№1 რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს მშობელს, რომ შვილი ლიდერად აღზარდოს და რატომ არ შეიძლება ბავშვით ზედმეტად აღტაცება
ყველა მშობელს უნდა, შვილი თავდაჯერებულად და ლიდერად აღზარდოს, თუმცა ბევრმა არ იცის, როგორ ჩამოუყალიბოს მას ლიდერული თვისებები. რა უნარ-ჩვევები უნდა განვავითაროთ ამისთვის ბავშვებში და როგორ უშლიან მშობლები ხელს ბავშვის ლიდერად ჩამოყალიბებას, გვესაუბრა ქოუჩი, ტრენერი დავით კენჭაძე: ლიდერული უნარ-ჩვევები ორ ნაწილად იყოფა. ლიდერი ეწოდება ადამიანს, რომელიც სხვებზე ბევრად უკეთ, ზედმიწევნით კარგად, მაღალ დონეზე ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მეორე, ეს არის პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს ერთ ან მეტ ადამიანს. როდესაც ბავშვი იწყებს ლაპარაკს, სიარულს, სამყაროში ადაპტირებას, სწორედ ამ მომენტიდან უნდა დავიწყოთ მისი ლიდერად აღზრდა. როდესაც თქვენი შვილი 13-14 წლის იქნება, ძალიან გაგიჭირდებათ უკვე ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების კორექცია ან ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ეს ყველაფერი ბავშვის ზრდასთან ერთად, ყოველდღიურ დინამიკაში უნდა ხდებოდეს.
– რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის აღზრდისას მის ლიდერად ჩამოყალიბებაში?
– მშობელთა უმრავლესობა შვილის პრობლემებში ერევა და თავად ცდილობს მათ მოგვარებას. საბოლოოდ კი, ვიღებთ შედეგს – ბავშვი ვერ სწავლობს, როგორ მოაგვაროს პრობლემები, რომელიც ბაღში, სკოლაში, სამსახურში ან ნებისმიერ სოციუმში თვითდამკვიდრების დროს შეხვდება. როდესაც დასახმარებლად დაუყოვნებლივ მივდივართ და შვილს „მზრუნველობით“ ვევლებით თავს, მას ვართმევთ შესაძლებლობას, თავად ეძებოს სიტუაციიდან გამოსავალი. ადრე თუ გვიან, ბავშვები ეჩვევიან, რომ ვიღაც მათ უშველით. შედეგად, შესაძლოა, თქვენმა შვილებმა ვერ მოახდინონ ადაპტირება „დიდების სამყაროში“. შეცდომაა, როდესაც ზედმეტად ძლიერ გამოვხატავთ აღტაცებას. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი ხვდება, რომ მხოლოდ მშობლებს მიაჩნიათ ის განსაკუთრებულად, ხოლო დანარჩენები ასე არ ფიქრობენ. ამ დროს ბავშვს ეჭვი უჩნდება მშობლების ობიექტურობაში. მას სიამოვნებს შექების მოსმენა, მაგრამ ხვდება, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. დროთა განმავლობაში ბავშვი ეჩვევა თაღლითობას, მოვლენების გაზვიადებასა და ტყუილს, რათა რეალობის პრობლემებისგან გაქცევა შეძლოს. ეს იმიტომ, რომ მას, უბრალოდ, არ შეუძლია რეალურ პრობლემებთან შეჭიდება. შეცდომაა, როცა „ინტელექტისა“ და „ნიჭიერების“ გაგება „სიმწიფედ“ მიგვაჩნია. ინტელექტი ხშირად შეცდომით გამოიყენება ბავშვის მოწიფულობის გასაზომად. მშობლები ფიქრობენ, რომ ასეთი ბავშვი მზადაა რეალურ სამყაროსთან შესახვედრად. ეს ასე არ არის. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შვილი ყველაფერში ნიჭიერია. დააკვირდით მის ტოლ სხვა ბავშვებსაც, თუკი შეამჩნევთ, რომ ისინი მეტად დამოუკიდებელნი არიან, მაშინ შესაძლოა, თქვენ თავად აფერხებთ ბავშვში დამოუკიდებლად ცხოვრების განვითარებას. გაუზიარეთ შვილებს შეცდომები, რომელიც ცხოვრებაში დაგიშვიათ და თავიდან აირიდეთ მორალისტური ნოტაციები მოწევაზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. ბავშვები მზად უნდა იყვნენ უსიამოვნებებთან შესახვედრად და მათ უნდა შეეძლოთ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება. მოუყევით მათ, რას გრძნობდით, როცა მსგავს ვითარებაში მოხვედრილხართ, რითი ხელმძღვანელობდით და რა გაკვეთილი მიიღეთ კონკრეტული შეცდომიდან.
– როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება და ვასწავლოთ კომპლექსის, სიმორცხვის, გაუბედაობის გადალახვა?
– ამ პრობლემების გადალახვა რთულია და მშობლის მხრიდანაც დიდ ნებისყოფას მოითხოვს. შესაძლოა, ძალიან ბევრი მცდელობა დაგჭირდეთ, მაგრამ იმოქმედეთ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ჩაკეტილობას, სიმორცხვეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზეზი, რომელიც არ ჩანს და რომელიც უნდა ვიპოვოთ. ეს ყველაფერი ერთად გარკვეული შიშია, თქვენ ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა აუხსნათ თქვენს შვილს, მაგალითად, თუ კონკრეტულ შიშს, სიმორცხვეს დაძლევს, რა შეიძლება მოხდეს. და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, უნდა იცოდეს მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ასე უფრო გაუადვილდება ჩარჩოებიდან გამოსვლა, ისწავლის, რომ ცდა აუცილებელია. შესაძლებელია, ყველა ქმედებას გამარჯვება მოჰყვეს და ამისთვისაც მზად უნდა იყოს.
– რა როლი აქვს მოტივაციას და ბავშვის წახალისებას მისი ლიდერად ფორმირების საკითხში?
– კარგი ნიშნის, ან კარგი მოქცევის სანაცვლოდ ზოგიერთი მშობელი ბავშვს ჯილდოს ჰპირდება. არ არის საჭირო, ბავშვს გავუკეთოთ ეგრეთ წოდებული, საბონუსე სისტემა. მან უნდა იცოდეს, რატომ უნდა მიიღოს კარგი ნიშანი, რატომ უნდა ისწავლოს კარგად. ეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს და შეგნებულად აკეთებდეს ამას და არა იმისთვის, რომ მშობლები კარგი ნიშნის მიღების შემდეგ საჩუქარს უყიდიან. ბავშვის მთავარი მოტივაცია შექება უნდა იყოს. ბავშვს უნდა აჩვენოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი აქტივობები, რომ ძალიან გიხარიათ მისი წარმატება, გვერდში უდგახართ წარუმატებლობის დროს, აფასებთ მის ქმედებებს და გეამაყებათ ის.
– რა უნარ-ჩვევები უნდა განუვითაროს მშობელმა ბავშვს იმისთვის, რომ ლიდერად აღზარდოს?
– ვასწავლოთ ცუდისა და კარგის გარჩევა. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ადვილია, თუმცა ამ უნარს თუ ბავშვი პატარა ასაკიდან მშობლის დახმარებით არ გაითავისებს, ზრდასრულ ასაკში დასკვნების გაკეთება გაუჭირდება. ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ სიკეთის კეთება და ამ საქმეში მათთვის საუკეთესო მაგალითები ჩვენ უნდა გავხდეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვება არ ნიშნავს დანაშაულს, ის ახალი გამოწვევისა და მომავალი გამარჯვების დასაწყისია. ბავშვს უნდა ვასწავლოთ მონდომება და შევუქმნათ ყველა პირობა მოტივაციისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ თუ რაიმეს ძალიან მოინდომებს, აუცილებლად მიაღწევს. ხშირად არის მომენტები, როდესაც წაგება ბავშვზე ძალიან ცუდად მოქმედებს, უნდა მიაჩვიოთ, რომ ის ყოველთვის მოგებული ვერ იქნება და წაგება თამაშსა თუ ცხოვრებაში სულაც არ ნიშნავს კატასტროფას. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება, მან უნდა შეძლოს საკუთარ თავზე გარკვეული დავალებების აღება და მისი შესრულება. უნდა ასწავლოთ სიტყვის მიცემა და მისი შესრულება. აუცილებელია, ასწავლოთ სიმართლის თქმა, ბოდიშის მოხდა, შეცდომის აღიარება, რაც მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ითამაშებს. რა თქმა უნდა, მშობელი თვითონ უნდა იყოს ამ ყველაფრის მაგალითი. მნიშვნელოვანია, ველაპარაკოთ ბავშვს, როგორც პიროვნებას და ფიზიკურად ძლიერ ადამიანს. მან უნდა ისწავლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და მიიღოს გამოწვევები, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება სთავაზობს. დროთა განმავლობაში თქვენ მიაჩვევთ ბავშვს პრობლემების გადალახვას და ზრდასრულ ასაკში ის წარმატებით შეძლებს დამოუკიდებლად მოქმედებას.