№1 მიმართეთ სპეციალისტს
აგათა კრისტი
პუარომ ქალისგან ჯერ მოკლე და საქმიანი წერილი მიიღო. ვიზიტი კი ზუსტად თერთმეტ საათზე შედგა.
– ჩემი საქმე ცოტა უცნაური ხასიათისაა, მუსიე პუარო, – დაიწყო მან და სავარძელში ჩაეშვა, – უმჯობესია, ყველაფერი თანმიმდევრობით გიამბოთ. ერთადერთი ჩემი ნათესავი ბიძაჩემი ენდრიუა, რომელიც ავსტრალიაში გამდიდრდა, შემდეგ დაბრუნდა და პატარა მამული იყიდა. ყოველთვის ისე მეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა მისი კეთილი ბუნების მიუხედავად, ცოტა უცნაური, თუმცა მყარი შეხედულება ჰქონდა ქალის განათლების შესახებ. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონებმა მხოლოდ სახლში ან ფერმაში საქმიანობა უნდა ისწავლონ. ჩემს აღზრდასაც, სწორედ, ამ კუთხით აპირებდა. ავჯანყდი. საკმაოდ ჯიუტი ვარ, თანაც, არანაირი მიდრეკილება არ მქონდა სახლის საქმეებისადმი. ჩვენს ურთიერთობაში კრიზისი მაშინ დადგა, როდესაც სასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. მან პირდაპირ მითხრა, რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავს და მთელი თავისი ქონების დატოვებას ჩემთვის აპირებდა. მაგრამ თუ მე მაინც ჩემსას დავიჟინებდი, ერთ პენსსაც ვერ მივიღებდი. ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხე, რომ მისდამი პატივისცემას სამუდამოდ შევინარჩუნებდი, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას დამოუკიდებლად მოვაწყობდი. ამის გამო დავშორდით. – შენ შენს შესაძლებლობებსა და ჭკუას გადამეტებულად აფასებ, – მითხრა დამშვიდობებისას, – მე წიგნების მიხედვით არასოდეს მისწავლია, მაგრამ დრო აჩვენებს, ვინ არის ჩვენ შორის მართალიო.
ზოგჯერ მაინც მივდიოდი მასთან და დასვენების დღეებს ვატარებდი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად მეგობრული იყო, სიტყვაც არ უთქვამს, არც მაშინ, როდესაც მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, არც მაშინ, როდესაც ბაკალავრის ხარისხი მივიღე. ბოლო სამი წელი ავადმყოფობდა და ერთი თვის წინ გარდაიცვალა და ძალიან უცნაური ანდერძი დატოვა. მისი პირობის თანახმად, მთელი მამული ჩემს განკარგულებაში ერთი წლის განმავლობაში იქნებოდა. „ეს დრო სავსებით საკმარისია, რათა ჩემმა ჭკვიანმა ნათესავმა, თავისი სიბრძნე საქმით დაამტკიცოს. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გაირკვევა, რომ ჩემი ჭკუა უფრო გამჭრიახია, სახლი მთელი თავისი ქონებით სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა“.
– ანდერძი იურისტმა შეადგინა? – იკითხა პუარომ.
– არა, მაგრამ სტანდარტულ ბლანკზეა დაწერილი და დამოწმებულია იმ ოჯახური წყვილის მიერ, რომელიც მამულში ცხოვრობს და ბიძაჩემს ემსახურებოდნენ.
– სავსებით შესაძლებელია, რომ სადღაც იმ ძველ სახლში, ბიძათქვენმა დიდი ფული დამალა, ან დამალა მეორე ანდერძი. თქვენ კი ერთი წელი მოგცათ, რათა ის იპოვოთ, – წარმოთქვა პუარომ.
– აბსოლუტურად მართალია, მუსიე პუარო, მაგრამ გულახდილად გეტყვით, – მე თქვენს ჭკუაზე უფრო მეტ იმედს ვამყარებ.
