№1 რატომ სწავლობდნენ მეგრულ ენას ბერიას გარემოცვის სომეხი და აზერბაიჯანელი წევრები
ლავრენტი ბერია მრავალმხრივ ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანი იყო და ძალიან ხშირად ორმაგი, ზოგჯერ სამმაგი მოქმედებებიც კი ახასიათებდა. ასეთ დროს კი ბერია, თავისი განსაკუთრებული მოხერხებულობის წყალობით, ყოველთვის მრავალმხრივ სარგებელს პოულობდა... ისტორიკოსი პავლე პოგორელოვი წერს: „ბერიას, ეგრეთ წოდებული, ორმაგი პრინციპით მოქმედება ყოველთვის „ფილიგრანული ტექნიკით“ გამოირჩეოდა და თითქმის ყოველთვის მომავალზე იყო გათვლილი... და, საერთოდ, სტალინის დონეზე თუ არა, სტალინის შემდეგ საბჭოთა მმართველობის სისტემაში ბერია ყველაზე დიდი პრაგმატიკოსი იყო და მისი მოქმედებები კარგად მოფიქრებული გეგმის ნაწილს შეადგენდა. 1948 წლის მაისში, ანუ ფაშისტების დამარცხებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ლავრენტი ბერიას ინიციატივითა და ძალისხმევით, საქართველოში შეიქმნა საიდუმლო-სადაზვერვო სკოლის ფილიალი. ერთი შეხედვით, ასეთი უწყების საქართველოში განთავსება მაინცდამაინც დიდი მოვლენა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს – ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი; ასეთი უწყების არსებობა იმას ნიშნავდა, რომ საქართველო გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებდა, უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებდა და რაც მთავარი იყო, ქართველებს მასში მოხვედრის მეტი შანსი ექნებოდათ. ეს კი უდავოდ დიდი წარმატების საწინდარი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი უწყება არსებობდა მხოლოდ რუსეთში (მოსკოვში), ბელორუსიაში (მინსკში), უკრაინაში (კიევში) და საქართველო რიგით მეოთხე იყო, და რაც მთავარია, არასლავური რესპუბლიკა... ამ ჩამონათვალში უმთავრესი ის იყო, რომ ორიათასკაციანი კონტინგენტიდან 85 პროცენტი სუფთა ქართველი სწავლობდა და მხოლოდ 15 პროცენტი იყო არაქართველი: 10 პროცენტი – რუსი, 3 პროცენტი – სომეხი და 2 პროცენტი – აზერბაიჯანელი. ამ საიდუმლო-სადაზვერვო სკოლაში ცოდნის მიღების შემდეგ კურსდამთავრებული უმაღლესი კლასის მზვერავი და უშიშროების სისტემის სხვა სპეციალისტი ხდებოდა და საშუალება ეძლეოდა, ემუშავა როგორც საბჭოეთში, ასევე, საზღვარგარეთაც. სხვათა შორის, ბერიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებში ეწერა: „თავისი ავანტიურისტული, მოღალატეობრივი ზრახვებით, ბერია გეგმავდა, უშიშროების სისტემა სახელმწიფო გადატრიალებისთვის გამოეყენებინა და საამისოდ პერსპექტიული გეგმაც ჰქონდა...“ უდავოა, მომავალში ბერია იმ 85 პროცენტ ქართველ მზვერავ-ოფიცერს უნდა დაყრდნობოდა, რომლებმაც საქართველოში დაამთავრეს საიდუმლო-სადაზვერვო სკოლა. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია და შეიძლება, ადრე თუ გვიან, ბერია მართლაც გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას და ამ საქმეში სწორედ იმ 1 700 უმაღლესი კლასის ქართველი ოფიცრის გამოყენებას, თუმცა ეს მას არ გაუკეთებია. მოღალატე ვსევოლოდ მერკულოვი, რომელიც მაინც ვერ გადაურჩა ბერიას გამო დახვრეტას, თავის ჩვენებებში წერდა: „ბერიას გვერდით არა ერთი წელი ვიმუშავე და კარგად შევისწავლე ამ ადამიანის ქცევები. ბერია ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავის თანამემამულეებს და სხვებზე მეტად ენდობოდა მათ. განსაკუთრებით კი – მეგრელებს. საგულისხმოა, რომ საქართველოში შექმნილ საიდუმლო-სადაზვერვო სკოლის ფილიალში ზუსტად 2 ათასი ადამიანი სწავლობდა. აქედან 1 700 ქართველი იყო, ხოლო მათი ნახევარი, ანუ 850 კურსანტი კი – სამეგრელოდან. გარემოცვაშიც მას მხოლოდ მეგრელები ჰყავდა. ხოლო ვინც მეგრელი არ იყო, მათ შორის მეც, თავს ვალდებულად ვთვლიდით, რომ მეგრული გვცოდნოდა და ვიცოდით კიდეც...“
ის, რომ ბერიას გარემოცვის ყველა წევრმა მეგრული იცოდა, აბსოლუტური სიმართლეა. მეგრულად თავისუფლად ლაპარაკობდნენ როგორც აზერბაიჯანელი ბაგიროვი, ასევე სომეხი სარქისოვიც... მაგრამ მტკნარი სიცრუეა, რომ ასეთ რამეს მათ ბერია აიძულებდა. უბრალოდ, ბერიას მეგრულ ენაზე ლაპარაკი უყვარდა და ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე თავის მრავალრიცხოვან თანაშემწეებს ამ ენაზე. დანარჩენებმა კი მეგრული ენა თავიანთი ნებით ისწავლეს და ეს მათთვის არავის დაუძალებია. თუ მერკულოვის ლოგიკას მივყვებით, მაშინ თბილისის საიდუმლო-სადაზვერვო სკოლის დირექტორი მხოლოდ მეგრელი უნდა ყოფილიყო და სწავლა კი მეგრულ ენაზე უნდა წარმართულიყო. მაგრამ სკოლის დირექტორი უკრაინელი მიკოლა შევჩენკო იყო და მან ერთი სიტყვაც არ იცოდა მეგრულად. სკოლაში კი თითქმის ყველა ენას ასწავლიდნენ, გარდა მეგრულისა. თბილისის გარდა, სადაზვერვო სკოლის განყოფილებები იყო ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში. ხოლო სასწავლო-საწვრთნელი ბაზები კი – ზემოჩამოთვლილი ქალაქების გარდა, იყო ზესტაფონში, გორში, თელავსა და ონში. ამ სკოლამ 1985 წლამდე იარსება და მხოლოდ და მხოლოდ „პერესტროიკის“ დროს შეწყვიტა არსებობა. ეს კი იმიტომ განხორციელდა, რომ შეერთებული შტატების ზეწოლით, გორბაჩოვი, ასუსტებდა რა საბჭოთა უშიშროების სისტემას, მას ერთ-ერთი საყრდენი გამოაცალა...
ზემოაღნიშნული საყრდენი, რა თქმა უნდა, ბერიას მიერ იყო შექმნილი და იმდენად მყარი და პერსპექტიული იყო, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებული, მაღალი კლასის მზვერავები, დღემდე მსახურობენ მსოფლიოს მოწინავე სპეცსამსახურებში (მათი 75 პროცენტი – რუსეთში).
ბერია, რაც არ უნდა ორსახა და სამსახა ადამიანი ვუწოდოთ, პირველ ყოვლისა, საქმის კაცი და უზადო შემსრულებელი იყო და სწორედ ამიტომაც უფრთხოდნენ მას კოლეგები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ტყავი ადარდებდათ. ხოლო თავი რომ გადაერჩინათ, ბერიას ლაჩრული, ყოვლად უკანონო, გაუგონარი შეთქმულება მოუწყვეს და ვერაგულად მოკლეს...“