№1 კითხვა-პასუხი
კითხვა: ვარ 52 წლის და წლების მატებასთან ერთად, ვიმატებ წონაში, ვერ ვიკლებ. რა დიეტა არ ვცადე, მაგრამ არ მიშველა, დიდი-დიდი, ერთკვირიანი შიმშილის მერე, 1 კილო დავიკლო. არადა, ადრე, ადვილად ვიკლებდი. რისი ბრალია ეს?
პასუხი: ასაკთან ერთად, ორგანიზმში გროვდება „პრობლემები“, რომელიც გახდომაში ხელს გვიშლის. მაგალითად, ქრონიკული დაავადებები, რომლებიც აღრმავებს ჭარბი წონის პრობლემას. წონის ეფექტურად დასაკლებად აუცილებელია ქრონიკული დაავადებების კონტროლი. ასევე, წლების განმავლობაში ქვეითდება ჰორმონმაპროდუცირებელი სასქესო ორგანოების ფუნქცია – რაც ნაკლებად მუშაობს სასქესო ჯირკვლები, მით აქტიურად იზრდება ცხიმი. ჰორმონების დეფიციტი კი, სიმსუქნის საშიშროებას ქმნის. ასევე, ასაკთან ერთად ვკარგავთ კუნთოვან მასას და რადგანაც კუნთები ენერგიის ყველაზე მძლავრი მომხმარებელია, წარმოიქმნება კალორიის სიჭარბე, რაც ცხიმად გარდაიქმნება. ამიტომ, 40 წლის ზემოთ, აუცილებელია სწორი, დაბალანსებული კვება და ვარჯიში, რომ წონაც შეინარჩუნოთ და კუნთებიც ფორმაში გქონდეთ.
კითხვა: ფეხებზე მაქვს კოჟრები და ძალიან მიჭირს ფეხსაცმლის ტარება, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. თუ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების შინაური რეცეპტები?
პასუხი: საღამოს 2 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი სოდა და ამდენივე გახეხილი სარეცხის საპონი. ამ ხსნარში გააჩერეთ ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კი პრობლემური ადგილები დაიმუშავეთ. გაიმშრალეთ და კოჟრის მიდამოში შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი. ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. 2-3 ასეთი პროცედურის შემდეგ კოჟრი საგრძნობლად დაპატარავდება და შესაძლოა, გაქრეს კიდეც.
კითხვა: შეიძლება თუ არა კოსმეტიკის ყოველდღიურმა გამოყენებამ ქალის ჰორმონალურ ფონზე იმოქმედოს?
პასუხი: ბოლოდროინდელი კვლევებით გამოვლინდა, რომ ქალის ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება ნამდვილად შეიცავს ტოქსიკურ კომპონენტებს. ამ მავნე ნივთიერებათა ზემოქმედება სავსებით შესაძლებელია, ქალის ჰორმონულ ფონზეც აისახოს. ზოგადად კი, გარკვეული ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც კოსმეტიკა შეიცავს, ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადების განვითარებას. ამიტომ არის აუცილებელი ხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენება.