№1 როგორ აყოლებს გოგი წულაია თვალს ლამაზ გოგონებს მეუღლის თვალწინ და რის გამო თქვა მან ქურდობაზე უარი
გემრილი კერძები, ბევრი სასმელი და რამდენიმედღიანი გადაბმული ნაბახუსევი, დროსტარება და ბევრი თავგადასავალი ახალ წელთან ასოცირებული თემებია. ასეა გოგი წულაიასთვისაც, რომელიც ახალ წელს ძველებურად არა, მაგრამ ასაკის მატების მიუხედავად, მაინც ხალისითა და იმედით ხვდება.
გოგი წულაია: რაც წლები მემატება, ახალი წლისგან უფრო ნაკლები მოლოდინი მაქვს. სასწაულს არც ამჯერად ველი, მაგრამ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და მაინც მაქვს შემორჩენილი ის განცდა, რომ ახალი წლიდან რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ვცდილობ, ამ დღესასწაულს ოჯახში შევხვდე. რაც უნდა იყოს მაგიდაზე, იმას ყოველთვის ვაკეთებთ. ინდაური და საცივი აუცილებლად უნდა გვქონდეს. მე ყველაფრის მომზადებაში ვიღებ მონაწილეობას და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს.
– როგორც წესი, ქეიფი, ნაბახუსევი 31-იდან იწყება და 15-ამდე გადაბმულად გრძელდება. თქვენთანაც ასეა?
– ლოთობა (იცინის). უკვე 55 წლის ვარ და ბოლო წლებში ცოტა მოვუკელი დალევას, თორემ ახალგაზრდობაში და სამი-ოთხი წლის წინაც, 19 იანვრამდე შემეძლო გადამება და ვაბამდი კიდეც, თქვენ ძალიან შემიმოკლეთ. ეს ყველაფერი ნათლისღების დღესასწაულამდე გრძელდებოდა.
– ნაბახუსევზე ყოველთვის გახსოვთ, რა მოხდა წინა საღამოს?
– სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერაც მომსვლია, დილით რომ ვიღვიძებ სახლში და არ მახსოვს, სახლში როდის მევედი, რითი მევედი, მარტო ვიყავი... მევედი, მომიტანეს თუ მომიყვანეს.... აღდგომა დღეს სასაფლაოზე დავთვერი. მაშინ საწყალი მამაჩემი ცოცხალი იყო და სახლში მომიტანეს, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. მამაჩემი მიყურებს, მერე ამ ბიჭებს შეხედა და ეუბნება: ბიჭო, მე ვიცოდი, მკვდარი სასაფლაოზე მიყავდენო და თქვენ მკვდარი სასაფლაოდან სახლში მომიტანენ, თქვენი... რა უქენით ამ კაცსო (იცინის). რა დასამალია, არც სატრაბახოა, მაგრამ დათრობა ძალიან მიყვარდა. მაშინ ვიტანდი და შემეძლო ხუთი-ექვსი ბოთლი დამელია.
– შარიანი არ ხართ სიმთვრალეში?
– ჩხუბი როგორ ამ მომსვლია, მაგრამ შარიანი არ ვყოფილვარ. არ მახსოვს, ჩხუბი მე დამეწყო. მაგრამ, როცა მეგობარი ჩხუბობს, შენც ერთვები. ერთი ჩემი მეგობარი, აცხონოს ღმერთმა, ახლა გარდაცვლილია, ის იყო ყველაზე შარიანი. მახსოვს ერთხელ ტაქსის მძღოლთან მოგვივიდა ჩხუბი, მერე კიდევ რაღაცები და მოკლედ, დილით ვიღვიძებ და თავი მაქვს გახეთქვაზე. ერთ ადგილას სისხლი მაქვს მიმხმარი, ტუჩი გამსკდარი, ჩავიხედე სარკეში – თვალი „დასინიაკებული“, მკვდარი ვარ, მთელი სხეული დაბეჟილი მაქვს, მაგარი ნაცემი ვარ. კაი, მცემენ, მცემენ, ვის არ მოსვლია. მივდივარ ჩემი ძმაკაცის სანახავად ინსტიტუტში. სტუდენტი ვიყავი, ისე ის სტუდენტობა გვქონდა ნამეტანი ლოთობის პერიოდი (იცინის). ვხედავ, ის მოდის, მოქაქანობს და ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება. მოდის და გული რომ გამიკეთოს, მეუბნება: ბიჭო, გოგია, გუშინ შენ ათ კაცს ურტყამდი, მალადეც შენო. მე ვუთხარი: ბიჭო, რა მეტყობა მე ათ კაცს რომ ვურტყამდი, მარა კაი, მე ვურტყამდი და შენ სა იყავი, რატო ხარ სუფთა-მეთქი? ოჰ, მე იქეთ შვიდ კაცს ვაკავებდი და შენამდე არ ვუშვებდიო. გამეგეშვა ბარემ, ამაზე მეტს რას მიზამდნენ-მეთქი, ძლივს დევიარებოდი. სინამდვილეში, თვითონ მშიშარა იყო, ყოველთვის ის იწყებდა ჩხუბს, მაგრამ მერე მაინცდამაინც ვაჟკაცობით არ გამოირჩეოდა (იცინის). ძალიან ბევრჯერ ქორწილშიც გავლახულვარ. იყო და რომ დავმალო ვის ვუმალო?! (იცინის).
