაშმა სწორედ ის შეტევა მოიგერია. აი, ესაა მთელი კონფლიქტები ბიზანტიასთან.
– თუმცა გვქონდა გაუგებრობები და უსიამოვნებები, იგივე ეკლესიის ავტოკეფალიის გამოც – გაუჭირდათ ბიზანტიელებს ჩვენი ეკლესიის, როგორც ავტოკეფალიურის, აღიარება.
– ავტოკეფალიაზე არ დაობდნენ, პირიქით, დიდი ბიზანტიელი კანონისტის, თეოდორე ბალსამონის მოწმობაა, რასაც დღემდე ემყარება ჩვენი ეკლესია, რომელიც წერს, ჩვენ გარდა არის სამი ავტოკეფალიური ეკლესია: კვიპროსზე, ასევე, აქვთ ბულგარელებსა და იბერებსო.
– მაგრამ ფაქტია, უჭირდათ ჩვენი მიღწევების აღიარება.
– ეჭვიანობდნენ. მეთერთმეტე საუკუნიდან იწყება ეჭვიანობა, როცა ჩვენ ვძლიერდებით და კულტურულადაც დავიწყეთ დაწინაურება, გვექიშპებიან: საეკლესიო წიგნებში ისე ვერ გაქვთ საქმე, მოციქულს არ მოუქცევიხართო. თუმცა გიორგი მთაწმინდელმა ამას საკადრისი პასუხი გასცა და ამის შემდეგ კაციშვილს ხმა აღარ ამოუღია. ათონის მთაზეც რაღაც პრობლემებს გვიქმნიდნენ და სხვაგანაც, თუმცა მაინც სიმპათიით უყვნენ განმსჭვალულები. მაგალითად, თორნიკე ერისთავის პერიოდში ერთი ბიზანტიელი მწიგნობარი წერს, ყაჩაღობამ წალეკა ქვეყანა და ჩვენი ძმები იბერებიც კი ავაზაკობენო. ჩვენი რაზმი იქ იდგა და რომ ნახეს, სხვები ცუდად იქცეოდნენ, თავადაც ცუდად მოიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დადებითად წერდნენ ჩვენზე, ეჭვიანობდნენ. გასაგებიცაა: დიდი იმპერია იყო, სუსტდებოდნენ, ჩვენ კი ვძლიერდებოდით, ამიტომ ნიშანდობლივი იყო, რომ მეთორმეტე საუკუნიდან, როდესაც ჩვენი ძლიერების ხანაა, ჩვენს მეფეებს აღარ იხსენიებენ, თუმცა მანამდე სულ ახსენებდნენ. არ უნდოდათ, დაეწერათ რომ ბასილევსის იყო ჩვენი მეფე, ამდენად, მხოლოდ ასე წერდნენ, აღმოსავლელი მამაცი იბერებიო. ჩვენები შუპოვარ და მამაც ხალხად ითვლებოდნენ და თორნიკეს რაზმი რომ მივიდა, დიდი ბიზანტიელი ისტორიკოსი წერს, იბერები სიმაღლით ცხრა წყრთა იყვნენო.
– შეშინებიათ აშკარად.
– დიახ, დაახლოებით, სამი მეტრი გამოდის, ჩვენები იმხელები იყვნენ, რომ, ეტყობა, ბუმბერაზებად მოეჩვენათ. მაგრამ მაინც ზემოდან გვიყურებდნენ. ჩვენებიც ეჯიბრებოდნენ ბიზანტიელებს თარგმანებში და ეს კარგი იყო, რადგან უნდა გაეჯიბრო ყველაზე უკეთესს და თორნიკეს მამამისი იოანე ეუბნებოდა: უნდა თარგმნო, რადგან წიგნით ჩვენ ბიზანტიელებზე ნაკლულნი ვართ და ჩვენი ქვეყანა შენ უნდა გაამდიდროო. მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის ჩენებმა მთელი ბიზანტიური ლიტერატურა თარგმნეს. ბევრი ძეგლი კი ისეთია, რომელიც ბერძნულად არც შემონახულა და მხოლოდ ქართულადაა. საოცარი რამ გააკეთეს. ამ თარგმანების სამი მეოთხედის ავტორი რამდენიმე ადამიანია – ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი... სლავურ სამყაროს რომ შეადარო – იქ მთარგმნელებიც უცნობია და რაც საუკუნეების განმავლობაში მთელმა სლავურმა სამყარომ თარგმნა, ჩვენთან ის რამდენიმე ადამიანმა შეძლო. ამასთან, ტექსტი კიდევ უფრო რომ დაზუსტებულიყო, ზოგი რამ მეორედაა თარგმნილი. ერთი სიტყვით, ბიზანტიელები ეჭვიანობდნენ ჩვენზე.
