№1 რატომ ვერ იტანდა სულთანი თამარ მეფეს, რა მიიღო პასუხად და რას დააბრალეს ბასიანის მარცხი თურქებმა
თამარ მეფესა და რუმის (იკონიის) სულთან რუქნადინს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ, ვერ იტანდა სულთანი რეგიონში ძლიერი და ქრისტიანული ქვეყნის არსებობას. ფიქრობდა, გურჯები რა ხალხია, ქალი დასვეს მბრძანებლად, სუსტები არიან, მხოლოდ მე შევძლებ მათ ვასწავლო ჭკუაო. მის მხარეში ქალს მბრძანებლად ვინ წარმოიდგენდა. ქალები ჰარემებში ჰყავდათ გამოკეტილი და არაფრად აგდებდნენ. მათი აზრით, ქალს არ შეეძლო ქვეყნის მართვა. დიდხანს ემზადებოდა საქართველოზე თავდასხმისთვის რუქ-ალ-დინ სულეიმან შაჰი, რომელმაც თავისი ძმა, ყიასედ-დინქეი ხუსრევი, ტახტიდან ჩამოაგდო და სულთანი გახდა. შემდეგ დაიმორჩილა თავისი მეორე ძმა, მალათიის გამგებელი მუიზ-ედ-დინ-კაისურ შაჰი, ასევე, სიძე ფაჰრუნ-დინ-ბეჰრამი და მთელი იკონიის დიდი სასულთნოს ერთპიროვნული მმართველი გახდა. რუქნადინის ხელისუფლება ცნო მუსლიმანთა სულიერმა ლიდერმა, ბაღდადის ხალიფა ნასირ ადდინმა და მის სახელზე ხოტბა აღავლინა.
დიდძალი ოქრო გაიღო დიდი ანტიქართული კოალიციის შეკრებისთვის რუქნადინმა. შუამდინარეთში, კილიკიაში, გალათიაში, ანკარაში, კაბადოკიაში, ბითვინიაში, სირიაში, ერზინკაში, არზრუმსა და მაჰმადიანთა სხვა კუთხე-ქვეყნებში დიდი ჯარი შეიკრიბა. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორის თქმით, ჩვენი სამშობლოს გასანადგურებლად ოთხასი ათასი მაჰმადიანი წამოსულა. ბასილი ეზოსმოძღვრის თქმით, მუსლიმანთა რაოდენობა რვაასი ათასი იყო. ეს ცნობები გადაჭარბებულია, მაგრამ, მაჰმადიანები ნამდვილად იყვნენ ქართველებზე მეტნი, თან რამდენჯერმე. მათი ჯარი ერზინკის სასულთნოს ტერიტორიაზე შეიკრიბა. გაამზადეს საომარი მანქანები. ჯარის მრავალრიცხოვნებით გულმოცემულმა რუქნადინმა თავხედური წერილი მოსწერა თამარ მეფეს:
„მე, ნუქარდინ სულთანი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოსთა დარად თანამდგომი ღმერთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, გაცნობებ მეფე თამარს:
ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მუსლიმანთა ხოცვა და მათი თავისუფლების წართმევა, მათთვის ხარკის დადება. ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რომ ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა. ცოცხალს დავტოვებ მხოლოდ მას, ვინც იჩქარებს, მოვა ჩემს კარავთან, თაყვანს მცემს, აღიარებს ისლამს, უარყოფს ქრისტეს და დაამსხვრევს ჯვარს. ეს იქნება სამაგიერო იმისთვის, რაც დაუშავე შენ ჩვენს მონათესავეებს“.
როცა რუქნადინის ელჩი ჩვენს სასახლეში მისულა და წერილი წაუკითხავს, სულთნის დანაბარებიც დაუმატებია: თუ ქართველა მეფე უარყოფს ქრისტეს, სულთანი ცოლად მოიყვანს, თუ არა და ხარჭად დაისვამსო. ამ სიტყვებისთვის ზაქარია ამირსპასალარმა ისეთი სთხილშა უზრდელი სულთნის უზრდელ დესპანს, რომ მაჰმადიანი დაეცა და მკვდარივით ეგდო. როცა მოასულიერეს, ზაქარია მხარგრძელმა უთხრა: ელჩი რომ არ იყო, ჯერ ენას ამოგაცლიდი, მერე თავს მოგაჭრიდი ასეთი კადნიერებისთვისო. გულმოწყალე თამარმა, მას, როგორც ელჩს, გულუხვად საჩუქრები უბოძა და საპასუხო წერილიც მისცა. წერილის გაგზავნამდე, ქართველთა დედოფალმა და მეფემ ბრძანა საქართველოს ჯარის შეკრება. მობილიზაცია სწრაფად ჩატარდა და რამდენიმე დღეში შეიკრბა ლაშქარი ჯავახეთში. საომრად გაემგზავრა ოხმოცდაათი ათასი ქართველი ვაჟკაცი. მეფეთ მეფე ფეხშიშველი და თვალცრემლიანი აცილებდა ლაშქარს, შემდეგ ოძრხეს წავიდა სალოცავად და სამარხულოდ. ქართველებმა სავაჭრო ქარავანთა მისვლა-მოსვლა შეაყოვნეს, რუქნადინ სულთანს რომ არ გაეგო საომრად ქართველთა სამზადისის შესახებ. არც სულთნის ელჩი გაუშვეს დროზე ადრე პატრონთან, რუქნადინისთვის ინფორმაცია რომ არ მიეტანა. ამრიგად, ქართველთა ჯარი ბასიანს მიადგა, ბოლისციხეს, სადაც რუქნადინის ჯარი დაბანაკებულიყო.
