№1 ენამწარე დისშვილი
გრიგოლ ორბელიანი დანიშნული იყო სოფიო ყაფლანის ასულ ორბელიანზე. ვერა და ვერ მოახერხა მასზე დაქორწინება, მიზეზი მისი სამხედრო სამსახური იყო, თუმცა მაინც ბოლომდე უცნობია გრიგოლის გადაუწყვეტობა იყო თუ მართლა სამხედრო ცხოვრება. არადა ჩანს, რომ უყვარდა. ქალმა ითმინა და ბოლოს რუს მოხელეს, ტაინი სოვეტნიკს, ნიკოლოზ პავლეს ძე ბეზაკს გაჰყვა და მშვენივრად იცხოვრეს. გოგონებიც შეეძინათ. ეს გრიგოლისათვის დიდი შეურაცხყოფა იყო. აი, მისი დისშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილი როგორ კბენს ბიძას ერთ წერილში, რომელიც გრიგოლის ამ ტრაგედიის მერე წერს: „კნიაზი ჭავჭავაძე თავისის კნეინათი მარტყოფს იყვნენ ჯვარობას. ამათ დასტაში იყვნენ სავარსამიძის ცოლი, სივრიჩის ცოლი და ბეზაკის ცოლი; ეს კი მუხროვანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხროვანში, იმის ოთახში შუაღამისას დაბადებულიყავ?“