– ანდერძი ან მისი ასლი თან ხომ არ გაქვთ?
მის მარშმა ჩანთიდან ქაღალდი ამოიღო. პუარომ დაკვირვებით წაიკითხა.
– სამი წლის წინაა შედგენილი, 25 მარტს. დროც კია მითითებული – დილის თერთმეტი საათი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვეხმარება, გავიგოთ, რა უნდა ვეძებოთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საუბარია მეორე ანდერძზე. თუ ის თუნდაც ნახევარი საათით გვიანაა დამოწმებული, წინამორბედს გააუქმებს. თქვენს მამულში უნდა წამოვიდე.
განსვენებულის კაბინეტი პატარა, ხით მოპირკეთებული ოთახი იყო. ის იქვე იძინებდა. აქვე იყო კომოდი, გამოწეული უჯრით, რომელიც საქაღალდეებით იყო გატენილი.
– ბიძათქვენი ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ყოფილა, – ხელები მოიფშვნიტა პუარომ. სწორედ ამ დროს, მისი მზერა უჯრიდან გამოშვერილ გასაღებს წააწყდა, რომელზეც ბინძური, დაჭმუჭნილი კონვერტი იყო მიმაგრებული.
– რა საზიზღრობაა, – ჩაიდუდღუნა პუარომ, – მზად ვარ, დავიფიცო, რომ ეს მისტერ მარშს არ გაუკეთებია. მაგრამ კიდევ ვინ იყო სახლში?
ზარზე ცოლ-ქმარი ბეიკერები მოვიდნენ. პუარო მათ დაკითხვას შეუდგა. მისტერ და მისის ბეიკერებს კარგად ახსოვდათ, როგორ მოაწერეს ხელი ანდერძს. მისტერ ბეიკერი ქალაქშიც გააგზავნეს ბლანკის საყიდლად. უფრო სწორად, ორი ბლანკის საყიდლად, იმ შემთხვევისთვის, თუ მისტერ მარში ერთს გააფუჭებდა. ანდერძს ხელი 11 საათისთვის მოაწერეს, თუმცა ერთ საათში მათ ისევ დაუძახეს. პატრონმა უთხრა, რომ რაღაც შეეშალა და იძულებული გახდა ყველაფერი დაეხია. თავიდან მოაწერეთო. ამათაც მოაწერეს.
პუარო დაფიქრდა.
– და რა გააკეთა მისტერ მარშმა მას შემდეგ, რაც ანდერძს ხელი მოაწერეთ?
– სოფელში გაემგზავრა, კონდიტერისთვის ვალი უნდა დაებრუნებინა.
– ამ ოთახში ვინმე უცხო ხომ არ შემოსულა?
მისის ბეიკერმა აგვიხსნა, რომ დაახლოებით, ორნახევარი წლის წინ სახლში მუშები მოიწვიეს. ისინი კაბინეტში მუშაობდნენ, მაგრამ იქ რას აკეთებდნენ, მან არ იცოდა.
– წინ მივიწევთ, – განაცხადა პუარომ, როდესაც ბეიკერები გავიდნენ, – ეჭვი არაა, მან მეორე ანდერძი დაწერა და მისთვის სამალავის გასაკეთებლად მუშები მოიწვია. იმის მაგივრად, რომ კედელზე ვაკაკუნო, პირდაპირ ქალაქში წავალ.
პუარომ იპოვა ფირმა. რომელსაც მისტერ მარშმა სამუშაოს შესრულება დაუკვეთა. მუშებს კარგად ახსოვდათ, კონკრეტულად რა გააკეთეს. მათ კედლიდან აგური გამოიღეს და ისეთი სამალავი გააკეთეს, რომ გარედან არაფერი შეტყობოდა. სამალავის გაღება მეზობელ აგურზე ხელის დაჭერით შეიძლებოდა.
