№1 როგორ შექმნა სტალინმა საბჭოთა ელექტროტექნიკური დაზვერვა
მიუხედავად იმისა, რომ მავანნი სტალინის გენიალობას არ სცნობენ და მას ირონიით „ყველა ხალხისა და დროის მამას და ყველა მეცნიერების კორიფეს“ უწოდებენ, ამით დღემდე არც საბჭოთა ბელადის რეიტინგი დაცემულა და არც მის მიერ გაკეთებული საქმეების მნიშვნელობა დაკნინებულა...
პროფესორი სტეპან ვოზნესენსკი წერს: „იოტისოდენადაც არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სტალინი მართლაც მეცნიერების კორიფე იყო და მრავალ რთულ დარგში ისე ერკვეოდა, როგორც ამ დარგის საუკეთესო წარმომადგენლები. საიდუმლო კი მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სოსო ჯუღაშვილი უნიჭიერესი ადამიანი იყო და ყველაფერს ადვილად ითვისებდა.
გარდა იმისა, რომ ვუნდერკინდი „სოსელო“ სიყმაწვილეში საუცხოო ლექსებს წერდა და მისი ნიჭით თავად ილია ჭავჭავაძეც კი აღფრთოვანებულა, სტალინს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა მიდრეკილება ინოვაციებისა და გამომგონებლობისკენ და არაერთი იდეა მიაწოდა ცნობილ ინჟინერ-კონსტრუქტორებს. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებდა: „სწორედ იოსებ სტალინის იდეა იყო, ეგრეთ წოდებული, ელექტროტექნიკური დაზვერვის შექმნა, რაც მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დანერგეს თავიანთ საქმიანობაში და სწორედ ეს დარგი გახდა სტრატეგიული ინფორმაციის მოპოვების უმთავრესი წყარო. იმ პერიოდში მე და ჩემი ჯგუფი სარაკეტო წარმოებაში ვიყავით დასაქმებული და რადგან უკვე გვქონდა ატომური ბომბი, მისი მიტანის საშუალებების გაუმჯობესებაზე დავიწყეთ მუშაობა და რომ იტყვიან, ელექტრონიკას ვარგებდით, ანუ – ზედაცულ მართვად სისტემებს ვქმნიდით. ეს იმდენად განსაკუთრებული სფერო იყო, რომ მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვირეულად თავად სტალინს ვუკეთებდით მოხსენებას. ჩვენდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ სტალინი იმდენად დიდი კომპეტენტურობით გამოირჩეოდა ამ ურთულეს საკითხში, რომ უაღრესად საქმიან შენიშვნებსა და რეკომენდაციებს იძლეოდა. ჩვენ კი, ფიზიკოსებს, ეს ძალიან გვიკვირდა, რადგან ვიცოდით, რომ მას ამ სფეროში არანაირი სპეციალური ცოდნა არ ჰქონდა მიღებული და რომ მხოლოდ ამ პროექტის გაცნობისას იღებდა ინფორმაციებს და უმეტეს შემთხვევაში, ასეთ რთულ საკითხებს თავისი უნიკალური ნიჭის წყალობით ითვისებდა. ჩემმა მოადგილემ, ოლეგ კარმანმა ერთხელ სტალინს შეჰბედა:
– ამხანაგო სტალინ, ის საქმე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს და თქვენ კი ძალიან დიდ კომპეტენტურობას ამჟღავნებთ ამ საკითხში და შეიძლება, გვითხრათ, სად მიიღეთ ასეთი ფართო განათლება ამ დარგში?
– სტალინს გაეცინა და კარმანს უპასუხა:
– ასეთი ღრმა ცოდნა პასუხისმგებლობის გრძნობამ და სამშობლოს სიყვარულმა მიმაღებინაო...
