№1 მაკიაჟი კანის, თვალისა და თმის ფერის გათვალისწინებით უნდა გაიკეთოთ
დეკორატიული კოსმეტიკის ფუნქციაა სახის ნაკვთების გამოკვეთა და დეფექტების დაფარვა. მაკიაჟის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია სახისა და კანის ტიპის, ასევე, სახის კანის, თვალებისა და თმის ფერის გათვალისწინება. ის, რაც უხდება შავგვრემანს, არ უხდება ქერას ან წითურს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ მაკიაჟის ფერთა გამა. გთავაზობთ რჩევებს, როგორ გაიკეთოთ უზადო მაკიაჟი კანის, თვალისა და თმის ფერის მიხედვით:
* ქერა თმა, ცისფერი ან თაფლისფერი თვალი, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ღია ფერის, რუჟი – მკრთალი ვარდისფერი, ტუჩსაცხი – ვარდისფრისა და წითლის სხვადასხვა ვარიაცია, ჩრდილები – ნაცრისფერი ან ცისფერი, წარბების ფანქარი – ღია ყავისფერი;
* ქერა თმა, თაფლისფერი კანი, მომწვანო-მოყავისფრო თვალები: პუდრი და ტონალური – ატმისფერი ან ოქროსფერი, რუჟი – ღია ნარინჯისფერი, ტუჩსაცხი – კრემისფერი, ნარინჯისფერი ან ჟოლოსფერი, ჩრდილები – ყავისფერი ან ბადრიჯნისფერი, წარბების ფანქარი – ყავისფერი;
* შავი თმა, ცისფერი თვალები, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ღია ვარდისფერი, კრემისფერი, რუჟი – ნარინჯისფერი ან კრემისფერი, ტუჩსაცხი – წითელი ან ჟოლოსფერი, ჩრდილები – ნაცრისფერი ან ცისფერი, წარბების ფანქარი – შავი;
* შავი თმა, შავი თვალები, მუქი კანი. პუდრი და ტონალური – ოქროსფერი ან კრემისფერი, რუჟი – ნარინჯისფერი ან მოწითალო, ტუჩსაცხი – წითელი ან ალუბლისფერი, ჩრდილები – თვალის ფერი, წარბების ფანქარი – შავი;
* წითური თმა, ცისფერი ან ნაცრისფერი თვალები, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ღია ფერის, რუჟი – ღია ფერის, მოყვითალო ან მოვარდისფრო, ტუჩსაცხი – მოწითალო, მოვარდისფრო ან იისფერი, ჩრდილები – ცისფერი, ნაცრისფერი ან იისფერი, წარბების ფანქარი – ღია ყავისფერი;
* წითური თმა, მწვანე ან ყავისფერი თვალები, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – კრემისფერი, რუჟი – მოვარდისფრო, ტუჩსაცხი – წითელი, ჩრდილები – თვალისფერი, წარბების ფანქარი – ყავისფერი;
* წაბლისფერი თმა, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ატმისფერი; რუჟი – ვარდისფერი ან მარჯნისფერი, ტუჩსაცხი – ღია წითელი, მარჯნისფერი ან ვარდისფერი, ჩრდილები – თვალის ფერი, წარბების ფანქარი – შავი.
* წაბლისფერი თმა, მუქი თვალები, მუქი კანი: პუდრი და ტონალური – კრემისფერი, რუჟი – ნარინჯისფერი ან წითელი, ტუჩსაცხი – ნარინჯისფერი ან წითელი, ჩრდილები – თვალის ფერი, წარბების ფანქარი – შავი.
ასე რომ, დადექით სარკესთან, ყურადღებით დააკვირდით თქვენი კანის, თმისა და თვალის ფერს, სწორად შეარჩიეთ დეკორატიული მაკიაჟი და მიეცით საკუთარ თავს საშუალება, ნებისმიერ წვეულებასა თუ ყოველდღიურობაში შეუდარებლად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.