კედელზე რაიმე ნიშნის პოვნა შეუძლებელი იყო. მაგრამ, როდესაც ხელი იქ დააჭირეს, სადაც მუშებმა მიუთითეს, ღრმა ორმო გამოჩნდა. პუარომ ხელი შეყო და მისი თვითკმაყოფილება შიშმა შეცვალა. სამალავში ქაღალდის პატარა ნაგლეჯის მეტი არაფერი იყო.
– ჯანდაბა! – გაბრაზებულმა წამოიძახა პუარომ, – ვიღაცამ დაგვასწრო.
ნაგლეჯზე მხოლოდ ბეიკერის ხელმოწერა იყო შემორჩენილი. არავითარი ანდერძი.
– ვერ ვიგებ, ეს ვინ გააკეთა ან რატომ? – ჩაილაპარაკა პუარომ, – შეიძლება, მოხუცმა უბრალოდ გადაიფიქრა და თავად გაანადგურა? მაშინ აქ ჩვენ აღარაფერი გვესაქმება. ტვინების ამ ომში გავიმარჯვეთ. მაგრამ ჩვენი კლიენტის სამწუხაროდ, ეს გამარჯვება ცარიელი სიტყვებია.
ლონდონის მატარებელი უკვე დაძრული იყო, როდესაც პუაროს გამყინავი ყვირილი აღმოხდა.
– ჰასტინგს, ჩავდივართ! გადმოხტით! ჩქარა, მე თქვენ გეუბნებით! რა სულელი ვიყავი! – ბობოქრობდა პუარო, – სამგზის სულელი... კონდიტერის ვალი საერთოდ ამომივარდა. მაგრამ სად? – ბურტყუნებდა იგი, – უნდა დავბრუნდეთ.
წარმოიდგინეთ ბეიკერების გაკვირვება, როდესაც შუაღამეზე უკან დაბრუნებული პუარო დაინახეს. დეტექტივს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ კაბინეტში შევარდა.
კომოდთან მივიდა, საკეტიდან გასაღები გამოიღო, მასზე დამაგრებული დაჭმუჭნილი კონვერტი მოაძრო, ფრთხილად გახსნა ამოაბრუნა და გაასწორა. შემდეგ სანთელი აანთო და ქაღალდის გათბობა დაიწყო. რამდენიმე წუთში კონვერტის ცარიელ შიდა მხარეზე ასოები გამოიკვეთა.
– ხედავთ, მონ ამი! – გამარჯვებული სახით წამოიძახა პუარომ. სამი ფერმკრთალი ხაზი იუწყებოდა, რომ იგი მთელ თავის ქონებას ვიოლეტ მარშს უტოვებდა. დამოწმებული იყო ალბერტ პაიკის, კონდიტერისა და ჯესი პაიკის მიერ, – რა ჭკვიანურია. მან ყველა ის ნაბიჯი გათვალა, რასაც ანდერძის მძებნელი გადადგამდა: მან აიღო ორი ბლანკი, მოსამსახურეებს სთხოვა, რომ ორივეზე ხელი მოეწერათ, შემდეგ კი ქალაქში გაემგზავრა, თან მესამე ანდერძი წაიღო, რომელიც სიმპათიკური მელნით ბინძურ ქაღალდზე დაწერა. რაღაც მიზეზი მოიგონა, კონდიტერსა და მის ცოლს ქაღალდზე ხელი მოაწერინა. მისგან კონვერტი გააკეთა და გასაღებზე დაკიდა.
– პუარო, ეს არ არის სამართლიანი, – ამოცანა მე ხომ არ ამომიხსნია ნაძლევი მაინც მოხუცმა მოიგო, – თქვა მის ვიოლეტმა.
– ასე არაა. თქვენ საკუთარი გამჭრიახობა იმით დაამტკიცეთ, რომ ეს საქმე მე ჩამაბარეთ. ყოველთვის სპეციალისტს მიმართეთ, მის, ეს ყველაზე ჭკვიანურია.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