№1 რის გამო არ აცეკვეს უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ირაკლი მაქაცარიას ქართული ცეკვა და როგორ დაუპირისპირდა უკრაინელი ხალხი მის გამო პოპულარულ არხს
2018 წელი ირაკლი მაქაცარიასთვის განსაკუთრებულად წარმატებული იყო. მისი ერთ-ერთი დიდი წარმატება უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკლავებში” მონაწილეობა იყო, სადაც ირაკლიმ თითქმის ყველა ნომერი არაჩვეულებრივდ შეასრულა, ჟიურიც მოხიბლა და მილიონობით მაყურებელიც, რომლებიც მას ბოლომდე გულშემატკივრობდნენ.
ირაკლი მაქაცარია: კარგი, აქტიური წელი იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, პროგრესი განვიცადე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ეტაპზე წინ მივდიოდი, რაღაც ახალს ვაკეთებდი. პირადის გარდა, ყველგან პროგრესია.
– ერთგან ამბობდი, რომ პირადშიც გარკვეული სიახლეები გაქვს.
– არა, არა, სერიოზული – არაფერი.
– განიცდი, რომ პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება?
– რომ გითხრა, ვზივარ და ვაი-ვუის ვიძახი, არა. ყოველ შემთხვევაში, სურვილი არის, რომ შემხვდეს ასეთი ადამიანი. დრო გადის და მეც მინდა, ჩემი ცხოვრება ვინმეს დავუკავშირო, მაგრამ, ალბათ, ყველაფერი თავის დროზე იქნება. რაც მთავარია, წელს ძალიან აქტიურად ვიყავი. გადართული ვარ სხვადასხვა პროექტზე, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ვფიქრობ, 2019 წელი კიდევ უფრო აქტიური იქნება. ფილმის გადაღებას რომ ვგეგმავდი, მინდა ოცნება ავისრულო და ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო. ჩემს ოცნებებს ნელ-ნელა ვიხდენ. ასე რომ, ვფიქრობ, რასაც 2018 წელს საფუძველი ჩაეყარა, ის 2019 წელში განხორციელდება. ვაპირებ, ახლა დავისვენო. 19 იანვრიდან აქტიურად ვიწყებ მუშაობას. ფაქტი ერთია, ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი მიზანი აქვს. ვგრძნობ, რომ მეც მნიშვნელოვანი მისია მაკისრია, რომელიც უნდა შევასრულო. მინდა, რომ ცნობადობა, პოპულარობა კეთილი ზრახვებისთვის გამოვიყენო. ქველმოქმედების მიმართულებით გავაქტიურდი. ამ კუთხით უკვე დავიწყე უკრაინაში მუშაობა და შემდეგ საქართველოშიც გავაგრძელებ. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი შემომიერთდება.
– ის, რომ პირადში სიახლეები არ გაქვს, გარკვეულწილად შენი ბრალიც ხომ არ არის?
– ეს უფრო დროის უქონლობის გამო ხდება. როცა სულ დაკავებული ხარ, გადარბენებზე, ხან ერთ ქვეყანაში ხარ, ხან – მეორეში, ვიღაცასთან იწყებ
ურთიერთობას და დიდ დროს ვერ უთმობ. ურთიერთობის პირველ ეტაპზე კი, როგორც დანარჩენ ეტაპებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი დრო დაუთმო, რაც ფიზიკურად არ გამოდის. როცა ადამიანთან გარკვეული გრძნობები გაქვს, ჩამოყალიბებული ურთიერთობა, უფრო მეტად და მეტად გინდა, მასთან იყო. როცა ურთიერთობაში ვალდებულებები ჩნდება, შენც ცდილობ, უფრო მოერგო. ახლა, როცა არ მაქვს ვინმესთან ვალდებულებები, შესაბამისად, სამუშაო საათებსა და პროექტებში თავს არ ვიზღუდავ. ადრე თუ გვიან სამსახურისა და პირადის შეთავსება აუცილებლად უნდა მოხდეს.
– როგორც მივხვდი, შენს პირად ამბებთან დაკავშირებული კითხვები მუდმივად ჩნდება.
