№2 ტურისტცვენა
ღარიბთა სიმდიდრე
თუმცა ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე შობილ იდეას, რომ მხოლოდ ტურიზმი და „ბორჯომი“ აგვაყვავებდა, ორი ათეული წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ექსპორტში (სადაც ჯართი კვლავაც ლამის წამყვანია) მინერალური წყალი სჭარბობს და ლამის ჩვენი სავალუტო დინებების მთავარი წყარო ტურისტებით მიღებული შემოსავლებია.
ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ტურიზმის სექტორიდან სამ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიგვიღია (ჩვენ რა – საქართველოს ბიუჯეტს მიუღია) და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია რეზინის არ არის, რომ უსაშველოდ გაიწელოს, მომავალ წლებში უფრო და უფრო მეტ ტურისტს ველით (ტურისტულად მომხიბვლელი ქვეყნების სიაში ვეწერებით), რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავალიც გაიზრდება. იმას გარდა, რომ ქვეყანაში ვალუტის შემოდინების მეორე მთავარი წყარო ფულადი გზავნილებია (უცხოეთში, ლეგალურად თუ ფარულად დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ გამოგზავნილი), რაც, საშუალოდ, წელიწადში მილიარდი აშშ დოლარია (ოდნავ მეტიც რამდენიმე ასეულით).
აქედან გამომდინარე კი, მართლაც, მოხერხება უნდა, რომ ლარი იმ ნიშნულზე იდგეს, როგორზეც დგას, რაც ბადებს ეჭვს, რომ ობლის (ანუ მოსახლეობის) კვერი საყოველთაო კეთილდღეობის პირობებშიც კი ვერა და ვერ ცხვება.