№1 ცოლთან ურთიერთობა მისი მშობლების გამო დამეძაბა
სამი წელი ხდება, რაც დაოჯახებული ვარ და ჩემი ცოლის მშობლებმა უკვე ცხოვრება გამიმწარეს. სულ ცხვირს ყოფენ ჩვენს ურთიერთობაში. ფაქტობრივად, მათ გარეშე, ვერც ავეჯი გვიყიდია, ვერც სადმე წავსულვართ და ვერც ერთმანეთისთვის გვითქვამს რამე. ეკა რომ ცოლად მოვიყვანე, ჩემმა მშობლებმა, ცალკე მიყიდეს ბინა. გვინდოდა, ერთად სიყვარულში და ისეთ გარემოში გვეცხოვრა, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდით. მაგრამ არ გამოვიდა. ჩემი სიდედრ-სიმამრი ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით ჩვენთან სხედან. ჭკუას გვარიგებენ და უნდათ, ისე ვიცხოვროთ, როგორც მათ სურთ. ბინის გარემონტება რომ დავასრულეთ, ავეჯი მათ გვიყიდეს. მადლობელი ვარ, მაგრამ ჩვენ ბინის მოწყობა თანამედროვედ გვინდოდა, მათ კი ისეთი ძველმოდური ავეჯი მოგვიტანეს, სახტად დავრჩი. არაფერი მითქვამს, ეკაც გაჩუმდა. მართალია, ნათქვამია: „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო“, მაგრამ თუ ყიდვა უნდოდათ, იქნებ ეკითხათ მაინც, რა გვინდოდა. თუ დასასვენებლად გადავწვიტე ცოლთან ერთად წასვლა, ისინიც უნდა „შემოგვეტენონ“. მარტოს, პრაქტიკულად, არ დაგვისვენია. ხანდახან ვხუმრობ: ცოლი რომ მოვიყვანე, დედ-მამა მზითევში გამოჰყვა-მეთქი. გასაგებია, ზრუნავენ ჩვენზე, მაგრამ ეს ყველაფერი ისე მომაბეზრებელია, ხანდახან მინდა, პირდაპირ ვუთხრა, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მოგვცენ. ჩემს მშობლებსაც არ მოსწონთ ასეთი სიტუაცია, მაგრამ არაფერს ამბობენ. ერთხელ კი მითხრეს: შვილო, ხომ ხედავ, შენს ცხოვრებაში ზედმეტად არ ვერევით და იქნებ, სხვებსაც აგრძნობინო, რომ ეს ცუდიაო. ვიფიქრე, ამ ახალ წელს ეკას სიურპრიზს გავუკეთებ, დიდ ნაძვის ხეს ვიყიდი და სანამ სამსახურიდან მოვა აწყობილს დავახვედრებ-მეთქი. ძმაკაცს ვთხოვე დახმარება, ძლივს მივათრიეთ უზარმაზარი ნაძვის ხე და აწყობა რომ დავიწყე, კარზე ზარი იყო. გავაღე და ჩემი სიდედრი და სიმამრი დგანან, ნაძვის ხით ხელში – საახალწლოდ სიურპრიზი გაგიკეთეთ, ნაძვის ხე და მოსართავები გიყიდეთო. დავიბენი, კი ვუთხარი, მე უკვე ვიყიდე და ეს სად წავიღო-მეთქი. მაგრამ მითხრეს, რა პრობლემაა, ერთი მისაღებში დადგი და მეორე – საძინებელშიო. რად მინდა საძინებელში ნაძვის ხე, ისედაც პატარა ფართია, თან, ორი ნაძვის ხის დადგმა ვის გაუგია? დაერეკათ და ეკითხათ მაინც, სანამ ყიდვას გადაწყვეტდნენ. ჩემს ძმაკაცთან შემრცხვა, სიცილს ვერ იკავებდა. საყიდლებზეც ისინი გამოგვყვნენ და ის პროდუქტი გვაყიდინეს, რაც მათ სურდათ. არადა, მე და ჩემს ცოლს, განსხვავებულად გვინდოდა ახალი წლის დახვედრა – ორიგინალურად გაწყობილი მაგიდით, დელიკატესებით და ფერადი ჭურჭლით. მეგობრების დაპატიჟებაც გვინდოდა, მაგრამ ჩემმა სიდედრ-სიმამრმა გადაგვიწყვიტა: ახალ წელს სახლში შევხვდებით და მერე, რამდენიმე ნათესავთან ერთად, თქვენთან მოვალთ და მოვილხინოთო. მე მინდა მათთან მოლხენა? ეს არც კი ადარდებთ. ყალბად უნდა ვიღიმო და ეს დღესასწაულიც ჩამშხამდეს. მათი ნებართვის გარეშე ჩემს სახლში ხმა ვერ ამომიღია. დროთა განმავლობაში ეს ჩემსა და ეკას ურთიერთობაზეც აისახება. ჯერ ჩუმად ვარ, არ მინდა მის მშობლებზე ცუდი ვთქვა და საყვარელ ადამიანს ვაწყენინო, მაგრამ ყველა პირობას მიქმნიან, ერთ დღესაც „ავფეთქდე“ და რასაც ვფიქრობ, პირში მივახალო. მესმის, თავიანთი ჭკუით, გვეხმარებიან და ჩვენზე ზრუნავენ, მაგრამ, ამ ყველაფერსაც თავისი საზღვრები აქვს.
მინდია, 28 წლის.