– რუსებიც ეჭვიანობდნენ და ახლაც ეჭვიანობენ.
– მივალთ რუსებამდეც, მაგრამ ბიზანტიელებს ჩვენი დაპყრობის სურვილი არ ჰქონიათ, ძალიან სასიკეთო გავლენას ახდენდნენ კულტურის თვალსაზრისით და თუ რამეს მივაღწიეთ, ეს მათი გავლენის დამსახურებაა. ოღონდ ჩვენ არ ვეკუთვნოდით ბიზანტიურ სამყაროს, იმიტომ რომ კულტურულად განვსხვავდებოდით, რაც დღემდე აუხსნელია. ეს ივანე ჯავახიშვილმა შენიშნა და მას შემდეგ არავის უკვლევია. განსხვავებული იყო ჩვენი სოციალურ-პოლიტიკური წყობა, ჩვენი იყო დასავლეთ ევროპულის მსგავსი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მანძილი გვაშორებდა და ჩვენმა ზოგიერთმა მეფემ შესაძლოა, არც იცოდა დასავლეთევროპელი მონარქების არსებობის შესახებ. ეს ერთადერთი რამით აიხსნება, ჩვენ და დასავლეთ ევროპის ხალხები ერთი ტიპის საზოგადოება ვართ. პატრონყმობა, რაც აღწერილია „ვეფხისტყაოსანში“, „ამირანდარეჯანიანში“, სუფთა დასავლეთევროპული, გასაოცარი მსგავსებაა. ეს ჯვაროსნებმაც შენიშნეს და მთელი ჰიმნები მოგვიძღვნეს. წერდნენ, ჩვენნაირები არიან, მეომრები, გულადები. სარწმუნოებითაც, რომელიც ვითომ ბერძნულია, მაგრამ ჩვენნაირად აქვთ ახალ აღთქმაში სახარებების თანმიმდევრობაო. ამდენად, კულტურულად ჩვენ ბიზანტიური სამყაროს შვილები ვართ, მაგრამ მის კულტურულ სივრცეს არ ვეკუთვნით. ბიზანტიამ არ იცის არც რაინდული რომანები, არც სახოტბო პოეზია, საერთოდ, რითმიანი პოეზია არ იცის, ცხადია, ჩვენს მხატვრულ სიტყვაზე კეთლისმყოფელი გავლენა აღმოსავლეთმა მოახდინა. სწორედ ეს საოცარი სინთეზია შოთასთან, იდეოლოგია – ქრისტიანულ-ბიზანტიური, მხატვრული გაფორმება – სუფთა აღმოსავლური, ხოლო სოციალური წყობა და შინაარსი – ქართული. ამიტომ ჩვენი ამბავი ძალიან სპეციფიკურია, ამიტომაც დიდი არნოლდ სტოინბი, ცივილიზაციათა მკვლევარი, რომელმაც მთელი კაცობრიობა დაახარისხა, უზარმაზარი ხალხები და ქვეყნები ერთ ცივილიზაციაში მოაქცია, მაგალითად, ბიზანტიურში, ჩვენ ვერაფერს გვიხერხებს და გაკვრით წერს, ეს არის სასაზღვრო ცივილიზაციაო, იმიტომ რომ არც ერთს არ მივეკუთვნებით.
ბიზანტიელები რუსებს გოგსა და მაგოგს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ იბერებს გვეკავა გოგისა და მაგოგის ჭიშკარი. აი, ეს იყო ჩვენი ფუნქცია, რომ ცივილიზებული სამყარო დაგვეცვა ველური ბარბაროსებისგან, ახლაც რაღაც ამგვარი ფუნქცია გვაქვს. რუსებმა მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში შექმნეს სერიოზული კულტურა, მაგრამ მათი სახელმწიფო რომ ისევ უფრო ბარბაროსულია, ვიდრე ცივილიზებული, ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია.
– რუსეთმა რით გვაზარალა და რა მოგვცა, იმას გარდა, რომ ეჭვიანობდა და ეჭვიანობს, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, რაც მისი ზომიდან გამომდინარე, ცოტა კომიკურია.