– ეს კითხვა სულ არის, საქართველოშიც და უკრაინაშიც. ყველას ეგ აინტერესებს, მაგრამ არაფერია. ვალდებულებებს არ გავურბივარ. თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ ვინმესთან ურთიერთობაში ყოფნა არ გულისხმობს ციხეში გამოკეტვას. ურთიერთობა ათავისუფლებს ადამიანს და უფრო მეტ ენერგიას აძლევს, რომ ამ გრძნობამ უფრო და უფრო მაღლა იფრინოს. მიყვარს თავისუფლება, ჩემი სივრცე, თუმცა ეს არ გამორიცხავს ჩემ გვერდით
სხვა ადამიანის არსებობას.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– არასდროს დავფრინავ – არ ვარ ასეთი ტიპი. მიმაჩნია, რომ საკმაოდ ცივი ვარ, არ შემიძლია ბევრი თბილი სიტყვის თქმა, ემოციების გამოხატვა. ალბათ, იმიტომ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამის ხშირი შესაძლებლობა არ მქონია ან, უბრალოდ, ასეთი ადამიანი ვარ. ურთიერთობები ხომ მქონია და ვერ ვიტყვი, რომ ზეთბილი ვარ. ყურადღების გამოხატვა შემიძლია, სიტყვები არ არის მთავარი. ჩემ მიმართაც რომ გამოხატავდნენ, ეს ხშირად მაგდებდა ხოლმე უხერხულობაში, რადგან, როცა ადამიანი გამოხატავს თავის გრძნობას, უნდა, რომ შენც იგივე დაუბრუნო. სანამ ურთიერთობა შედგება, მეტ-ნაკლებად მის ხასიათსაც იგებ, გიყვარდება ისეთი, როგორიც არის ან არ გიყვარდება. მე არ ვაჩვენებ, რომ სხვანაირი ვარ და მერე არ ვიცვლები, როგორიც თავიდან ვარ, ისეთი ვარ ბოლომდე. შესაბამისად, როცა ადამიანს ვიცნობ, ამას გახსნილად ვეუბნები და შემდეგ ეს მისთვის აღმოჩენა არ არის.
– ახალი წლის თემას მინდა, შევეხო. შენი და ამბობდა, ჩვენი „გრინჩიაო“.
– ისე არ მინდა, გამოვიდეს, რომ ახალი წელი არ მიყვარს, უბრალოდ, ეს ჩემთვის არ არის ისეთი დიდი დღესასწაული, როგორიც ბევრი ადამიანისთვის. წლებია, ნაძვის ხეს არ გავკარებივარ, თუმცა ჩემთან ყოველთვის აღინიშნება ახალი წელი, ჩემები მიდიან სადმე, მეც მივდივარ. საჩუქრებს ყოველთვის ვჩუქნი და განწყობასაც მივყვები. მიყვარს პოზიტიური გარემო და ახალი წელი იმით მომწონს, რომ ყველგან დადებითი განწყობაა, ყველა გილოცავს. კარგი იქნება, ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს.
– უკრაინის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ძალიან წარმატებულად გამოხვედი.
– უდავოდ, დიდი წარმატება იყო. იქიდან დამარცხებული არ წამოვსულვარ. ყველამ კარგად იცის, რომ ამაყად ვიდექი ფინალში, არ ჰჰონდა მნიშვნელობა პირველი ადგილი მითხრეს, მეორე თუ მესამე. გამარჯვებული ვიყავი და ეს კარგად იცის მთელმა საქართველომ და უკრაინამაც. პირველ ადგილზე გასული რომ იტყვის, სიტყვაც არ მომიმზადებია, რადგან შენს გამარჯვებაში ვიყავი დარწმუნებულიო, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ჟიურის წევრებიც ძალიან დადებითად გვაფასებდნენ. როცა პროექტი დასრულდა, ყველასთან მივედი, მადლობა ვუთხარი და მათ მითხრეს: შენ ხომ იცი, რომ გამარჯვებული ხარო. არხის მიმართ ხალხის კომენტარებიც აგრესიით გამოირჩეოდა. წერდნენ, რომ ეს უსამართლობა იყო. რომ ჩავედი, ვიცოდი, რამხელა პასუხისმგებლობა მქონდა ჩემი ქვეყნის წინაშე, რადგან ქართველებზე ვქმნიდი წარმოდგენას. ეს პროექტი ზეპოპულარულია უკრაინაში და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები ღირსეულად წარვადგინე. ბევრი მნიშვნელოვანი მესიჯი გავაჟღერეთ, ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ერთადერთი, იმაზე დამწყდა გული, რომ რადგან არხი შეპირებული იყო, რომ ფინალში ქართულს ვიცეკვებდი, ნაციონალურ ტურში არ ვიცეკვე. რადგან მითხრეს: გარანტიას გაძლევთ, ფინალში იცეკვებო. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ არხს გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩემთვის პირველი ადგილი არ მოეცა. ბოლო რამდენიმე კვირა სულ მაღალ შეფასებებს ვიღებდი და ამიტომ ფინალში ერთ-ერთ ცეკვაში მაინც არ უნდა დაეწერათ ათიანები, რადგან მაშინ, ყველა შემთხვევაში, მოვიგებდი. ქართული რომ მეცეკვა, ფიზიკურად ვერ დამიწერდნენ ცხრიანს. უკვე მქონდა წარმოდგენილი, რომ ფინალში ვიდექი ჩოხით და ქართულ-უკრაინული დროშით. საბოლოოდ, მაინც ამიხდა, ქართულ-უკრაინული დროშით ვიდექი, ესეც დიდი მესიჯი იყო ჩემგან და მიხარია, რომ საზოგადოებამაც ზუსტად აღიქვა ყველაფერი. ბევრი მომენტი იყო, როცა ვხვდებოდი, რაღაც კარგად არ ხდებოდა. სატელევიზიო პროექტებში ხშირად ხდება უსამართლობა. იმისთვის, რომ მეტი რეიტინგი იყოს, ურჩევნიათ ნაკლებად ძლიერს გაამარჯვებინონ, რადგან მერე ამაზე დაიწყებს ხალხი ლაპარაკს. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ეტაპი, რომელიც წარმატებულად გავიარე და ჩემი არცერთი ნომრის არ მრცხვენია.
– ბევრი ამბობდა, რომ სალომე ჭაჭუასნაირი მეწყვილე რომ ჰყოლოდა, მოიგებდაო.
– მეწყვილედ სალომეც რომ მყოლოდა, მაინც ვერ მოვიგებდი, რადგან ასე იყო გადაწყვეტილი. სალომე სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავეა, იანა – თანამედროვე ცეკვების. მათი შედარება ცოტა უხერხულია, მაგრამ სალომე მსოფლიო დონის მოცეკვავეა. ის ნებისმიერ ადამიანს ააცეკვებს. გული დამწყდა სალომე და გილიგა რომ გამოვარდნენ, რადგან ძალიან ძლიერი წყვილია. საწყენია, რომ ამდენი წელია, პროექტი სალომეზე დგას, მის პოპულარობაში სალომეს დიდი წვლილი აქვს და არ მჯერა, რომ არ უმართლებს. ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი ბევრს არ მოსწონს, პირიქით, ცდილობენ დაამდაბლონ. ჩემი გადმოსახედიდან მგონია, რომ ეს სალომეს ბოლო სეზონია, არაფერი არ აღირსეს... თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ დარჩენილი წყვილები ძალიან ძლიერები არიან.
– უკრაინაში თავი დაჩაგრულად იგრძენი?
– არა, რადგან ჩემ უკან მილიონობით ადამიანი იდგა. ახლაც, ქუჩაში რომ გავდივარ, ისეთი დამოკიდებულება აქვთ, ცოტა რომ არ გჯერა. რომ მთავრდებოდა ცეკვა, დარბაზი შემოდიოდა პარკეტზე, ფოტოებს იღებდნენ და ბოლო გავდიოდი ხოლმე, რიგი იდგა. ხალხის სიყვარული და დამოკიდებულება აბსოლუტურად შეუფასებელია.
– არაერთ დაჯილდოებაზე იყავი წარდგენილი.
– ბევრი დაჯილდოება იყო, სხვადასხვა გამოცემები აკეთებდნენ. ჟურნალმა „ელლმა“ უკრაინის ყველაზე გემოვნებიან მამაკაცებს შორის მეოთხე ადგილზე დამასახელა. 40-მილიონიან ქვეყანაში ასე რომ დაგაფასებენ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ეს არ არის ის, რისკენაც მივილტვი.