– ცოტა რომანტიკული ამბებიც გავიხსენოთ – მეუღლე როგორ გაიცანით?
– მეუღლე მეჩხუბება, რომანტიკული არ ხარო. კი ვარ, მაგრამ მას მეტი უნდა. ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით ქორწილში. მეორედ ქუჩაში შემხვდა შემთხვევით და მაშინ რომ დავინახე, გულში გამკრა. პირველად რომ ვნახე; კი მომეწონა, მაგრამ დედა გადავირიე და ამწუთას გადავხტები წყალში-მეთქი, არ მიფიქრია. აი, მეორეჯერ რომ შემხვდა, ჩევიდევი გულში, ვსო, ეს უნდა გახდეს ჩემი ცოლი-მეთქი. მესამედ უკვე ვითომ შემთხვევით შევხვდით, მერე ყავაზე დავპატიჟე და დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ხუთ თვეში დავქორწინდით. 35 წლის ვიყავი და კიდო ლოდინი არ მინდოდა. მე სულ გადარბენაზე ვარ, ძაან ფუთურიანი, ჩქარი ვარ და მისთვის რომანტიკაა, რომ დილით აკოცებ და ისე გახვალ სახლიდან, მაგრამ ათასი პრობლემაა და სად მახსენდება ეგ. ამნაირი ელემენტარული რაღაცები უყვარს, არც არაფერი დამაკლდება, თუ არ მომემატება, დილით რომ ოჯახიდან კოცნით გავიდე, მაგრამ არ გამოდის. 36 წლიდან რომ დამიწყო წვრთნა, რა ეგონა, მანამდე გამომყოლოდა და უკვე გაწვრთნილი ვიქნებოდი (იცინის).
– საეჭვიანოს არ აძლევთ ხოლმე?
– საეჭვიანოს როგორ არ ვაძლევ, სადმე თუ შევდივარ, არ შემიძლია გამარჯობა არ ვთქვა და თუ გოგოები არიან, არ მოვეფერო, თუნდაც მეუღლე მახლდეს. აფთიაქში რომ შევდივარ – გოგოებო, ჯერ სილამაზის კონკურსი ჩაგიტარეს და მერე დაგნიშნეს აქ-მეთქი, ვეუბნები. ბანკშიც ასე, სადაც სტანდარტულად ცდილობენ, ლამაზი გოგოები ჰყავდეთ. გოგო ყველა ლამაზია, გააჩნია, რა თვალით შეხედავ, მაგრამ იქ უფრო თვალშისაცემებს არჩევენ. სულ ამნაირი კომპლიმენტები და თვალის გაყოლება ვიცი გოგოებზე. ცოლი კი არა, უფალმა კვერთხი რომ ჩამარტყას თავში და გამაძროს სული, გოგოს რაფერ არ უნდა გავაყოლო თვალი. თუ იმ ასაკამდე მივედი, რომ გოგოს თვალი არ გავაყოლე, გამძრობია იმწუთას სული (იცინის).
– მერე ცოლი რას ამბობს?
– არაფერს, ზომიერების ფარგლებში. ტელეფონზეც მიყვარს საუბრები, თვალის ჩაპაჭუნებაო (იცინის). ნეტაი, ყველა კაცის ბუნებაში იყოს ეს, ყველა ქალს უყურებდეს და რაღას ვჩივი. ვისურვებდი, ყველა ჩემსავით ქალს აყოლებდეს თვალს და არა კაცის უკანალს (იცინის).
– ერთგან საუბრობდით სექსში გადახდილ ფულზე.
– როგორ არა, ჰოლანდიაში ვარ ნამყოფი ბოლო-ბოლო, როზოვი ბულვარზე (იცინის). დეპუტატები ვართ წასული 2005 წელს. ღამეა ამსტერდამში ვართ და გავედით ჯგუფებად დაყოფილი დელეგაცია. დავდივართ და ფერადკანიანი შავტუხა და აზიელი წვრილთვალება გოგო მაინტერესებს, რომელიც მანამდე არ იყო ხელმისაწვდომი. დევინახავთ კარგ გოგოს, მაგრამ მოდი, გევიაროთ კიდე-თქვა, რა იცი, როგორი შეგვხვდება. დიდია როზოვი ბულვარი და არჩევანიც უზღვავია. ამ ბორიალში ვართ და ერთმა ჩვენმა კოლეგამ გამოიარა, რა ქენიო, ვეკითხებით, ვიყავი, მარა არ გირჩევთ, აქანა იმნაირი მომსახურების წესი აქვთ, ჯობია, მაგ ფული წეიღოთ და საქართველოში მოახმაროთ გოგოებსო და დოვუჯერეთ (იცინის).