ქართველები რუქნადინის ბანაკს რომ მიუახლოვდნენ, მიავლინეს კიდეც მისი ელჩი, რომელსაც თან ჰქონდა თამარ მეფის წერილი: „შენ დიდძალ ოქროსა და მრავალრიცხოვან მხედრობას ხარ მინდობილი, მე კი – უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და ჯვრის ძალას. წავიკითხე შენი ღვთის განმარისხებელი წერილი. შენ თაყვანისცემას ითხოვ? წამოვგზავნე ქრისტეს მხედრობა არა თაყვანისცემად, არამედ შენს დასამხობად და, აი, ისინი შენი კარვის წინ დგანან...“
წერილი დილით მიართვეს რუქნადინს და შეტევაც დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა მოულოდნელად. საერთო სარდლობა დავით სოსლანს ებარა. მან ჯარი სამ ნაწილად დაყო. წინამბრძოლები იყვნენ ზაქარია მხარგრძელი, ამირსპასალარი, შალვა მანდატურთუხუცესი და მისი ძმა, ივანე ახალციხელი, ჭიაბერი და სხვა თორელები. მაჰმადიანები დააბნია ქართველთა უშიშრად შეტევამ, მიატოვეს სადგომები და გამაგრებულ ადგილებს შეეფარნენ. რუქნადინმა იგრძნო საფრთხე, გასცა ბრძანება და თურქთა ამ ნაწილებს მეორე ეშელონი წამოაშველა. ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები დაუხოცეს ქართველთა მეთაურებს.
ორივე მხრიდან უამრავი მეომარი დაიხოცა. დადგა კრიტიკული მომენტი. მტრის მრავალრიცხოვნობას შეიძლება, თავისი გაეტანა. ქართული სარდლობა მზად აღმოჩნდა ამისთვის, დავით სოსლანმა თურქების წინააღმდეგ დატოვა ჩამოქვეითებული ქართველები, რათა თავად ქართველთა ცხენებს არ დაეზიანებინათ ქვეითი თანამებრძოლები. ცხენოსანი მოლაშქრეებით, თვითონ მარცხნიდან, ხოლო ზაქარია მხარგრძელმა მარჯვნიდან შემოუარეს და მოულოდნელად ეკვეთნენ მტრის ფლანგებს. სოსლანის გეგმამ წარმატება მოიტანა, მტრის ჯარი კვლავ დაიბნა და დაიშალა, გაიფანტა და გაიქცა. სულთნის გვერდით მდგომი მედროშე დაეცა. ქართველები გამოუდგნენ მტერს, ღამემდე სდევდნენ და ხოცავდნენ ან იპყრობდნენ. თვითონ რუქნადინ სულთანიც გაიქცა და თავი შეაფარა არზრუმს. ჩვენმა წინაპრებმა ხელში ჩაიგდეს რუქნადინის დროშა, ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ჭურჭელი, ცხენები, ჯორები, აქლემები, კარვები, ფარდაგები, თვალ-მარგალიტი და სხვა. ქართველმა მეომრებმა ტყვედ აიყვანეს უამრავი ჯარისკაცი, მათ შორის, თურქი ამირები და წარჩინებულები.
რუქნადინის ასეთი სამარცხვინო მარცხის გასამართლებლად მაჰმადიანთა შორის გავრცელდა ამბავი, თითქოს, შუა ბრძოლაში სულთნის მედროშის ცხენს ფეხი ჩაუვარდა თხუნელას თუ სხვა მღრნელის სოროში და წაიქცა, დროშა დაეცა, ეს მისმა თანამბრძოლებმა დამარცხების ნიშნად მიიჩნიეს და ამიტომ გაიქცნენო. ამგვარად, თხუნელას აბრალებდნენ თავისი ჯარის დამარცხებას თურქები.
თამარ მეფე ვარძიაში შეეგება გამარჯვებულ ლაშქარსა და თავის მეუღლეს.
ასე დაამარცხა ქართველთა მბრძანებელმა ქალმა თურქთა თავხედი მამაკაცი სულთანი. ასე გამოჩნდა ქართული სახელმწიფოს უპირატესობა თურქულ სახელმწიფოზე.