მოგვიანებით სტალინმა ოლეგ კარმანს საკუთარი ბიოგრაფია გაუგზავნა თავისი ავტოგრაფით. მასში კი ეწერა, რომ სტალინი სასულიერო სემინარიიდან იყო გარიცხული და არანაირი უმაღლესი ან სპეციალური განათლება არ მიუღია...“
სტალინის განათლებაც და პრაქტიკაც მისი რევოლუციონერობა იყო, სადაც მან დიდი ორგანიზატორული ნიჭი და ინოვაციურობა გამოავლინა, რაც საერთო ჯამში, სრულად აისახა პოლიტიკაში. საბჭოთა ბელადის ინტელექტით კი არა მარტო სერგო ბერია, არამედ მასზე ბევრად ცნობილი და დამსახურებული ხალხი იყო გაოცებული. სწორედ სტალინის იდეა იყო, რომ ატომური ბომბების ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავებიდან რაკეტებზე გადასულიყვნენ და რაკეტებისთვის კი ელექტრონიკა „მოერგოთ“. სწორედ სტალინმა შეკრიბა ერთად სერგო ბერიასა და სერგეი კოროლიოვის ჯგუფები, რომ მათ ერთობლივად დაემუშავებინათ მომავალი ატომური ბალისტიკური რაკეტების პროექტები. მართლაც, ასეთი რამ უმოკლეს დროში განხორციელდა და პირველი ატომურქობინიანი ბალისტიკური რაკეტები სწორედ საბჭოთა კავშირმა გააკეთა. სერგო ბერია იხსენებდა: „სერგეი კოროლიოვის მიერ შექმნილ რაკეტებს ჩვენი ელექტრონიკა მოვარგეთ და მივიღეთ იმ დროისთვის სრულყოფილი მექანიზმი, რომელსაც ამერიკისთვის ატომური დარტყმის მიყენება შეეძლო. სტალინმა ამ მიღწევისთვის მეფურად დაგვაჯილდოვა. სულ მცირე ხნის მერე კი კვლავ თავისთან მიხმო. მის კაბინეტში ცნობილი კონსტრუქტორი სიმონ ლავოჩკინი დამხვდა. სტალინს ძალიან მოსწონდა მისი თვითმფრინავები და მათ უჩინარს უწოდებდა, რადგან ისინი შეუმჩნევლად დაფრინავდნენ, საკმაოდ რთული იყო მათი დაფიქსირება. სტალინმა ხელი ჩამომართვა და მითხრა:
– მაქვს იდეა, რომ თქვენი ჯგუფის მიერ შექმნილი „აღმოჩენის“ ელექტრონიკა ამხანაგ ლავოჩკინის თვითმფრინავებზე დავამონტაჟოთ და მტრის ტერიტორიაზე მათი სტრატეგიული ობიექტები აღმოვაჩინოთო.
ეს იმდენად უბრალო და ამავე დროს უეფექტურესი მიგნება იყო, რომ სიცილი ამიტყდა და ლავროჩკინი და სტალინიც ამყვნენ.“
აი, ასე შეიქმნა საბჭოთა ელექტროტექნიკური დაზვერვა, რომლის იდეაც ექსლუზიურად სტალინს ეკუთვნოდა. ასე დაედო საფუძველი სტრატეგიული ინფორმაციის მოპოვების ახალ მეთოდს, რამაც ძალიან დიდი უპირატესობა მიანიჭა საბჭოეთს „ნატოს“ მთელი ბლოკის მიმართ. ლავოჩკინის „უჩინარი“ თვითმფრინავები დიდი სიმაღლიდან მტრის ტერიტორიის სიღრმეში აფიქსირებდნენ მათ საიდუმლო ობიექტებს და უკვე 1952 წლის მიწურულისთვის საბჭოეთს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ყველა საიდუმლო-სტრატეგიული ობიექტის ზუსტი კოორდინატები ჰქონდა. საბჭოთა ატომური რაკეტები მათზე იყო დამიზნებული და საჭიროების შემთხვევაში, განადგურებაც შეეძლოთ. ამაში კი ლომის წილი სწორედ სტალინს მიუძღოდა“...