– ძველ რუსეთს რომ უწოდებენ, სინამდვილეში შუა საუკუნეების რუსეთია, იმიტომ რომ სიძველე არის ანტიკურობა, რაც რუსებს არ აქვთ. ისინი მეექვსე საუკუნეში იხსენიებიან პირველად, ბიზანტიელი ისტორიკოსი წერს მათზე, მანამდე ტყეში დაბორიალებდნენ და უცებ გამოჩნდნენ, როდესაც სამყარო აირიაო. ესენი უფრო სამხრეთელი სლავები არიან. იცით, რომ ძველი რუსეთი არის შვედი ვიკინგების მიერ დაკავებული ტერიტორია, მათ მოიწვიეს მმართველებად და ნომინალურად აღიარებდნენ ერთ დიდ მთავარს კიევში. ამაზე ამბობენ უკრაინელები, რომ ეს უკრაინის ისტორიააო და მართლაც ასეა. საკუთრივ რუსეთი რაც არის, ის მეთორმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა თანდათან: იაროსლავი, ვლადიმირი, სუზდალი. ამიტომ მათ არ იციან ვასალიტეტი, მათი სისტემა არ არის არც ევროპული, არც ბიზანტიური, იმიტომ რომ ბიზანტია ბიუროკრატიული სახელმწიფო იყო. საერთოდ, სახელმწიფო აპარატი, ჩვენთან რომ იყო – ამირსპასალარი, ამილახორი, მეჭურჭლეთუხუცესი და სხვა, რუსებმა არ იციან. ისინი მაშინ არავის იპყრობდნენ, ერთმანეთთან ომობდნენ. ეს სულ სხვა ტიპის სახელმწიფო ოყო. ჯერ, 400 წელს მონღოლობა ჰქონდათ, შემდეგ წამოაყენეს მესამე რომის თეორია, რომ პირველი იყო რომი, მეორე – კონსტანტინოპოლი, მეოთხე არ იქნება და მესამეა რუსეთი, ეს დასჭირდათ იმისთვის, რომ მონღოლობიდან კი გამოვიდნენ, მაგრამ იდეოლოგიური საყრდენი არ ჰქონდათ, ამიტომ ბიზანტიიზმი მოიშველიეს, რომელიც პეტრეს დროს დაიმსხვრა, მაგრამ მეცხრამეტეში აღორძინდა. აღიარებული პოსტულატია, რომ რუსეთი აგრძელებს ამ ხაზს და კონსტანტინოპოლის დაკავების სწრაფვაც ამით აიხსნება, მართალია სრუტეების ხელში ჩაგდების ამოცანა იდგა, მაგრამ იდეოლოგიურად ასე ფორმდებოდა. ბიზანტიის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი იყო სტალინი და ჰგავდა კიდეც საბჭოური მმართველობა ბიზანტიის მმართველობას. ფაქტობრივად, სტალინი იმპერატორი იყო. ეს იდეოლოგია საშუალება იყო მართვის და ახლაც მხოლოდ ორი რამ აქვთ: მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება და ბიზანტიიზმი. მაგრამ კულტურული გავლენით ვერ დაემსგავსნენ ბიზანტიას, რუსებს არ აქვთ კულტურული უპირატესობა. ბიზანტია კი არა მხოლოდ ჩვენთვის იყო დასავლეთი, არამედ ყველასთვის. ბიზანტია საქრისტიანოს ლიდერი იყო კულტურული თვალსაზრისით. ამიტომ მისტირიან რუსები საბჭოეთს. ერთი სპორტული თამაში მოიგონეს – სატანკო ბიატლონი. რომ გაბრაზდე, რატომ არიან ასეთები – უაზრობაა, უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. არის ხალხი, რომლებმაც წერა-კითხვა ისწავლეს მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეში, მაგრამ არ აქვთ კომპლექსები, იმიტომ რომ სხვა რამეები შესძინეს კაცობრიობას. ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა გვქონდეს ხალხთან ურთიერთობა და მათ სახელმწიფოსთან მკაფიო და ღირსეული პოზიცია. ალექსანდრე ორბელიანი, დიდებული კაცი, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური, ერეკლეს შვილიშვილი, თავდადებული, გულდამწვარი პატრიოტი, რუსეთში რომ მოუწია გადასახლება, წერს, ცალკეული ადამიანები ისეთი კარგები არიან, ჩვენთანაც კი რომ არ შემხვედრია, თან გადამყვნენ ზოგიერთებიო, მიყვარს ის ხალხი ძალიან, მაგრამ არ მიყვარან ჩემს ქვეყანაშიო.