მახსოვს, სტუდენტობის დროს, 19 წლის ბიჭი რუსეთში პრაქტიკებზე ვარ გამოჭიმული და თვალებს ვპრაწავთ ქალებზე. მყავდა ერთი გოგო, მაგრამ ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. ხუთი ძმაკაცი ვართ, ერთად დავბოდიალობთ რესტორნებში, ქალებში და გვყავდა ერთი კუდაბზიკა, რომელიც რატომღაც ვერ აბამდა ურთიერთობას ამ რუს ქალებთან. ორი კვირაა, იქ ვართ და გოგო არ ყავს. ეს ჩემი გოგო ანგელოზი იყო სილამაზით, მაგრამ ხომ გეუბნებით, სიმთვრალე ქონდა საშინელი. მე ხომ „კაზიოლი“ ძმაკაცები მყავდა, ჰოდა, საღამოა, ყველას თავის გოგო უზის გვერდით. ტანია ერქვა ჩემს გოგოს და ვცდილობდი, ცოტა დაელია, თორემ თუ დათვრებოდა, ჩამწარებული მქონდა ის საღამო. მეგობრებმა ხომ იცოდნენ, ამას რა ემართებოდა სასმელზე და ტვალეტში რომ გავიდოდი, მობრუნებული ვხედავდი, რომ ამას აკრეფა უკვე დაწყებული ქონდა. მეორე „გრუპაში“ იყო ის ბიჭი, რომელსაც არ ყავდა გოგო. ტანია უკვე გაპობილი მთვრალია და ამის ჩურჩუტის თავი სადღა მაქვს (იცინის). თამაზი ერქვა იმ ბიჭს და ვეუბნები, ხომ კაი გოგოა-მეთქი. ო, კიო. მერე რას დაბოდიალობ აქეთ-იქეთ და ვერავინ ნახე, ვერ ხედავ აგერაა წამოწოლილი, მომე პოლლიტრა და შენი იყოს-მეთქი. ასე რომ, ერთი რუსის ქალი გაჩუქებული მყავს ერთ ბოთლ პოლლიტრაზე (იცინის). მერე თამაზიმ რაც მლოცა დილას... კი ვნახე დაპორჭყნილი და დაკაწრული, მაგრამ რაღა დროს, იმ არაყს ვეღარ დავუბრუნებდი (იცინის).
– ქუთაისური ცხოვრების ის პერიოდიც გავიხსენოთ, ქუჩის ასაკი რომ გააქტიურდა.
– ახალგაზრდობის ძალიან დიდი პროცენტი ქუჩასთან იყო დაკავშირებული. ვიღაც სკოლელი, ვიღაც ჯგუფელი, მეგობარი, მეზობელი იყო შენი და მერე ქურდი გახდა. ამიტომ მათთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მქონდა და საქმის გარჩევებზეც მივდიოდი. დიდი გამრჩევი მე არ ვიყავი, მაგრამ ორი სიტყვის თქმა შემეძლო. თან, გარჩევას რა უნდა – პატარა ლოგიკა. ერთი მეზობელი მყავს და იმან იცის, რა, უნდა ბიჯო, საქმის გარჩევას, ბრინჯივით დაყარე და კაი იქეთ, გლახა აქეთ, გაწიე და გამოწიე – მეტი კი არაფერიაო (იცინის). მიჩხუბია კიდეც, პლანიც მომიწევია, საქმეც გამირჩევია, ქურდსაც დავლაპარაკებივარ – მეზობლები და უბნელები მყავდნენ ავტორიტეტები.
– ისე, რამე რომ იყოს, ძლიერი ზურგი კი გქონიათ.
– კი, მაგრამ, სხვათა შორის, ჩემი თავისა და ჩემი საქმის ქურდი მე ვარ. შენი თავის ქურდი შენ უნდა იყო და სხვის გასარჩევად არ უნდა მიიყვანო საქმე-მეთქი. იმდენს ქე უნდა ახერხებდე ადამიანი.
– არ გქონიათ მიდრეკილება?
– ქურდულისკენ? კი, რაღაც მომენტებში ვფიქრობდი, მაგრამ საბედნიეროდ, მკაცრი მამა მყავდა, სკოლის ასაკში კი ვყავდი მოჭერილი და მერე სწავლა რომ დავიწყე, რაღა დროს ქურდობა იყო. ძალიან ცუდად შეიძლება, გაიგონ, მაგრამ როცა ზონას ქურდები აკონტროლებდნენ, ასე ადვილად ვერ ბედავდნენ კაცის მოკვლას, იმიტომ რომ მერე ციხეში ჯოჯოხეთი ელოდათ. არაკაცურად იცხოვრებდი და ციხეში ჯოჯოხეთურად გააგრძელებდი, რისაც ეშინოდათ და მაშინ ასეთი გაუგონარი მკვლელობები არ ხდებოდა, როგორი სადიზმიც ახლა გვესმის.